"დედა, ამ ბავშვებს ხომ არ მიატოვებ?" - კვირის პალიტრა

"დედა, ამ ბავშვებს ხომ არ მიატოვებ?"

სარეაბილიტაციო სახლი ხუთი წელია, ამ სნეული პატარებისთვის ყველაზე დიდი იმედია... აქ ეს პატარები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება. დედა მილედი მათი ყოველი წუთისთვის იბრძვის

სიკვდილის წინ შვილმა დაუბარა: არასდროს მიატოვოთ ბავშვები, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათო... ხუთი წელია, ერთადერთი შვილისთვის მიცემულ პირობას ასრულებს.

1994 წლის 23 თებერვალს აფხაზეთიდან დევნილ მილედი ჩხვიმიანსა და ნესტორ მილორავას ვაჟი შეეძინათ, ნუგზარი, ბერობაში - მამა ანდრია.

ყველაფერი ხუთი წლის წინ, მაშინ დაიწყო, როდესაც კანქვეშა რბილი ქსოვილების სიმსივნე დაუდგინეს... წელიწად-ნახევარი იცოცხლა. სასულიერო ცხოვრება მხოლოდ ოთხი თვე მოასწრო. მამა ანდრია მძიმე განსაცდელს საოცარი სიმშვიდით შეხვდა. ონკოლოგიური დისპანსერის პალატას, სადაც ახალგაზრდა ბერმა სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა, სტაციონარის დანგრევამდე მამა ანდრიას კელიად მოიხსენიებდნენ... ბერის დედა, შვილის გარდაცვალების შემდეგ აქაურობას ხშირად სტუმრობდა და უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების ოჯახებს ეხმარებოდა...

მილედი ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელი: "მინდოდა, ერთი ჩვეულებრივი შვილი მყოლოდა. მისი განსაკუთრებულობა ყოველთვის მაშინებდა. მეოთხე კლასში იყო, სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდით. ლარიანი ვიპოვე. იმ ფულით გადავიხადე მგზავრობის საფასური. რომ ჩამოვედით, მითხრა, - დედა, მე ერთს მასწავლი და შენ მეორეს აკეთებო. იქნებ ისეთ გაჭირვებულს დაუვარდა, მისი პურის ფული იყოო... ძალიან შემრცხვა, დავპატარავდი... ასაკი რაც ემატებოდა, მით მეტი კითხვა უჩნდებოდა. უპასუხო კითხვებზე კი პასუხს ისევ თავად პოულობდა..." დიაგნოზი, რომელიც 16 წლისას დაუდგინეს, მანამდე მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებში იყო გავრცელებული.

ბერად აღკვეცამდე რამდენიმე თვით ადრე მოძღვარმა მშობლებისგან სახელის შეცვლაზე მიღებული თანხმობის შემდეგ ნიკოლოზად აკურთხა. გამორჩეულად უყვარდა წმინდა ნიკოლოზი, მორჩილება ნიკოლოზის სახელით გაიარა."

"პალატის კარზე ფურცელი გაგვაკვრევინა წარწერით - "უფალო, შეგვიწყალენ". მასთან მოსულს ეს სიტყვები ხმამაღლა სამჯერ უნდა ეთქვა და მამა ანდრიას უნდა ეპასუხა, "ამინ!"

ბერობას"ყველა ულოცავდა, მეც მივულოცე და - დედი, რაი არს სახელი შენი-მეთქი. გაეღიმა, - "დედა" უკვე აღარ, მე დღეს შენთვის და მამასთვის გარდავიცვალე, ჩემი სახელია ბერი ანდრიაო. მამამისს, რაც ბერად აღიკვეცა, არასდროს მიუმართავს როგორც შვილისთვის, ყოველთვის მამა ანდრიათი მიმართავდა..."

"ოთხი თვის ქირა გვაქვს გადასახდელი..."

2011 წლის 28 ივლისს, დილაუთენია, დედას კვირიკობა მიულოცა. 12 საათი იქნებოდა, უცებ სუნთქვა რომ შეეკრა... მოძღვარი განსვლის ლოცვებს უკითხავდა. 5-ს აკლდა 5 წუთი, რომ გარდაიცვალა. იცოდა, სად უნდა დაეკრძალათ. ყოველთვის ამბობდა, ჩემი სული უფალს ეკუთვნის, ხორცი კი ღვთაების მონასტერსო.

ამ ქვეყნიდან გასვლამდე დედას ჰკითხა, - ამ ბავშვებს ხომ არ მიატოვებო? შვილის გარდაცვალების შემდეგ ერთი წელი ყოველ კვირადღეს ქუთაისიდან ჩამოდიოდა, შვილის საფლავიდან ონკოცენტრში პატარა პაციენტების სანახავად მიდიოდა, საღამოს კი უკან ბრუნდებოდა.

ახლობლების დახმარებით მამა ანდრიას ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდა. დედა ამ თანხით ეხმარებოდა პატარა პაციენტებს. როდესაც ფინანსები ამოიწურა, თანხების მოძიებაზე დაიწყო ფიქრი. ასე დაიბადა "ბერი ანდრიას ფონდი", დააარსა სარეაბილიტაციო სახლი.

ეს სახლი ხუთი წელია, ამ სნეული პატარებისთვის ყველაზე დიდი იმედია... სარეაბილიტაციო სახლში ეს პატარები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება. დედა მილედი მათი ყოველი წუთისთვის იბრძვის.

მილედი ჩხვიმიანი: - "მამა ანდრია საავადმყოფოში ამ ბავშვებზე ზრუნავდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, ლოცავდა. დაგვიბარა, მისი ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება.…მომსახურე პერსონალი, რომელიც მოხალისეებისგან შედგება, უანგაროდ ემსახურებიან პატარებს. პროდუქტებითა და საჭირო ნივთებით სხვადასხვა კომპანია გვეხმარება. სახლი, სადაც ეს პატარები ცხოვრობენ, ნაქირავები გვაქვს. ფინანსური კრიზისის გამო ოთხი თვის დავალიანება დაგვიგროვდა. ცოტა ხნის წინ "ბერი ანდრიას ფონდს" ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ დიღომში მიწის ნაკვეთი გადასცა. იქ სნეული პატარებისთვის სარეაბილიტაციო "ბედნიერების სახლი" უნდა აშენდეს. პროექტი უკვე მზად არის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა არქიტექტორს, დადუნა შათაშვილს. პროექტის განსახორციელებლად დიდი თანხებია საჭირო. სასიხარულოა, რომ ჩვენი პირველი დონორები არიან ვენის სადაზღვევო კომპანია "ირაო", რომელიც შემოგვეხიდა 30 ათასი ევროთი. ამ კომპანიამ პირველი და მნიშვნელოვანი აგური უკვე დადო. იმედი მაქვს, სხვა კომპანიებიც დაგვეხმარებიან. ვფიქრობ, რომ ეს სახლი სრულიად საქართველომ უნდა ააშენოს".

სოფელ დიღომში მალე უნდა აშენდეს "ბედნიერების სახლი", სახლი, რომლის დიასახლისიც სხვისი შვილების სიცოცხლისთვის იბრძოლებს! ამ ყველაფრის განხორციელებას კი ჩვენი თანადგომა სჭირდება, თითო აგური ჩვენც უნდა დავდოთ.

ზარი ყველა ქსელიდან: 0901500535

"ბერი ანდრიას ფონდის" დასახმარებლად:საბანკო კოდი:

GE 73 TB 71 7153 6080 1000 02

თორნიკე ყაჯრიშვილი