ჰოლივუდი ირჩევს საქართველოს - ჰოლივუდისა და ბოლივუდის დამდგმელი ოპერატორი ქართული კინოს აღმავლობაზე - კვირის პალიტრა

ჰოლივუდი ირჩევს საქართველოს - ჰოლივუდისა და ბოლივუდის დამდგმელი ოპერატორი ქართული კინოს აღმავლობაზე

"მე სტუმარი ვარ და ჩემი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!

არსად წასვლას აღარ ვაპირებ! ჩემი ამერიკელი ძაღლი აქ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დიდხანს დავრჩები! მყავს შესანიშნავი ქართველი შეყვარებული და პირად ცხოვრებაში ძალიან კარგად მიდის ყველაფერი!

"საქართველოში ოცი წლის წინ ვცხოვრობდი... შემდეგ მომენატრა საქართველო, დავბრუნდი და არსად წასვლას აღარ ვაპირებ! ჩემი ამერიკელი ძაღლი აქ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დიდხანს დავრჩები! მყავს ქართველი შეყვარებული და პირად ცხოვრებაში ძალიან კარგად მიდის ყველაფერი!" - ჰოლივუდისა და ბოლივუდის დამდგმელი ოპერატორი თომას ბერნსი საქართველოს სიყვარულსა და ქართული კინოს აღმავლობაზე გვესაუბრა.

- ორი წელიწადია საქართველოში ცხოვრობთ, მაგრამ ჰოლივუდში დიდხანს მუშაობდით, ახლახან კი იქაურ ჯგუფთან ერთად დაათვალიერეთ საქართველოში გადასაღები ადგილები.

- საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ არასოდეს მენახა ჭიათურა. ეს საოცარი სილამაზეა! ჩემი აზრით, ჭიათურა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ფილმის გადაღება შეიძლება! რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა, ეს იყო ჩაღრმავებულ ადგილზე აშენებული ქალაქი, სადაც ერთმანეთს ყველაფერი საბაგიროებით უკავშირდება. ახალი საბაგიროები და უკეთესი პირობები, რასაკვირველია, ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდიდა, მაგრამ ფილმისთვის ზუსტად ასეთი ძველი სტილია საინტერესო!

- საქართველოში კიდევ რა მოეწონათ ჰოლივუდელებს?

- თბილისი, ყაზბეგი, წყალტუბო, ქუთაისი... განსაკუთრებით ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა. წყალტუბოს სანატორიუმს ძველი სტილი აქვს შენარჩუნებული. ყაზბეგში განცვიფრდნენ გერგეტის სამების ხედით.

- თუ დაიგეგმა ახლო მომავლისთვის რამე ფილმის გადაღება საქართველოში?

- საქართველოში ისეთი ფილმების გადამღები ჯგუფების წევრები ჩამოვიდნენ, როგორიცაა "შეუსრულებელი მისია", "ტრანსფორმერები", "ვარსკვლავური ომები"... ისინი ამერიკაში რეჟისორებსა და პროდიუსერებს გააცნობენ იმ ადგილებს, რომლებიც საქართველოში ნახეს. იმედია, საქართველოს აირჩევენ გადასაღებად! შეიძლება თავდაპირველად ეს არ იყოს გრანდიოზული ფილმი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი გაიზრდება!

თბილისიდან დავიწყეთ და მოვიარეთ კახეთი, იმერეთი, აჭარა, სვანეთი... ყველა კუთხეს ერთმანეთისგან განსხვავებული კერძები აქვს. იმდენად მოეწონათ, მოუთმენლად ელოდნენ სადილის დროს.

- გოგა ხაინდრავასთან ფილმზე მუშაობთ...

- მე დავტოვე ეს პროექტი! ჩემთვის ცოტა რთული იყო გოგა ხაინდრავასთან მუშაობა, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ! მე სტუმარი ვარ და ამდენად, ჩემი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!

- ამჯერად რა პროექტში ხართ დაკავებული?

- ახლახან დავასრულე ბოლივუდის მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა, სადაც დამდგმელი ოპერატორი გახლდით. გადავიღეთ ვიდეოკლიპი და არა პორნო (როგორც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია)... გადასაღებად თბილისის ულამაზესი ოპერა აირჩიეს. მეორე პროექტისთვის ამერიკელი და პოლონელი კინოხელოვანები ჩამოვლენ და ფილმის გადაღებას ვგეგმავთ საქართველოს შესახებ.

- აპირებთ საქართველოში დარჩენას?

- წასვლას არ ვაპირებ! მახსოვს, საქართველო როგორი იყო 1998 წელს და არ მეგულება ქვეყანა, სადაც ასე მოკლე დროში ამდენი ცვლილება და პროგრესი იყოს! ქართველები ძლიერები არიან, სოფლებში ძალიან ჭკვიანი ადამიანები ცხოვრებენ. საქართველო ძალიან კარგ პერიოდს უახლოვდება!

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Hollywood-trained Director of Photography amazed by Chiatura's beauty

მანანა გაბრიჭიძე