"წეღან "ნაცი" იყავი და ახლა "ქოცი" როგორ გახდი?" - კვირის პალიტრა

"წეღან "ნაცი" იყავი და ახლა "ქოცი" როგორ გახდი?"

"მრავალპარტიული კოორდინატორის" კარდაკარის შედეგები...

როცა სოლიდურ გაზეთში მიგყავს რუბრიკა - "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" და თანაც არჩევნები კარს არის მომდგარი, უფლებაც კი არა გაქვს, კოორდინატორად არ წაიმუშაო ერთი დღე და საკუთარ ტყავზე არ გამოცადო, რისი გადატანა უწევთ მათ. მოკლედ, გადავწყვიტე, "მრავალპარტიულ კოორდინატორად" გარდავქმნილიყავი, კარდაკარ მევლო და ანალიტიკური წერილი დამეწერა იმის შესახებ, რა მდგომარეობაა "ელექტორატის ბაზარზე", მაგრამ იმდენი კურიოზი გადამხდა, რომ სტატიამ მიმართულება შეიცვალა და სატირულ-იუმორისტული გამოვიდა. თუმცა, იქნებ ასეც ჯობია ამ დაძაბულ წინასაარჩევნო სიტუაციაში. მოკლედ, 12 კორპუსში 50 კაცი გამოვკითხე. კარს ალალბედზე ვირჩევდი და მასპინძლის დანახვის მერე ვირჩევდი იმ პარტიასაც, რომლის ვითომ წარმომადგენელიც ვიყავი. გამოსაკითხთა სახელს, გვარს, ასაკს, პირადობის ნომერს ვიწერდი და... შემდეგ ვიწყებდი აგიტაციას...

"თავი დამანებეთ"

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდი, როცა პირველ კარზე დავაკაკუნე. ახალგაზრდა ქალმა გამომხედა და როდესაც გაიგო, არჩევნების გამო შევაწუხე, აიფოფრა:

- თავი დამანებეთ! ყველანი (პარტიებს გულისხმობდა) ერთმანეთზე უარესები ხართ! არ მივდივარ არჩევნებზე, ტვინი ნუ შეჭამეთ! - და კარი ისე მოაჯახუნა, ბათქაში თავზე დამაცვივდა... ასეთი 3 შემთხვევა მქონდა - არც უკითხავთ, რომელი პარტიის წარმომადგენელი ვიყავი, ისე გამომლანძღეს და გამომისტუმრეს.

"ეს "ოცნების" ბრალია..."

- გამარჯობა, ბატონო, "რესპუბლიკური პარტიიდან" ვარ... თუ შეიძლება, თქვენი მონაცემები ჩამაწერინეთ...

- როგორ შეიყარეთ ასეთი არაპატრიოტი ხალხი? რომ დაირიგეს "რესპუბლიკელებმა" თანამდებობები და გაშალეს ფრთები, ეს "ოცნების" ბრალია. კიდევ "ნაცები" გჯობიათ... თქვენ ხომ გინდოდათ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე შესწორება შესულიყო კონსტიტუციაში...

- გასაგებია, რომ "რესპუბლიკელები" არ მოგწონთ. თქვენ ვის ემხრობით?

- ინაშვილს. ყველაზე კარგები ეგენი არიან...

"დანარჩენებივით გიჟი არ არის"

- გირჩები-მირჩები არ ვიცი, ბურჯანაძეა ჩემი ფავორიტი...

- რა მოგწონთ მისი საარჩევნო დაპირებებიდან?

- ბურჯანაძე საღად აფასებს მოვლენებს, ამბობს, რომ ზღვარს გადალახავს... ეს ქალი დანარჩენებივით გიჟი არ არის და არ გაჰკივის, - მე ვარ და ჩემი ნაბადიო...

"წადი, შვილო, საქმეს მიხედე"

- ყველა "ნაცს" ისეთი ინიექცია უნდა გაუკეთო, რომ ვერც ტყუილი თქვას და ვერც სიავე ჩაიდინოს... ეს ბურჭულაძეც მაგათი ჭინკაა. ერთ თარზე უკრავენ! წადი, შვილო, საქმეს მიხედე, არ გარგებს "ნაცების" დევნა. შალვა ნათელაშვილიც ხომ თქვენი ნასხლეტია. რა უნდა მაგას პოლიტიკაში, იუმორისტული შოუ უნდა მიჰყავდეს...

"გამოუშვიათ მშვიდობის მტრედი"

- დაიწყეთ, ხომ? გამოუშვიათ მშვიდობის მტრედი... შინ შემობრძანდი და "ოცნებას" გაჩვენებ, როგორ უნდა... რასაც დაგაბარებ, ყველაფერი გადაეცი შენს უფროსებს!

- ქალბატონო, შემოსასვლელად სად მცალია. მითხარით, მოგვცემთ ხმას?

- მართლა უნიათოები ხართ! ვერაფერს მოაბით თავი. "ნაცების" დასაცინი რომ პარტია გახდება, იმას პოლიტიკაში რა უნდა?

"დაგაგორებდი კიბეზე"

- საკუთარ თავს ვცემ პატივს, თორემ დაგაგორებდი კიბეზე! ისე მეუბნები, "ოცნებიდან" ვარო, გეგონება, მილიონი მომიტანე და ხელი უნდა მომაწერინო მიღება-ჩაბარების აქტზე... თქვენი ადგილი ციხეშია! ვენაცვალე მიშას, კიდევ კარგად გექცეოდათ... ვერ შეიშნოეთ კარგი ცხოვრება, ხომ?

