"ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა" - კვირის პალიტრა

"ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა"

17 წლის საჩხერელი გიორგი ბუზალაძე ძალოსანია. გიორგი 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

- სოფელ სარეკის სკოლის მეთორმეტეკლასელი ვარ. 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა, შალვა ბუღაძემ, შემთხვევით აღმომაჩინა და სპორტში აქტიურად ჩავერთე. პრობლემური სახსრების გამო სიმძიმეების აწევა მიჭირდა, მაგრამ შრომამ და ვარჯიშმა ნაყოფი გამოიღო. თავდაპირველად ჩემი მშობლები შიშობდნენ, რომ სიმაღლეში აღარ გავიზრდებოდი, მაგრამ თანდათან წარმატებასაც მივაღწიე და ჩემი ოჯახის წევრებიც ყველაზე დიდ გულშემატკივრებად იქცნენ, განსაკუთრებით დედაჩემი.

სანამ ძალოსნობაში ვარჯიშს დავიწყებდი, ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა, მაგრამ სპორტდარბაზმა, მასწავლებლების სითბომ და თანაგუნდელების თანადგომამ კომუნიკაბელური გამხადა.

- გოგონას გულის მოსაგებად შენს ძალაზე აქცენტი გაგიკეთებია?

- არასდროს. ეს მეტიჩრობად მიმაჩნია.

- როგორ გგონია, მომავალში სპორტი შენი პროფესია გახდება?

- ექიმ-რეაბილიტოლოგობა მინდა. ვაპირებ სპორტულ ჯგუფში ვიმუშაო და მთელი ცხოვრება სპორტს დავუკავშირო.

- წვრილმან პრობლემებს თუ უმკლავდები ძალის მეშვეობით?

- ვარჯიშის დროს ნებისყოფა გიმუშავდება, ამიტომ შეგიძლია ყველაფერი მოითმინო. ჩხუბში ძალის ბოროტად გამოყენება უსამართლობაა.

- რა მოგწონს და არ მოგწონს ძალოსნობაში?

- მომწონს, რომ ძალისმიერი სპორტია, დიდ ენერგიას მოითხოვს და რაც უფრო იხარჯები, მით მეტად გიყვარდება. არ მომწონს, რომ სპორტსმენები ტრავმებს იღებენ და გაუსაძლისი ტკივილის ატანა უწევთ.

- საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატზე გვიამბე...

- ვღელავდი და პირველივე მოძრაობა შემეშალა, მივხვდი, რომ წავაგებდი. ძალა და გონება მოვიკრიბე, გავიხსენე ყველაფერი, რაც კი მისწავლია და შეცდომა გამოვასწორე. ჩემს საგულშემატკივროდ მოსულები იყვნენ მშობლები, მეგობრები და მწვრთნელი. მათ იმედს ვერ გავუცრუებდი. დაუვიწყარი მომენტია, როცა შემაღლებულ ადგილას დგახარ და გაჯილდოებენ. თავი საერთაშორისო ოლიმპიადაზე მეგონა.

- მომავალში რას გეგმავ?

- ბევრს ვიშრომებ და საერთაშორისო კონკურსებშიც ჩავერთვები.

თათული ღვინიანიძე