ISIS - ის აჩრდილი ნასაკირალში... - კვირის პალიტრა

ISIS - ის აჩრდილი ნასაკირალში...

"თურქეთიდან ზოგი სირიაში გადავა და ზოგიც ჯანდაბაში, რადგან იქ ფულს უხდიან. გაჭირვებულის ცდუნებას კი რა უნდა!"

"ადამიანი იმ უფალს უნდა ემსახუროს, რომელთანაც მამა-პაპამ მიიყვანა; ამიტომ მეცოდება "ისლამურ სახელმწიფოში" გატყუებული ახალგაზრდები, ეგ არ არის მუსლიმანობა, რომ გადასაკარგავში წახვიდე და ვისაც არაფერი დაუშავებია, ისინი ხოცო. შენს მიწაზე, შინ თუ ვინმე შემოგივარდა და რწმენას გართმევს, იმას უნდა შეებრძოლოო"

ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, რამდენიმე თვის წინ, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას რამდენიმე სახლიდან იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და "ისლამური სახელმწიფოს" დროშები ამოიღეს. დააპატიმრეს 4 ახალგაზრდა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით. დღეს ოთხივე სასჯელს იხდის. ხოლო მათი ორი მეგობარი ჩხრეკამდე ცოტა ხნით ადრე "ისლამურ სახელმწიფოში" აღმოჩნდა და გადარჩა დაპატიმრებას. ერთ-ერთმა მათგანმა, მამუკა ანთაძემ, სირიიდან მუსლიმან მოქალაქეებს "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, არამუსლიმანებს კი, ხალიფატის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, თავების დაჭრით დაემუქრა.

აჭარელი ეკომიგრანტების გადმოსახლების შემდეგ აქ 3500 კაცი ცხოვრობს. ახალგაზრდობის უმრავლესობა თურქეთშია გახიზნული ფულის საშოვნელად. თურქეთისაგან განსხვავებით, ნასაკირალში ჩაისა და ხილ-ბოსტნეულის კრეფაში ფულს არავინ იძლევა, წლევანდელი თხილი კი ტონობით გაუყიდავი მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ მისი ფასი კატასტროფულად დაეცა.

სამწუხაროდ, თურქეთში მომუშავეების, განსაკუთრებით კი ნიჭიერი ახალგაზრდების გადაბირებას "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტებიც ახერხებენ ათასგვარი დაპირებით.

ქალბატონმა, ვისაც ამ ამბებზე ვესაუბრებოდი, გამაფრთხილა, -ჩემი სახელი არ ახსენო, თორემ შეიძლება ჩემს ნათქვამს დაპირისპირება მოჰყვეს, ისედაც დაძაბულია სიტუაცია, არც პოლიტიკური დაპირისპირება გვაკლია და არც რელიგიურიო, მერე მზისგულზე მოტანტალე პატარებზე მიმითითა, - თუ ასე გაგრძელდა, ესენიც თურქეთის გზას გაუყვებიან. ჩვენი კაცები და ახალგაზრდობა იქ კრეფენ თხილსა და ჩაის, ბაღნებისა და დედაბრების გარდა, სოფელში თითქმის ვერავის დეინახავ. თურქეთიდან კი ზოგი სირიაში გადავა და ზოგიც ჯანდაბაში, რადგან იქ ფულს უხდიან. გაჭირვებულის ცდუნებას კი რა უნდა!

- დაახლოებით რა თანხას იღებენ თხილისა და ჩაის კრეფაში თურქეთში?

- თურქეთში სეზონზე თითქმის მთელი ჩვენი მხარე მიდის სამუშაოდ. ოჯახები იცლება, შინ ქალები და ბავშვები ვრჩებით. ჩვენს ფულზე რომ გადათვალო, თურქეთში კილო ჩაის 30 თეთრად იბარებენ, თხილს უფრო ნაკლებად, მაგრამ ძალ-ღონე ვისაც ერჩის, 3-4 ათასი დოლარი ჩამოაქვს, ზოგს ორ-სამჯერ მეტიც, მარა მონური შრომით.

ქალებს ამ ფულის დანახვაზე ხელი და გული გვეწვება. როცა ჩვენთან იკრიფებოდა ჩაი, კაცებს ჩვენც ვეხმარებოდით. ჩაის ფაბრიკისგან ბოძები დარჩა... ჩვენს შვილებს და ქმრებს იქ ლამაზებსა და მოვლილებს ვუშვებთ, იქიდან დაბრუნებულებს ზოგს თირკმელა აქვს ჩაწყვეტილი მუშაობით, ზოგს ზურგი გადაშვლეპილი. ერთი საავადმყოფოშიც დავაწვინეთ. რომ ვეუბნებით, რა ძალა გადგათ, რაც შინ გვაქვს, იმას დასჯერდითო, -გვპასუხობენ, -საჭმელ-სასმელი ხომ არ არის ცხოვრება, ახლა გვინდა, კარგად ვიყოთ, თორემ სიბერეში ფული მარტო ექიმისთვის დაგვჭირდებაო.

საავადმყოფოც რომ არ არის სოფელში?! ოზურგეთამდე იმხელა გზაა, სანამ ექიმთან მიაღწევ, სულიც გაგძვრება! ჩვენს საავადმყოფოში ოთახები ერთიმეორის მიყოლებითY ინგრევა და ექიმი ერთი ოთახიდან მეორეში მიჩოჩავს,

- ქალბატონმა ხელი ჩაიქნია და გზას გაუყვა.

უცნაური სიჩუმე იდგა. დაცლილი და სახლებჩამონგრეული სოფლების მეტი, საუბედუროდ, რა მინახავს, მაგრამ მუხლჩაუხრელი შრომით აშენებულ და გამართულ სოფელში ეს სიჩუმე კიდევ უფრო უცნაური და დამაფიქრებელი იყო -თითქოს ჯადოქარს აქაურობისთვის ხმა წაერთმია.

ბოლოს, იავარქმნილი საავადმყოფოს გვერდით საბავშვო ბაღის ვარდისფრად შეღებილ შენობასაც მივადექი. ფანჯრებში შევიხედე - საწოლები არსად ჩანდა. გამვლელს ვკითხე, - პატარების საწოლები სად არის - მეთქი. ჩვენს საბავშვო ბაღში საწოლები არ არის, ბავშვებს ძილი რომ მოუნდებათ, მაგიდებზე დებენ თავს და იძინებენო. როგორ შეიძლება ბავშვების ასეთი წამება, რატომ არ იბრძვით, საწოლებს მაინც რატომ არ ითხოვთ - მეთქი. ადრე სოფელში 5 საბავშვო ბაღი იყო, ყველა სიძველით დაინგრა ამის გარდა. საწოლები, კიდეც რომ მოიტანონ, მაინც არ დაეტევა. ახალ შენობას კი მუნიციპალიტეტი არ გვიშენებს, ამიტომაც სამ ოთახში 100-მდე ბავშვი გვყავს შეყრილიო და დაამატა: - შენ სკოლა უნდა ნახო, 35 მასწავლებელს და 600 მოსწავლეს ერთი ტუალეტი აქვთ, არც წყალია, არც არავინ ალაგებს, დასვენებაზე კი მოსწავლე-მასწავლებლები ერთად დგანან ტუალეტის რიგში, ბავშვი რომ ასეთ ტუალეტში არ შევიდეს, ზოგ მშობელს ურჩევნია, შვილი სკოლაში მშიერ-მწყურვალი გაუშვასო.

გუნებაწამხდარმა მოსაუბრეს გამომშვიდობება დავუპირე. მან კი - რომ არ იფიქრო, შვილებისთვის არ ვზრუნავთ, ერთი რამ უნდა განახოო და სოფლის ხეობიდან ცენტრალურ გზაზე ამოყვანილი მოკირწყლული ციცაბო გზა მაჩვენა, - კაცებმა ამოვაშენეთ, რომ ბავშვებს სკოლამდე ტალახ-ტალახ არ ევლოთ. სკოლის ტუალეტშიც შევიყვანდით წყალს -ფულს შევაგროვებდით, მაგრამ სკოლის დირექცია უარსაა - არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვლებაო(?!)...

მერე ერთ უბანში მოხუც ცოლ-ქმარს მივადექი. ეზოში თხილს არჩევდნენ. მზის ამოსვლასავით გაუხარდათ ჩემი დანახვა.

- 55 წელია ცოლ-ქმარი ვართ, გიორგი ირემაძე და ნაზი ვანაძე გახლავართ, ყველაფერს გეტყვით, ჩვენ არც ვაჰაბიტების გვეშინია და არც  "ოცნების"  - მაგათ ჯინაზე ადგილობრივ არჩევნებში მთელმა სოფელმა "ნაციონალებს" მივეცით ხმა, რადგან ამ მთავრობის გაკეთებული ვერაფერი დავინახეთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სოფლისთვის. სულ მარტო ვართ, შვილიშვილები თურქეთში არიან ჩაის საკრეფად, არადა, უმაღლესი სასწავლებლები წარმატებით დაამთავრეს. მათი ნიჭი გვენანება...

