"როცა პრეზიდენტი ხარ, შენს სექსზე ნუ მელაპარაკები" - კვირის პალიტრა

"როცა პრეზიდენტი ხარ, შენს სექსზე ნუ მელაპარაკები"

"ნაციონალები" რომ გადავარდნილიყვნენ, სოფელ-სოფელ ვიარე. "ქართულ ოცნებას" ვედექი მხარში, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ"

"ჩემი კოლეგებიც ეტრფოდნენ წინა ხელისუფლებას და ვინმემ გაუშვა სამსახურიდან?"

ინტერვიუს ჩაწერის წინ ჩემს რესპონდენტს, მსახიობ დავით ხურცილავას ვკითხე, როგორ მოგმართოთ-მეთქი. ჯაპანა დამიძახე, დათოს რომ მეძახიან, აღარც კი ვიხედებიო.

- ახლა თეატრი ისვენებს, მოსკოვში მქონდა გადაღებები, რეზო გიგინეიშვილი იღებს ფილმს, ახლახან დავბრუნდი. ვისვენებ, ოჯახის საქმეებს ვარ მოკიდებული, ვჩხირკედელაობ და შვილიშვილებთან ურთიერთობით ვტკბები.

- ახალგაზრდა ბაბუა ხართ თუ პაპა?

- არავინ მყავს აღმოსავლეთიდან, აქედან გამომდინარე, ბაბუა გამოვდივარ. სამშობლო ძალიან მიყვარს, აღმოსავლეთიც და დასავლეთიც. ბევრ ურაპატრიოტს ვჯობივარ. საქართველოს ვერ დავტოვებ დიდი ხნით. იყო ამის მცდელობა, მოწოდება, მოთხოვნა, რჩევა... არეულობის წლებში ზოგმა საზღვარგარეთ წასვლით გადაირჩინა თავი.

54 წლისა ვარ. აწი სად უნდა წავიდე და არც ვფიქრობ, რომ დასატოვებელია ეს ქვეყანა, მაგრამ იმ ხალხზეც ვერ ვიტყვი საყვედურს, ვინც სამშობლო დატოვა... საყვედური შემიძლია ვთქვა იმ საშინელ ადამიანებსა და პოლიტიკოსებზე, 9 წელი რომ დაბოგინებდნენ. მადლობა ღმერთს, ავადმყოფების ხელში აღარა ვართ.

რომ მოდიოდნენ, მაშინვე ვამბობდი, რომ "ნაციონალები" 21-ე საუკუნის ბოლშევიკები იყვნენ, მათ ხელი შეუშალა ჟურნალისტების არსებობამ, რომ კედელზე არ მიგვახვრიტეს ხალხი, როგორც "ტროიკები" ხვრეტდნენ -"ბეზ სუდა ი სლედსტვია".

ბოლშევიკები იყვნენ, 1921-ში რომ მოვიდნენ თავიანთი მიხა ცხაკაიებით, ორჯონიკიძეებით, ბუდუ მდივანით, მამია ორახელაშვილით, ღოღობერიძით... მიშა რომ კიდევ დარჩენილიყო, ჩემს მტერს, ერთმანეთს დახვრეტდნენ.

გაოცებული ვარ ამ ხალხით. კარგად ვიცი, დღეს რა ხდება ციხეში, ზონებში, და რა ხდებოდა მაშინ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე გადამხდა ეს ყველაფერი, ჩემი შვილიც დაჭერილი იყო... უსახლკაროდაც დამტოვეს.

დაუნახაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს განსხვავებას ვერ ხედავენ, მაკვირვებს. არც დღეს ვარ დახვავებული, სოციალური სტატუსი არ შემცვლია და არც ეკონომიკური მდგომარეობა გამომსწორებია, კვლავ ცოლისდის სახლში ვცხოვრობ. იმათ რაც წამართვეს, ამათ არაფერი დაუბრუნებიათ, მაგრამ მაინც ვხედავ, რომ იმათზე მეტს აკეთებენ, ოღონდ ამაზე არ ლაპარაკობენ. რაც ბატონი კახიშვილი დაინიშნა, ციხე "პანსიონატია".

არ იყო კორუფციაო, გაიძახიან. პატრული ვეღარ იღებდა ფულს, თორემ თვითონ იღებდა ყველას წილს. გაყარეს განაბები და ქურდები, თვითონ დასხდნენ ქურდებად.

- არჩევნები გვიახლოვდება. რა მოლოდინი გაქვთ?

- მოხარული ვარ, რომ 4 წელიწადში რაღაც შეიცვალა. "ნაციონალები" რომ გადავარდნილიყვნენ, სოფელ-სოფელ ვიარე. "ქართულ ოცნებას" ვედექი მხარში, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.

სტეფანები და კახუჩელები დღესაც კონცერტებს მართავენ ბრაზილიაში, ჩემო ბატონო, და არავინ ერჩის.

ჩემი კოლეგებიც ეტრფოდნენ წინა ხელისუფლებას და ვინმემ გაუშვა სამსახურიდან? ის რომ დაბრუნებულიყო, დღეს თქვენ ვერ დაგელაპარაკებოდით. ციხეში თუ შემოხვიდოდით, არ ვიცი.

"რუსთავი 2" გაჰკივის, გვაწუხებენო! ვინ? სად? ვის დაუხურეს ან გადაცემა, ან ტელევიზია?! გადაცემები და ტელევიზიები წინა მთავრობამ არ დახურა?!

დამშეული წინა ხელისუფლებასაც ჰყავდა ხალხი და ამათაც ჰყავთ, მაგრამ იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. არ მომწონდა ზოგიერთი მინისტრი, კარგი მინისტრი ჰყავს სასჯელაღსრულებას, ფანტასტიკური -ჯანდაცვას. პრემიერ-მინისტრიც მომწონს.

ახლა რომ მიშას გაემარჯვა, ჩვეულებრივი ფიდელ კასტრო მოვიდოდა -40-წლიანი...

- პოლიტიკაში მოსვლაზე არ გიფიქრიათ?

- წავიდნენ "ნაციონალები" და ისევ მსახიობის ცხოვრებას დავუბრუნდი. პოლიტიკაში მე საქმე არა მაქვს. იქ უნდა იჯდეს იურისტი, ფინანსისტი, საქმის მცოდნე ადამიანი, შემოქმედი კი არა...

დღეს ყველა ტუალეტს, ყველა კაფეს, საღვეზელეს არ ხსნის პრეზიდენტი, არ ჭამს მერე 25=-კვერცხიან ტორტს და არ კვდება, რასაც კინაღამ შეეწირა ის კარგი ტორტების მცხობელი ქალბატონი ბელა.

ეგ ხომ ჭამასა და სექსს აღმერთებდა. მიშას გარდა, ეტყობა, სექსი საქართველოში არავინ ვიცით. ჯერ რა უბედურებაა, პრეზიდენტი რომ ამდენს ლაპარაკობს ქალებზე, ჰარამხანაზე.

მარგველაშვილმაც გამაოცა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომ დადეს, მე არ მინახავს, მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა მოგვახსენა, რომ მას კარგი სექსი აქვს. ჰქონდეს, ბატონო, მაგრამ როცა პრეზიდენტი ხარ, შენს სექსზე ნუ მელაპარაკები, რა.

- დღევანდელ და თქვენი თაობის თბილისს შეადარებთ?

- მშვენიერი თაობაა, სიბნელეში გაიზარდნენ, ტელევიზორს ვერ ვურთავდით და მერე რომ ჩაირთო, მიასხდნენ კომპიუტერს...

დღევანდელი თბილისის ურბანიზაცია ხდება. ჩაბეტონდა ყველაფერი, არასწორად ჩაიდგა სახლები, პატრონი არ ჰყავდა თავის დროზე და იმიტომ... გასასწორებელია ყველაფერი. 4 წელიწადში ამას ვერ მოასწრებდნენ. რა თქმა უნდა, მე ჩემი თბილისი მერჩივნა, სადაც დავიბადე, გავიზარდე, რა ურთიერთობებიც იყო. ქუჩაში ხალხი იდგა, ქუჩის აკადემიას რომ ეძახდნენ, ისეთები. კარგად ერკვეოდნენ პოეზიაშიც, პროზაშიც, სხვათა შორის, მათემატიკაშიც და ფიზიკაშიც, ჩემგან განსხვავებით. ამიტომ იყო საინტერესო ქუჩა. იუმორი იყო, ურთიერთგაგება...

- ჯაპანა რატომ დაგარქვეს?

-I კურსზე ვცეკვავდი ტიბეტურ ცეკვას, თავზე ლენტით. ჩემმა ცხონებულმა მეგობარმა ტიბეტური მაინცდამაინც ვერ გაარკვია და რომ შემომხედა, ჯაპანაო, თქვა. მაშინ მაგნიტოფონებს Made in Japan ხომ ეწერა... ჰოდა, დამარქვეს ეს სახელი ჩემი აღმოსავლური გარეგნობის გამო - გამხდარი ვიყავი, მოქნილი, თვალებიც წვრილი მაქვს... ახლა კი გავსუქდი და აღმოსავლური იერიც ცოტა გამიქრა, თუმცა ჯაპანად დავრჩი.

ეკა სალაღაია