"სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში" - კვირის პალიტრა

"სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში"

"ძალიან დიდხანს, დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა წვიმა და სეტყვა. როგორც ჩანს, ასეთ მასშტაბებს ვერ მოერია სანიაღვრე სისტემა და წყალი სახლებში შემოგვივარდა"

"მოულოდნელად მოიღრუბლა, სიბნელე ჩამოწევა, ძლიერი ქარი ამოვარდა, თან მოჰყვა თავსხმა წვიმა და სეტყვა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოასწრო პარკის დატოვება. ისინი, ვინც პარკის იმ ნაწილში იყვნენ, სადაც აუზი და ატრაქციონებია და რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა, შეშინებულები ცდილობდნენ, მახლობელ შენობებს შეჰფარებოდნენ"

რეპორტაჟი დატბორილი ბორჯომიდან

ბორჯომის პარკის რკინის ჭიშკარზე ბავშვის ზურგჩანთა კიდია... ვიღაცას ხელჩანთა მიუტოვებია სკამზე... 4 აგვისტოს მოულოდნელმა სტიქიამ, რომლის ერთ-ერთი ეპიცენტრი ტურისტებით სავსე ბორჯომპარკიც იყო, პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, განადგურდა პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

გიორგი კაპანაძე, კაფე-ბარის თანამშრომელი: - "ბინდდებოდა და პარკი ხალხით იყო სავსე. მოულოდნელად მოიღრუბლა, სიბნელე ჩამოწვა, ძლიერი ქარი ამოვარდა, თან მოჰყვა თავსხმა წვიმა და სეტყვა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოასწრო პარკის დატოვება. ისინი, ვინც პარკის იმ ნაწილში იყვნენ, სადაც აუზი და ატრაქციონებია და რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა, შეშინებულები ცდილობდნენ, მახლობელ შენობებს შეჰფარებოდნენ.

ქარიშხალი მოგლეჯილ ხეებს მოაფრიალებდა, რასაც საშინელი ხმა ჰქონდა. მუჭისსიმსხო სეტყვა ტოტებს ამტვრევდა და ადამიანებს თავზე ეყრებოდა. მხოლოდ ჩვენს კაფე-ბარში ორასამდე კაცი შემოვიყვანეთ. რამდენიმეს სახე და ხელები დაწითლებული ჰქონდა სეტყვის დარტყმისგან. დაბნეული მშობლები შვილებს ეძებდნენ, შვილები -მშობლებს. საშინელება იყო... სტიქია კი არ ჩერდებოდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ჩვენი შენობა სახელდახელოდ მოწყობილი საზაფხულო კაფე-ბარია და არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაუძლებდა სტიქიას.

ბავშვებს პუფები ეხურათ თავზე - იმსისხო სეტყვა მოდიოდა, რომ მოხვედროდათ, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

ამასობაში ქარბორბალამ მახლობლად ხე ძირფესვიანად მოგლიჯა და გრუხუნით ჩვენკენ წამოიღო. შიშით თავზარი დაგვეცა -ხეს შეეძლო, მიწასთან გაესწორებინა შენობა... გაგვიმართლა -მოგლეჯილი ხე სხვა ხეებმა შეაკავა... ფაქტობრივად სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. დაახლოებით 40 წუთი ვიყავით ამ მდგომარეობაში. ხმები გვესმოდა, რომ პარკში მდებარე სხვა შენობებშიც იყვნენ ადამიანები და ძახილით ეძებდნენ ერთმანეთს. ამასობაში სამაშველო სამსახურები შემოვიდნენ პარკში მანქანებით და დაიწყეს ტურისტების გაყვანა".

სტიქიის შედეგად ნახევრად დანგრეულ ბორჯომის პარკს ტურისტები მაინც სტუმრობენ და წუხან, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების გამო პარკში ყველგან შესვლის უფლებას არ აძლევენ...

ვიტალი კულაკოვი, ტურისტი: "მოსკოვიდან ჩამოვედი მეგობრებთან ერთად. თბილისიდან ბორჯომში გამომგზავრება სწორედ იმ საღამოს გადავწყვიტეთ, როცა აქ უბედურება დატრიალდა. ასეთი რამ ჯერ არ გვინახავს. როცა მატარებელი ბაქანზე გაჩერდა, წარმოუდგენელი სურათი დაგვხვდა. მეორე დღეს პარკის დათვალიერება გადავწყვიტეთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილის მონახულების საშუალება მოგვცეს. სამწუხაროდ, უკვე მივემგზავრებით და გული გვწყდება, რომ ბორჯომის ცენტრალურ პარკში აუზში ვერ ვიცურავეთ და ვერ ვნახეთ გოგირდოვანი აბანოები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ისევ ჩამოვალთ. სტიქია არანაირად არ აისახა იმ შთაბეჭდილებაზე, რაც ჩვენზე საქართველომ მოახდინა".

დატბორილი სახლები და სეტყვით ამოვსებული სარდაფები -ბორჯომის მოსახლეობას ჯერ ასეთი სტიქია არ ახსოვს. ახლა უკვე წვიმას შიშით ელიან და მიზეზებში გარკვევას ცდილობენ...

ნათელა ზერეკიძე, ბორჯომის მკვიდრი: "მოვარდნილმა ღვარცოფმა სარდაფი სეტყვითა და ნაგვით აავსო. ასეთი ამბავი ბორჯომში ჯერ არასდროს ყოფილა. წუთით გამოვასწარი სტიქიას - წყალი უკვე ყელამდე მწვდებოდა და დამახრჩობდა. სეტყვანარევი წყალი ისეთი ცივი იყო, რომ გულზე მოქმედებდა. ძალიან დიდხანს, დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა წვიმა და სეტყვა. როგორც ჩანს, ასეთ მასშტაბებს ვერ მოერია სანიაღვრე სისტემა და წყალი სახლებში შემოგვივარდა.

ბანკიდან სესხი გვქონდა აღებული, დამსვენებლებისთვის გავარემონტეთ ბინები და პირველ სართულზე ყველაფერი გაგვიფუჭდა.

სტიქიის ღამეს წყლების ამოტუმბვაში ძალიან დაგვეხმარა სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ ზარალის დასათვლელად ჯერ არავინ მოსულა".

ნათელა ბენიძე, ბორჯომის მკვიდრი:

- ბოლო ორ კვირაში უკვე მესამედ დაიტბორა აქაურობა. სანიაღვრე სისტემები არ არის გამართული. ეს იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ არაფერი კეთდება. 1968 წელსაც დაატყდა თავს სტიქია ბორჯომს, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო მიზეზი - მდინარეს ჯებირები არ ჰქონდა, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, ახლა კი სანიაღვრე სისტემამ არ გაატარა ერთდროულად მოსული წყალი და სეტყვა.

კარგი ბატონო, ახლა წყლის გატარებას ხელი სეტყვამ შეუშალა, მაგრამ წინა ორ შემთხვევაში სეტყვა ხომ არ ყოფილა! ქალაქი მისახედია, უკვე ყოველი წვიმა ტბორავს.

გიორგი კამკამიძე, დამსვენებელი: - წყალი ქუჩებში დაახლოებით 60 სანტიმეტრზე მოდიოდა და თავზე 10-15 სანტიმეტრი ყინულის საფარი ჰქონდა. ჯერ სარდაფები დატბორა, შემდეგ სახლების პირველ სართულზე შემოვიდა. სამანქანო გზაც მთლიანად დატბორილი იყო.

აქვე ორი აფთიაქია, ერთ-ერთში ხალხი იყო, ბავშვებიც იყვნენ და ვერ გამოდიოდნენ. იქ ყოფნა ძალიან საშიში იყო, რადგან წყალში იდგა ყველა ელექტროხელსაწყო და გამორთვასაც ვერ ახერხებდნენ. შემდეგ შიგ მყოფმა მამაკაცმა აფთიაქის ვიტრინა ჩაამტვრია და ასე გამოიყვანეს ხალხი.

ზიზი ხუციშვილი, ბორჯომის მკვიდრი: "სამზარეულოში ვიყავი, როცა აქა-იქ სეტყვა დაიწყო, შემდეგ საშინლად იქუხა. ამას ქარიშხალი მოჰყვა და ქალაქი ისე დაიბურა, რომ შენობები არ ჩანდა. გარეთ გამოვედი, საზარელი გუგუნი ისმოდა. მეგონა, რომ მთიდან ღვარცოფი მოდიოდა. სახლის პირველ სართულზე მაღაზია მაქვს და დაცლა დავიწყე, რომ რამე მაინც გადამერჩინა და სწორედ ამ დროს შემოვარდა წყლის დიდი ნაკადი შიგნით.

გარეთ წივილ-კივილი იყო. ყვიროდნენ, -ბავშვი იხრჩობაო. იქით გავიქეცით. სარდაფში იყო საწყალი, წყალი უკვე ყელამდე სწვდებოდა. დაბნეული და შეშინებული ამოსვლას ვერ ახერხებდა. ვიღაც ბიჭმა ამოიყვანა. მაღაზიაში შეიყვანეს და პლედი შემოახვიეს".

"ეკოსისტემაში ბალანსი დარღვეულია"

რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი: - "ქალაქი თუ სხვა დასახლებული პუნქტი, უპირველესად, უნდა იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და მზად დახვდეს ბოლო პერიოდში გახშირებულ სტიქიას, მით უფრო, როცა ვიცით, რომ ნალექს მოსდევს უეცარი წყალმოვარდნა, წყლის დონის სწრაფი აწევა. ამას სჭირდება შესაბამისი გათვლები, თუ რა მოცულობის ნალექი მოვიდა, რამდენი კუბური მეტრი წამში და ამისთვის უნდა მოემზადოს ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, მით უფრო ბორჯომი, რადგან ტურისტული ქალაქია. თავისთავად, ნალექების გახშირება არ არის დაკავშირებული ხეტყის ჭრასთან და უფრო გლობალური პროცესების ნაწილია, თუმცა, ხეტყის ჭრის თვალსაზრისით, ბორჯომში სავალალო მდგომარეობაა: ბორჯომის რაიონში უკანონო ჭრის ფაქტის აღკვეთის დროს ტყის მცველს დაუწვეს მანქანა, რეინჯერი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს და მოსახლეობამ ამაზე ხმა არ ამოიღო...

ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები გვაფიქრებინებს, რომ ეკოსისტემაში ბალანსი დარღვეულია, რასაც თავის დროზე იცავდა ტყეები. საჭიროა ტყეების მიხედვა, რადგან ქვეყანას და მის ეკონომიკას სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღდგენა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ის სარგებელი, რომელსაც ხეტყის ჭრისგან იღებს. რეგიონების მოსახლეობის 90-95% ისევ შეშით თბება. ჩვენ ისევ დეგრადირებული და გაჩეხილი ტყისგან გვინდა დავაკმაყოფილოთ სათბობ რესურსზე მოთხოვნის დიდი ნაწილი. სახელმწიფო ახლა ამზადებს მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის პროგრამას. ეს პროგრამა სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს, რათა მოხდეს ალტერნატივების მოძიება და შემცირდეს ტყეების განადგურება.

მოსახლეობას წელიწადში სჭირდება 3 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი შეშა, მაშინ როცა სახელმწიფოს შეუძლია ამის მხოლოდ მეხუთედი გამოყოს. ისიც საკითხავია, ეს 600 ათასი კუბური მეტრიც რამდენად სწორად იჭრება. გამოდის, რომ ერთ კანონიერად მოჭრილ ხეზე მოდის ხუთი უკანონოდ მოჭრილი და ერთ სწორად მოჭრილ ხეზე ათი არასწორად მოჭრილი. ეს კი საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიტანს იმაზე მძიმე შედეგებს, რაც დღეს ბორჯომში გვაქვს".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა