ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოში
25-07-2016
ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოში
დედამიწის სეისმური მოვლენებიდან ყველაზე დიდი უბედურება მიწისძვრას მოაქვს. ვარაუდობენ, რომ ცივილიზაციის დაწყებიდან დღემდე დედამიწაზე მიწისძვრებით 150 მილიონი ადამიანია დაღუპული. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი ბოლო საუკუნეებში საქართველოში მომხდარ ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრებზე მოგვითხრობს.

1899 წლის 31 დეკემბერი, ახალქალაქი

მიწისძვრა 0:50 სთ-ზე მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6,3 ერთეული, ინტენსივობა - 8-9 ბალი. დაიღუპა 240 კაცი.

1920 წლის 20 თებერვალი, გორი

პირველი ძლიერი ბიძგი 02:55 სთ-ზე იგრძნეს.
განმეორებით - 14:45 სთ-ზე. ამის შემდეგ გორის მაზრა თითქმის აღარ არსებობდა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6,2 ერთეული, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა 8-9 ბალი. ყველაზე ძლიერი 9-ბალიანი ბიძგი გორიდან 3 კილომეტრში, სოფელ ხიდისთავში აღინიშნა,­ ქალაქ გორში კი 8 ბალი. დაიღუპა 114 კაცი.

1940 წლის 7 მაისი, ტაბაწყური

მიწისძვრა
22:23 სთ-ზე აღირიცხა. ეპიცენტრი ტაბა­წყურის ტბასთან მდებარეობდა. მაგნიტუდის სიმძლავრე იყო 6, ხოლო მიწისძვრის ინტენ­სივობა ეპიცენტრში 8 ბალი. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა, დაიღუპა დაახლოებით 40 კაცი.

მარტვილის მიწისძვრები

1957 წლის 26 იანვარს 16:30 საათზე 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, 29 იანვარი - 15:17 და 15:21 საათზე 8 ბალი. ამ მიწისძვრებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი, დაინგრა შენობები. მსხვერპლი არ ყოფილა.

1963 წელი, 16 ივლისი, აფხაზეთი, კოდორის ხეობა, სოფელი ჩხალთა

მიწისძვრა აღინიშნა 18:27 სთ-ზე, მაგნიტუდა 6,4, მიწისძვრის ინტენსივობამ ეპიცენტრში 9 ბალს მიაღწია. რადგან ტერიტორია მეჩხრად დასახლებულია, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩხალთის მიმდებარე სოფლებში დაზიანდა სახლები, მიწისძვრის თანამდევი იყო მეწყრები და კლდეების ჩამოშლა.

1978 წლის 2 იანვარი, დმანისი

06:31 საათი, მაგნიტუდა შეადგენდა 5,3-ს, ხოლო ეპიცენტრში ინტენსივობა 7-8 ბალს გაუტოლდა. უმნიშვნელო ზარალსა და ნგრევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1986 წლის 13 მაისი, ფარავნის ტბა

მიწისძვრა 8:44 სთ-ზე მოხდა. მაგნიტუდა 5,6-ს შეადგენდა, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ზეგანზე, 8 ბალი იყო. მიწისძვრის შედეგად 2 კაცი დაიღუპა. მიმდებარე სოფლებში დაინგრა სახლები.

1991 წელი, 29 აპრილი, რაჭა

მიწისძვრა 9:12 სთ-ზე აღირიცხა. ეს XX საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მისი მაგნიტუდა 7, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტში - 9 ბალი იყო. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი, დაი­ღუპა - 200. მიწისძვრით მიყენებული ზარალი, 1991 წლის კურსით, 10 მილიარდ მანეთად შეფასდა. რყევა 4-5 ბალის ინტენსივობით თბილისშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით. მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300მ სიგრ­ძის სიღრმის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით.
რაჭის მიწისძ­ვრას 18 აფტერშო­კი მოჰყვა, მათ შორის ყველაზე ძლიერი­ 1991 წლის 15 ივნ­ისს, 0:05 საათზე. მისი მაგნიტუდა იყო 6,1, ეპიცენტრში ინტენსივობა - 8 ბალი. მას მოჰყ­ვა მსხვერპლი და ნგრევა.

1992 წლის 23 ოქტომბერი, ბარისახო

23:19 სთ. რაჭის მიწისძვრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ეს გახლდათ კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6,3 იყო, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 7-8 ბალი. რადგან ტერიტორია მეჩხრად დასახლებულია, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ზარალი უმნიშვნელო იყო.

