"ჩემი პირველი მეუღლის, ნუგზარ შარიას საზღვარგარეთ დარჩენის შემდეგ, წარამარა კა-გე-ბეში მიბარებდნენ, ფილმებში ჩემს გადაღებასაც ერიდებოდნენ"
01-08-2016
"ჩემი პირველი მეუღლის, ნუგზარ შარიას საზღვარგარეთ დარჩენის შემდეგ, წარამარა კა-გე-ბეში მიბარებდნენ, ფილმებში ჩემს გადაღებასაც ერიდებოდნენ"
"ოცნებად მქონდა, სოფლის სათვალიანი მასწავლებელი მეთამაშა, მაგრამ..."

"რა გევიგონე... ლევანია როა, ჯანგავაძე, პასიკიასთვის უთქვამს: ანეტა გეძახისო, მოუტყუებია და მარანში შოუყვანია... შოუყვანია და შოუკვეთია..." - ეს ფრაზა ფილმიდან "სოფლის აშიკი" ვინ არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის 1976 წელსაა გადაღებული. ფილმში პასიკიას როლს მშვენიერი ლია გუდაძე ასახიერებს. მას ყველა თაობის კინომოყვარული კარგად იცნობს. საინტერესო ისტორიების მოსმენის იმედით ქალბატონ ლიას ვეწვიეთ.

- პირველად სცენაზე სკოლაში მოვხვდი, ჩემი დამრიგებლის, დღეს ცნობილი­ რეჟისორის, რეზო
ესაძის დამსახურებით. 23-ე სკოლაში ბატონი რეზო ფიზიკას გვასწავ­ლიდა. მისი სარეჟისორო კარიერა მოგვიანებით დაიწყო. სწავლის გაგრძელებას უცხო ენების ინსტიტუტში ვაპირებდი, მაგრამ რადგან თეატრალურში ადრე იწყებოდა გამოცდები, გადავწყვიტე, ბედი მესინჯა. გამიმართლა. მეორე კურსიდან უკვე პატარ-პატარა ეპიზოდებში მიღებდნენ. მერე კი... კომუნისტების პერიოდში რეპრესირებული ვიყავი, რის გამოც საქართველოში იშვიათად
მიღებდნენ კინოფილმებში.

რამაზ ჩხიკვაძე და ლია გუდაძე. კადრი ფილმიდან "სოფლის აშიკი"

- რა იყო თქვენი რეპრესიის მიზეზი?

- 1970 წელს ჩემი პირველი მეუღლის, ნუგზარ შარიას საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენა. წარამარა კა-გე-ბეში მიბარებდნენ, გასტროლებზეც არ მიშვებდნენ, ფილმებში ჩემს გადაღებასაც ერიდებოდნენ. პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ უარს - ხან რა სისულელეს იმიზეზებდნენ, ხანაც - რას. მაგალითად, მეუბნებოდნენ, არაქართული გარეგნობა გაქვსო. ბებია კაზაკი მყავდა და ვითომ ეს ჩემს გარეგნობაში თვალში საცემი იყო?! უშიშროება თავს არ მავიწყებდა, ისეც ხდებოდა, ჩემს ეპიზოდებს ჭრიდა ფილმებიდან, ხანაც უკვე როლზე დამტკიცებულს, მსახიობთა ნუსხიდან ამომხაზავდა. ასე გაილია დრო - ჩემი კარ­იერის ყველაზე ნაყოფიერი წლები ჩემმა ბიოგრაფიამ შეიწირა. დამსახურებული არტისტის წოდებაზე­ წარდგენილი, სამჯერ ამომშალეს სიიდან. საბოლოოდ ძალიან ბევრი იბრძოლა კულტურის სამინისტრომ, რომ ჩემთვის ეს წოდება მოენიჭებინათ. კომუნისტური­ წლების­ მიწურული იყო და მეოთხედ აღარ ამომშალეს.

- პირველი როლი რომელ ფილმში განასახიერეთ?

- იური ქავთარაძის დეტექტიური ჟან­რის ფილმში "თამაში უყაიმოდ". შემდეგ იყო "ლონდრე", "გამოცხადება", "სოფლის აშიკი"... ფილმი "სიცოცხლე ერმილეს" კომისიამ რომ ნახა, ყველა ჩემი ეპიზოდი ამოჭრა. ეს რევოლუციური ხასიათის ფილმი იყო და მასში ჩემი მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

- რა ასაკში დაუკავშირეთ ცხოვრება ნუგზარ შარიას?

- მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დავქორწინდით. ის ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა... ჩემი მეორე მეუღლე, უნივერსიტეტის პროფესორი ლევან კავილაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. იმხანად პარტიული მუშაკი გახლდათ, თუმცა ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს,­ ჩემს ცხოვრებაში ნუგზარ შარიას წასვლიდან მალევე გამოჩნდა.

- მამაკაცები რომ წუწკ მზერას აყოლებენ, ხშირად ისეთ ქალებს ასახიერებდით ხოლმე...

- ჰო, ასეა, არადა, ოცნებად მქონდა სოფლის სათვალიანი მასწავლებელი მეთამაშა. რეჟისორებს ვეუბნები, სოლიდური ქალი მინდა განვასახიერო-მეთქი.

- ძალიან პოპულარულია თქვენი პერსონაჟი­ "სოფლის აშიკში".

- ფილმი რეზო ჭარხალაშვილმა გადაიღო. ზესტაფონში ვცხოვრობდით და იმერეთის სოფლებში დავდიოდით გადაღებებზე. ერთხელ გადასაღებ მოედანზე ვიყავით თავმოყრილები, მაგრამ ისე მოხდა, რომ მზე არ ამოვიდა. ლოდინში, დილის 7 საათზე გაღვიძებულს, თანამშრომლების ქურთუკების გროვას მიყრდნობილს ჩამძინებია. ამასობაში ამოსულა მზე, მეძებენ და არ ვჩანვარ. ყვირილზე გამომეღვიძა. მივედი რეჟისორთან და რომ შემომხედა, კინაღამ გაგიჟდა. თურმე მთელ ლოყაზე ქურთუკის ელვაშესაკრავი მეხატა, სანამ გამივლიდა, მზე კვლავ ღრუბლებს მიეფარა. იმ დღის გადაღებები ჩაიშალა...

ფილმში არის ეპიზოდი, ფაცხაში რომ შემიტყუებს რამაზი. ამ სცენის გადაღების წინ ჩემმა მეუღლემ, ლევანმა ჩამოგვაკითხა და თან რამაზის მეუღლე ნატაშა ჩამოიყვანა.­ გავიხარეთ. გადასაღები გვაქვს ჩახუტების სცენა. შევყვები რამაზს ფაცხაში, ის ჩამეხუტება, ყურში რაღაც სასაცილოს ჩამჩურჩულებს და ისტერიკული სიცილი მივარდება. 10 დუბლი ასე გამაფუჭებინა და გადაღების ის დღეც ჩაიშალა. რამაზს ახასიათებდა ასეთი ონავრობა, დიალოგს ისე წაიყვანდა, რომ მე სულს ვერ ვითქვამდი.
სხვათა შორის, ეროსი მანჯგალაძესაც ახასიათებდა ასეთი ხუმრობები. ტექსტის დამატება უყვარდა და ჩვენ ვიცინოდით. მიშა თუმანიშვილი სახასიათო მსახიობს მეძახდა და, ალბათ, ამიტომ, სულ სიცილ-კისკისი იყო ჩემ გარშემო.

- "არ იდარდოში" ბენჟამინ ღლონტის საყვარელს ასახიერებთ.

- ბუბა ძალიან კარგი პარტნიორი იყო. ყველას უყვარდა. გია დანელიასთან მუშაობის პროცესი საინტერესო იყო. საოცრება მოხდა - ჩვენ ხომ ჯერ რუსულად ვახმოვანებდით ფილმებს და მერე ქართულად. ქართულად გახმოვანების დროა და გია მიბარებს. მივედი და რას ვხედავ, - მთელი ფირი არეულ-დარეული ყრია. ჭერამდე ადიოდა ხვეულები. თურმე მოსკოვს­ დაუწუნებია ჩემი ეპიზოდები. მიზეზი - იტალიური ნეორეალიზმის გადმონაშთია და არ მოგვწონსო. დაჭრას მხოლოდ ის მცირე ეპიზოდი გადაურჩა, რაც ფილმიდან გახსოვთ.

- მიუხედავად იმისა, რომ თავი მხნედ გეჭირათ, ალბათ, იყო სასოწარკვეთის მომენტები, ბევრჯერ უსამართლოდ მოგექცნენ.

- ცივი გონებით რომ განსაზღვრო, ბევრ რამეზე უნდა დამწყვეტოდა გული, მაგრამ ახლოს არ ვიკარებდი ასეთ გრძნობას.
მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩემი თაობა თეატრიდან გამოუშვეს. ზოგი სად წავიდა, ზოგიც - სად. მეც მქონდა რამდენიმე მიწვევა, მაგრამ რუსთაველის თეატრი ჩემი სახლივით იყო... მას შემდეგ აღარ დავდივარ არც ერთ თეატრში. არ მინდება სცენაზე ასვლა. თუმცა გადაღებებზე არ ვამბობ უარს.

- როგორც ცნობილია, ნუგზარ შარია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოს ესტუმრა. შედგა თქვენი შეხვედრა?

- ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმ პერიოდში ჩამოვიდა. სულ სხვა ნუგზარი დაბრუნდა ამერიკიდან, აღარც ქართველი იყო, არც მთლად ამერ­იკელი. ჩვეულებრივად შევხვდით, ოჯახშიც მოვიწვიეთ, მაგრამ რაც ქალიშვილი დაგვეღუპა, მას შემდეგ ნუგზარი აღარ მინახავს. ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი ქალიშვილი, დარეჯან შარია, რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართა.­ ახლა მხოლოდ ვცოცხლობ. ვარსებობ ბავშვებისათვის, მისგან ვაჟიშვილი დამრჩა, მეორე ქორწინებიდან მყავს ვაჟი და შვილიშვილი.

დარეჯანი ფილმში - "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", შეჯიბრებაში მონაწილე რაჭველის მეუღლეს ასახიერებდა.

ეკა სალაღაია

vcuxvar
14 სექტემბერი 2016 05:11
დედა იცახის დარეჯანი დავკარგეო, ტკვენ ნესტანი ერკვაო...?
datiko48
18 აგვისტო 2016 00:20
ეხ,ბედნიერმა წლებმა,მხიარულმა დღეებმა,ჩაიქროლეს როგორც შემოდგომის ნიაღვრებმა!!!
vava
17 აგვისტო 2016 13:33
ულამაზესი ქალბატონია,რითი დაიღუპა ნესტანი? რა ცუდია პასუხს რომ არავინ ამბობს?

რედაქტორის რჩევით