"რაც ყველაზე მეტად მინდა, ის არის, რომ მარტო არ ვიყო..." - კვირის პალიტრა

"რაც ყველაზე მეტად მინდა, ის არის, რომ მარტო არ ვიყო..."

რუბრიკის  ბლიცინტერვიუ სტუმარია ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე:

ნინო სურგულაძე, მომღერალი:

უარს ვერასოდეს ვიტყვი...

- ალბათ, მაინც სიმღერაზე, ასევე სცენაზე, თუმცა ვიცი, რომ დრო გადის და, ადრე თუ გვიან, მომიწევს სცენაზე უარის თქმა.

ვრისკავ...

- მიყვარს რისკი. სხვანაირად ცხოვრება უფერული იქნება, თუმცა უაზროდ გარისკვა არ ღირს.

მაბრაზებს...

- ტყუილი ყველაზე მიუღებელია, როგორ შეუძლიათ თვალებში გიყურონ, ერთგულებაში დაგარწმუნონ და ისე მოგატყუონ, რომ წარბიც არ შეიხარონ. ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში ისეთი, რამაც შეიძლება გული გატკინოს, თუნდაც უსამართლობამ თუმცა მინდა დავიჯერო, რომ ცხოვრებაში უფრო მეტია ისეთი, რაც შეიძლება გიყვარდეს და გიხაროდეს.

თავისუფლება ჩემთვის არის...

- ბევრისთვის თავისუფლება ის არის, რაც უნდა, ის აკეთოს, რაც მოესურვება, ის ილაპარაკოს. ეს ჩემთვის თავისუფლება ნამდვილად არ არის...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- მოვლენები, რომლებიც ეხება ოჯახს, თუნდაც ოჯახის წევრის გარდაცვალება. ასევე მცვლიან ადამიანები, რომლებიც შემხვდნენ ცხოვრებაში.

ვამაყობ...

- ვამაყობ, რომ ავისრულე დიდი ხნის სურვილი - ეს არის ფონდი, რომელიც შევქმენი მეგობრებთან ერთად და რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ.

დრო არის...

- დრო დაუნდობელია, სამწუხაროდ, არ ვიცით დროის ფასი, გვგონია, მუდამ ბევრი დრო გვექნება, სულ ახალგაზრდები ვიქნებით, არადა, დრო არ გვინდობს.

მოხუცი ალბათ ვიქნები...

- სიბერეზე ფიქრისას ბებია მახსენდება და ყველა ის მოხუცი, რომლებიც ყველაზე ახლობელი იყვნენ... ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მინდა, ის არის, რომ მარტო არ ვიყო...

თამთა ასათიანი