ქალები "ნაცრისფერი ზონიდან" - 2014-2015 წლებში საქართველოში მამაკაცებმა 53 ქალი მოკლეს, წელს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა
18-07-2016
ქალები "ნაცრისფერი ზონიდან" - 2014-2015 წლებში საქართველოში მამაკაცებმა 53 ქალი მოკლეს, წელს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა
"მოძალადე ქმარი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა მსხვერპლს კარგავს. მას ამ დროს ხელიდან ეცლება საკუთარი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების დასაყრდენი და ამასთან შეგუება არ შეუძლია"

ფსიქოლოგები "ნაცრისფერ ზონას" უწოდებენ არეალს, სადაც ქალს ბედნიერების უფლება არ გააჩნია, მასზე გამუდმებით ძალადობს საზოგადოების ნებისმიერი სფერო, უმთავრესად კი - ოჯახი, სადაც ძირითადი მოძალადე ქმარია, თუმცა არც მამა, ძმა, დედამთილი იხევენ უკან. სტატისტიკური გამოკვლევებით, ჩვენს ქვეყანაში ძალადობის არეალი წლიდან წლამდე იზრდება.

რაც უნდა გაგიკვირდეთ, ჯოჯოხეთიდან თავის
დაღწევას ძალიან ცოტა ქალი ცდილობს. მათ ნათესავების თუ მომავლის შიში აიძულებთ, იცხოვრონ საძულველ ადამიანთან. ჩემი ნაცნობი, სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, რომელსაც ქმარი მხოლოდ იმიტომ წამოაგდებს შუაღამისას მუჯლუგუნებით, რომ მასზე ადრე ჩაეძინა, ვერაფრით დავითანხმე, თავისთვის ეშველა... ყოველი ცემის შემდეგ დედასთან მიდის, ის კი ქმართან აბრუნებს, რადგან
მეორედ არის გათ­ხოვილი და მამინაცვალს მრავალშვილიანი გერის შინ მიბრუნება სულაც არ ეჭაშნიკება. დედა ქალიშვილს ემუქრება - თუ ქმარს არ დაუბრუნდები, თავს მოვიკლავო... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისვლა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრში - ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ საზარელ წრეს თავს დააღწევს, გვერდით დაუდგებიან. როგორია ძალადობრივი სტატისტიკა და როგორ უნდა დააღწიოს მსხვერპლმა მოძალადეს თავი, ამაზე ცენტრის ფსიქოლოგს, ქეთი შამუგიას, ვესაუბრეთ.

- არსებობს რაიმე ფსიქოლოგიური ნიშანი, რომელიც მომავალ მოძალადეს შეიძლება ეტყობოდეს?

- არსებობს. მთავარი ნიშანი კი ის არის, რომ მომავალი მოძალადე ქმარი თითქმის ყოველთვის ეჭვიანია. გამუდმებით აინტერესებს, სად დადის გოგონა, როდის ადგა, როდის დაწვა, ვინ დაურეკა და ა.შ.,­ ცდილობს, გოგონა გააკონტროლოს და მართოს. შეყვარებულობისას ეს ბევრს არ აღიზიანებს, პირიქით, საქმროს სურვილს სიამოვნებით ემორჩილება. ოჯახში კი ეს თვისება ძალადობის სახეს იღებს და ძალიან აგრესიულსაც. ერთ ქალბატონს ქმარი მხოლოდ იმიტომ ურჭობდა ჩანგალს სხეულში, რომ კერძის მიტანისას თეფშს ისე არ დგამდა, როგორც თავად მოსწონდა. ზოგს შეუძლია ცოლი მხოლოდ იმიტომ სცემოს, რომ კერძს მარილი დააკლო, ან სადილი ნაბრძანებ დროს არ მიართვა, არ მოეწონა მისი სიარულის მანერა, რატომ წავიდა დედასთან, რომელიც მას გულზე არ ეხატება...