სოფელში დაახლოებით 50-მდე წვერიანი ახალგაზრდა ვაჰაბიტური დაჯგუფების წევრია, რომელსაც ბევრი ერიდება. ხალხი ფიქრობს, რომ მათ შორის ზოგიერთი საუკეთესო ახალგაზრდებს აცდუნებს და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში წასვლას უქადაგებს, თავად კი აქ რჩებიან და სოფელ-სოფელ დაყიალობენ.

- სოფლის საუკეთესო ახალგაზრდა მამუკა ანთაძეც ასე აგვართვეს! რატომ სხვებიც არ დაიჭირეს იმ 4-თან ერთად სპეცოპერაციისას? რა ქნან ახლა ან მამუკა ანთაძის, ან სხვების მშობლებმა, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოსკენ" თავისი უჭკუობით გაიწევენ?! -მკითხა ერთმა მოხუცმა უკან დაბრუნებისას. რა უნდა მეპასუხა?..

მაგრამ სიცოცხლის სტიმული იმედია და ამიტომაც ამ ამბავს იმედიანად დავამთავრებ, - ნასაკირალიდან გამოსვლისას ერთ ულამაზეს სახლს მოვკარი თვალი. მაშინვე ეზოს კარი შევაღე, ასევე ლამაზი ნალიის მიღმა სიმინდის ლურჯი ყანა ლივლივებდა. მოხუცმა მასპინძელმა გამიღიმა - ქედელი რომან ფარტენაძე გახლავართ, აქ შვილთან ვცხოვრობ - ჩემი სოფლის მიწა დაიმეწყრაო. ისიც მითხრა, - 80 წლისა ვარ, ეს ნალია ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, ყველა ხელობა ვიციო. 5-ოდე კილომეტრით დაშორებული ქედისკენაც გამახედა, - ნასაკირალში წყალი ცუდად მოდის. იმ ქედის ძირას კი მართლაც უკვდავების წყალი გადმოქუხდა, ხალხი გავიყოლე, წყალი სოფლის აღმართებზე ამოვიყვანე და ახლა 30 ოჯახს ისეთი წყარო გვაქვს, ღმერთი ვერ დალევს უკეთესსო. მერე მოაყოლა, - ხოჯა ვარ და ვიცი, ღმერთი რაც არის.

ადამიანი იმ უფალს უნდა ემსახუროს, რომელთანაც მამა - პაპამ მიიყვანა; ამიტომ მეცოდება "ისლამურ სახელმწიფოში" გატყუებული ახალგაზრდები, ეგ არ არის მუსლიმანობა, რომ გადასაკარგავში წახვიდე და ვისაც არაფერი დაუშავებია, ისინი ხოცო, შენს მიწაზე, შინ თუ ვინმე შემოგივარდა და რწმენას გართმევს, იმას უნდა შეებრძოლოო. ბოლოს დაამატა: - ერთხელ ისეთ ადგილზე მოვხვდი, სადაც ადამიანის წარმოშობაზე მსჯელობდნენ. ზოგი ამტკიცებდა, მაიმუნისაგან წარმოიშვა, ზოგიც - უცხო პლანეტიდან ვართ ჩამოსულებიო. იქ ერთი ქრისტიანი მოძღვარიც იყო, რომელიც არაფერს ამბობდა. ბოლოს, ჩემკენ გამოიხედა და მკითხა, -შენ რას იტყვი, აჭარელო მოხუცოო. მე ვთქვი, -აბა, დავფიქრდეთ, მაინცდამაინც მიწას დედამიწა რატომ დაერქვა, რატომ არ დაერქვა დედა სხვა რამეს, ან ზეცას, ანდა წყალს? იმიტომ, რომ მიწაა ადამიანის დედა, ადამიანი მიწისგან წარმოიშვა, მიწა გვინახავს, მიწა გვეძახის და ბოლოსაც მიწას ვებარებით-მეთქი. ეს ვინც არ იცის, ვისაც მიწის ხმა არ ესმის, ის გაურბის თავის მიწას, ის ცდება.

ამ ბიჭებიდან ბევრი შეცდა. თუმცა მიწის ძახილი ძლიერია, შეიძლება ზოგიერთი დააბრუნოს კიდეც. თუ არადა, ღმერთს ასე დაუწესებია, რომ სიკეთე და ბოროტება გვერდიგვერდ იყვნენ და ერთმანეთს ებრძოლონ. ამ ბრძოლაში ბოლოს მაინც სიკეთე იმარჯვებს. ამას ვერაფერი შეცვლის.

ეთერ ერაძე