"უნდათ, მაჟორიტარად წავიდე ჩემს უბანში, რამდენიმე პარტია მესაუბრება ამაზე"
08-08-2016
"უნდათ, მაჟორიტარად წავიდე ჩემს უბანში, რამდენიმე პარტია მესაუბრება ამაზე"
"ნაციონალები" უბნის ავტორიტეტებს იჭერდნენ. ახლა ახალგაზრდებისთვის აღარც ავტორიტეტი არსებობს, არც არაფერი"

"ორმაგი სახე" წვალებით გადაღებული ფილმია. ჩემს შვილს გიორგი ასახიერებდა. 3 და 6-თვიანი ინტერვალებით ვმუშაობდით. ამასობაში გიო იზრდებოდა, კიდევ კარგი, სცენარის მიხედვით ეტლში იჯდა და მაინცდამაინც არ ემჩნეოდა"



ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე, - ეს იყო გიორგი გურგულიას გმირის­ ცხოვრების სტილი ფილმში "ორმ­აგი სახე", რომელიც 1997 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. ფილმი ძალიან პოპულარული იყო, ბატონმა გიორგიმ ამ როლისთვის მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის
პრიზი დაიმსახურა.
გიორგი გურგულიასთან საუბარში დრო შეუმჩნევლად გაიპარა. რაზე არ ვისაუბრეთ: ფილმზე, დროზე, ჩვენს ქალაქსა და ყოფიერებაზე...

- ბავშვობიდან ვხატავდი და გად­აწყვეტილი მქონდა, სამხატვრო აკადემიაში კინომხატვრობაზე ჩამებარებინა. თუ სადმე მივყავდი მშობლებს ავტომანქანით, წარმოვიდგენდი, რომ ფანჯრის მინა ეკრანი იყო და კინოფირივით აღვიქვამდი გადაშლილ ხედებს. თუმცა სკოლის
დასრულების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, იმ იმედით, რომ სარეჟისორო ფაკულტეტზე განვაგრძობდი სწავლას. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ვიქორწინე. მერე აღარც მიფიქრია სარეჟისოროზე გადასვლა.
სულ ვჩხუბობდი, სადიპლომო სპექ­ტაკლზე 3 ტყვია მესროლეს. მითხრეს, აქ მოსვლით ნუღარ შეწუხდები, დიპლომს სახლში მოგიტანთო.­ ორი ტყვია ფეხში მქონდა მოხვედრილი, ერთიც ზურგში გაიჭედა. პოლიციელებს რომ არ შევეწუხებინე კითხვებით, საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოვიქეცი და ერთხანს ლენინგრადში ვიყავი.
მოგვიანებით მაინც ჩავაბარე სარეჟისოროზე, ნოდარ მანაგაძის ჯგუფში მოვხვდი. ეს თითქმის დაემთხვა "ორმაგი სახის" გადაღებას.


- ამ ფილმში ერთ-ერთი სერიოზული როლი განასახიერეთ.
- "ორმაგი სახე" წვალებით გადაღებ­ული ფილმია. ჩემს შვილს ლევან ანჯაფარიძის ვაჟი, გიორგი ასახიერებდა. 3 და 6-თვიანი ინტერვალებით ვმუშაობდით. ამასობაში გიო იზრდებოდა, კიდევ კარგი, სცენარის მიხედვით ეტლში იჯდა და მაინცდამაინც არ ემჩნეოდა.
გადაღების დროს მესამე სართულიდან გადმოვვარდი. მეც არ ვიცი, როგორ მოვახერხე ჰაერში ამოტრიალება და კეფით დაცემის ნაცვლად, შუბლით დავეცი. ყვირილზე რომ გამომხედეს და სისხლში ამოსვრილი მიწაზე დაგდებული დამინახეს, ეგონათ, გრიმიორებს შევეკარი და ვხუმრობდი, მერე კი მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე.
1997 წელს შავი ზღვისპირეთის ფესტივალზე "ოქროს არწივი" მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრიზი დავიმსახურე. "ორმაგი სახე" ჩემი სასტარტო ფილმია, თუმცა მანამდეც რამდენიმე ფილმში ვითამაშე. ძალიან მიყვარს "გასეირნება ყარაბაღში""ჩემი გმირი, ვალერა. ბევრი "ტრეზორას" როლით მიცნობს სერიალიდან "ცხელი ძაღლი".

- კარგად იცნობთ ქუჩის ცხოვრებას, არც ის დაგიმალავთ, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდით...

- ნარკომანია ჩემი თაობის პრობლემა იყო. კომუნისტების დროს ნარკომანებს არ იჭერდნენ, მკურნალობდნენ. ჩემს ახალგაზრდობაში კლინიკა იყო საგარეჯოში, თბილისში კი, პლეხანოვზე, სადაც იძულებითი მკურნალობა ენიშნებოდათ ნარკომანებს. მერე ნარკომანების საშუალებით ფულის შოვნა დაიწყო პოლიციამ, გაგაჩერებდა, მანახე ვენებიო და თუ ნაჩხვლეტი გქონდა, 100 დოლარი უნდა მიგეცა. თვითონვე ყიდდნენ ნარკოტიკს და თვითონვე იჭერდნენ. მიშა სააკაშვილმა ეს გააოფიციალურა, ფული პირდაპირ ბიუჯეტში შეგქონდა, ნახევარ საქართველოს დააყიდვინეს სახლ-კარი. ჩემი თაობის ნახევარი ნარკოტიკებმა იმსხვერპლა. იმავეს ვიღებთ სააფთიაქო ნარკომანიით, ვითომ არაფერიაო და ამ დროს ისეთ დეპრესიას იწვევს, რომ ბავშვები თავს იკლავენ. რატომ ვერ მოისპო სააფთიაქო ნარკომანია? თუკი იჭერ იმას, ვინც ყიდულობს, რატომ არ იჭერენ გამყიდველს?!
ყველა, ვინც მხარს არ უჭერდა მიშა სააკაშვილს, დევნიდნენ. მე ბაგებში მიწა ჩამომართვეს, მერე შვილი დამიჭირეს, იმიტომ, რომ 2 სტატია დავწერე: "საით მიდის საქართველო" და "ასე იწყებოდა ფაშიზმი".

- დღეს საით იხრება თქვენი პოლიტიკური სიმპათიები?
- საუბრები მიდის, უნდათ მაჟორიტარად წავიდე ჩემს უბანში, რამდენიმე პარტია მესაუბრება ამაზე, ვნახოთ... რეალურად ვხედავ, რომ ქვეყანა ლაგდება. აღარ არის ბიზნესების მიმართ ნაცისტური მიდგომა. ინვესტიციები კია გაჩერებული, მაგრამ გაჩერებულია იმიტომ, რომ მსოფლიოც არეულია. ჩვენთან რაღაც მშენებლობები მაინც მიდის, მაგრამ კორპუსომანია სიმახინჯეა. სპორტის სასახლეს ვუყურებ ჩემი აივნიდან და კატასტროფაა.
თბილისი იერს კარგავს, ნაღდი თბილისელები აღარ არსებობენ, ზოგი გაიქცა, ზოგი გარდაიცვალა, გადაცემები არ კეთდება თბილისელებზე, რომ ჩამოსული ადამიანი მიხვდეს, სად ჩამოვიდა.
ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწიეს "ნაციონალებმა", უბნის ავტორიტეტებს რომ იჭერდნენ. ახლა ახალგაზრდები ისე იქცევიან, მათთვის აღარც ავტორიტეტი არსებობს, არც არაფერი. მოკლედ, ძალიან არეულია ქალაქი.

- სიახლეების ძიებაში ხართ. ერთხანს სილამაზის კონკურსების ლიცენზიების საქმეში­ იყავით ჩართული, მერე იყო "სიყვარულის მატარებელი", საქველმოქმედო პროექტი, მერე კლუბი "შანსონი"... თქვენი საქმე ვერ იპოვეთ, თუ ძნელია დღეს არსებობა და ბევრ ფრონტზე გიწევთ ბრძოლა.
- არ მაქვს არანაირი შემოსავალი. მამაჩემს ინსულტი აქვს, დედა უვლის, სახლი დაგირავებული გვაქვს და მალე სააღსრულებლოს გადასცემენ. აქეთ მეოთხე ქორწინებიდან 1 წლის გოგო მყავს, მესამე ქორწინებიდან - 8 წლის ბავშვი... თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემი ქვეყნისთვის და არა ჩემს პრობლემებზე. ბევრ ადამიანს ვეხმარები, რითიც შემიძლია. საინტერესო ტურისტული პროექტი მაქვს, ვფიქრობ ჩემი ქვეყნის განვითარებაზე. თბილისი თავკომბალასავით რომ არ იყოს,- ხალხის გადანაწილებაზე, კულტურული ცენტრების გაკეთებასა და სხვა ქალაქების განვითარებაზე. ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო ერთ ქალაქ­ში­ იყრიდეს თავს?!

ეკა სალაღაია
კოლა
22 აგვისტო 2016 15:02
პარლამენტი ავტორიტეტების შკრების ადგილია?
giorgi
19 აგვისტო 2016 15:44
პარლამენტში შენღა გვაკლიხარ, ფუტბალისტები ხომ დაირაზმნენ , და პლანის წაღება არ დაგავიწყდეს!!!! ჯერ შენ დაბოლდი და მერე ჩვენ დაგვაბოლე!!!!
gigliko
19 აგვისტო 2016 13:37
ამ კაცს ეხლა პატარა ნემსიც ცჰველის, მერე დიდიც გვიანინი იქნება,,,.

რედაქტორის რჩევით