ყველა ამ ჩამონათვალის მიზანია, მოძალადემ მოიპოვოს ძალაუფლება მსხვერპლზე. ამისთვის ისინი ყოველგვარ ხერხს მიმართავენ - ისე სცემენ, რომ კბილებს უმტვრევენ, სხეულს ულურჯებენ და გონს აკარგვინებენ. ეს ყველაფერი ხშირად მთავრდება ფატალურად. ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს, როცა ქმრები, ან ყოფილი ქმრები ქალებს ხოცავენ. ხშირად საქმე სიკვდილამდე არ მიდის - მოძალადეებს ურჩევნიათ, სიამოვნება მსხვერპლზე ბატონობით მიიღონ, ვიდრე მისი მოკვლით. ასეთ ძალადობას ბევრი ქალი იტანს და სამუდამოდ მოძალადესთან ცხოვრობს.

- რატომ?

- არსებობს რამდენიმე მიზეზი; მათ შორის ის, რომ ქალი თავს ირწმუნებს, წასასვლელი არ მაქვსო; აქვს იმედი, რომ ქმარი გამოსწორდება; გარდა ამისა, მოძალადე ქმარი გამუდმებით ჩააგონებს ცოლს, რომ მას მის გარდა გზა არა აქვს და თუ წავა, შიმშილით მოკვდება. ასეთ ოჯახებში ქმრები ხშირად უმეორებენ: "მე რომ არ მომეყვანე ცოლად, სხვა ვინ მოგიყვანდა", "როგორ აზროვნებ", "თავში ტვინი­ არ გაქვს"..."გვქონდა შემთხვევა, როცა კარგ მხატვარს, ქმარი და მისი ოჯახის წევრები ჩასჩიჩინებდნენ, - ნახატები კი არა, ნაჯ­ღაბნები გაქვს, არარაობა ხარო. არადა, მართლა კარგი მხატვარია, უბრალოდ, მის მიმართ ძალადობის კლასიკურ ხერხს იყენებდნენ, როცა მოძალადე ცდილობს, მსხვერპლს თვითშეფასების უნარი გაუნადგუროს და მერე ისე ადვილად მართოს, რომ მსხვერპლმა მადლობაც უთხრას პატრონობისთვის. ამით მოძალადე საკუთარ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს და, რასაკვირველია, მსხვერპლის ხელიდან გაშვება აზრადაც არ მოსდის. ხშირად გვქონია შემთხვევები, როცა ნაცემი ქალი მოგვმართავს,­ დახმარებას ვიწყებთ და ქმარი სწორედ ამ დროს "ინანიებს" - რას აღარ აკეთებს, რომ ცოლი შეურიგდეს. ისიც ურიგდება.

ამ "თაფლობის თვეს" კვლავ ძალადობის ფაზა მოსდევს, რომელიც გაცილებით სასტიკია, ვიდრე წინა ჩხუბის დროს იყო.
მსხვერპლი ისევ მომართავს ძალადობის ცენტრს და თუ ამ დროს მას უთხარი, - როცა გეხმარებოდით, მოძალადე კაცთან რატომღა გარბოდიო, შეიძლება, დახმარება არასოდეს გთხოვოს, რასაც შეიძლება­ გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. ჩვენ ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში ვათავსებთ 3 თვით შვილებთან ერთად. ეს დრო საკმარისი არ არის, მაგრამ გონზე მოდის, მცირე სახსრებით ბინას ქირაობს, სახელმწიფოც ეხმარება. რაც მთავარია, იმ ადგილს სცილდება, რომელიც სახიფათო იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი შვილებისთვის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად ჰგონიათ, რომ ქმარი მხოლოდ მასზე ძალადობს და შვილებს­ არაფერს უშავებს. ასეთი ბავშვები ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ხდებიან, ან ზედმეტად ემოციურები, დაუცველები არიან და საზოგადოებაში ადგილს ვერ იმკვიდრებენ, თავად მოძალადეები გამოდიან. შვილებსაც ისე ექცევიან, როგორც მათი მამები ეპყრობოდნენ.

- არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აღნიშნავს, რომ იმატა ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის ფაქტებმა...

- მოძალადე ქმარი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა მსხვერპლს კარგავს. მას ამ დროს ხელიდან ეცლება საკუთარი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების დასაყრდენი და ამასთან შეგუება არ შეუძლია. მკვლელობის მიზეზი ეს არის. ჩვენს საზოგადოებაში ძალადობის ფაქტები ყოველთვის იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ოჯახში ყველაფერი უნდა აიტანო შვილების გამო. არადა, ასეთ გარემოში ბავშვი უფრო ზიანდება, ვიდრე მშობლების განქორწინებით. სამწუხაროდ, ახლაც ბევრი არ ამხელს ძალადობას, ყველაზე მეტად ჩვენს გარემოში სექსუალური ძალადობის გამხელისა ეშინიათ - ეს მათთვის სიკვდილის ტოლფასია.

