სელფი ძროხასთან?! - "ვიღაც შავი პიარის აგორებას ცდილობს" - კვირის პალიტრა

სელფი ძროხასთან?! - "ვიღაც შავი პიარის აგორებას ცდილობს"

"მე ვთხოვე მოსახლეობას, მითხარით, ვინ დაგავალათ ასეთი სისულელე-მეთქი და ხმას არავინ იღებს"

გასულ კვირას სოციალური ქსელების ჰიტად იქცა პოლიტიკური ჯგუფის "სამოქალაქო პლატფორმა -ახალი საქართველოს" წევრ ლევან ხაბეიშვილის ზემო იმერეთში მოგზაურობის ამბავი. ტელემედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი სოფელ ქვემო ჭალოვანში (რომელიც საჩხერის რაიონად იყო დასახელებული) მოსახლეობის პრობლემებს სწავლობდა და "აღმოაჩინა", რომ ხალხს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში ძროხებთან, ღორებსა და ქათმებთან გადაღებულ ფოტოებს სთხოვდნენ. ერთი გლეხის ქალი კი ჩიოდა, ხელისუფლებამ ასე როგორ უნდა დამამციროს, ძროხასთან ფოტოს გადაღება მომთხოვოსო.

"კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, ხალხს ბოროტად ეხუმრებოდნენ თუ მართლა ავალდებულებდნენ, ფაქიზოსთან, ჭრელასთან ან ქოჩორა თუ ყელტიტველა ქათმებთან გადაეღოთ სელფები.

ჩვენ დავუკავშირდით საჩხერის რაიონის გამგებელ მალხაზ ბაზაძეს, რომელმაც შეიცხადა, ხაბეიშვილი ჩვენს რაიონში საერთოდ არ ყოფილა, მთის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები კი კარგა ხნის წინ მოაგვარა ჩვენმა მოსახლეობამო. არ მოვეშვი, სანამ დოკუმენტებს ჩააბარებდნენ, ცხოველ-ფრინველთან ფოტოების გადაღება მათაც მოსთხოვეს-მეთქი? თუ ვინმეს მსგავსი რამ მოსთხოვეს, ალბათ, იხუმრესო, მითხრა და მირჩია, ჭიათურის რაიონში სოფელი ზემო ჭალოვანი მოიკითხე, ეგ პოლიტიკოსი იქაურებს შეხვდაო.

ჭიათურის რაიონის გამგებელმა სულხან მახათაძემ დამიდასტურა, დიახ, ლევან ხაბეიშვილი ზემო ჭალოვანში მართლაც იყოო.

- არ ვიცი, ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლეხებმა პირუტყვთან ფოტოები უნდა გადაიღონ. შესაძლოა, მოსახლეობიდან ვიღაცამ დოკუმენტს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა, ან უარესი, რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს შავი პიარის აგორებას მნიშვნელოვანი პროექტის ან ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ.

- არასწორ ინტერპრეტაციაში რას გულისხმობთ?

- სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალში ნათქვამია, რომ სასურველია, და არა სავალდებულო, მეურნეობის, ყანა იქნება თუ ვენახი, ფოტო. სტატუსის მისანიჭებლად მთავარია 9 თვე ადგილზე ცხოვრება გიდასტურდებოდეთ და ამ ხნის განმავლობაში კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები გქონდეთ. შესაძლოა, ვინმეს სურს დოკუმენტაციას ფოტომასალაც დაურთოს. არსად წერია, რომ ძროხას, გოჭს და ხბოს უნდა სდიო ფოტოების გადასაღებად. მე ვთხოვე მოსახლეობას, მითხარით, ვინ დაგავალათ ასეთი სისულელე-მეთქი, და ხმას არავინ იღებს.

- თუმცა პოლიტიკოსის თანდასწრებით აცხადებდნენ, შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, ძროხასთან ფოტოს გადაღება მოგვთხოვესო.

- ისიც ითქვა, რომ ეგ ამბავი საჩხერის რაიონში მოხდა, ეს კი ჭიათურაა...

ზემო ჭალოვანში გლეხებსაც გავესაუბრეთ. ამბობენ, რომ ხმები, ძროხასთან ფოტოების გადაღების შესახებ ერთ-ერთმა თანასოფლელმა დაყარა.

- ჩვენებური კაცია იმ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული, რომელიც აქ ამოვიდა. სოფლის მოსახლეობა ემოციურია, უცებ წამოეგნენ ვიღაცის მაიმუნობას და დაიჯერეს, რომ ძროხასთან ფოტოს გადაღება სავალდებულოა. ისე კი, იმ პოლიტიკოსს ის ვერ გაუგია ზუსტად რომელ სოფელში და რაიონში იმყოფებოდა და ეგ ხალხის სატკივარს გაიგებს?  - ამბობენ ზემო ჭალოვანელები.

მოამზადა ეკა ლომიძემ