ეს მთელი საქართველოს არჩევანია! - კვირის პალიტრა

ეს მთელი საქართველოს არჩევანია!

ეს პროექტი თინეიჯერთა სურვილებს ასრულებს

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული პროექტი "ლიბერთინსი" რეგიონებში გადის

შვიდი ქალაქის - ბათუმის, ფოთის, გურჯაანის, ბორჯომის, ქუთაისის, გორისა და რუსთავის თინეიჯერებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული პროექტი "ლიბერთინსი" რეგიონებში გადის. მოზარდებში ყველაზე პოპულარული მსოფლიო ბესტსელერების შერჩევასა და ქართულად თარგმანში ისინი უკვე ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, "ლიბერთინსი" წიგნების მოყვარულ თინეიჯერთა ჯგუფია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ისთვის თანამედროვე ბესტსელერებს არჩევს. თინეიჯერები მსოფლიო ბესტსელერებს ინგლისურად კითხულობენ და ამა თუ იმ წიგნის ქართულად თარგმნას ურჩევენ გამომცემლობას. ბუნებრივია, "პალიტრა L" წიგნის გამოცემისას ყოველთვის ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

"ლიბერთინსი" დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. პროექტს დაწყებისთანავე მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოზარდები აქტიურობდნენ. თინეიჯერების გამოხმაურებამ გამომცემლობას პროექტის მთელ საქართველოში გავრცელება გადააწყვეტინა.

ენი გოდუაძე, ქუთაისი: "რაც გავიგეთ, რომ ახალგაზრდული პროექტი "ლიბერთინსი" იწყებოდა, ქუთაისში პროექტის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი. სოციალური ქსელით აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა კამპანიაში. არაერთხელ გამომცემლობასაც მივწერე, რომ ქუთაისელ თინეიჯერებსაც ძალიან აინტერესებდათ ეს პროექტი და ვთხოვე, არეალი გაეფართოებინათ. "ლიბერთინსი" ის პროექტია, რომელმაც ახალგაზრდებს კითხვა შეაყვარა.

ამ მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. სხვა გამომცემლები დიდ ყურადღებას არ აქცევენ თინეიჯერთა მოთხოვნებსა და სურვილებს. ეს მხოლოდ "პალიტრა L"-მა მოახერხა. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება აგვიხდა და თანამედროვე ბესტსელერები მალე ქუთაისელი ახალგაზრდების რეკომენდაციის გათვალისწინებითაც გამოიცემა".

ელენა იმნაიშვილი, ბათუმი: "ლიბერთინსზე" მთელი ბათუმი მისი შექმნის დღიდან ლაპარაკობს. ეს ერთ-ერთი ბოლო აქციის დროსაც დადასტურდა, როდესაც "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში პროექტის წიგნებზე თინეიჯერების დიდი რიგი დადგა.

ბათუმელი ახალგაზრდები აქტიურები ვართ და ყოველთვის ვცდილობთ ინტელექტუალურ პროექტებში ჩართვას. "ლიბერთინსი" ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მიხარია, რომ გამომცემლობამ ბათუმელი თინეიჯერების თხოვნა გაითვალისწინა და წიგნების შერჩევის პროცესში მათთან ურთიერთობა გვექნება".

თინათინ ფეიქრიშვილი, პროექტ "ლიბერთინსის" ხელმძღვანელი: "ლიბერთინსის" ჯგუფში გაწევრება პროექტის დაწყებისთანავე ყველა თინეიჯერის ოცნება გახდა, თუმცა ვფიქრობდით, რომ მასში ჩართვას მხოლოდ თბილისში მცხოვრები თინეიჯერები შეძლებდნენ - მოგეხსენებათ, ახალგაზრდებთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, იდეებს ვცვლით და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში "ლიბერთინსით" რეგიონებშიც დაინტერესდნენ. მუდმივად გვიკავშირდებოდნენ და პროექტში ჩართვასა და მათი იდეების გათვალისწინებასაც გვთხოვდნენ. სწორედ ასეთი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, პროექტი ახალგაზრდებისთვის მთელ საქართველოში შეგვეთავაზებინა. სხვათა შორის, თინეიჯერების უმრავლესობა, რომლებიც რეგიონებიდან გვიკავშირდებიან, საოცრად ენერგიულები, კრეატიულები და წიგნიერები არიან.

მოგეხსენებათ, ჯგუფში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი პირობა მსოფლიო ბესტსელერების ორიგინალში კითხვის უნარია.

15 ივლისს, პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბესტსელერი - ემი იტერანტას "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" გამოვიდა. წიგნის ავტორი საქართველოს 2015 წლის ნოემბერში "პალიტრა ლ"-ის მოწვევით ესტუმრა, ის უკვე ქართველი მკითხველის საყვარელი მწერალია, თუმცა თინეიჯერების ასეთ დაინტერესებას ნამდვილად არ ველოდით, რადგან ის ტირაჟი, რაც დაბეჭდილი გვქონდა, აქციის ფარგლებში რამდენიმე წუთში გაიყიდა.

ვახო უკვე "ლიბერთინსელია"...

"ლიბერთინსმა" გამიჩინა სურვილი, უფრო მეტი წიგნი წამეკითხა. თავდაპირველ შერჩევაზე ჩემი მეგობარიც გავიდა და ძალიან ვწუხდი, რომ მე ვერ შევძელი, ამ პროექტის წევრი გავმხდარიყავი. ასეთი შანსი აღარ მექნება, ამიტომ მინდა, გთხოვოთ, თქვენს პროექტში ჩამრთოთ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე კარგ ბავშვს ვერ ნახავთ და არც თავის ქებას დავიწყებ. ყველანაირი პასუხის შემთხვევაში, თქვენი ერთგული მკითხველი ვიქნები.

და მაინც, გთხოვთ! მე შევძლებ, ვუხელმძღვანელო ჩემს ჯგუფს. ჩვენ შევძლებთ, შემოგთავაზოთ ახალი წიგნები, რომლებიც ქართულად დიდ გამოხმაურებას მოიპოვებს".

ეს წერილი მეათე კლასის მოსწავლეს, 15 წლის ვახო სალთხუციშვილს ეკუთვნის, რომლითაც გამომცემლობას მიმართა "ლიბერთინსში" გაწევრების მიზნით.

ვახო გურჯაანში ცხოვრობს, წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, "ლიბერთინსი" საუკეთესო პროექტად მიაჩნია და ძალიან უხარია, რომ სურვილი აუსრულდა - პროექტის წევრობის შესაძლებლობა მიეცა. ის ახლა უკვე "ლიბერთინსელია".

რუსუდან შელია