არადა, ასეთი ძალადობის მაგალითებიც ხშირია. ზოგადად მსოფლიოში სექსუალ­ური ძალადობის სტატისტიკა იზრდება­. თუმცა, ასეთი ძალადობა უფრო ხშირია­ მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც არასრულ­წლოვან გოგონებს მშობლები საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ათხოვებენ, წინააღმდეგობისთვის კი სასტიკად სჯიან (საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა არასრულწლოვანმა გოგონამ თავი მოიკლა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გათხოვების გამო. - ავტ.).

შემაძრწუნებელი სტატისტიკა

2014-2015 წლებში საქართველოში მამაკაცებმა 53 ქალი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან ოჯახურ ძალადობას 27 შეეწირა, 26 კი სხვა მოტივს. აქედან 35 შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, 18 - 2015 წელს, 2016 წლისთვის გარდაცვლილი ქალების სტატისტიკა 53%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის სტატისტიკას.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი....

ერაყი
ამ ქვეყანაში, სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, მართალია, წიგნიერების დონე მაღალია, მაგრამ გამუდმებულმა საომარმა ვითარებამ ის ქალებისთვის ჯოჯოხეთად აქცია, - ისლამისტები ქალებს მხოლოდ იმიტომ ხოცავენ, რომ ისინი უარს ამბობენ სექს-ჯიჰადში მონაწილეობაზე!

პაკისტანი
აქ ქალებს ოჯახში რომელიმე მამაკაცის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო აუპატიურებენ; რელიგიური ექსტრემისტები კი მოსამსახურე ქალებს ხოცავენ. დღევანდელი მონაცემებით, ამ ქვეყანაში ქალების დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია!

ინდოეთი
ამ ქვეყანაში ყოველ 3 წუთში ქალზე ძალადობენ. 70% ქალებისა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია! გასულ საუკუნეში 50 მლნ გოგონა და 100 მლნ ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო! 44,5% 18 წლამდე თხოვდება!

სომალი
სამოქალაქო ომმა კატასტროფულად შეცვალა ქალების ბედი. გოგონების 95%-ს 4-11 წლის ასაკში აუპატიურებენ! ქალების მხოლოდ 9% აჩენს ბავშვს სამედიცინო დაწესებულებაში.

მალი
ძალიან ცოტა ქალს თუ შეუძლია გადაურჩეს სასქესო ორგანოს დასერვას. ეს ჩადენილი "დანაშაულისთვის" სასჯელად ითვლება. ამის გამო გოგონათა უმეტესობა იძულებულია, ადრეულ ასაკში გათხოვდეს! ძალიან ბევრი ქალი იღუპება ორსულობის ან მშობიარობის დროს!

გვატემალა
ამ ქვეყანაში ქალთა უმეტესობა ოჯახური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლია. ასევე ამ ქვეყანაში შიდსით დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

სუდანი
აქ გატაცების, გაუპატიურების, ძალადობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება - ჩვენს საუკუნეში მილიონზე მეტი ქალია მოკლული!

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ქალები აქ ფრონტის ხაზზე იბრძვიან და უკვე 3 მილიონზე მეტია მკვდარი! აქ ყოველდღე დაახლოებით 1100 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება!

ავღანეთი
გაუთავებელმა ომებმა ქალების რიცხვი მინიმუმამდე შეამცირა. ამ ქვეყანაში ახალგათხოვილთა უმეტესობა 16 წლამდე ასაკის ბავშვია! ქალების 85% არასამედიცინო დაწესებულებაში მშობიარობს და ამის გამო ყოველ ნახევარ საათში ერთი მშობიარე კვდება!

ჩადი
აქ უმეტესობა 11-12 წლის ასაკში თხოვდება! სუდანიდან გამოქცეული ქალები, რომლებიც აღმოსავლეთ ჩადიში სპეციალურ ბანაკებში ცხოვრობენ, მუდმივად არიან ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლნი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით