როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი
25-07-2016
როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი
"ერთადერთი, რაც შეიძლება ზღვაზე გასაპრანჭად გამოვიყენოთ, ჭილოფის ქუდი და მასთან შეხამებული ზღვის ჩანთაა. ეს აქსესუარები ძალიან უხდება საცურაო კოსტიუმებსა და მოსაცმელებს"

"მოდურია გამჭვირვალე ან აბრეშუმის გრძელი მოსაცმელები. სასურველია, ქსოვილი პრინტიანი იყოს. სანაპიროს ძალიან უხდება ჭრელი მოსაცმელი"


აგვისტო... ზღვის სეზონი... ეს დასვენებისა და რომანტიკული თავგადასავლების პერიოდია. შესაბამისად, ზღვის სანაპიროზეც ლამაზად და მომხიბვლელად უნდა გამოვიყურებოდეთ. დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი წლევანდელი სეზონის საცურაო კოსტიუმებსა და მოდის ტენდენციებზე გვესაუბრა. დათუნა რამდენიმე ეშმაკობასაც გვასწავლის, რომლის წყალობითაც
შევძლებთ უფრო სრულყოფილად ვიგრძნოთ თავი საცურაო კოსტიუმში.

- წელს მოდურად ითვლება მთლიანი საცურაო კოსტიუმები. ასეთ კოსტიუმში კარგად იმალება მშობიარობის შემდეგ დარჩენილი მცირე დეფექტები, მუცელი... მოდურია გამჭვირვალე ან აბრეშუმის გრძელი მოსაცმელებიც. სასურველია, ქსოვილი პრინტიანი იყოს. სანაპიროს ძალიან უხდება ჭრელი მოსაცმელი. ნუ დაინანებთ, რაც მეტ ქსოვილს დახარჯავთ
მის შესაქმნელად, მით უფრო ლამაზი გამოვა.
არსებობს მცირე ეშმაკობები, რომლის გათვალისწინებითაც, ქალები უფრო სრულყოფილები გამოჩნდებიან. ვისაც წონის კომპლექსი აქვს, კარგი იქნება, თუ მოირგებს საცურაო კოსტიუმს ვერტიკალური ზოლებით, მასში სილუეტი უფრო თხელი ჩანს. სამოსი რაც უფრო ჭრელი ქსოვილისგან არის შეკერილი, მით ნაკლებად ჩანს სხეულის დეფექტები, რადგან სიჭრელეში თვალს აქცენტის გაკეთება უჭირს სხეულის რომელიმე ნაწილზე, ერთი ფერის ქსოვილი კი ყოველთვის აჩენს ფიგურის ამა თუ იმ დეფექტს. საცურაო კოსტიუმებში, პირიქით, ერთი ფერის კოსტიუმს მეტი დეფექტის დამალვა შეუძლია. ამასთან, რაც უფრო ღრმა ჭრილი აქვს, მით უფრო მაღალი ჩანს ფეხი.
"ძალიან სასაცილოა, როცა ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მაკიაჟითა და ნაირ-ნაირი ვარცხნილობით იწონებს თავს ზღვის სანაპიროზე"

მე მომწონს ყავისფერი, შავი ან ორი ფერის კომბინაციის კოსტიუმები, ყველაზე მეტად კი, ხორცისფერი. თუმცა ხორცისფერი ძალიან პრეტენზიულია, ის უნაკლო სხეულის მქონე ქალებს უხდებათ.

რაც შეეხება ზღვის ფეხსაცმელს, ძალიან არ მომწონს მაღალძირიანი რეზინის­ ფეხსაცმელი, ე.წ. ტანკეტი. ზღვაზე ადამიანმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი და როდესაც ასეთი ფეხსაცმელი გაცვია, დაძაბული დააბიჯებ სანაპიროზე... ძალიან სასაცილოა, როცა ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მაკიაჟითა და ნაირ-ნაირი ვარცხნილობით იწონებს თავს ზღვის სანაპიროზე. ერთადერთი, რაც შეიძლება გასაპრანჭად გამოვიყენოთ, ჭილოფის ქუდი და მასთან შეხამებული ზღვის ჩანთაა. ეს აქსესუარები უხდება საცურაო კოსტიუმებსა და მოსაცმელებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით