"ჯიუტი ვიყავი და ჯიუტად დავრჩი" - კვირის პალიტრა

"ჯიუტი ვიყავი და ჯიუტად დავრჩი"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი თინეიჯერ გოგონებს ჩაცმის სტილით ხიბლავს. ნინამ ძალები კინოინდუსტრიაშიც მოსინჯა. ის ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდზე გვესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, კლასის მეამბოხე ყოფილა, თუმცა მასწავლებლებს მაინც განსაკუთრებულად უყვარდათ.

- ნინა, როგორი ბავშვი იყავი?

- მინდოდა ყოველთვის ჩემი გამეტანა. ადრეული ასაკიდან ვიცოდი, რომ მარტოს უნდა მეცხოვრა, მქონოდა სამსახური და ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. 5-6 წლამდე ეზოში ვთამაშობდი ბავშვებთან ერთად, მერე ,,რეზინობანას""და ,,7-ქვობანას" ინტერესი დავკარგე და ფორტეპიანომ გამიტაცა. მუსიკას ადვილად ავუღე ალღო, ნოტების გარეშე ვაწყობდი ნებისმიერ კომპოზიციას.

- მოწაფეობა როგორ გახსენდება?

- სკოლა მიყვარდა, ადრე ადგომა - არა. ჩემს გაღვიძებაში მთელი ოჯახი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, დღემდე მიჭირს ადრე გაღვიძება. გამორჩეულად მიყვარდა ფრანგული, ალგებრა და ბიოლოგია. მართალია, კლასის მეამბოხე ვიყავი, მაგრამ რამდენიმე მასწავლებელს მაინც განსაკუთრებულად ვუყვარდი. მეამბოხეობის გამო ხშირად ვისჯებოდი. "შატალოებზეც" დავდიოდი. სულ ვფიქრობდი, სადაც მთელი კლასი, მეც იქ-მეთქი.

მოწაფეობისას პრანჭია არ ვყოფილვარ. პირველად მეათე კლასში აღმოვაჩინე, რომ ყავისფერი თვალები მქონია. არც დღეს ვარ პრანჭია. თუ გადაღებები არ მაქვს, თმაგაჩეჩილი დავდივარ.

- როგორ იცვამდი, მოდას მისდევდი?

- ჩემი ოჯახის წევრები ბევრს მოგზაურობდნენ, ამიტომ განსხვავებულად მეცვა. თუმცა ერთი პრობლემა მქონდა, წონის გამო არაფერი მიხდებოდა.

- მშობლები თავისუფლებას გაძლევდნენ?

- მკაცრად მზრდიდნენ, ხშირად მსჯიდნენ, გვიან გარეთ არ მიშვებდნენ. გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზეც მოახდინეს. თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ თავი შევიკავე. საბოლოოდ, სრულიად შემთხვევით სცენაზე მაინც მოვხვდი.

- საინტერესო სტუდენტობა გქონდა?

- 17 წლისა გავთხოვდი, სტუდენტობისას ვზრდიდი ბავშვს, ფანტასტიკური მზარეული ვიყავი. თან ბევრს ვმეცადინეობდი, ამიტომ დიდად არ მიმხიარულია. ნაადრევად დაოჯახების ერთადერთი პლუსი - შვილია.

- რას ურჩევ თინეიჯერების მშობლებს?

- დედ-მამა მოზარდ შვილთან ურთიერთობისას ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს. კატეგორიულად არაფერი აუკრძალოთ და არც ეჩხუბოთ. შვილთან დამეგობრება სცადეთ. ამ მეთოდმა ჩემს შემთხვევაში გაამართლა.

- რას ეტყოდით თინეიჯერებს?

- შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება, ამიტომ კარგად ისწავლეთ და თავისუფალი დროც აზრიანად გამოიყენეთ. იყავით პატრიოტები, იქნებ თქვენ მაინც უშველოთ ჩვენს ქვეყანას...

თათული ღვინიანიძე