"თედომ ჩემი სიკვდილი დაიჯერა" - კვირის პალიტრა

"თედომ ჩემი სიკვდილი დაიჯერა"

"ტიფლისში" ბავშვებითა და იარაღით მოვაჭრე ცუდი ადამიანის როლი ვითამაშე..."

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ნამდვილი სასწაული იყო... ჩემს სახლში გადავალ საცხოვრებლად. ბინა 1 წელიწადში ჩამბარდება, რომელშიც ჩემთან ერთად სუხიშვილების მოცეკვავეები შესახლდებიან..."

"გაღმა ნაპირი" აფხაზეთის თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია. სწორედ ამიტომ შეირჩა და ითარგმნა იგი აფხაზურ ენაზე. ამ ფილმზე მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა ჯანო იზორიასთვისაც. "გაღმა ნაპირს" დიდი ადგილი უჭირავს მის კარიერაში და ამიტომ გასახსენებელი ბევრი აქვს.

- მეც და ჩემი ძმაც აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში დავიბადეთ. ბებია მყავდა ფოთელი და მამაჩემმაც რომ თევზის მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა, იქ დამკვიდრდა. დედაც ფოთში გაიცნო, თუმცა ისიც აფხაზეთიდანაა. მთელ ზაფხულს აფხაზეთში ვატარებდით. მეგობრები, ნათესავები იქ მყავს.

- რა პროფესიაზე ოცნებობდით?

- პატარა რომ ვიყავი, მამამ კრივზე შემიყვანა. დარბაზში ვარჯიშისას ხან ვმღეროდი, ხან ვცეკვავდი, მწვრთნელები მეუბნებოდნენ: მოკრივე კი არა, არტისტი ხარო. მამის იმედი ჩემმა ძმამ, ნიკოლოზმა, გაამართლა, ის კრივში ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილეა, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ახლა საქართველოს კადეტთა ნაკრების მწვრთნელია, მე კი, არტისტობამ გადამძლია. მე-5 კლასში რომ ვიყავი, თეატრალურ კვირეულში მივიღე მონაწილეობა და მაშინ მოვიწამლე სცენით. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დამაჯილდოეს და ამან სულ თავბრუ დამახვია. მერე იყო ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, მოგვიანებით - ანსამბლი "თეთრი თოლია". მეცხრე კლასიდან ფოთის თეატრალურ სასწავლებელში, ხელოვნების ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა, 1999 წელს კი თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. რეზო ჩხეიძის ჯგუფში ცამეტი სტუდენტი ვიყავით. რადგან ჩამოსული ვიყავი, სულ ინტერესდებოდა - ქირას ხომ იხდი, ხომ ნორმალურად იკვებებიო, თუ საჭირო იყო, მეხმარებოდა კიდეც.

- პირველი კინოროლი რომელ რეჟისორთან განასახიერეთ?

- ლევან ანჯაფარიძის ფილმში "არის ასეთი ქვეყანა", მერე იყო რეზო ჩხეიძის "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი". ეს ფილმი ქართულად არ გახმოვანებულა და მას ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მერე - "გაღმა ნაპირი".

ფოთში ვთამაშობდი სპექტაკლში, "გაღმა ნაპირის" კასტინგზე რომ მიმიწვიეს, რამდენიმე ათეული კონკურენტი დამხვდა.

როლი რომ წავიკითხე, ახლობელი მეჩვენა, რადგან ეს ხიდი, რომელსაც ჩემი პერსონაჟი გადის, მე რეალურად ბევრჯერ გადავიარე ცხოვრებაში. ვუთხარი კიდეც რეჟისორს, მე უნდა ვითამაშო, ზუსტად ვიცი და განცდილი მაქვს ის ემოცია, რაც ამ ხიდის გავლის დროს ეუფლება ყველა ქართველს-მეთქი.

ერთ დღეს დამირეკეს და მომილოცეს, დამტკიცებული ხართ როლზეო. სიხარულისგან წრე დავარტყი ფოთს ველოსიპედით.

ფილმის გადაღება ბათუმში დაიწყო, ჭოროხის ხიდი გვიწევდა აფხაზეთის ხიდის მაგივრობას. "გაღმა ნაპირზე" მუშაობამ გასახსენებლად ძალიან ბედნიერი და ლამაზი წამები დამიტოვა. რამდენიმე დღის წინ მოვხვდი ბათუმში, ეს ხიდი გავიარე და ჩემს პატარა შვილს, ევა-გაბრიელას ვუთხარი, მე ამ ხიდზე მომკლეს-მეთქი.

გიორგი ოვაშვილთან მუშაობამ და ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. ფილმში სცენები ბავშვთან ერთად უნდა მეთამაშა. მის როლს თედო ბექაური ასრულებდა. გიორგიმ გამაფრთხილა, ძალიან არ მოეფერო, თორემ დიდი ხულიგანი ვინმეა, უბედურის ერთი, და აღარ დაგიჯერებსო. ერთ სახლში დაგვაბინავეს. ძალიან შემაყვარა თავი. ახლა უკვე დიდი ბიჭია: ხშირად მეხმიანება. ისეთი ეშმაკი იყო, დილით საუზმეზე თუ გვერდზე გავიხედებოდი, დროს იხელთებდა და თავის ულუფას მიმატებდა თეფშში.

იმ სცენის გადაღების წინ, სადაც მკლავენ, თედო არ გაუფრთხილებიათ. მახსოვს, მუცელზე სპეციალური მოწყობილობა დამიმაგრეს, მერე იყო გასროლა და მე სისხლში ამოსვრილი დავეცი. თედომ ჩემი სიკვდილი დაიჯერა, ფილმშიც ჩანს, გაოგნებული და დაზაფრულია.

ამ სცენის გადაღებით კმაყოფილი, იქვე მაღაზიაში შევვარდი წყურვილის მოსაკლავად. სულ არ გამხსენებია, სისხლიანი პერანგი რომ მეცვა. გამყიდველს მართლა დაჭრილი ვეგონე და იყვირა, არიქა, წყალი, ბიჭს ვუშველოთო.

"გაღმა ნაპირს" რომ ვიღებდით, თეატრშიც დამიძახეს, ლაშა ბუღაძის პიესაში ვთამაშობდი მთავარ როლს. მოვრჩებოდი თუ არა გადაღებას, გიორგი გამიყვანდა ტრასაზე, მომცემდა გზის ფულს და რაც პირველი ჩამოივლიდა, იმას მივყვებოდი ფოთამდე. ამ გზაზე მოვაჭრეები დადიან ხშირად სატვირთო მანქანებით, და ხან პამიდვრებთან ერთად მიმგზავრია, ხანაც შოკოლადებისა და საღეჭი რეზინების მორევში.

- კიდევ რა ფილმები იყო თქვენს ბიოგრაფიაში?

- რეჟისორებში გამიმართლა. ვითამაშე ლევან კოღუაშვილთან "შემთხვევით პაემნებში", მერე მარი ქაცარავას "ზღვარში", აჩი ქავთარაძის "კომაში", ლევან თუთბერიძის "მოირაში", ასევე "ტიფლისში".

- "ტიფლისმა" ყველაზე დიდი პოპულარობა მოგიტანათ.

- "ტიფლისი" კარგი სერიალი იყო, მე ერთ-ერთი მთავარი როლი ვითამაშე, ცუდი ადამიანი, რომელიც ბავშვებითა და იარაღით ვაჭრობდა. ამ სერიალმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მოვხვდი.

- პროექტმა, "ცეკვავენ ვარსკვლავები", დიდი სიხარულიც მოგიტანათ?

- დიახ, სასწაული იყო. კომპანია "სვეტის", ნინო და ილიკო სუხიშვილების წყალობით, ჩემს სახლში გადავალ საცხოვრებლად. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო - ნათესავებს, მეგობრებს, ერთი დღის გაცნობილ ადამიანებს, ვისთანაც ღამე გამითევია. ბინა 1 წელიწადში ჩამბარდება, რომელშიც ჩემთან ერთად სუხიშვილების მოცეკვავეები შესახლდებიან, მგონი, ოლიმპიადის პრიზიორებიც.

- ოჯახზეც მიამბეთ.

- მეუღლე და შვილი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. ევა დილით 6 საათზე იღვიძებს და იწყებს ჟღურტულს. ასე მგონია, ანგელოზები ასე საუბრობენ. მეუღლე, ნინო გოშაძე, მსახიობია. ის ფოთის თეატრში მიიწვიეს, მე კი იქიდან სახლში მივიწვიე. ვცხოვრობთ ბედნიერად და ვანებივრებთ ერთმანეთს სიყვარულით.

ეკა სალაღაია