"ქვეყანაში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა 7-ჯერ აღემატება მკვლელობების რაოდენობას"
01-08-2016
"ქვეყანაში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა 7-ჯერ აღემატება მკვლელობების რაოდენობას"
"ევროპაში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ"

ავტოსაგზაო უსაფრთხოებას არაერთი­ სტატია, გადაცემა თუ აქცია ეძღვნება, მაგრამ ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. "კვირის პალიტრას" ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა:

- საგზაო უსაფრთხოების დარგში­ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ჯინ გრინმა შეიმუშავა. გრინის რეკომენდაციით, ქვეყანაში უნდა შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რადგან საქართველოში არ არსებობს მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა.

- საპატრულო პოლიცია ამით არ არის დაკავებული?

- საპატრულო პოლიცია
რეაგირებს­ უკვე მომხდარზე, როდესაც მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს ან ნასვამი მართავს ავტომანქანას, ანუ მას შემდეგ, რაც შემთხვევა უკვე მოხდა! ეს კი იმაზე მიუთითებს­, რომ საპატრულო პოლიცია არ არის პრევენციული ტიპის სამსახური, ის მხოლოდ დარღვევების ადმინისტრატორია. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას უნდა მუშაობდეს ექსპერტთა ჯგუფიც და ძირფესვიანად სწავლობდეს, იმ
კონკრეტულ მონაკვეთზე ხომ არ არის მოცურების მაღალი რისკი, რამდენად სწორად არის დახაზული საგზაო მონიშვნები, გზის საფარი მწყობრშია თუ არა და ა.შ. ჩვენთან მხოლოდ პატრული მიდის შემთხვევის ადგილზე და მძღოლს აჯარიმებს. ამით მთავრდება ყველაფერი. თვეში ერთსა და იმავე ადგილას რამდენიმე ათეული ავტოსაგზაო შემთხვევა რომ ხდება, შეიძლება, სულ მძღოლი იყოს დამნაშავე?!

მნიშვნელოვანია ტექდათვალიერებაც. ცენტრებში, სადაც ტექდათვალიერებას მიკროავტობუსები, ავტობუსები და 3,5 ტონაზე მძიმე სატრანსპორტო საშუალებები გადიან, კორუფცია ყვავის. კანონით განსაზღვრულია, რომ ტრანსპორტის­ პოლიტიკაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოები, მათ შორის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც სრულიად უმოქმედოა. ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება: ტექდათვალიერების კონტროლი ჩვენი ფუნქცია არ არის, შსს-ც იმავეს იმეორებს და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. ანუ პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს. ეს საკითხი დღემდე ვერ გახდა პრიორიტეტული, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ავტოავარიებში დაღუპულთა და დაშავ­ებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ. მეტი რაღა უნდა მოხდეს?! გასულ კვირას შს მინისტრის მოადგილე შალვა­ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა 7-ჯერ აღემატება მკვლელობების რაოდენობას.

- კიდევ რა რეკომენდაციებს იძლევით?

- საჭიროა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი რგოლის შეცვლა და სისტემის რეფორმი­რება. აუცილებელია საექსპერტო ჯგუფის შექმნა, რომელიც გავა შემთხვევის ადგილას და შეისწავლის ავარიის მიზეზს.
პატრულის მუშაობაში მენეჯმენტის პრობლემა ჩანს. საპატრულო პოლიცია ვეღარ არეგულირებს საგზაო მოძრაობას­. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიცია თანამედროვე სტანდარტებზე გადაეწყოს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადებას საჭიროებს.
უნდა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობასთან. ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ევროდირექტივების დანერგვაც.

საგზაო წესების დამრღვევებს მკაცრი ადმინისტრაციული სასჯელი უნდა დაუწესდეს. როდესაც მძღოლი ათჯერ იხდის 100-ლარიან ჯარიმას და მაინც არ არის შედეგი, ესე იგი, მისთვის ჯარიმის ოდენობა არაფერს წარმოადგენს.

ამიტომ დავუჭირეთ მხარი მართვის მოწმობის ქულიან სისტემას. ასეთ შემთხვევაში შეძლებული და ნაკლებად შეძლებული მძღოლები კანონთან თანაბრდება. მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიში ყველას აქვს. მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში უნდა დამონტაჟდეს სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფები, ვინაიდან საპატრულო პოლიცია ან რადარი ყველგან ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ტაქოგრაფი იწერს, თუ რა სიჩქარით იარა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 140 და 150 კმ-სთ სიჩქარითაც კი დადიან მაგისტრალებზე. შარშან ავტოავარიებში 602 დაღუპულიდან 185 ქვეითად მოსიარულე იყო, 2000-მა კაცმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. იმ ადგილებში, სადაც მაგისტრალი დასახლებულ პუნქტზე გადის, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და გაკეთდეს ტროტუარები ქვეითად მოსიარულეთათვის.

- ფიქრობთ, რომ სახელმწიფო ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?

- 4 წელია, რაც ვხვდებით სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. ყველგან აღიარებენ პრობლემების არსებობას, მაგრამ არც ერთ უწყებას არაფერი გაუკეთებია. ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებთ: "ჩვენ გვაქვს გეგმა, სტრატეგია".

- შსს-მ ხომ შეიმუშავა საგზაო უსაფრ­თხოების პროგრამა, თქვენც უჭერდით მხარს.­ რატომ ვერ იხილა დღის სინათლე?

- პირადად შევხვდი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც დაუფარავად მითხრა, საარჩევნო პერიოდია და ამ საკითხებს ახლა ნამდვილად ვერ განვიხილავთო. თუმცა კი ადასტურებდა, რომ აქტუალური საკითხებია ამ პროგრამაში თავმოყრილი.
როდესაც იცი, რომ ცვლილებებია საჭირო და არჩევნების გამო არ იღებ, მაშინ, როცა ავტოავარიებში ხალხი იხოცება, ეს კრიტიკასაც ვერ უძლებს. გაუგებარია, რატომ აკავშირებენ ამ თემას პოლიტიკასთან? უკვე 8 თვეა, რაც გაყინულია საგზაო უსაფრთხოების პროგრამა. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, არჩევნების შემდეგ იხილავს­ დღის სინათლეს.

- შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ შეიძინეს ვიდეოკამერები,­ რომელსაც დაამონტაჟებენ და შემოდგომიდან აამოქმედებენ კიდეც.
- უკვე 4 წელია გაიძახიან, ვიწყებთო, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ისე დაგვაქვს არასამთავრობოებს სამინისტროდან სამინისტროში ფურცლები, როგორც "ცისფერი მთების" მთავარ პერსონაჟს.

- ის ხომ მაინც აღიარეს, ვიდეოკამერების 30% მიზეზთა გამო არ მუშაობდაო.

- ეჭვი მაქვს, უფრო მეტი არ მუშაობდა. შს სამინისტრო ხომ არ იტყოდა, რომ ვიდეოკამერების ნახევარზე მეტი გათიშული აქვს.
რას ნიშნავს უხარისხოდ დამონტაჟებული ვიდეოკამერა? რად უნდა 4 წელი ვიდეოკამერების დამატებას?! მთელი მაგისტრალის გაკონტროლება ბათუმიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით 70-80 კამერას საჭიროებს. რა გახდა 80 ვიდეოკამერისა და რადარის შეძენა?!
ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს ავტომანქანების რაოდენობა. ამას წინათ ტელეეთერში ირაკლი კობახიძე ამაყად ამბობდა, ავტომობილების მატება ხალხის სოციალურ კეთილდღეობაზე მიუთითებსო. ამ ადამიანმა არც იცის, რა თქვა. როდესაც 20 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომანქანის შეძენაზეა ლაპარაკი, თან კრედიტით, რომლის ღირებულებაც ადგილზე 1.000 დოლარზე გაცილებით ნაკლებია და როდესაც ეს ავტომობილი ჩამოჰყავთ­ იმისთვის, რომ ან ტაქსად ამუშაონ, ან პამიდორი და კიტრი დაატარონ გასაყიდად, ეს სოციალური კეთილდღეობაა?!

იქნებ ანალიტიკურმა კამერამ გვიშველოს


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული ვიდეოკამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა დაახლოებით 30% უხარისხოდ, ან საერთოდ არ მუშაობს. მისი თქმით,­ ქვეყანაში უკვე განხორციელდა ვიდეოკამერების ხელახალი აღწერა და მიმდინარეობს ახლების შეძენის პროცედურები. "ჩამოსულია რამდენიმე კომპანია და მიდის ტესტირება. ვცდილობთ, საუკეთესო ანალიტიკა შევიძინოთ. იქ, სადაც ვიდეოკამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ მონტაჟდებოდა, განთავსდება ახალი ვიდეოკამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ, სადაც უფრო მეტი ავარია ხდებოდა".
მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ვიდეოკამერები აღჭურვილი იქნება ანალიტიკით, რომელიც არ საჭიროებს ვიზუალურად შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოსახულების თვალყურის დევნებასა და დარღვევის ხელით დაფიქსირებას.

"მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და არ დაჯარიმდება. ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის ადმინისტრირების ეფექტურობას და ვფიქრობთ, შემოდგომიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. პროგრამა ითვლის ორ ვიდეოკამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს მძღოლმა საშუალო სიჩქარით, ანუ თუ ავტომანქანამ ვიდეოკამერასთან სვლა შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს და მეორე ვიდეოკამერასთან კვლავ შეანელა, ეს დაფიქსირდება".


ეკა სალაღაია


mamukas
27 აგვისტო 2016 14:29
რამდენი მიზეზი შეიძლება მოიყვანო, სანამ მარჯვენა საჭიან მანქანებს მიადგები ბატონო ჩემო. ყველაზე ნაკლები ალბათ მარჯვენა საჭიანების ბრალია და მერე სხვა დანარჩენის. იქნებ სჯობს არ დავლიოთ ალკოჰოლი არ მოვწიოთ და არ გავიჩხიროთ და ისე დავჯდეთ საჭესთან.ან დავიცვათ თუნდაც ის არასწორად დაგეგმარებული საგზაო ნიშნები. ჩვენი პრობლემა თავშია(ტვინში).ჩვენ კიდევ პრობლემის მოგვარებას ყოველთვის "საჯდომიდან" ვიწყებთ რატომღაც.
mamuka
11 აგვისტო 2016 23:11
dzalian bevri mizezia saqartveloshi.
1 )gaumartavi manqanebi
2 )arasworad dagegmarebuli sagzao nishnebi.
3 )marjvena sachiani manqanebi
4 )arasatanadod momzadebuli mdzgholebi.
bolo wlebis ganmavlobashi vinc martvis mowmoba miigho,mxolod teoriuli codnis sapudzvelze da stadionze ramdenime wris shemovlit gaxda mdzgholi.amitomacaa amdeni avariebi.upro meti momzadebaa sachiro praqtikashi da teoriashic,rom mdzgholi gaxde da normalurad ataro.evropisgan es mainc gadmovighot.evropashi imdenad rtulia martvis mowmobis agheba,darwmunebuli var imis naxevaric ver chaabarebda gamocdas,vinc exla tavs mdzghols uwodebs

რედაქტორის რჩევით