დეგა - მოცეკვავე ქალების მხატვარი
ქალის ჰაეროვანი სხეულის უზადო მცოდნეს,  ოჯახი არასდროს ჰყოლია...

"დიდი მოთმინება მჭირდება, რათა დავამთავრო სურათები, რომლებიც უმოწყალოდ მართმევს დროს. შემოსავალი არ მოაქვს, მაგრამ ხელოვნების დიდი სიყვარული და პატივისცემა არ მაძლევს უფლებას, მათ უდიერად მოვეპყრო".

ედგარ დეგა


აქამდე არავინ მინახავს ისეთი, ასე კარგად რომ ასახავდეს თანამედროვე ცხოვრებას, სწვდებოდეს მის სულს. და მაინც, შექმნის კი ოდესმე ეს მხატვარი რამე სრულყოფილს? ვერაფერს ვიტყვი.”

ედმონ გონკურის დღიური 1874 წლის 13 თებერვალი

ხომ არ იფარებოდა მისი
შავი სერთუკის, გახამებული ტკიცინა საყელოსა და ცილინდრის მიღმა ყველაზე რევოლუციონერი მხატვარი მთელ ახალ ფერწერაში?
რენუარი

KvirisPalitra.Geდიდი ფრანგი მხატვარი, იმპრესიონისტთა შორის გამორჩეული სტილისა და მანერის მქონე მოქანდაკე და პოეტი - ილერ  ჟერმენ ედგარ დეგა დაიბადა 1834 წელს პარიზში, ბანკირის ოჯახში. მის ოჯახში ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. სკოლის
დამთავრების შემდეგ მამის სურვილით შეუდგა იურისპრუდენციის შესწავლას, მაგრამ მალე განზრახვას იცვლის და დომინიკ ენგრის რჩევით ფერმწერობას არჩევს. ნატიფი ხელოვნების სასწავლებელში სწავლის დროს, 1855 წლიდან, ენგრის მოწაფის - ლუი ლამოტის სახელოსნოში დადის. იგი იმთავითვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ენგრისეული ნახატის გამომსახველობასა და სიზუსტეს.

შემდეგში მან დამოუკიდებლადაც გაამდიდრა ნახატის ფორმა წამიერი მოძრაობის გადმოცემის შესაძლებლობებით. წლების განმავლობაში გულმოდგინედ სწავლობს კლასიკოსებს და პარიზისა და იტალიის მუზეუმებში იღებს პუსენის, ენგრის, ტიციანის და სხვათა სურათების ასლებს. ასე რომ, თუ იმპრესიონისტების უმრავლესობა უფრო დელაკრუასა და კოროს შემოქმედებიდან იღებდა სათავეს და უპირისპირდებოდა აკადემიურ ტრადიციებს, დეგა მათი ერთგული დარჩა. 

60-იანი წლების დასაწყისში, როცა დეგა უკავშირდება მომავალ იმპრესიონისტებს, ცხენოსანთა შეჯიბრებებისა და თეატრალური ცხოვრების ამსახველი ჟანრული სურათების შექმნას იწყებს. ამ პერიოდშივე,  ლუვრში კლასიკოსთა ასლებზე მუშაობის დროს ეცნობა ედუარდ მანეს. აქედან იწყება მათი ლეგენდარული მეგობრულ-მტრული დამოკიდებულებაც. პაექრობის ძირითადი ადგილია ისტორიული კაფე "გერბუა". აქ კამათობენ სინათლის, ფერის, იაპონური ხელოვნების, ისტორიული თუ თანამედროვე ცხოვრების ასახვის პრობლემებზე.

დეგას იაპონური გრავიურაც ბევრ ახალ გრაფიკულ შესაძლებლობებს სთავაზობს, რათა შექმნას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აკადემიურად სწორი და იმპრესიონისტულად მომხიბვლელი სურათები. ამ დროისთვის დეგა მხოლოდ თანამედროვე ცხოვრებიდან იღებს თემებს და სურს რეალური სამყარო ასახოს არაჩვეულებრივი რაკურსებითა და გაბედულად ჩამოჭრილი ფიგურების კომპოზიციური უჩვეულობით.

დეგა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით სახელოსნოში ამთავრებს სურათებს. მისი პრინციპია: დაკვირვება ხატვის გარეშე და ხატვა დაკვირვების გარეშე. მართალია, პეიზაჟები არ იტაცებს, მაგრამ არც მთლად უარს ამბობს მათზე. გარდაცვალების შემდეგ, მის სახელოსნოში არაერთი შესანიშნავი პეიზაჟი აღმოაჩინეს.

დეგა მოძრაობის გადმოცემის დიდოსტატია და მოულოდნელ რაკურსებს იყენებს. 70-იანი წლებიდან ის უფრო პასტელის ტექნიკას მიმართავს, რამდენადაც მასში მდიდარ შესაძლებლობებს ხედავს მოძრაობის, ცვალებადობის სწრაფად აღბეჭდვისათვის. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი, არც ერთი სიუჟეტი არ იზიდავდა მას ასე ძლიერ. საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.

დეგას სურათები  ჩარჩოთი არ არის შეზღუდული და მნახველს მათზე აღბეჭდილი სიუჟეტების უშუალო მონაწილედ აგრძნობინებს თავს.

1886 წლიდან, იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ, მის  სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. დეგა ნელ-ნელა კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტებით კმაყოფილდება.

სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა ძალიან დააკლდა მხედველობა, დეგა ქანდაკებას მიმართავს, რომელსაც "ბრმის ხელობას" უწოდებს. იგი ქმნის მცირე ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს, რომელთაგან აღსანიშნავია მისი ცნობილი შიშველი ქალების ფიგურათა ვარიაციები.

ნაკლებადაა ცნობილი დეგას პოეტური შემოქმედება. იგი ავტორია არაერთი იმპრესიონისტული ლექსისა, რომელთა შესახებაც ფრანგი პოეტი პოლ ვალერი წერდა: "დეგა შეძლებდა გამხდარიყო 60-70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტი, ამ საქმისთვის რომ სერიოზულად მოეკიდა ხელი".

პირად ცხოვრებაში დეგა კონსერვატორი  იყო - მხატვრებში ქალის ჰაეროვანი სხეულის, ალბათ, ყველაზე უზადო მცოდნეს, ოჯახი არასდროს ჰყოლია. ედგარ დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.

რამაზ გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები