როგორ "დავკითხოთ" მინისტრები სახლიდან გაუსვლელად - კვირის პალიტრა

როგორ "დავკითხოთ" მინისტრები სახლიდან გაუსვლელად

უნიკალური ტელეპროექტი

ტოქშოუების ან სატელევიზიო ინტერვიუების ყურებისას ალბათ, გიფიქრიათ, ტელეწამყვანი რომ ვიყო, უფრო მწვავე კითხვებს დავუსვამდი რესპონდენტს და ყურადღებას მეტად გავამახვილებდი პრობლემურ საკითხებზეო. ეს განცდა ალბათ, განსაკუთრებით მაშინ გაგიჩნდებოდათ, როდესაც რესპონდენტები ისინი არიან, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ - პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, თბილისის მერი თუ მსხვილი ოპოზიციური ფიგურები. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ თქვენ ამის შესაძლებლობა უკვე გაქვთ. ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა ბევრმა მოქალაქემ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ "პალიტრანიუსში" გაჩნდა იდეა...

თეთრი სახლიდან "პალიტრანიუსამდე"

2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოსახლეობის კითხვებს 45 წუთის განმავლობაში Google Hangout-ის საშუალებით, პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით პასუხობდა. ჰოდა, ინტერნეტტელევიზია "Palitratv.ge"-ს მთავარ რედაქტორ გიორგი გიორგაშვილს გაუჩნდა იდეა, მსგავსი ფორმატის გადაცემის"დიდ ტელევიზიაში - "პალიტრანიუსში" გაკეთებისა. იდეის მიხედვით, მოქალაქეებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, შინიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალის მეშვეობით, ღია ეთერში დაესვათ კითხვები მსხვილი პოლიტიკური ფიგურებისთვის, მინისტრებისთვის და ა.შ. ამისთვის საჭირო იყო სოციალური ქსელების ტელევიზიასთან ინტეგრირება. სიტყვა საქმედ იქცა და...

უკვე სამი თვეა, "პალიტრანიუსის" ეთერში გადის გადაცემა "ჩემი კითხვა", სადაც მაღალი თანამდებობის პირი ან პოლიტიკური ფიგურა ღია ეთერში მოქალაქეების კითხვებს უპასუხებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასვას კითხვა. რესპონდენტი ყველაზე მოულოდნელი და მწვავე კითხვისთვის მზად უნდა იყოს.

"

"მაყურებელი ყველაზე მაგარი ჟურნალისტია"

გიორგი გიორგაშვილი, "ჩემი კითხვის" კრეატიული პროდიუსერი: - ცხადია, სკეპტიციზმი იყო - როგორ შეეწყობოდნენ ერთმანეთს ჟურნალისტად ქცეული მაყურებელი და პოლიტიკოსები თუ მინისტრები, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მაყურებელი ძალიან აქტიურობს და, რაც მთავარია, ქვეყნის პირველი პირები თუ მსხვილი ოპოზიციური ფიგურები სიამოვნებით თანხმდებიან, რომ პირისპირ"დარჩნენ"მოქალაქეებთან. ალბათ, ეს პრესტიჟის საქმედ მიაჩნიათ.

მოქალაქეებმა უკვე ბევრი თანამდებობის პირი თუ პოლიტიკოსი "დაჰკითხეს"და წინ უფრო საინტერესო შეხვედრები ელით. "ჩემს კითხვაში" მოქალაქეებს ისეთი ფიგურები პასუხობდნენ, ნებისმიერი ჟურნალისტი რომ ინატრებს: დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, დავით უსუფაშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, დავით ბაქრაძე, დავით ნარმანია, ნოდარ ჯავახიშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ალასანია, გიორგი ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე და ა.შ. დავრწმუნდი, რომ მაყურებელი ყველაზე მაგარი ჟურნალისტია.

"პოლიტიკოსები უფრო ღელავენ"

ეთერ ფურცხვანიძე,"ჩემი კითხვის" წამყვანი: - "ჩემი კითხვა" ტელემაყურებლისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, პირადად შეხვდეს ქვეყნის პირველ პირებს. ეს პოლიტიკური ლიდერებისთვისაც საჭირო გამოცდილებაა - მოისმინონ ხალხის ხმა, გაიგონ რეალური პრობლემები და დასახონ მათი გადაჭრის გზები. სასიამოვნოა, რომ მაყურებელი გახსნილი და პირდაპირია კითხვის დასმის დროს, არ ერიდება მწვავე პრობლემების გაჟღერებას ეთერში და პოლიტიკოსს არ უტოვებს გზას გარდა ერთისა - უპასუხოს კითხვას...

