ბატონმა­ თამადამ 300 დოლარს გროში არ დაა­კლო - როგორ გამოვიძახეთ თამადა - კვირის პალიტრა

ბატონმა­ თამადამ 300 დოლარს გროში არ დაა­კლო - როგორ გამოვიძახეთ თამადა

გამოგონილი ქორწილი საგარეჯოელი პატარძლითა და მუსიკალური სადღეგრძელოებით

რამდენიმე დღის წინ ბოძზე გაკრულმა განცხადებამ - "თამადა მიწვევით ქორწილებში" - გულბაათ ჭავჭავაძე გამახსენა. ის გულბაათი, საქართველოში ლეგენდარულ თამადად რომ იყო ცნობილი, ერთ სუფრაზე 25 ბოთლი ღვინის დალევა და ყველას დათრობა რომ შეეძლო...

განცხადებას ფოტო გადავუღე და სამსახურში მისვლისთანავე მითითებულ ნომერზე დავრეკე. ჟურნალისტი რომ ვიყავი, არ გამიმხელია, რიგით მოქალაქედ გავეცანი, რომელსაც ახლობლის ქორწილში სურდა მისი მიპატიჟება...

თამადის პროდიუსერი

მამაკაცი თამადის პროდიუსერად(?!) გამეცნო. შევეცადე, ყველაფერი დაწვრილებით გამომეკითხა.

- "თამადა მიწვევით" - სწორად ვრეკავ?

- დიახ, გისმენთ.

- ვის ვესაუბრები?

- თამადის პროდიუსერს...

- პირობები მაინტერესებს...

- რამდენკაციანი ქორწილია?

- 200 კაცამდე.

- თბილისში?

- კი. პატარძალი მოგვყავს საგარეჯოდან, იქაც პატარა სუფრა იქნება. გვინდა, ჩვენი თამადაც წავიყვანოთ, რომ გამოგვაჩინოს...

- ესე იგი, ერთი სუფრიდან მეორე სუფრაზე...

- დიახ, საგარეჯოში ერთი საათიც არ გავჩერდებით. რამე პრობლემა ხომ არ იქნება?

- არანაირი. თქვენთან ერთად იქნება ცნობილი ადამიანი, თამადა, კარგი კაცი. ყველა სადღეგრძელო მუსიკალურად გაფორმდება... ტრადიციული სადღეგრძელოები, სუფრის აყოლიება, სიმღერა, ცეკვა-თამაში - ყველამ რომ იმხიარულოს. ყველაფერი 300 დოლარი დაგიჯდებათ. ასეთი ტარიფებია ჩვენთან...

- 300 დოლარი ორი სუფრა?

- კი.

- მუსიკალურ გაფორმებაში რას გულისხმობთ?

- ყველა სადღეგრძელოს მუსიკალური ფონი გაჰყვება.

- ანუ თამადას ბენდიც მოჰყვება?

- არა, ბატონო, თამადა მუშაობს ამ ყველაფერზე. მარტო სადღეგრძელოებს კი არ ამბობს... შოუა ფაქტობრივად.

შეგვიძლია მუსიკოსები და მომღერლებიც მოვიყვანოთ. ეს სხვა ტარიფია...

- თამადა "ლეპტოპით" მოვა? მუსიკალურ ფონზეც თვითონ იზრუნებს?

- მე მოგცემთ თამადის ტელეფონის ნომერს, დაურეკეთ და დეტალები მას შეუთანხმეთ. უთხარით, რა ტარიფიც გითხარით. შეიძლება "სეილიც" გააკეთოს.

- თვითონ თამადა თუ სვამს?

- რა თქმა უნდა. ზომიერად დალევს და ბოლომდე ითამადებს. მოგცემთ მის ფეისბუკგვერდის მისამართს, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები, როგორ თამადობს.

- ცუდი სიმთვრალე ხომ არა აქვს?

- რას ბრძანებთ, ჩემო კარგო. დამიჯერეთ, ეს ადამიანი ყოველი მეორე ქორწილის თამადაა თბილისში. არ არსებობს შაბათ-კვირა, ქორწილში არ მიიწვიონ. უშუალო ადამიანია, ნაღდი პიროვნება... გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხათრით იმ თანხას, რაც გითხარით, აღარ მოუმატებს.

- ნეფე-დედოფლისა და მათი ოჯახის წევრების გვარ-სახელები წინასწარ უნდა მოგცეთ, თამადამ რომ დაისწავლოს?

- რა თქმა უნდა. ოფისში უნდა მობრძანდეთ, ქორწილამდე ერთი დღით ადრე.

თამადის პროდიუსერთან საუბარი 10 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თავად ბატონ თამადას დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად დასასვენებლად გახლავთ.

