"თუ ამ გზას გავყვებით, არასოდეს ვინანებთ"
გამომცემლობა "პალიტრა-L"-ისა და ჟურნალ "გზის" ერთობლივმა პროექტმა - "ქართული პროზის საგანძურის" მრავალტომეულის გამოცემამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში. ტრაბახად ნუ ჩაგვითვლით და, ფაქტია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ლამის ყველაფრის რიგში ვმდგარვართ, მაგრამ წიგნის რიგში მდგომი ადამიანები არავის უნახავს.

ხუთშაბათს, "საგანძურის" მეექვსე ტომი გამოვა, მრავალტომეულის შეძენის მსურველთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. მართალია, რიგში აღარ დგანან, რადგან მედიასახლმა "პალიტრამ" გაითვალისწინა საზოგადოების დაინტერესება და ტირაჟი მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ არც აჟიოტაჟი ჩამცხრალა და
არც მოლოცვები და წიგნს მოწყურებული ადამიანების ლოცვა-კურთხევა მინელებულა.


გურამ გეგეშიძე, მწერალი:
- ხალხი სიძვირის გამო ვეღარ ყიდულობს წიგნს, თქვენი პროექტით კი მკითხველის ფართო წრისთვის გახდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, "ქართული პროზის საგანძურის" გამოცემა მწერლებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ჰონორარს გვაძლევთ - 20 წელიწადია, ჰონორარი არ ამიღია.
ცალკეულ ნაწარმოებებს ბეჭდავენ, მაგრამ კაპიკსაც არ იძლევიან, რაც შეურაცხმყოფელია.

გამოდის, მწერლის შრომას ჩალის ფასი აქვს; მეორეც, თუნდაც "სტუმარი" - ნაწარმოები, რომელსაც თქვენ ბეჭდავთ, უკანასკნელად 25 წლის წინ გამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში თაობები შეიცვალა, მათ კი წარმოდგენა არა აქვთ ბევრ მწერალსა თუ ნაწარმოებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი წამოწყებაა და ყველანაირად მივესალმები. იმედი მაქვს, კარგ მწერლებს წარმოაჩენთ.

ამას წინათ თქვენი პროექტის რედაქტორს, ქალბატონ მანანა ჯანელიძეს მწერალ გივი მაღულარიას შესანიშნავი რომანი - "უკუქცევა" გავახსენე. ეს კაცი საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ იყო და თავისი განცდები ამ ნაწარმოებში გადმოსცა.

იმხანად კომუნისტებმა არ დაუბეჭდეს, მოგვიანებით მაინც დაიბეჭდა, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის მის შესახებ. იმასაც გეტყვით, რომ სოლჟენიცინის ჩანაწერებს ბევრადაც კი სჯობს. დღეს აუცილებლად მიმაჩნია მისი გამოცემა, რადგან ვფიქრობ, ამ რომანს ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ექნება.

KvirisPalitra.Geჟურნალისტი და მწერალი თემურ ჭკუასელი: - არათუ მომწონს, აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით და მე არ ვარ გამონაკლისი, - ჩემი ახლობლები და მეგობრებიც ანალოგიურად ფიქრობენ. გარდა ფასისა, "ქართული პროზის საგანძური" იმითაც გვხიბლავს, რომ თითოეული წიგნის გამოსვლა დროში არ იწელება და ყოველი თვის ბოლოს მკითხველი რამდენიმე წიგნს ასე იაფად იგდებს ხელთ.

გახსოვთ, ზღაპრებში როგორ არის? - გზაჯვარედინზე მდგომს რომ ეუბნებიან, მარჯვნივ წახვალ - ინანებ, მარცხნივ წახვალ - ინანებ, წინ წახვალ - მაინც ინანებო. თქვენმა "გზამ" (ჟურნალს ვგულისხმობ) ისეთი პროექტი შემოგვთავაზა, ყოველ ხუთშაბათს რომელ მხარესაც უნდა წავიდეთ, არასდროს ვინანებთ. მაგრამ, მას თუ არ გავყვებით, მაშინ კი ნამდვილად ვინანებთ (იღიმის).

KvirisPalitra.Ge"ქართული პროზის საგანძურზე" სასაუბროდ მწერალ რეზო ჭეიშვილს ქუთაისში დავუკავშირდით.

- ყოველდღიურობამ, ჟურნალ-გაზეთებმა, ტელევიზორმა და კომპიუტერმა წიგნი "შეჭამა", მაგრამ რაც თქვენი პროექტი დაიწყო, სასწაული მოხდა. წიგნები, რომელიც 200-300 ცალი გამოდიოდა, - არ იყიდებოდა, თქვენ 10000-15000 ეგზემპლარი გამოეცით და თვალის დახამხამებაში გაქრა ჯიხურებიდან. თქვენმა მენეჯმენტმა გაამართლა. თურმე რამდენ ოჯახს აინტერესებდა წიგნი! ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ. 

- ქუთაისში რას ამბობენ პროექტზე? - ალბათ, თქვენს წიგნსაც მოუთმენლად ელიან.
- ელიან, აბა, რა! იცით, რომ ქუთაისში წიგნის მაღაზია აღარ არის? - ყველა მაღაზია მოსპეს. ერთადერთი, თქვენი - მედიასახლ "პალიტრის" მაღაზია "ბიბლუსი" მუშაობს. იქნებ ამ პროექტმა სხვებსაც გაუჩინოს ქუთაისში წიგნის მაღაზიების გახსნის სურვილი.

"ჩვენ უმაღლესი დონის პროზა გვაქვს, ის არათუ ჩამოუვარდება ასე პოპულარულ ლათინურამერიკელ მწერალთა შედევრებს, არამედ ხშირად ჯობნის კიდეც"

ჟურნალ "გზისა" და პროექტ "ქართული პროზის საგანძურის" მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე: - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი, ძვირფასი, ლამაზი წიგნი გამოდის, ასეთი რეზონანსი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მგონი არასდროს მოჰყოლია საგამომცემლო საქმიანობას, ასეთი მასობრიობა არც ერთ პროექტს არ ჰქონია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ წიგნი, უპირველესად, ძალზე ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ყველასთვის - ჩვენი ერთ-ერთი სარეკლამო სლოგანისა არ იყოს: წიგნი უბრუნდება მკითხველს და წიგნს უბრუნდება მკითხველი, და მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საუკეთესო ქართული პროზაული ნაწარმოებების გამოცემას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ უმაღლესი დონის პროზა გვაქვს, - ვგულისხმობ არა მარტო კლასიკას, არამედ თანამედროვეობასაც.

ჩვენი პროზაიკოსების ნაწარმოებები არათუ ჩამოუვარდება, ხშირად ჯობნის კიდეც ბოლო ათწლეულებში ძალიან პოპულარული კოლუმბიელი და ლათინური ამერიკის ქვეყნების მწერალთა პროზაულ შედევრებს, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი ვართ და საკუთარი შემოქმედების საზღვარგარეთ გატანა გვიჭირს.

საერთოდ, ქართველებს და ჩვენს ლიტერატურასთან ნაზიარებ უცხოელებსაც მიაჩნიათ, რომ პირველ ყოვლისა, პოეტები ვართ. ამის გამო, ხშირად ქართული პროზა იჩრდილება. ამ დროს, ჩვენი უდიდესი პოეტების უმეტესობა იმავდროულად დიდი პროზაიკოსიც არის. ერთ-ერთი ასეთი დიდი მწერლის - ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს მკითხველი მომდევნო, მეექვსე ტომად ხუთშაბათს მიიღებს.

- ბევრი რეკავს რედაქციაში და საკუთარ აზრს გვიზიარებს პროექტზე, ბევრმა პირველი-მეორე ტომის - გურამ დოჩანაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის კრებულების შეძენა ვერ მოახერხა.

- თავიდან მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, მსურველი კი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დაბეჭდილი იყო. მედიასახლმა "პალიტრამ" ეს უკვე გაითვალისწინა და ახლა უკვე დეფიციტიც მოიხსნა, ხოლო ტომები, რომელიც მკითხველს დააკლდა, უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში, ოღონდ  იქ ფასი უფრო მაღალია - 6 ლარი.

მართალია, მრავალტომეულს პერიოდული გამოცემის რეჟიმით - ყოველ კვირას თითო ტომს გამოვცემთ, მაგრამ ამ თვალსაზრისით გაცილებით მომზადებულები აღმოვჩნდით, ვიდრე პროექტის დასაწყისში - ტირაჟის მხრივ. ასე რომ, მკითხველი "გზასთან" ერთად ყოველ ხუთშაბათს შეფერხების გარეშე მიიღებს ერთ ტომს, წლის ბოლოს კი მთელ წიგნის თაროს შეავსებს.
maia
11 აპრილი 2010 15:35
mancho
06 აპრილი 2010 20:44
"არაჩვეულებრივი წამოწყევაა,უფალი ფარავდეს ამ იდეის ავტორებს.ჩემი 18 წლის შვილი მოუტმენლად ელოდება ყოველ გამოცემას.დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ახალგაზრდების წიგნისკენ შემობრუნებისთვის"

ვუერთდები ამ სიტყვებს.
გაიხარეთ!
mancho
06 აპრილი 2010 20:44
არაჩვეულებრივი წამოწყევაა,უფალი ფარავდეს ამ იდეის ავტორებს.ჩემი 18 წლის შვილი მოუტმენლად ელოდება ყოველ გამოცემას.დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ახალგაზრდების წიგნისკენ შემობრუნებისთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები