"ჩვენ სამშობლოში დავბრუნდით!"
18-07-2016
"ჩვენ სამშობლოში დავბრუნდით!"
ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, არ გინდა საქართველოში დავბრუნდეთო? არადა, ოცნებობდა, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მამის გვერდით ეცხოვრა ფლორიდაში. ჩემმა შვილმაც თანხმობა განაცხადა და ათწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით

"იმედი გვაქვს, საქართველოში შეი­ცვლება სიტუაცია და ჩვენც დავბრუნდებით", - წლებია, ეს ფრაზა მესმის ემიგრანტებისგან, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვების გამო თუ უკეთეს გარემოში ცხოვრების სურვილით, უცხოეთში გადაიხვეწნენ. მათმა­ შვილებმა ქართული არ იციან, რასაც მშობლები იმით ხსნიან, რომ ემიგრაციაში წასვლის დროს ბავშვები პატარები იყვნენ, აქ
დაბადებულებს კი, აბა, ქართულად ვინ დაელაპარაკებაო...

ემიგრანტების ნაწილი ფიქ­რობს, რომ სამშობლოში სხვამ უნდა შეუქმნას სამო­თხე და დაუძახოს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტუაციის გამოსასწო­რებლად ხელს თუ არავინ გაანძრევს, არაფერი გვეშველება. ამიტომაც უცხოეთში უზრუნველ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და ბრუნდებიან. ქეთევან ჟვანია-ტაისონი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამერიკიდან მეუღლესთან
ერთად საქართველოში დაბრუნდა. ის სკაუტების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ სახლ "მზიანი სახლის" ტრენერია.

ქეთევან ჟვანია-ტაისონი:
- ამერიკაში ქმარ-შვილთან და შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობდი და ყველაფერი­ მქონდა. თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა ადაპტაცია. განსაკუთრებით ცუდად ვიგრძენი თავი ძიძად მუშაობისას... ვგრძნობდი, რომ სხვა საქმე უნდა მეკეთებინა. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთ დღეს კი, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების ნიშნად ქუდები ჰაერში ვისროლეთ, მეუღლემ მითხრა, არ გინდა საქართველოში დავბრუნდეთო? არადა, ვიცოდი, რომ ოცნებო­ბდა, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მამის გვერდით ეცხოვრა ფლორიდაში. ჩემმა შვილმაც თანხმობა განაცხადა და ათწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით.

"არ გაქვს უფლება, აკრიტიკო, თუ სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ"

საქართველოში არსებობს სტერეოტიპი:­ რადგან დაბრუნდი, ე.ი. იქ არ მოგწონდა.­ არადა, შესანიშნავად ვიყავი. რომ დავბრუნდით, ყველას კულტურული შოკი დაგვემა­რთა - ყველგან სიგარეტის ბუღი იდგა, ავტომობილების გამონაბოლქვი მახრჩობდა, ვბრაზობდი, რომ ქუჩაში თავისი ძაღლის ფეკალიებს არავინ იღებდა... მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რადგან მხოლოდ გაღიზიანება საქმეს ვერ შველის.

ახლა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდები. აქ ბევრ საქმეში წვლილის შეტანა შემიძლია, ამერიკაში არ შემეძლო. არ გაქვს უფლება, აკრიტიკო, თუ სანაცვლოდ რამეს არ სთავაზობ. შესანიშნავი თაობა გვეზრდება, მაგრამ თუ ჭაობში დავტოვებთ, არაფერი შეიცვლება.

"ვერ დაბრუნდებიან ისინი, ვინც მონის მდგომარეობას შეეგუვნენ"

ემიგრანტებს უკიჟინებენ, დაბრუნდითო, აქაც უნდა შეიცვალოს ბევრი რამ. ისინი უნდა დაბრუნდნენ, ვისაც შეუძლია, ეს ქვეყანა უკეთესი გახადოს. ერთი ჰოლანდიიდან დაბრუნდა და ზეთისხილის პლანტაციები გააშენა, მეორემ კაკლის საუცხოო სანერგე, ფაქტობრივად, ომის ზონაში შექმნა. ვერ დაბრუნდებიან ისინი, ვინც მონის მდგომარეობას შეეგუვნენ და წლებია, მხოლოდ დამლაგებლობით ან ვინმეს მოვლით შოულობს ფულს. ის აქ გზავნის მთელ ჯამაგირს და დანაზოგი არ გააჩნია. ჩემს მეუღლეს სამხედრო პენსია აქვს, რაც გვეხმარება, რომ აქ ბინის ქირა გადავიხადოთ, თორემ ჩვენც გაგვიჭირდებოდა.

