"ჩუმათობანას" თამაშით მოზარდის მომავალი­ ინგრევა - კვირის პალიტრა

"ჩუმათობანას" თამაშით მოზარდის მომავალი­ ინგრევა

"სიმსუქნე დაავადებაა, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია"

უკვე რამდენიმე მშობელმა მიამბო, თუ როგორ ათამაშებენ პატარებს საბავშვო ბაღებში "ჩუმათობანას". ასწავლიან ერთ ადგილზე ჩუმად ჯდომას და თუნდაც რაღაც საქმით დაკავებას, მთავარია, არ იხმაურონ. როგორც ჩანს, ასე აღმზრდელების ნერვები იზოგება, მაგრამ ბავშვი ვერ იღებს აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვას. მდგომარეობა რთულდება, თუ ბავშვს ოჯახშიც "ჩუმათობანას" აიძულებენ და პატარას კომპიუტერთან ან ტელევიზორთან "აბამენ". არავინ ფიქრობს იმაზე, რომ "ჩუმათობანას" თამაშით მოზარდის მომავალი ინგრევა, ზიანდება მისი ჯანმრთელობა და ადრეული ასაკიდანვე არაჯანსაღი ცხოვრების ტყვე ხდება.

ფიზიკური უმოქმედობა უამრავ პრობლემას იწვევს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს პრობლემაა. სპეციალისტების განმარტებით, თუ აქამდე სიმსუქნე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის იყო დამახასიათებელი, ახლა სენივით მოედო აღმოსავლეთისა და დაბალი განვითარების ქვეყნებსაც. იქ, სადაც ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, მაინც სუქდებიან, რადგან ნახშირწყლებითა და სხვა არასასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულ საკვებს იღებენ. იმ ქვეყნებში კი, სადაც მოსახლეობას ჯანსაღად კვების საშუალება აქვს, დროის დასაზოგად სწრაფი კვების პროდუქტებს ეტანებიან.

ლიკა თეთრაძე, ენდოკრინოლოგი: - საქართველოში სიმსუქნის სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ამ პრობლემაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შაქრიანი დიაბეტის გავრცელების მიხედვით. სიმსუქნე და ჭარბი წონა არ არის კოსმეტიკური პრობლემა, ეს დაავადებაა და, თავის მხრივ, იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, მათ შორის, შაქრიან დიაბეტს. სიმსუქნე, შესაძლოა, გამოიწვიოს გენეტიკურმა ფაქტორმაც, მაგრამ სწორი კვების რეჟიმსა და ფიზიკურ აქტივობას გენეტიკური საფრთხის კორექციაც შეუძლია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სიმსუქნე დაავადებაა, რომელსაც მკურნალობენ.

ჭარბი წონა ქმნის გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ნაღველკენჭოვანი და ძვალსახსროვანი დაავადებების, დიაბეტის, ოსტეოართროზის, ოსტეოართრიტის საფრთხეს. მსუქან ბავშვებში ძალიან მაღალია მოტეხილობის რისკები, სქოლიოზის საფრთხე, რადგან ხერხემალზე წონის გამო დატვირთვა იზრდება. სამწუხაროდ, ბავშვებს ადრეული ასაკიდან არ აჩვევენ ფიზიკური აღზრდის კულტურას. არც მშობლებმა იციან, როგორ იცხოვრონ ჯანსაღად. ფიზკულტურის გაკვეთილების უქონლობით სცოდავენ სკოლებიც.

მთელი მსოფლიო სიმსუქნეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად აღიქვამს. მას ყველაზე აქტიურად ებრძვის აშშ, რომელიც პრევენციის მიზნით 150-დან 200 მილიარდამდე ხარჯავს წელიწადში. ჩვენთან კი ყველა კერძო სადაზღვევო კომპანია სიმსუქნეს იმ გამონაკლისთა შორის მოიაზრებს, რომელსაც არ აფინანსებენ. არადა, არ შეიძლება, მსუქნებისა და ჭარბწონიანებისთვის სპეციალური ვარჯიშები აღიქმებოდეს ფუფუნებად და არ ფინანსდებოდეს მკურნალობა. სიმსუქნესთან ბრძოლა წახალისებული უნდა იყოს ყველა დონეზე, სკოლის ბუფეტით დაწყებული, სახელმწიფო პროექტებით დამთავრებული.

სკოლის ბუფეტისა და ფიზკულტურის საკითხის მოგვარება აუცილებელია. ბუფეტში ბავშვს უნდა აჭამონ წვნიანი და არ კვებონ მხოლოდ ლობიანებით, ხაჭაპურებითა და სხვა ცომეულით, რომელშიც დიდი დოზით არის საფუარი და ბევრი სხვა ინგრედიენტი, რომლებიც ვნებს ჯანმრთელობას. ამასთან, მსუქანი ბავშვები ფსიქოლოგიურადაც იტანჯებიან გარეგნობის გამო. მათ უნდა ავუხსნათ, რომ სიმსუქნე არ არის სირცხვილი, მაგრამ ცუდია, როცა არ მოძრაობ, არ იკვებები სათანადოდ.

- როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის პრევენცია?

- პირველ რიგში, ზოგადი განათლება უნდა ამაღლდეს. ძალიან კარგია, რომ ქალაქის ქუჩებში გაჩნდა ტრენაჟორები და სკვერებში წააწყდებით მოვარჯიშე ადამიანებს. სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს წამახალისებელ ფაქტორებზე...

ივარჯიშეთ, ისეირნეთ ფეხით, ველოსიპედით. ტელევიზორთან ჯდომას არჩიეთ გასეირნება.

- რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ჭარბწონიანმა?

- სიმსუქნის მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ენდოკრინოლოგი, რომელიც განსაზღვრავს, სიმსუქნე არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. უნდა გამოირიცხოს მთელი რიგი დაავადებები, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, იმკურნალებთ მედიკამენტების გარეშე, მხოლოდ დიეტით (სწორი კვებით და არა შიმშილით). ამასთან, უნდა ივარჯიშოთ, თუმცა ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირ დატვირთვას ვერ მოსთხოვ. ამიტომაც სასურველია, ვარჯიშის დაწყებამდე მიხვიდეთ ექიმთან, მაგრამ თუ ამის საშუალება არა გაქვთ, სკვერებში განთავსებული ტრენაჟორებით სარგებლობისთვის საგანგებო კვლევები არ გჭირდებათ. არც გამამხნევებელი ვარჯიში და ფეხით სიარული საჭიროებს კვლევას. შესანიშნავია ცეკვა, ოღონდ მოყვარულის დონეზე. გახსოვდეთ, ფიზიკური აქტივობა უნდა შეწყვიტოთ ტკივილის შეგრძნებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ მსუქნებში ყოველთვის ქალები ჭარბობენ. თუმცა ისინი მენოპაუზამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისადმი ნაკლებად მიდრეკილი არიან. ამიტომაც 50 წლამდე ქალებს აქვთ შანსი, აირიდონ ჭარბი წონა და შესაბამისად, მძიმე დაავადებები.

ეკა ლომიძე