"მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი" - უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი კინოეკრანსა და ცხოვრებაში
"მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი" - უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი კინოეკრანსა და ცხოვრებაში
"რატომ არ უნდა დამამტკიცონ, ხატიასაც ხომ ცისფერი თვალები აქვს-მეთქი"

"არც ნუგზარი აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები".

(ფოტოგალერეა)

მის მიერ შესრულებული კინოროლები სამუდამოდ დარჩა ქართული კინოს ისტორიასა და ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში. პროფესიად მსახიობობა არ აირჩია, თუმცა არც ისე ბევრ მსახიობს რგებია ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ამ მშვენიერ ქალბატონს. უმშვენიერეს ლეილა ყიფიანს სასტიკად არ უყვარს ინტერვიუები. ამ ინტერვიუზეც მხოლოდ იმით დავიყოლიე, რომ დავარწმუნე, რა
აუცილებელია დღევანდელმა თაობამაც იცოდეს, როგორები იყვნენ მე-20 საუკუნის "ღიმილის ბიჭები", როგორ უყვარდათ ერთმანეთი და სძულდათ ომი; როგორ უღიმოდა "სოსოიას ხატია" ყველას და ყველაფერს; უთქმელად როგორ "უგებდა ყველას სიხარულსაც და მწუხარებასაც" და როგორ სჯეროდა, რომ რაკი მზეს და სოსოიას ხედავდა თავისი ლამაზი, დიდრონი ცისფერი თვალებით, ერთ
მშვენიერ დღეს ადამიანებსაც ეტყოდა: "ეს მე ვარ, ხატია, ხალხო, მე გხედავთ თქვენ!"

ლეილა ყიფიანი:

- "მე ვხედავ მზეს" ჩემი პირველი ფილმი იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი, იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. ჩემი მეზობელი ხმის ოპერატორად მუშაობდა კინოსტუდიაში და სწორედ მან შემომთავაზა რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან ფილმის სინჯებზე წასვლა... ჩემთვის კინოში მოხვედრა ფანტასტიკის სფერო იყო. რასაკვირველია, ეს შანსი მშობლებმაც არ გამაშვებინეს ხელიდან, ძალიან მოინდომეს და...

- და სწორედ ის ხატია აღმოჩნდით, ნოდარ დუმბაძემ რომ "დახატა..."
- სხვათა შორის, ფოტოსინჯების შემდეგ, ვიდრე როლზე დამამტკიცებდნენ, ეს ნაწარმოები წავიკითხე და დედაჩემს ვუთხარი: რატომ არ უნდა დამამტკიცონ, ხატიასაც ხომ ცისფერი თვალები აქვს-მეთქი? - ახლა მეცინება ჩემს გულუბრყვილობაზე.

- ეს იყო ფილმი სიყვარულზეც, ომზეც, ტკივილზეც, სიწმინდეზეც. 16 წლის გოგონასთვის მძიმე არ იყო ხატიას როლის შესრულება?
- ხატიას როლი მართლაც ძალიან რთული იყო - უსინათლო გოგონას ვასახიერებდი. მთელი გადამღები ჯგუფი მეხმარებოდა. უსინათლოთა სკოლაშიც ვიარე, ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდნენ, ურთიერთობდნენ უსინათლოები და შემდეგ, გადაღებაზე, რა ამოცანასაც დამისახავდა ქალბატონი ლანა, შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი. ძალიან გამიჭირდა ტირილი კამერის წინ. გელა (სოსოიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე - ი.ხ.) ერთ წუთში ატირდა, მე კი დიდი დრო დამჭირდა ამისთვის. ის ალბათ უფრო გულჩვილი იყო... "ჩემი სოსოიაც" არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან სუფთა და ალალი. მე და გელა ძალიან დავმეგობრდით, ჩემი მეუღლეც კარგად იცნობს... იმითაც ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერიც, რომ, ასე ვთქვათ, ქალბატონი ლანას ხელი დამებედა. მას შემდეგ ფილმიდან ფილმში მიწვევდნენ.

- მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე მაინც არ ჩააბარეთ, რატომ?

- თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე... ქალბატონი ლანა კი მირჩევდა მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში (ВГИК) ჩაბარებას, მაგრამ მშობლები წავიდნენ წინააღმდეგი. მამამ მითხრა, თუ კინოსთვის ივარგებ, ისედაც გადაგიღებენო. ასეც მოხდა. ამის შემდეგ გადამიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმ "სატელევიზიო ფანჯარაში", რასაც "ლონდრეში" ცირას როლი მოჰყვა. გადაღება ზაფხულში მიმდინარეობდა, არადა, იმ წელს ვაბარებდი უნივერსიტეტში და სულ გადარბენა მქონდა თბილისი-ახალქალაქის გზაზე. ძალიან დავიღალე. "ღიმილის ბიჭებში" ერთი წლის შემდეგ გადამიღეს. საზაფხულო პრაქტიკიდან რომ დავბრუნდი, დედამ ამბავი დამახვედრა: რეზო ჩხეიძე გიბარებსო, - თურმე, კარგა ხნით ადრე ავტობუსიდან ჩამოხტომისას შევუმჩნევივარ. სინჯები გავიარე და მალევე დამამტკიცეს ნათელას როლზე.

- მერე და მერე სახელწოდება "ღიმილის ბიჭები" თითქოს განზოგადდა და ახალგაზრდების სილაღის, სისუფთავის, სიხალისის სინონიმადაც იქცა. მაინც როგორები იყავით?

- ჩვენ საკუთარ თავს ვთამაშობდით. ეს ბიჭები - თაზო თოლორაია (ცხვირა), ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (ჭკუისკოლოფა), კახა ქორიძე (თემური), გოჩა ლომია (ბოლოკა), მიხო ბორაშვილი - მართლაც ძალიან ლაღები, სუფთები და ალალები იყვნენ. დღეს კი ამის დეფიციტი იგრძნობა, რაც, ვფიქრობ, გარემომ მოიტანა. თუმცა ახლანდელი ახალგაზრდებიც ძალიან ლაღები არიან და ჩვენზე მეტად თავისუფლებიც რაღაც-რაღაცებისგან. ჩვენ მეტი ბარიერის გადალახვა გვჭირდებოდა ურთიერთობებისას, თუნდაც უფროსებთან ან თანატოლებთან დამოკიდებულებაში. ვთქვათ, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა რომ შევადარო, მშობლებთან ჩვენ მეტი დისტანცია გვქონდა და ალბათ მეტად გვერიდებოდა მათი. რაღაცით ეს კარგიც იყო, რაღაცით - ცუდიც. მე, მაგალითად, ბევრჯერ არ გამიმხელია მშობლებისთვის გულისნადები, გულისტკივილი, თუმცა კი, ძალიან მსურდა. თითქოს რაღაც მაკავებდა. ამ თვალსაზრისით, ჩემი შვილები უფრო ლაღად გავზარდე. ჩვენ დღემდე ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა გვაქვს... სხვათა შორის, ჩემს ფილმებს შვილები არ უყურებენ, მხოლოდ თვალს შეავლებენ ხოლმე და გადიან. ეს ვერაფრით ამიხსნია. "ღიმილის ბიჭების" პირველ ნახევარს უყურებენ და დანარჩენს, რაც ჩემი მეუღლის გმირის, ჭკუისკოლოფას სიკვდილს უკავშირდება - აღარ. შეიძლება რაღაცნაირად განიცდიან კიდეც...

- "ღიმილის ბიჭებმა" თქვენი მომავალი განსაზღვრა - თქვენ და ბატონ ნუგზარს ამის შემდეგ შეგიყვარდათ ერთმანეთი. ხუთი ბიჭიდან მაინცდამაინც ის რით გამოარჩიეთ?
- ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი... არ ვიცი, რა მოხდა...

- მეფე ერეკლე მეორეს შთამომავალი და სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე რომ იყო, ამან იმოქმედა?

- არა, არა (იცინის). ამაზე არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, ერთმანეთი შეგვიყვარდა.

- ალბათ წაგიკითხათ: "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა..."
- სხვათა შორის, ლექსებს სულ მიკითხავდა. ეგ არის, დამჩაგრა და მხოლოდ ერთ სპექტაკლში - "იკაროსის ფრთებში" მათამაშა და იქაც - "დამაბერა", რადგან ჩემი გმირის ასაკის ნამდვილად არ ვიყავი.

- დღეს თქვენ წოდება გაქვთ - თავადიშვილი ლეილა ყიფიანი-ბაგრატიონი. ქალბატონო ლეილა, როგორი იყო და არის აწ გარდაცვლილი უნიჭიერესი და უსაყვარლესი შემოქმედისა და, ამავე დროს, სამეფო ტახტის მემკვიდრის პეტრე გრუზინსკის ოჯახის წევრობა და დღეს სამეფო სახლის უკვე მეთაურის - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლეობა?
- ჩემი მამამთილი - პეტრე, ხომ იცით, მარტო გრუზინსკის გვარს ატარებდა. ძალიან თავმდაბალი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. არც ნუგზარი აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ.

- ახლა, როდესაც ამაზე საჯაროდ ლაპარაკობენ და ფაქტია, თქვენი ქალიშვილი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლეა, ხოლო მათი ვაჟი, 4 წლის გიორგი უფლისწულად იწოდება და ბაგრატიონ-ბაგრატიონის გვარს ატარებს?
- დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.

- ისიც მითხარით, როგორი ბიჭია უფლისწული გიორგი?
- ძალიან კარგი ბიჭია, მამასაც ჰგავს და დედასაც, თუმცა თვალები აშკარად ჩემი აქვს - ცისფერი. დინჯია და დამჯერი, სხვათა შორის, ანაც ასეთი იყო.

- ახლა სად არის, საგურამოში?

- არა, ახლა ბაკურიანში ისვენებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"


ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
leila
31 ოქტომბერი 2017 07:00
ულამაზესი ქალბატონია ეხ კაი დრო იიკო ლაგი და სუპტა
მაიკო
12 მაისი 2017 16:49
ჩემი დაც ასეთი ლამაზი იყო და არის,არც რეჟისორებს შეუმჩნევიათ და არც ბედში გაუმართლა,სამწუხაროდ. გვარიშვილობა და პატრონია მთავარი,იღბალიც.
ლეილა მართლაც ულამაზესია
μ
07 აგვისტო 2016 17:00
ამ ქალბატონს ჰქვია ანგელოზი.აი ამას ჰქვია სილამაზე.ვინ შეედრება მსოფლიოში ? ვერც მონიკა,ვერ ანჯელინა.ვერავის ვადარებ,ზღაპრული სილამაზის ქალბატონია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები