"ნეტავ, ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო" - ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი - კვირის პალიტრა

"ნეტავ, ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო" - ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი

ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი ტერაქტის შესაჩერებლად მსოფლიოს გზავნილს უმზადებს

"დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს ყველას ერთი გზა გვაქვს და არ შეიძლება რელიგიასთან ფანატიკური დამოკიდებულების გამო ერთმანეთს ვხოცავდეთ"... გვეუბნება ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარი, რომელიც მალე გამოფენას მსოფლიოში გახშირებულ ტერაქტებს მიუძღვნის... თემურ სულუხია ამერიკიდან გვესაუბრა.

- დღეს მსოფლიოში მუსლიმანური და ქრისტიანული ქვეყნების შეჯახების დიდი საშიშროებაა... მინდა, გამოფენა მოვაწყო და რაც შეიძლება ძლიერი იყოს ჩემი გზავნილი, რომ გამოვფხიზლდეთ! რელიგიის არასწორად აღქმამ არ უნდა გაგვაგიჟოს!..

იყო პერიოდი, როდესაც მანჰეტენზე ნამუშევრებს ვყიდდი. ზამთარ-ზაფხულ ვმუშაობდი და ორი თითი მომეყინა. ამ დროს გავიცანი თურქი ბიჭი, მან რუსულად თარგმნილი ყურანი მაჩუქა, რომ წამეკითხა და გამეგო, რას ქადაგებდა მათი რჯული. დავმეგობრდით. დღეს ერთი გზა გვაქვს. ამიტომაც ვიცი, რა უაზრო ბრძოლას ეწირება დღეს ამდენი ხალხი.

ბოლო დროს ფოტოგრაფიამ გამიტაცა. ყველაფერს ვიღებ, ფოტოები, ფაქტობრივად, ჩემი დღიურია...

- სოხუმში გაიზარდეთ... გვიამბეთ აფხაზეთზე...

- არაჩვეულებრივად მახსენდება ჩემი ბავშვობა... თავიდანვე ბობოქარი ხასიათი მქონდა. სულ კომუნისტების წინააღმდეგი ვიყავი, მშობლები კი კომუნისტები მყავდნენ... ამერიკის ხმას ვუსმენდი. პატეფონი მქონდა და ხშირად ვუსმენდი ტომ ჯონსის ყველაზე პოპულარულ სიმღერას...

- სოხუმის დატოვება როდის მოგიხდათ?

- სოხუმი ყველაზე მძიმე დღეებში დავტოვე. ცოლ-შვილი იქაურობას უფრო ადრე გავარიდე. მე ცოტა გვიან წამოვედი და მეგობრებთან ერთად სვანეთის გზას დავადექი. შვიდი დღე მოვდიოდით, ტყეში ვჩერდებოდით, სოკოს ან რაღაცას ვჭამდით და გზას ვაგრძელებდით. უკიდურესი ტანჯვით ჩავედით ზუგდიდამდე...

თავიდან სასტიკ უარზე ვიყავი, რას ჰქვია, აფხაზეთი დავტოვო-მეთქი. დედამაც მხარი ამიბა და სოხუმში დარჩა. მოგვიანებით გავიგე, რომ აფხაზებს მეზობლები ჩემს სახლში შეუყრიათ და სახლში ყველაფერი დაულეწავთ. ნახატებში თოფი მქონდა გადამალული და საქართველოს სამი დროშა. ერთ-ერთი 9 აპრილის მიტინგიდან წამოვიღე. დედაჩემისთვის უბრძანებიათ, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. ჩემმა მეგობარმა რაღაც გზებით გამოიყვანა... შემდეგ ყველანი თბილისში გადმოვედით, აღვადგინე სამხატვრო სკოლა, რომლის დირექტორიც გახლდით წლების განმავლობაში...

- ამერიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ამერიკაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ნიუ-იორკში ვცხოვრობ და მანჰეტენი იმდენად ეგზოტიკური ადგილია, სოხუმის რუსთაველის ქუჩას მაგონებს... დასახატი ბევრია, მაგრამ ხელოვნებისთვის დღეს ბევრი დრო არ მრჩება, რადგან ნიუ-იორკში ცხოვრება სულ სხვა ტემპია.

გული მწყდება, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი სოხუმში დარჩა და არავინ იცის, რა ბედი ეწია. ნეტავ ის ნახატები მქონდეს და სხვა ყველაფერი დაკარგულიყო. ნახატებთან ერთად მქონდა მე-17 საუკუნის ხატი, რომელიც მაჩუქეს და ჩემთვის უძვირფასესი იყო...

ხშირად ვიგონებ სოხუმს. სურათები ტრიალებს თვალწინ -რაც იქ კარგი და ცუდი მინახავს, კინოკადრებივით გაილევებს და მერე ტკივილი მიმძაფრდება.

მანანა გაბრიჭიძე