1997 წლის 27 ნოემბერი, ხაშმთან

- 17:34 სთ-ზე აღირიცხა. 5,3 მაგნიტუდა, ინტენსივობა ეპიცენტრში 7 ბალი. დაზიანდა შენობები ხაშმსა და მახლობელ სოფლებში. მსხვერპლი არ ყოფილა. მიწისძვრა მკვეთრად იგრძნობოდა თბილისშიც.

2002 წლის 25 აპრილი, თბილისის მიწისძვრა

- 17:41 სთ-ზე აღინიშნა. მაგნიტუდა 4,5, მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში - 7 ბალი. ეპიცენტრი იყო ჩუღურეთიდან თბილისის ზღვის მიმართულებით. დაიღუპა 5 კაცი, დაზიანდა 12 ათასი შენობა, განსაკუთრებით ძველ უბნებში - ჩუღურეთში, სოლოლაკში, ნაძალადევში, მთაწმინდის რაიონში. პირდაპირმა ზარალმა 300 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა რეალური ზარალი უფრო მეტი იყო.

2006 წლის 6 თებერვალი, რაჭა

- Dდილის 8 სთ-ზე დაფიქსირდა - მაგნიტუდა 5,2 იყო, ინტენსივობა ეპიცენტრში 6-7 ბალი. დაზიანდა ბევრი საცხოვრებელი სახლი.

2009 წლის 7 სექტემბერი, რაჭა

- 22:46 სთ, მაგნიტუდა 5,9 ინტენსივობა ეპიცენტრში 7-8 ბალს უტოლდებოდა. მსხვერპლი არ ყოფილა. დაზიანდა ბევრი შენობა.

2011 წლის 19 იანვარი, ბაღდათი

09:17 სთ, მაგნიტუდა - 5,4, ინტენსივობამ ეპიცენტრში 7 ბალს მიაღწია. მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა. მსხვერპლი არ ყოფილა.

2012 წლის 25 დეკემბერი, შავ ზღვაში, ფოთის დასავლეთით 40 კილომეტრი

მიწისძვრა 22:44 სთ-ზე აღირიცხა,­ განმეორდა 22:55 სთ-ზე. პირველი მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 5,6, მეორისა - 4,9, მაგრამ რადგან ზღვაში, ნაპირიდან მოშორებით მოხდა, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2016 წლის 12 ივლისი, დმანისიდან 15 კილომეტრში, დასავლეთით

10:14 სთ-ზე მოხდა. მაგნიტუდა იყო 4,8, ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე - 7 ბალი. ამ რეგიონში მეჩხრად დასახლებული სოფლებია და ამიტომ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რყევა თბილისშიც იგრძნობოდა.

1988 წლის 7 დეკემბერი, სპიტაკი

მიწისძვრა 7:41 სთ-ზე აღირიცხა. ეს XX საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდმსხვერ­პლიანი მიწისძვრაა. ოფიციალური მონაცემებით სომხეთში 25 ათასი კაცი დაიღუპა, ნახევარი მილიონი უსახლკაროდ დარჩა. ეპიცენტრში 9-10 ბალი იყო. ეპიცენტრულ ზონაში მოხვდა 3 ქალაქი: ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სტეფანავანი და სპიტაკი. სპიტაკის 30 კილომეტრითაა საქართველოსთან დაშორებული და ამიტომ საზღვრისპირა რეგიონებში, საქართველოს შიგნით, მიწისძვრის ინტენსივობამ 7-8 ბალი შეადგინა, ხოლო თბილისში, სადაც ასევე მძაფრად იგრძნობოდა რყევა, მისმა ინტენსივობამ 5 ბალს მიაღწია.

ეკა სალაღაია
qetis
05 სექტემბერი 2018 09:03
რა 1 ადამიანი მთლიანი სოფელი დაიმარხა 40 კაცით :/
...
06 ივნისი 2018 10:24
სპიტაკის მიწისძვრა 7:41 სთ-ზე არ მომხდარა, მოხდა 11:41 სთ-ზე - ამ დროს შესვენება გვქონდა და სასადილოში ვისხედით ჯგუფელებთან ერთად , ჭიქამ მაგიდაზე "სირბილი" რომ დაიწყო .....
ქეთი
06 ივნისი 2018 10:20
რაჭის მიწისძვრის დროს 1 ადამიანი დაიღუპა..რას ამბობთ 200 იო.რაღაც შეცდომაა

რედაქტორის რჩევით