"მოგზავნილი ხარ!"

როდესაც შუახნის ქალმა გაიგო, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ვიყავი, შინ შემიპატიჟა. როგორ შევყვებოდი? იქვე, კართან გავუწიე პროპაგანდა:

- მოვალთ ჩვენ და გავაბრწყინებთ საქართველოს, მაშინ რომ კბილები ჩამოგიღეთ, ახლა გაგიკეთებთ, შადრევნებს დავდგამთ, პარლამენტის ფილიალს ტყვარჩელშიც გავაკეთებთ-მეთქი.

ცოტა უნდობლად შემომხედა და მერე ამოიოხრა, - ოღონდ მიშა მოვიდეს და წყალი თუ გინდა, სულ ნუ გვექნებაო (ეტყობა, შადრევნებზე გაახსენდა).

ამასობაში კიბეზე ფეხის ხმა მომესმა, ვიღაც ქვემოდან ამოდიოდა და თან, როგორც მივხვდი, ჩვენს ლაპარაკს ყურს უგდებდა. ბოლო საფეხურზე შეჩერდა, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:

- "ნაციონალებიდან" ხარ?

აშკარად საფრთხის წინაშე ვიდექი, მაგრამ ხომ ვერ გადავთქვამდი? - დიახ, სხვა პარტიაში ადგილი ვერ ვიშოვე და აქ დავიწყე მუშაობა-მეთქი...

- მომისმინე, გენაცვალე, და რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე: ჯერ ღმერთს უთხარი მადლობა, რომ ქალი ხარ და მერე, ორი სართულით მაღლა ვცხოვრობ და ღმერთი არ გაგიწყრეს, ჩემს კარზე არ მოაკაკუნო, თორემ ვერ გადამირჩები.

იმან გზა განაგრძო, მე - ქალბატონთან ლაპარაკი, ოღონდ, ძალიან ხმადაბლა.

- ასეთ დღეში გვაგდებს "ნაციონალების" მხარდამჭერ მეზობლებს, არც გვესალმება და ჩვენც ხმას არა ვცემთ, ჯორივით ძალა აქვს და ვერიდებით, - შემომჩივლა ქალბატონმა. მას დავემშვიდობე და კიბეს ავუყევი. ბრაზიანი მამაკაცის კარზე წარწერა დამხვდა: "ნაცებმა" და იაღოველებმა არ დააკაკუნოთ"...

მომდევნო სართულზე ავედი და ერთ-ერთ კარზე დავაკაკუნე. საკეტი გაჩხაკუნდა...

- ვინ გნებავთ?

- არჩევნებთან დაკავშირებით ვარ, - მოვიმარჯვე კალამი და ანკეტური მონაცემები გამოვკითხე. შემდეგ ვუთხარი, რომ "ქართული ოცნების" აგიტატორი ვიყავი და ვკითხე, რა აზრის იყო ამ პარტიაზე.

სანამ მიპასუხებდა, მამაკაცის ხმამ შიგნიდან იკითხა:

- ვინაა?

- "ოცნებიდანაა", - უპასუხა ქალმა და რამდენიმე წამში შუახნის მამაკაცი გამოჩნდა.

- მობრძანდი, გენაცვალე, შინ შემობრძანდი.

- არა, რას ბრძანებთ, აქვე გეტყვით, რაც მაქვს სათქმელი, - თავი გამოვიდე.

არ მომეშვა ცოლ-ქმარი და შევედი.

ოთახში 2 მამაკაცი დამხვდა. ერთი ის, რომელიც კიბეზე გავიცანი და მეორე, რომელსაც პირველად ვხედავდი. მეზობლები ლუდს სვამდნენ.

- ეს "ნაცია", - გამოცრა "ნაცნობმა".

- არა, "ოცნება" ვარ, - ამაყად ვუპასუხე.

- "ოცნება" კი არა, ჯოჯოხეთის მაშხალა და მოგზავნილი ხარ. წეღან "ნაცი" იყავი და ახლა "ქოცი" როგორ გახდი? - ძალიან გაბრაზდა.

იძულებული ვიყავი, გულახდილად მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნებოდი.

როდესაც გაიგეს, რომ "კვირის პალიტრიდან" ვიყავი, გულწრფელად გაუხარდათ და არც გაზეთის ქება დაიშურეს.

ვერ მოვითმინე და კარზე გაკეთებული წარწერის შესახებ ვკითხე...

- იცი, რა, ჩემო კარგო? ნერვებს ხშირად ვერ ვიმორჩილებ და რომელიმე მათგანმა რომ მომიკაკუნოს, შესაძლოა, ჩხუბი მომიხდეს. ამიტომ, ვაფრთხილებ... მართალია, რამდენჯერმე უცენზურო სიტყვაც მიაწერეს ზედ, მაგრამ მაგის გამოცვლას რა უნდა? ამით ჩემს ნერვებსა და იმათ კბილებს ვზოგავ, მშვიდობიანი ადამიანი ვარ მე. ახლა არ დამიწყოთ, რომ რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციას ვეწევი... ისინი არ ეწევიან ჩემს დისკრიმინაციას? მოკლედ, არავის ვერჩი, ოღონდ მე არ შემაწუხონ...

მარი ჯაფარიძე