"ამ თანხას არაფერი დააკლდება..."

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ბატონმა თამადამ 300 დოლარს გროში არ დააკლო. მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

- გამარჯობა, ბატონი თამადა ბრძანდებით?

- დიახ.

- თქვენმა პროდიუსერმა გადმომამისამართა დეტალების გასარკვევად... 23-შია ქორწილი. პატარძალი საგარეჯოდან მოგვყავს, იქაც გვინდა, წაგიყვანოთ... მერე თბილისში უნდა წაუძღვეთ სუფრას.

- კი ბატონო. კახეთში რომ მივდივართ, დოლ-გარმონი ხომ გვინდა?

- დოლ-გარმონი? არ ვიცი, ალბათ იქ დაგვხვდება.

- ოჯახში რომ მივალთ, აკომპანემენტი ხომ გვინდა? ეგ უნდა გავარკვიოთ. ზურნა-დუდუკის გარეშე ვერ გამოვა ეგ საქმე.

- რა ვიცი... თანამედროვე ქორწილია. პროდიუსერმა გვითხრა, ყველა სადღეგრძელოს მუსიკალური ფონი ახლავსო. აპარატურა ხომ არ არის საჭირო, რომ გავითვალისწინოთ...

- იმ რესტორანში, სადაც ქორწილია, ეგ არ იქნება პრობლემა. 3 ათასამდე ფონოგრამა მაქვს, სადღეგრძელოები ნამდვილად მუსიკალურად გაფორმდება.

- ნეფე-დედოფლისა და მათი ოჯახის წევრების სახელები წინასწარ უნდა მოგცეთ?

- ახლა ქობულეთში ვარ და თბილისში 21 ივლისს ჩამოვალ. შევხვდეთ, დავილაპარაკოთ... ნახევარ საათში მეცოდინება ყველაფერი და იმაზე მეტიც, რაც თქვენ შეიძლება იცოდეთ თქვენი მექორწილეების შესახებ. ქორწილი რომ დამთავრდება, თქვენი ნათესავები ჩემზე გეტყვიან, ასეთი ახლობელი თუ გყავდათ, რატომ აქამდე არ ვიცნობდითო!

- ჩვენც მაგის იმედი გვაქვს, რომ მძახლებთან გამოგვაჩენთ.

- რაზეა ლაპარაკი. მძახლებთან კი არა, შენ მომეცი "ათვლის წერტილი" და დანარჩენი ჩემზეა.

- ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ 300 დოლარი მითხრა თქვენმა პროდიუსერმა ორივე სუფრა. თუ კახეთში არ წაგიყვანთ და მხოლოდ რესტორანში ითამადებთ, რამდენის გადახდა მოგვიწევს?

- კახეთში წამოსვლა ჩემთვის ზედმეტი ხარჯი ნაღდად არ არის. უკეთესი თავგადასავალი იქნება, მეტი ადამიანის გაცნობა და ამბავი... ამ თანხას არაფერი დააკლდება.

- 23 ივლისისთვის ხომ არაფერი გაქვთ დაგეგმილი?

- გადავდებთ ყველაფერს, რაზეა ლაპარაკი. მთავარია შეთანხმება.

- ხომ კარგად იტანთ სასმელს?..

- ღვინოს იმდენს ვსვამ, რამდენიც გაგიხარდება, მაგრამ ქორწილის პირველ ნახევარში თავს ვიკავებ. მარტო განსხვავებულებს ვსვამ და მერე გაგიხარია დილამდე... ასე დავგეგმეთ გამოგონილი ქორწილი საგარეჯოდან წამოსაყვანი პატარძლითა და მუსიკალური სადღეგრძელოებით. იმედია, ამ სტატიისთვის ბატონი თამადა და მისი პროდიუსერი არ გამინაწყენდებიან. ჩვენ უბრალოდ იმ მომსახურების შესახებ გიამბეთ, რომლის სარეკლამო განცხადებებით აჭრელებულია თბილისის ქუჩები.

თქვენც მაპატიეთ, ბატონო გულბაათ!

თამადობას ბავშვობიდან აჩვევდნენ

თბილისში, ბამბის რიგის დასაწყისში, ბრინჯაოს კაცის ქანდაკებაა, რომელსაც ხელში ღვინის ყანწი უკავია. ეს მონუმენტი გაზრდილი ასლია ბრინჯაოს ქანდაკებისა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ვანში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნით თარიღდება

თამადა - ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი თამადად ირჩევს პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. ზემო სვანეთში თამადა, თამათა ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. თამადის"ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას - "ტოლუმბაშსაც" (თურქ. ტოპლუმ ბაშ - თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს.

თორნიკე ყაჯრიშვილი