"სხვისი სახლი" ბროლის გლობუსით დააჯილდოეს - კვირის პალიტრა

"სხვისი სახლი" ბროლის გლობუსით დააჯილდოეს

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი-ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში East Of The West საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და ფესტივალის პრიზით - "ბროლის გლობუსით დააჯილდოეს. ფილმში მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ "სხვისი სახლი" რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია.

რუსუდან გლურჯიძე: - "სხვისი სახლი" 90-იანი წლების აფხაზეთზეა. ფილმში ორი ოჯახის ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც იძულებული არიან, საცხოვრებლად სხვის სახლებში შევიდნენ. ფილმი ეხება იმას, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სხვის მონაპოვარზე, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ ღირსეული ადამიანები. გადაღებები აჭარის მთიანეთში, სოფელ დაგვაში მიმდინარეობდა.

ეკატერინე ჯაფარიძე: - ჩემთვის "სხვისი სახლი" პირველი ფილმი იყო. კამერის წინ პირველად აღმოვჩნდი. პროფესიით ექიმი ვარ. 22 წლის ვარ, ფილმში კი 13 წლის გოგონას ვასახიერებ. ფილმზე მუშაობის დღეები რთული და ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე მეტად სირბილის სცენის გადაღება გამიჭირდა, ალბათ, იმიტომ, რომ ტანზე ძალიან თბილად მეცვა, ფეხზე კი რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი ამომაცვეს, თან მძიმე ჩანთა მეკიდა.

გოგი მიქელაძე, ფილმის მხატვარი: - ფილმი შეგვახსენებს, რომ სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააგებ.

ეკა სალაღაია