"ფორტე-დეი-მარმიში აღვნიშნეთ ბავშვის პირველი დაბადების დღე" - კვირის პალიტრა

"ფორტე-დეი-მარმიში აღვნიშნეთ ბავშვის პირველი დაბადების დღე"

"იქ შეგიძლია შენი ოკეანის ნაწილი გქონდეს, გყავდეს საკუთარი მომსახურე პერსონალი, პირადი დაცვა"

ტოსკანის ჩრდილოეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში ტურიზმი მე-18 საუკუნის ბოლოდან განვითარდა და ქალაქი სწრაფად იქცა ევროპის ელიტური საზოგადოების საზაფხულო კურორტად. აქ ისვენებდნენ თომას მანი, ლუკინო ვისკონტი, ჯორჯო არმანი, ანდრეა ბოჩელი და სხვ.

წელს მომღერალმა ქეთა თოფურიამ სწორედ ფორტე-დეი-მარმიში გაატარა შვებულება და ბავშვის დაბადების დღეც კურორტზე აღნიშნა.

ქეთა თოფურია: - ფორტე-დეი-მარმიში ძალიან კარგად ვისვენებ... წელსაც ოჯახთან - ბავშვთან, მეუღლესა და დედასთან ერთად ჩავედი და ჩემი გოგონას პირველი დაბადების დღეც იქვე აღვნიშნეთ... ყოველთვის ზღვაზე დასვენება მირჩევნია, მთაში დასვენებას.

"მალდივის კუნძულები ნამდვილი სამოთხეა, თუმცა მოსაბეზრებელია"

მთავარია, ერთმანეთში არ აგერიოთ დასვენება და გართობა - ამ პრინციპით ირჩევს კურორტს გიორგი ნაზღაიძე. სად აპირებს დასვენებას, ამაზე თავად გიამბობთ.

გიორგი ნაზღაიძე: - ჯერ მთაში ვაპირებ წასვლას - აგარაკზე, მერე კი ზღვაზე გავემგზავრები. საერთოდ, დასასვენებლად მთის კურორტებია კარგი, გასართობად კი, ზღვის. ადამიანებს ეშლებათ ხოლმე გართობა და დასვენება. ზღვაზე იღლება ადამიანი... ზოგიერთ ქვეყანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მალდივის კუნძულებმა მოახდინა. ნამდვილი სამოთხეა, თუმცა ეს სამოთხეც მოსაბეზრებელია. გააჩნია, რამდენი ხნით მიდიხარ. ოთხი დღეც საკმარისია. ისე, ყველაფერი ჯიბეზეა დამოკიდებული. იქ შეგიძლია შენი ოკეანის ნაწილი გქონდეს, გყავდეს საკუთარი მომსახურე პერსონალი, პირადი დაცვა. შეგიძლია დააგემოვნო ეგზოტიკური კერძები, ხილი, რომელიც არასდროს გაგისინჯავს და შეიძლება ნანახიც არ გქონდეს.

"ყველაზე კარგად ბუკნარში ვისვენებ"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გმირი, ბახვა ბრეგვაძე, დასვენებას აგვისტოს შუა რიცხვებში გეგმავს. უკვე რამდენიმე წელია, მისთვის ტრადიციად იქცა ბუკნარში დასვენება.

ბახვა ბრეგვაძე: - შორს წასვლას არ ვაპირებ, ჩემს ნათესავებს, არველაძეებს, ბუკნარში აქვთ აგარაკი და იქ მივდივარ ხოლმე. ყველაზე კარგად იქ ვისვენებ - არაჩვეულებრივი სახლი, მშვენიერი ეზო, აუზი და იქვე ზღვაც. პატარა სტადიონიც არის. ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს. მიმაქვს წიგნები, ვკითხულობ და მშვიდად ვისვენებ...

ადრე ხშირად მიწევდა მივლინებით საფრანგეთში გამგზავრება. მიყვარს პარიზი, ზაფხულის პაპანაქებაშიც დიდი სიამოვნებით წავიდოდი. სექტემბერში მომიწევს წასვლა და ძალიან მიხარია. ესპანეთიც მიყვარს, ზაფხულში ბარსელონა არაჩვეულებრივია.

"საზღვარგარეთ დასვენება ბევრად იაფი მიჯდება"

ნანიკო ხაზარაძე შვებულების გატარებას შვილთან ერთად გეგმავს. ცდილობს, ყოველ წელს ესტუმროს მეგობრებს ევროპაში, თუმცა შვებულებას საქართველოს კურორტებზე დასვენებით იწყებს.

ნანიკო ხაზარაძე: - ჯერ ბათუმში წავალ ბავშვთან ერთად და მერე - ჟენევაში, ჩემს მეგობართან. საზღვარგარეთ დასვენება ბევრად იაფი მიჯდება, ვიდრე ჩვენთან. ჩემს შვილს პატარა ბინა აქვს ბათუმში და ამიტომ შედარებით იაფი გამოგვდის დასვენება, სასტუმროში რომ გვიხდებოდეს გაჩერება, ძვირი დაგვიჯდებოდა... ბევრი მეგობარი მყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ ბილეთის აღება და გამგზავრებაა ჩემზე, სხვა დანარჩენზე ზრუნვა არც მჭირდება, მიუხედავად ამისა, ყოველ წელს მაინც ვერ მივდივარ ევროპაში. ყველაზე ბევრჯერ ბერლინში ვარ ნამყოფი, ძალიან კომფორტული და კარგი ქალაქია. მომწონს იქაური სივრცე, სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება.

ნინო წიფურია