ხშირად პოლიტიკოსები უფრო ღელავენ გადაცემის დროს, ვიდრე ეთერს მიუჩვეველი მაყურებელი. მათი კითხვები კვალიფიციურია, კარგად გააზრებული და პრობლემაზე ორიენტირებული - პოლიტიკოსი უბრალოდ, ვალდებულია, მოუსმინოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსავალი შესთავაზოს შემკითხველს.

რას ფიქრობს ჟურნალისტად ქცეული მაყურებელი

თენგო სილაგაძე: - კითხვა განათლების მინისტრს დავუსვი - სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი, ღია ეთერში, პირველ პირთან კითხვის დასმა არც ისე იოლია, მით უმეტეს, როდესაც საქართველოში პირველ პირებთან მსგავს კომუნიკაციას მოქალაქეები შეჩვეულნი არ ვართ. მიხარია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი უშუალოდ მინისტრისგან მივიღე - ეს ფორმატი ნამდვილად დაგვეხმარება უკეთესად განვსაზღვროთ, ვინ არის მზად მოქალაქეებთან პირისპირ შესახვედრად და რომელ პოლიტიკოსს რა დამოკიდებულება აქვს ჩვენთან - ამომრჩეველთან.

ნინო ხაჩიძე: - ეს ფორმატი უნიკალურია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, ჩვენთვისაც - ადამიანებისთვის, რომლებსაც უამრავი პრობლემა გვაქვს და ხშირად ბიუროკრატიის გამო, პასუხს თვეობითაც კი ველოდებით. როდესაც გადაცემა დაანონსდა, ვიფიქრე, პირველი პირები ღია ეთერში მოქალაქეებთან შეხვედრას არ დათანხმდებიან-მეთქი - ბევრს არ მოსწონს არაკომფორტული კითხვების მოსმენა, რაც საზოგადოებაში დაგროვდა. მიხარია, რომ შევცდი - ეს ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. "ჩემი კითხვა""ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვეყნის მმართველებს პრობლემებზე ინფორმაცია მივაწოდოთ.

ნინო ჭელიძე: - "ჩემი კითხვა" ყველაზე ინოვაციური პროექტია საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, მოგვეცა შესაძლებლობა, რა ფორმითაც გვინდა და რამდენი კითხვაც გვინდა ქვეყნის პირველ პირებს დავუსვათ. ვფიქრობ, თავად სტუმრებსაც ყველაზე დაძაბული ეთერი სწორედ მოქალაქეებთან ჰქონდათ.

"პოლიტიკოსობა რთულია"

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: - პოლიტიკოსობა რთულია, რადგან მოქალაქეებს უამრავი მოუგვარებელი და გადაუწყვეტელი საკითხი აწუხებთ. კარგია, რომ ბოლო წლებში თავისუფლება საერთო სიკეთე გახდა და ამით მხოლოდ პრივილეგირებული, ერთი პარტიის წევრები არ სარგებლობენ. მეორე მხრივ, მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს მაღალი სტანდარტი დაუწესეს - მათ უნდათ კონკრეტული პასუხები და არა ფუჭი დაპირებები. მიხარია ისიც, რომ კითხვებს მისვამდნენ მოქალაქეები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ პოზიციებში, ჰქონდათ ჩამოყალიბებული აზრი.

"მიხარია, რომ მაყურებელთა კითხვები კვალიფიციური იყო"

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: - დარწმუნებული ვარ, წარმატებული გადაცემა იქნება - საერთოდ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არა მხოლოდ თანამდებობის პირისთვის, ნებისმიერი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიხარია, რომ მოქალაქეების კითხვებიც კვალიფიციური გახლდათ. სხვა დროსაც სიამოვნებით მივიღებ ამ გადაცემაში მონაწილეობას.

"ისეთი ორი-სამი კითხვა დამისვეს, დამაფიქრა"

ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: - მჯერა დემოკრატიის და იმისიც, რომ სახელმწიფო მოხელე დაქირავებული კადრია - ჩემს ხელფასს სწორედ ის ადამიანები იხდიან, რომელთა შეკითხვებსაც ღია ეთერში, თქვენი ტელევიზიის საშუალებით ვპასუხობდი - ისეთი ორი-სამი კითხვა დამისვეს, დამაფიქრა და აუცილებლად ვიმუშავებ ამ მიმართულებით.

"ასეთი უნიკალური ფორმატის გაგრძელება აუცილებელია"

ირაკლი ალასანია: - საინტერესო ფორმატია, გთხოვთ, დიდხანს გააგრძელოთ, რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ლიდერებს ღია ეთერში ესაუბრონ. ასეთი კომუნიკაციის უნიკალური ფორმატის გაგრძელება აუცილებელია.