"საქართველოში ავტომობილის მართვაზე უარი ვთქვი"

როდესაც ემიგრაციიდან დავბრუნდით, გვანცა თბილისის 24-ე სკოლაში მივიყვანე­ და დირექტორს ავუხსენი, გოგონა ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდა და მხოლოდ სასაუბრო ქართული იცის, ამიტომ ქართული სკოლის მოსწავლეებს ვერ გაეჯიბრება-მეთქი. მიუხედავად ამისა, ისე გამოსცადეს, როგორც ქართული სკოლის კურსგავლილი. ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, ბავშვმა არაფერი იცისო. აქ ამიტომაც მოვედით-მეთქი. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ასეთ ბავშვებზე. ამერიკაში ესპანურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის სკოლაში ინგლისურის სპეციალური კურსი აქვთ, რომ მათ ენობრივი ბარიერი გადალახონ. გვანცას ქართულ სკოლაში ერთი ადამიანიც რომ დახვედროდა, რომელიც ამ ბარიერის გადალახვაში დაეხმარებოდა, ბევრი რამ გაუიოლდებოდა.

საქართველოში უცხოელებისთვის არის ჯგუფები, რომლებსაც "ექსფატ" ჰქვია­ და თვეში ერთხელ იმართება შეხვედრები. რატომ არ შეიძლება ეს უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის გაკეთდეს? ერთად დიდი ძალა ვიქნებით და ისეთ რამეებს მოვიგონებთ, რაც შესაძლოა, ცალ-ცალკე აზრად არ მოგვივიდეს. ემიგრაციიდან დაბრუნებულებისთვის უნდა იყოს სპეციალური მართვის კურსები, სადაც გზებზე­ შექმნილ საგ­იჟეთში მანქანის მართვას ასწავლიან. მე მართვა ვისწავლე ამერიკაში,­ სადაც ყველა წესების შესაბამისად დადის, აქ კი სტრესი მივიღე და ავტომობილზე უარი ვთქვი. ჩამოსულმა არ იცის, როგორ­ დააზღვიოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით... უამრავი დეტალია, რომელთა არცოდნა დაბრუნებულებს ცხოვრებას ურთულებს.

"ბავშვების ინტეგრაცია უმთავრესია"

სამშობლოსთან მუდმივი კავშირისთვის შესანიშნავი საშუალებაა საზაფხულო ბანაკები. თბილისის მერიამ მილიონი ლარი გასცა საზაფხულო ბანაკებისთვის. ტენდერი მოიგო ბაზამ. ფულს აძლევენ სასტუმროს და არა - ხალხს, ვინც საქმე იცის. სასტუმრო ქირაობს ვიღაცას, ვისაც გააზრებული არა აქვს საბავშვო პროგრამები და შედეგსაც ვერ ვიღებთ. ბანაკისთვის ბაზა რომ მოგვცენ, სიამოვნებით ვიმუშავებდით ემიგრანტი და აქაური ბავშვების ინტეგრაციაზე. ონლაინჯგუფიც კი არ არსებობს, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები იქნებიან დარეგისტრირებული. ამ ხალხს აუცილებლად უნდა ხვდებოდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ონლაინჯგუფებით ბავშვებს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ თანატოლებთან. ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ კეთდება. არადა, ამის გარეშე ემიგრანტი წავა და სხვა ქვეყანას გამოადგება.

27 მარტი 2017 11:10
ვარ ემიგრანტი მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია რომ საქართველიში სამოთხე სხვამ უნდა შექმნასო. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ ემიგრანტების 90% რომელთაც ისეთი შემოსავალი არა გვაქვს რომ საქართველიში ოჯახები ვარჩინოთ აქაც თავი ვირჩინოთ და ფულიც გადავდოთ საქართველოში დასაბრუნებლად. ამიტომ ტყვილა ნუ გალანძღავთ ისედაც სულიერად დატანჯულ ემიგრანტებს. რადგანაც ემიგრანტებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს გადარჩენისთის
ნანის
27 მარტი 2017 04:31
რამდენი ღვარძლი გადმოაფრქვიე შვილო-დაო მეგობარო :(კარგია როცა უარყოფით ენერგია ამოიღებს ადამიანი ,მაგრამ არა სხვისიგინების ხარჯზე,რა თქვა იმ ქალმა ტყუილი.სიგარეტის ბუღი არ დგას თუ მანქანები დაგოგმანებენ?სამხედრო პენსიაზეც მცდარი ინფორმაცია გქონია, ჯვარი ეწეროს ყველას და იქნებ პირველ წელსვე რაიმე ტრამვა მიიღო ?და იქნებ მართლა გაუსაძლისად არ შრომოპბენ ზცვენი ემიგრანტები?დიახ, მათაც არაფერი დააკლდებოდათ თუ წვალებიტ ნაშოვნ ფულს ყევლას საქართველოში არ გამოაგზავნიან ?მეც ცოტა ხნით ვნახე ამერიკული ცხოვრება , დიდიან პატარიანად რვის ნახევარზე სახლიდან გადიან, თამამა დ შემიძლია ვთქვა - შრომობენ და უფასდებათ და არაფერუი აკლიათ .
მარიკო
27 მარტი 2017 01:12
გეთნხმებით ქალ-ნო ქეთი, საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი ქართველების უკან დასაბრუნებლად, მაგრამ სურვილიც უნდა იყოს. მეც 6 წლის შემდეგ დავბრუნდი და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. იქნებ გავერთიანდეთ დაისევ ჩვენ, ანუ საქართველოში დაბრუნებულებს გვეფიქრა პრობლემების გადაწყვეტაზე... ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენს საქმიანობაში

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა