"სად მე და სად პოლიტიკა" - კვირის პალიტრა

"სად მე და სად პოლიტიკა"

"ლოიალური დედიკო ვარ, ოლივია ჯერ პატარაა, მკაცრად ვერ მოვექცევი"

13 ივლისს ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, Check In Georgia-ს ფარგლებში ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტი გაიმართა. "კვირის პალიტრამ" კონცერტის დაწყებამდე მოახერხა ჯგუფის სოლისტთან, ქეთა თოფურიასთან გასაუბრება.

- ქეთა, დიდი ხნით ეწვიეთ საქართველოს, ბათუმს?

- ბათუმში ერთი დღით ჩამოვედი "ა სტუდიოსთან" ერთად კონცერტის ჩასატარებლად, ქმარ-შვილის გარეშე.

- წინ როგორი ზაფხული გელით, სამუშაოთი დატვირთული თუ დასვენებას გეგმავთ?

- ივლისში ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ თბილისის ფილარმონიაში გვქონდა კონცერტი, ახლა - ბათუმში. დასვენებაზე ფიქრს აგვისტოდან დავიწყებ. ზაფხულის გატარებას საქართველოში არ ვაპირებ...

- თქვენს გოგონაზე მიამბეთ.

- ოლივია ერთი წლის გახდა უკვე, კბილი ამოუვიდა, სიარულიც დაიწყო.

- მკაცრი დედიკო ხართ?

- ლოიალური დედიკო ვარ, ოლივია ჯერ პატარაა, მკაცრად ვერ მოვექცევი. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ნატურალური საკვების მირთმევა. სადილის მომზადებაში ძიძები მეხმარებიან. ვცდილობ, სულ ჩემთან მყავდეს. როცა კონცერტები არა მაქვს, მთელ დროს ოლივიასთან ვატარებ. როცა შინ არ ვარ, ოლივიას დედასთან ვტოვებ, მათთან ერთად არიან ძიძებიც.

- როგორი გეჩვენათ საქართველო, იგრძნობა პოლიტიკური აქტიურობა წინასაარჩევნოდ?

- არა... ერთი იმას მივხვდი, რომ 4 წელია ბათუმში არ ვყოფილვარ და საოცრად შეცვლილი და გალამაზებულია. ბევრი რამ აუშენებიათ. პოლიტიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, არაფრის აზრზე არა ვარ.

- ვიზალიბერალიზაციაზე ბევრს საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, კარგი იქნება თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა?

- კარგი იქნება, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ, გაკეთებით კი არაფერს აკეთებენ.

- ოდესმე თუ წარმოგიდგენია საკუთარი თავი პოლიტიკაში?

- სად მე და სად პოლიტიკა... არა, გმადლობთ.