"ხელოვანი რატომ უნდა იყოს პოლიტიკაში შემძვრალი?!" - კვირის პალიტრა

"ხელოვანი რატომ უნდა იყოს პოლიტიკაში შემძვრალი?!"

"მოვკვდი და გამაცოცხლეს"

"ჩემთვის სიყვარული ღმერთია. უმაღლესი გრძნობა და დიდი ფორმულაა. სიყვარული ცხოვრების შინაგანაწესია. მთავარია, გაიგო, რას ნიშნავს სამყარო"

"ყველა ჩემს პერსონაჟში დევს ჟანრი, რადგან მათ მე ვქმნი..."

"ახლა თქვენ გაჩუქეთ 1 საათი ჩემი ცხოვრებიდან, იმ ისედაც მწირი დროიდან, რაც ღმერთმა ქვეყანაზე საცხოვრებლად მიბოძა. ეს დრო თქვენ უნდა მოგიძღვნათ. თუმცა, გამოდის, თქვენც მჩუქნით დროს... ამდენად, ეს არ უნდა დააყვედრო ადამიანს, პირიქით, შე ვირიშვილო, თუ შენით დაინტერესებული არიან და გისმენენ, რას იტყვის ეს კაციო, უნდა დააფასო. გენიალური საჩუქარია დრო", - მითხრა შეხვედრისას ცნობილმა მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა.

ჩვენ თითქმის საათი ვისაუბრეთ, დრო კი არ გაგვიფლანგავს, ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ დრო.

- ცოტა ხნის წინ შეუძლოდ ყოფილხართ... მიხარია, რომ ავადმყოფობას კარგი ფინალი აქვს...

- არავინ იცის, კარგი ფინალია თუ არა, მაგრამ... ჰო, არ ვიყავი კარგად და ელექტროშოკით გადამარჩინეს. მოვკვდი და გამაცოცხლეს. ამით ნუ შევაწუხებთ ახლა მკითხველს... ახლა არა მიშავს, დავდივარ, ვვარჯიშობ. სიცოცხლე მაინც ტკბილი ყოფილა, არ ვიცოდი... მაგრამ "ისიც" ძალიან ადვილია...

- ადამიანი ასეთ მომენტებში უამრავი რამის გააზრებას და გადაფასებას ასწრებს, ალბათ.

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან ლამაზი იყო იქ. ყველაფერი ვნახე, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი კოკეტობად მიმაჩნია... ჩქარ-ჩქარა მიდიან ადამიანები. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ახლობლებს ხშირ-ხშირად ვემშვიდობები. გულსატკენია.

- თაობები მიდიან და თაობები მოდიან...

- მაშინდელი ადამიანი სხვა იყო - გულწრფელი, უშუალო, ზრდილობიანი, გამრჯე, დამთმობი, მიმტევებელი...

- მიუხედავად იმისა, რომ არ ცხოვრობდით რელიგიურ სახელმწიფოში?

- რელიგიურები ყველა დროში იყვნენ, მათ შორის, ჩემს დროშიც. რელიგია ადამიანის შიდა სამყაროა - აზრი, ემოცია, ფიქრი, დამორჩილება. ხაზს ვუსვამ სიტყვას "დამორჩილება". რაღაცებს უნდა დაემორჩილო, ასეა! შიდა ცენზურა ჯობია სახელმწიფო ცენზურას და ღვთით დაწესებულ ცენზურას. შენ უნდა გქონდეს შეგრძნება, რა შეიძლება, რა - არა... ჩვენ ცოტა ავადმყოფური შეგრძნებები გვაქვს.

ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ასე ძალუმად შემოვარდა კალკებისა და მატრიცების სახით საქართველოში, ევროპაში თუ საერთოდ, მსოფლიოში, იმდენად დიდი სისულელეა, რომ ამაზე ლაპარაკი არც მსურს - შეურაცხმყოფელია.

სპეციალური პროგრამებია შექმნილი, აქვთ რაღაც დოქტრინები და ნორმატივები, როგორ მოშალონ ქვეყანა, გაანადგურონ ადამიანი, დაიმორჩილონ და მართონ... შიში, რასაკვირველია, ისეთი ფენომენია, სიყვარულიც კი შეუძლია. "შიში შეიქმს სიყვარულსა" - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველაფერს ეგუება ადამიანი, მაგრამ მაინც... ჩემთვის სიყვარული ღმერთია. უმაღლესი გრძნობა და დიდი ფორმულაა. სიყვარული ცხოვრების შინაგანაწესია. მთავარია, გაიგო, რას ნიშნავს სამყარო. ადამიანი გრძნობს ტყუილსა და მართალს. შეგრძნებების სამყარო ბევრად საინტერესოა...

პირველად შეიქმნა სიტყვა. სიტყვებს განსაკუთრებული ნიშნები აქვს და მთავარი მამოძრავებელია ურთიერთობაში, ურთიერთობა კი სასიცოცხლო ძალაა... ჩემს ასაკში, სექსის გარდა, ყველა შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ადრე მთავარი იყო სექსი და სექსით ხდებოდა ყველაფრის შეგრძნება, გაგება, დანახვა, გამოხატვა. ხელოვნებაც ახლა სექსის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია...

- უფრო მიწიერ თემებზეც ვისაუბროთ.

- მიწიერი ჩემთვის არის სინათლის ქვითარი. ამაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან სასაცილო ხდება ყველაფერი, რაშიც ფული უნდა იხადო. ეს იმდენად მარტივი, პირობითი და ძალიან ყოფითია, რომ შეგზიზღდება სამყარო. ასე რომ, ასეთი სიცხადე ხელს უშლის ადამიანის განვითარებას...

- თქვენთვის არასდროს შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში ჩაბმა?

- მეზიზღება პოლიტიკა, ეს ცრუშენებაა, ტყუილებზე აგებული...

პოლიტიკა საზიზღარი რამეა, ავანტიურული აზროვნებაა. ამდენად, სისულელეა ხმის მიცემა, რეფერენდუმი... დემოკრატიული ნიშნები ყალბი მოვლენაა, დემოკრატიის საფუძვლები უაზრობაა. ჩვენ, ყველანი, ბუნებას ვემორჩილებით, ნამდვილად ვემორჩილებით...

- მაგრამ ახლა ჩვენს საუბარს ფანჯრიდან შემოსული გამალებული მშენებლობის ხმაური არღვევს...

- თბილისში ყველაფერი ცხოველურ მასშტაბებს იღებს. კაცს გასაქანი აღარ აქვს. ხესთან, ბაღთან ურთიერთობა გვქონდა, სივრცე იყო. თავისი პირადი სივრცე ჰქონდა ნებისმიერ ადამიანს...

- ისევ პოლიტიკაზე მინდა გკითხოთ - ბევრი პერსონაჟისთვის მოგირგიათ ხასიათი, მიმიკა... მსახიობის ოსტატობით, სხვებზე უკეთ ხედავთ, უკეთ გრძნობთ თამაშს, სიყალბეს... რომელიმე პოლიტიკოსისგან თუ გიგრძნიათ ეს?

- პოლიტიკა მთლიანად სიყალბეა. პარტიებში განსხვავებას როგორ არ ვხედავ, მაგრამ არ მინდა ლაპარაკი, ცუდად მოქმედებს ჩემზე. არავის ვაქებ, არავის ვაძაგებ. არ მინდა ვინმე გამოვაჭენო, იტყვიან, აუ, ეს თავხედი ვინ ყოფილაო. ხომ იცით,

საქართველოში თუ რაღაც არ მოგწონს და აზრი გამოთქვი, თავხედი, უზრდელი, უტიფარი და ფლიდი ხარ...

- დღეს საქართველოში ყველაზე დალაგებული რომელი სფერო ან სისტემაა?

- ყველაზე დალაგებული ხელოვნებაა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ფოლკლორი, მწერლობა, მუსიკა დალაგებულზე მეტია. 3 წრე დავარტყი დედამიწას და მაგის მეტი რა ვიცი, სხვისიც მინახავს, ჩემიც გამისაღებია და კარგად მომეხსენება...

- თუ ასეა, რატომ მიდიან ხელოვანები პოლიტიკაში?

- ხელოვანმა თავის საქმეს უნდა მიხედოს. სად მიძვრები, პოლიტიკას ცოდნა უნდა! განსჯის თავი უნდა გქონდეს, სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა შეგეძლოს. ხელოვანი რატომ უნდა იყოს პოლიტიკაში შემძვრალი?!

- რაზე ფიქრობთ, როდესაც მარტო რჩებით?

- ადამიანს ყოველთვის გაქვს წუხილი. უამრავი რამ გახსენდება, რაც არასწორი იყო შენს ცხოვრებაში, მონანიებაც გინდება. კიდევ კარგი, ასე რომ ხდება, მთლად ნამუსგარეცხილი არ ყოფილხარ.

- პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გგავთ?

- ყველა ჩემს პერსონაჟში დევს ჟანრი, რადგან მათ მე ვქმნი...

- თათული დოლიძე თქვენს ცხოვრებაში.

- მისი გადარჩენილი ვარ. მხატვრობაშიც ძალიან მეხმარება და ცხოვრებაშიც. ვართ ერთად და საინტერესოა ცხოვრება. მისი მადლიერი ვარ. არაჩვეულებრივი ადამიანია და მპატრონობს. თუ ღორი არა ხარ და ვირიშვილი, ეს უნდა დააფასო. ხანდახან კი ვჩხუბობთ, ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ არის გადაუწყვეტელი საკითხები ბუნებაში და ჩვენშიც იწვევს ეს პოლემიკას. ჯიჯღინაც ვარ, აუტანელიც და ძალიან კარგიც. ისეთი ვარ, როგორც ყველა... ვიბუტებით ხოლმე, მაგრამ ხანმოკლეა ჩვენი გაბუტვა. შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს კაცი უნდა დგამდეს და მეც ასე ვიქცევი.

- ყვავილებს ჩუქნით?

- ყვავილები დასანახავად მეზიზღება. აგერ თათულის ბაღია, მან გააშენა. ყვავილები უყვარს, ელაპარაკება. თათული მთელი ცხოვრება სულ რაღაცებს აკეთებს. მე, მაგალითად, მერად დავნიშნავდი და ვიცი, მშვენივრად მოუვლიდა ქალაქს. თათული დოლიძეს თბილისის განაშენიანებას ჩავაბარებდი!

- როგორი მამა ხართ?

- მინდა, კარგი მამა ვიყო. ძალიან რომ ვიკლავ თავს, ეს იმიტომ, რომ ჩემს შვილს ერთ დღეს ვიღაცამ უთხრას, არ იყო, ბიჭო, მამაშენი ცუდი კაციო. ამ სიტყვებისთვის ვწვალობთ მთელი ცხოვრება. ცხოვრების არსიც ხომ ეს არის.

ეკა სალაღაია