და გუშინ იყო... აგვისტოს ომი
08-08-2016
და გუშინ იყო... აგვისტოს ომი
გორში ცხოვრება გრძელდება. ეს პატარები ომის შემდეგ დაიბადნენ - ის ბავშვები არიან, რომლებმაც არ იციან, რა არის ომი...

ზუსტად 8 წლის წინ პირველად გავიგე, რა იყო ნამდვილი ომი. იმ თაობისგან კი, რომელსაც ეს უკვე გამოცდილი ჰქონდა,­ ხშირად გამიგონია, არასდროს გამოგეცადოთ და თუ გარდაუვალია, მუდამ გაგვემარჯვოსო... ეს გარდაუვალი მდგომარეობა კი ქვეყანაში 2008 წელს დადგა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ აგვისტო ყოველთვის ომს გამახსენებდა. ომიდან რვა წლის შემდეგ გორში, ვერხვების დასახლებაში პირველად მივდივარ. ეზოში
რამდენიმე ქალბატონი და ომის შემდეგ დაბადებული თაობა მხვდება, ბავშვები, რომლებმაც არ იციან, რა არის ომი... ადამიანებს იმ ოჯახის მისამართებს ვეკითხები, ომში დედები, მამები, შვილები და ახლობლები რომ დაკარგეს. ამ სტატიით აგვისტოს ომის სულ რამდენიმე უცნობ გმირს გაგაცნობთ, ადამიანებს, რომლებმაც არ მიატოვეს მშობლიური მიწა-წყალი და მტრის
ტყვიას შეეწირნენ.

ტყვიისფერი ზაფხული...

8 აგვისტოს გორში სიტუაცია დაიძაბა და მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სახლის დატოვებაზე უარი თქვა...
9 აგვისტოს დილა. ვერხვების დასახლებაში ერთ-ერთ ეზოში მეზობლები ერთმანეთს უკანასკნელ ინფორმაციას უზიარებენ... სწორედ ამ დროს, რუსული ავიაცია ორჯერ გადაუფრენს და პირველ საჰაერო იერიშს გორის ჯავშანსატანკო ბატალიონზე მიიტანს.
რამდენიმე წუთში ქალაქში დარჩენილნი კიდევ ორი აფეთქების ხმას გაიგონებენ. ამჯერად ვერხვების დასახლებაში რუსულმა ავიაციამ ჭურვები ჩაყარა. ეზოში მდგარი 9 ქალბატონიდან 8 დაიღუპა...


"დედამთილის ცხედარი ტანსაცმლით ამოვიცანით"

ისევ 9 აგვისტოს დილა. ისევ ვერხვების დასახლება... ცხინვალში დაბადებული 72 წლის ტასია კოდოევი ომში წასულ შვილსა და ცხინვალში მცხოვრებ ძმის ოჯახზე დარდობს...

ქეთინო ნოზაძე, ტასია კოდო­ევის რძალი: - მეუღლე სამხედრო მყავს. 8 აგვისტოს დავტოვეთ სოფელი... დედამთილმა კი სახლიდან ფეხი არ მოიცვალა, სამშვიდობოს გასული, მეც უკან ვაპირებდი გაბრუნებას, რომ გავიგე, სამეზობლოში რა უბედურებაც დატრიალდა.
ჩვენი სახლის პირველ სართულზე, სასწრაფო დახმარების პუნქტში მუშაობდა ექთანი მარინა გოგიაშვილი. წინა ღამით ცხინვალიდან გამოჰყავდა დაჭრილები. შინ მობრუნებული ეზოში ქალებს ამბებს უყვებოდა. სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ჭურვი. ყველანი ადგილზე დაიღუპნენ... ძალიან მიჭირს ამის გახსენება. ყველა ფოტო, რომელიც ეზოში მქონდა გადაღებული, გავანადგურე - დიდ ტკივილს მაყენებდა... ჩემი დედამთილის ცხედარი ისეთი დაზიანებული იყო, რომ ტანსაცმლით ამოვიცანით... ამ დროს ჩემი მეუღლე იბრძოდა...
ვერხვების დასახლებაში ცხოვრება გრძელ­დება, მაგრამ ის ტკივილი არ ნელდება...

"ჩემი უსულო შვილი სადარბაზოსთან ეგდო..."

დედა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ისევ იქ, ვერხვების დასახლებაში ცხოვრობს­ და ყოველდღე იმ ადგილის გავლა უწევს, სადაც მისი შვილი, ანდრო ლიკლიკაძე დაიღუპა. ანდრომ ვერხვების დასახლებაში ჩამოვარდნილი პირველი ჭურვის შემდეგ მეზობლები, თავის მშობლებთან ერთად, სარდაფში ჩაიყვანა. როცა მეორე ჭურვი ჩამოვარდა, სადარბაზოდან ეზოში გადიოდა... აფეთქების ხმაზე ეზოში გამოსულ დედას შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ანდრო 39 წლის იყო...

ლიანა ლიკლიკაძე, ანდროს დედა: - პირველი აფეთქების შემდეგ ანდრომ ყველა მეზობელი სარდაფში ჩაგვიყვანა. მერე თქვა, გარეთ გავალ, იქნებ ვინმე კიდევ დარჩაო. გავიდა და ჭურვიც აფეთქდა... საშინელი მტვერი შემოვიდა სარდაფ­ში, ვერაფერს ვხედავდი, სიმწრით გავიკვლიე გზა... ჩემი უსულო შვილი სადარბაზოსთან ეგდო... მეორე დღესვე დავასაფლავეთ. გორში რომ დავბრუნდით, შვილიც "წამოვიყვანე"... იმ დღის შემდეგ ახლა ყველა დღე ერთნაირად თენდება და ღამდება..."
იმ დღეს ვერხვების დასახლებაში დაბომბვას ემსხვერპლნენ ზვიად რაზმაძე და მისი ორსული მეუღლე და კიდევ რამდენი, რომლებსაც ასეთ დასასრულზე არასდროს უფიქრიათ.

"მე ის მაინც ვიცი, შვილი სად დავმარხე, ბევრს კი საფლავიც არა აქვს..."


მაია ვაზაგაშვილი დედასა და ერთადერთ შვილთან ერთად ეზოში გარდა­ცვლილ მეზობლებს ტირის, როდესაც რუსული ბომბდამშენი დასახლების თავზე მესამედ გამოჩნდება, დედა შვილს გადაეფარება... შვილი გადარჩება, დედა კი დაიღუპება... რვა წელი გავიდა, მაგრამ ყველაფერი გუშინდელივით ახსოვთ. აგვისტოს დადგომა მათთვის აუტანელ ტკივილთან ასოცირდება.

ციცინო ვაზაგაშვილი: -"დილა იყო, ჯერ კიდევ ვიწექით, როცა ეზოში პირველი ჭურვი ჩამოვარდა. მინები ჩაიმსხვრა. კარი ისე დაზიანდა, ძლივს გავაღეთ და ეზოში გავცვივდით. იქ მეზობლებს მოეყარათ თავი. რამდენიმე წუთში მეორე ბომბი ჩამოვარდა და ჩემი თანშეზრდილი მეზობლების სხეულის ნაფლეთები ირგვლივ მიმოიფანტა...

შინ ავირბინე, ეზოში მესამე ჭურვი რომ ჩამოვარდა, უკან ჩამოვქანდი, იქ ხომ ჩემი შვილი მაია და შვილიშვილი დარჩნენ... პირველი, რაც დავინახე, პირქვე დამხობილი ჩვენი მეზობელი ზვიად რაზმაძე, ჯერ კიდევ თბილი იყო. უცებ საიდანღაც გაჩნდნენ ჯარისკაცები. ვხედავდი, როგორ გაჰყავდათ დაჭრილები და დახოცილები... როგორც იქნა, ჩემს შვილის და შვილიშვილს მივაგენი. ბავშვს გადაფარებული მაია სისხლისაგან იცლებოდა. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა თავში მოხვედრილი. ვყვიროდი, მაგრამ საკუთარი ხმა არ მესმოდა - ხელებში ჩამაკვდა ერთადერთი შვილი.... გივიკო მარჯვენა ფეხში იყო დაჭრილი... ექიმების დიდი ძალისხმევით ბავშვს ფეხი შეუნარჩუნეს, თუმცა ომმა ყველაზე დიდი ჭრილობა დაუტოვა - უდედობა. გივიკო ახლა 21 წლისაა, უკვე დაოჯახდა, შვილიც ჰყავს. პატარას ბებიის სახელი ჰქვია... ჩემი შვილი 43 წლის იყო. ახლობლების დახმარებით ნახევრად გათხრილ საფლავში ჭურვების წვიმაში დავკრძალეთ. როცა გორში დავბრუნდით, მაშინ დავასაფლავეთ...

მე ის მაინც ვიცი, შვილი სად დავმარხე, ბევრს კი საფლავიც არა აქვს...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"
გიო
09 აგვისტო 2016 13:27
საკუთარი ვაჟკაცობის ლიმიტის შესავსებად უნდოდათ ეს ომი რომ აბა მიყურე აფხაზეთი დავიბრუნე ნახე რა გმირი ვარ..ადამიანი საკუთარი პოპულარობისთვის რომ იყენებს ყველა სიწმინდეს სამშობლოს და ღმერთს ზუსტად ეგ არის იუდას სინდრომი!!!
არისტოტელე
09 აგვისტო 2016 13:10
ვინ ქართველ კაცს თოხი ხელიდან გააგდებინა და ავტომატი და დროშა დააჭერინა ყველა დამნაშავეა!!!..ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გეორგიას გვეძახდნენ რაც მიწათოქმედთა ქვეყანას ნიშნავს ძველ ქართველს თავისი საზიარო პური და ღვინო თავს ხელით მოყავდა..მაგრამ ყველაფერი ფაშიზმში გადაზრდილი ეროვნულობის ბრალია !!!
რეზო
08 აგვისტო 2016 22:19
ომარა ხარ თუ ვაჟა18 სად დაიბადეთ ვინ გაგზარდათ ასეთები ასე ნიშნის მოგებით რომ ლაპარაკობთ ამ ომზე?თქვენ ისეთები ხართ მიშას ეგ ომი რომ მოეგო გეწყინებოდათ. მარა მოგიწევთ თქვენ ისტორიაში მოღალატეწბად შესვლა, დღეს კი არ ყიყინებთ რაღაცეებს მარა მოვა თქვენი დროც!

რედაქტორის რჩევით