"პოლიტიკაში რა მინდა..." - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში რა მინდა..."

"ვიმღერებ, მაგრამ ჩემს სიმღერებს არ უშვებენ..."

"დოდო აბაშიძე დევი იყო, კეთილი დევი. გამტანი, სიმართლის მოყვარული, დამცველი"

თემურ წიკლაური რეალურ ცხოვრებაში სულაც არ არის არწივისებურად მკაცრი, ისეთი, როგორიც მიუზიკლ "ჩხიკვთა ქორწილში" გვახსოვს - პირიქით, თავმდაბლობითა და გულახდილობით გამოირჩევა. მის სიმღერებს ყველა იცნობს, თუმცა ცოტას თუ მოეხსენება, რომ ის ცნობილი ქართული ფილმის, "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" ერთ-ერთი პერსონაჟია. თავისი კინო და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ თემურ წიკლაური "კვირის პალიტრას" ესაუბრება.

კადრი ფილმიდან "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"

- კოჯორში დავიბადე და გავიზარდე. მაშინ სკოლებში სამსახიობო ოსტატობის, მხატვრული კითხვის, ცეკვისა და კიდევ ათასნაირი წრე იყო გახსნილი. ამ წრეების ხშირი სტუმარი ვიყავი. იმ პერიოდში დაიწყო ჩემი კონტაქტი სასკოლო სცენასთან. შემდეგ უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, იქაც სიმღერ-სიმღერით შევდგი ფეხი. ინგლისური ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მაშინ ყველაზე ლამაზი გოგონები ჩვენს ინსტიტუტში სწავლობდნენ, თან ჰყავდა ძალიან საინტერესო ანსამბლი, რომლის წევრიც გავხდი. ჩვენი ანსამბლი პუშკინის სახელობის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკურის ანსამბლებს ეჯიბრებოდა. 1967 წელს შეიქმნა ანსამბლი "ციცინათელა", სადაც მიმიწვიეს. ეს იყო ოქტეტი, რომელშიც 4 გოგო და 4 ბიჭი ვმღეროდით. სხვა იმდროინდელი ანსამბლებისგან, სადაც მომღერლები მიკროფონს არ სცილდებოდნენ, იმით გამოვირჩეოდით, რომ ჩვენ ვცეკვავდით და დადგმებიც გვქონდა. ანსამბლში ყოფნისას ბატონმა გუგული მგელაძემ მიმიწვია ფილმის - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" სინჯებზე. პირველად რომ მითხრა, შენი გადაღება მინდაო, ლამის გული ამომივარდა სიხარულისგან. მე ხომ არაფრით გამოვირჩეოდი, არც სილამაზით, არც აღნაგობით...

გადაღებები ზაფხულში ჯვარზენში დაიწყო, სწორედ იმ პერიოდში შენდებოდა ენგურჰესი. დოდო აბაშიძესთან ურთიერთობა მთელი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტად დარჩა. ის მარტო კარგი მსახიობი კი არა, საოცრად კარგი ადამიანი იყო. ჩვენ, 20 წელს გადაცილებულ ბიჭებს, მამასავით გვივლიდა. მცხუნვარე ზაფხული იდგა, რამდენიმე დღე მოგვცეს დასვენებისთვის და მე, დოდო აბაშიძე და თაზო თოლორაია ზუგდიდში ჩავედით. ქალაქის შუაგულში რომ დიდი ხეივანია, იქ ვისხედით. დოდო წელზემოთ გახდილი, მაშინ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ლამაზი, ზორბა... მოდი, ნაყინი ვჭამოთ-მეთქი, მე ნაყინის ცნობილი მოყვარული ვარ, მაშინ შევეჯიბროთ, ვინ რამდენს შეჭამს, ვინც წააგებს, ბატკანი იყიდოსო. მოკლედ, ავიღეთ კილოგრამ-კილოგრამი ნაყინი. თოლორაიამ კი მსაჯობა იკისრა. აბა, მიდი, მიდი, - ისმოდა შეძახილები. ჩემი წილი მთლიანად რომ შევჭამე, დოდოს თვალები გაუფართოვდა. ბიჭო, არ მოკვდეო, მეუბნებოდა სიცილით. უკვირდა, ამდენი ნაყინი როგორ შევჭამე. კიდევ შევჭამ-მეთქი. რამდენს მოერევიო. ახლა ნახევარი კილოგრამი მოვითხოვე. დოდომ გასძახა, მოიტანეთ ორი ნახევარ-ნახევარიო. მეთამაშებოდა, ვითომ ჭამა უჭირდა. ის ერთობოდა, მე კი უკვე ვიყინებოდი. შევჭამეთ ის ნახევარ-ნახევარიც. ბიჭო, კიდევ შეჭამო? ახლა უკვე ენის მოჩლექით მკითხა, ბავშვს რომ მოეფერებიან, ისე. იხტიბარი არ გავიტეხე, შევჭამ-მეთქი! ახლა 250 გრამი მოატანინა. ისიც რომ შევჭამე, ახლა როგორ ხარო, დაინტერესდა. თქვენ თვითონ როგორ ბრძანდებით-მეთქი, შევუბრუნე კითხვა. მე კიდევ ნახევარი კილოგრამი მომიტანეთო, გასძახა. გნებდებით-მეთქი, სიმწრით ამოვიხავლე. მოკლედ, ბატკანი მქონდა საყიდელი, მაგრამ ვინ გაყიდვინა...

ერთხელ პავილიონში გვქონდა გადაღება. სუფრის სცენა იყო, სადაც ყველანი ვქეიფობთ. გაგვიშალეს სუფრა და რომ არ შეგვეჭამა, ნავთი მოასხეს, რადგან მსახიობები ნელ-ნელა ვიციცქნებოდით და ბოლოს კადრში გამოსაჩენი აღარაფერი რჩებოდა. მოვიდა დოდო და სუნი რომ იგრძნო, მაგიდა აატრიალა. არა გრცხვენიათ, ნავთი როგორ დაასხითო, აყვირდა. ახლავე მოიტანეთ წესიერი პურმარილი, მერე რა, რომ შევჭამთო. ატყდა ერთი ამბავი, დირექტორი ახალი პურმარილის მოსატანად გაიქცა. აი, ასეთი კაცი იყო. დევი იყო, კეთილი დევი. გამტანი, სიმართლის მოყვარული, დამცველი.

მე ბელაფონტეს როლს ვასრულებდი. ჩემი გმირი ნატრობდა, რომ ჰარი ბელაფონტესავით ცნობილი მომღერალი გამხდარიყო. მე და თაზო თოლორაია ბევრ სცენაში ვთამაშობდით ერთად. ძალიან დავახლოვდით. სოხუმის სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით. მე 23 წლის ვიყავი, თაზო 1-2 წლით უმცროსი. მაშინ შეყვარებული იყო, სულ იმ გოგოზე გველაპარაკებოდა. ფილმში ერთი სცენაა, მე და თაზო მივდევთ მანქანას. ავცვივდით საბარგულზე. ორივეს საკმაოდ დიდი ცხვირები გვქონდა, ამიტომ ერთმანეთს მივადეთ და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.

"ფილმში ერთი სცენაა, მე და თაზო თოლორაია მივდევთ მანქანას. ავცვივდით საბარგულზე. ორივეს საკმაოდ დიდი ცხვირები გვქონდა, ამიტომ ერთმანეთს მივადეთ და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ"

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც დასრულებული ფილმი ნახეთ?

- რომ გითხრათ, აუ, რა ითამაშა ბიჭმაო, ასე არ ყოფილა, თუმცა ამ ფილმმა თავისი კვალი დატოვა. მაშინ ვისწავლე კამერასთან მუშაობა. ეს უფრო დოდოს ფილმია. მე კინოგენური არა ვარ. თუმცა ანსამბლში სხვანაირი გამოვჩნდი. ჩემი ვიზუალით, ხმის ტემბრით. შემდეგში "არგონავტებში" მეფე აიეტი ვიყავი. "არგონავტები", ისევე როგორც "ჩხიკვთა ქორწილი", ევგენი გინზბურგმა გადაიღო. ის თბილისში დაბადებულ-გაზრდილი მოსკოველი რეჟისორი გახლდათ. მისი "ჩხიკვთა ქორწილი" ერთადერთი მიუზიკლი იყო, რომელიც ამერიკელებს შეუძენიათ (1984 წელს), კა-გე-ბემ კი დაგვიმალა და აგერ ორიათასიანებში გავიგეთ ეს ამბავი.

- დონ კიხოტის გმირი როგორ გახდით?

- შემთხვევით. სწორედ იმ დროს აიეტისთვის"ვიზრდიდი თმას. რეზო ჩხეიძემ გამომიგზავნა კაცი, ერთი გიჟი მხატვრის როლს თუ ითამაშებო. დონ კიხოტი სულიერად ავადმყოფებთან რომ მიდის, იმ სცენაში პატარა ეპიზოდია...

- მეუღლე "ივერიაში" გაიცანით?

- ჩემი მეუღლე, ლილი ზღვაური, თეატრალური ინსტიტუტის მუსკომედიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ "ციცინათელაში" მოვიდა. მალე თანაცხოვრების 50 წლის იუბილეს ვიზეიმებთ.

- პოპულარული ადამიანი ბრძანდებით, არ გიცდიათ სხვა კოლეგებივით პოლიტიკაში მოგესინჯათ ძალა?

- პოლიტიკაში რა მინდა. ჩემი პოლიტიკა სიმღერაა. ვიმღერებ, მაგრამ ჩემს სიმღერებს არ უშვებენ... ბევრი ახალი ჩანაწერი მაქვს, მაგრამ ახლოს არ მიკარებენ.

ეკა სალაღაია