"ყველაზე მძიმე სუიც­იდის ზარებია"
15-08-2016
"ყველაზე მძიმე სუიც­იდის ზარებია"
"ხშირად გვირეკავენ ხანში შესული მოქალაქეები და გვეკითხებიან, გათენდა თუ დაღამდა, ან რომელი საათიაო... ზოგი მარტოა და უბრალოდ ლაპარაკი სურს"

ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ძალიან ბევრი ტრაგედიის მოწმენი­ არიან. გასახსენებელიც ბევრი აქვთ, თუმცა ძალიან უჭირთ იმ ემოციების გადმოცემა, რომელიც თითოეული მოქალაქის ზარს მოაქვს. ჩვენი რესპონდენტები 112-ის თანამშრომლები არიან.

"ბოლომდე მაინც ვერ თმობენ სიცოცხლეს..."

ირინა მესაბლიშვილი, ოპერატორი: - ძალიან რთული მოვალეობა გვაკისრია. გირეკავს ადამიანი, რომელიც განსაცდელშია და შენ წამებში
უნდა დაეხმარო - მისამართი დაადგინო და მასთან­ დამხმარე ჯგუფი გაგზავნო. ეს თუ არ გამოცადე, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს 112-ის ოპერატორობა...

ყველაზე მძიმე მაინც სუიც­იდის ზარებია... არ ვიცი, რატომ რეკავენ ისინი,­ ალბათ, სიცოცხლის დათმობა მაინც უჭირთ... უკანასკნელი ასეთი შემთხვევა ივნისში მოხდა და, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა: მობილური
ტელეფონით დარეკა გოგონამ და მკითხა, ადამიანმა 100 აბი საძილე საშუალება რომ დალიოს, რა მოუვაო? შევშფოთდი. ვინმეს ხომ არ დაულევია-მეთქი, ვკითხე, არაფერი უთქვამს, ტელეფონი გათიშა. გულმა მიგრძნო, რომ ეს საეჭვო ზარი იყო. კიდევ დავურეკე­ და დალაპარაკება ვცადე - მისამართის გაგება მსურდა, მაგრამ არ მეუბნებოდა. ზოგჯერ, როცა სუიციდის განზრახვით რეკავენ, მისამართს გვეუბნებიან, მან კი არ მითხრა, ტელეფონი საერთოდ გამორთო. როგორც ჩანს, სიკვდილი­ არ ეწერა - მისი მისამართი დავადგინეთ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გავგზავნეთ. ექიმებს ახალგაზრდა ქალი უგონოდ დახვდათ, მაგრამ გადაარჩინეს. ჩემმა კოლეგამაც გადაარჩინა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა და მტკვარში გადახტომას აპირებდა. წარმოიდგინეთ, ოპერატორს მხოლოდ ერთი წუთი აქვს, ამ უმცირეს დროში უნდა დაადგინოს აბონენტის მისამართი. თუმცა,
როდესაც ასეთი ზარი შემოდის, ვცდი­ლობთ დიდხანს ვესაუბროთ, ვინაობა და კოორდინატები გავარკვიოთ, რომ როგორმე მივუსწროთ.
ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ოპერატორმა მამაკაცი საუბრით შეიყოლია და ვიდრე თავის მოკვლას გადაწყვეტდა, პოლიციამ და სამაშველო ბრიგადამ მიუსწრეს. ერთი კვირის შემდეგ იმ კაცმა დარეკა და ოპერატორს მადლობა გადაუხადა.

ბავშვები - ყველაზე საზრიანი "მაშველები"

რამდენიმე ბავშვის ამბავს მოგიყვებით, რომლებმაც შესაშური საზრიანობა გამოიჩინეს და ახლობლები სიკვდილისაგან იხსნეს. ძალიან გონიერი თაობა მოდის: მისამართსაც სწორად გვეუბნებიან და მაქსიმალურად გვეხმარებიან, ეს მაშინ, როცა უფროსებს­ აფექტის მდგომარეობაში ხშირად საკუთარი მისამართი, მეტიც, ვინაობაც კი ავიწყდებათ... ასე გადაარჩინა 11 წლის დეა გელაძემ თავისი ბებია. დეა ბებიასთან ერთად შინ მარტო იყო, როდესაც ბებია ცუდად გახდა. გოგონამ დაგვირეკა და ვიდრე მათთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდოდა, ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რაც ოპერატორმა­ უკარნახა. ხანდაზმულ ქალს წამებში­ მიუსწრეს.

7 წლის ლექსო ბოჟაძემ კი, დედა იხსნა სიკვდილისგან: ბიჭმა დაგვი­რეკა და გვითხრა, რომ დედამ მოულოდნელად გონება დაკარგა. როგორც გაირკვა, ეს ბუნებრივი აირის გაჟონვის ბრალი იყო და ვინ იცის, იქ რა მოხდებოდა...

ამ ბავშვებს "112-ის გმირის" წოდება მიანიჭეს, ლექსომ კი, საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზეც გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო მოქალაქე".

1967 წელს მოპარული მარჩენალი ძროხა

გარდა ასეთი მძიმე შემთხვევებისა, სახალისო ზარებიც შემოდის. იმ წუთებში კი ძალიან ვბრაზდებით, მაგრამ მერე გვეცინება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი რეგიონიდან მირეკავს მამაკაცი და მიყვება, როგორ მოიპარეს მისი მარჩენალი ორი ძროხა. რა თქმა უნდა, მისამართი გამოვკითხე და სანამ პოლიციას გავგზავნიდი, ვკითხე, ეს ამბავი როდის მოხდა-მეთქი? 1967 წელსო, მიპასუხა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი

ოლიკო გვენეტაძე, ოპერატორი: - ძალიან ხშირია ოჯახური კონფლიქტის გამო შემოსული ზარები. ასეთ დროს, ძირითადად, მეზობლები რეკავენ, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი თავად ახერხებს დარეკვას.­

ერთი ფაქტი უნდა გავიხსენო, რომელიც დამამახსოვრდა:
ქალმა დარეკა, ძლივს ლაპარაკობდა, ყურმილში კი, ბავშვების წივილ-კივილი, მამაკაცის ლანძღვა-გინებისა და ნივთების მტვრევის ხმა ისმოდა. შეშინებული ქალი მისამართსაც ვერ მეუბნებოდა. ვთხოვე, ტელეფონი ჩართული დაეტოვებინა და ჩხუბის დროს, ისე, რომ მეუღლე ვერ მიმხვდარიყო, როგორმე თავისი მისამართი ეთქვა.

ასე გავარკვიეთ ამ ოჯახის ადგილმდებარეობა და სასწრაფოდ პოლიცია გავუშვით... რომ არ მივშველებოდით, ალბათ, ეს ინციდენტი ცუდად დამთავრდებოდა... მქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირიქით, ქალი ძალადობდა მამაკაცზე.

"ქალს დაჭრილი მამაკაცი გზაზე გადაუხტა..."
კიდევ ერთი ზარი მახსენდება: დარეკა ახალგაზრდა ქალმა - დაჭრილი მამაკაცი გზაზე გადმომიხტა და მთხოვა, მანქანაში ჩამსვიო.
ქალს შესცოდებია უცნობი და სამედიცინო პუნქტამდე მისაყვანად მანქანაში ჩაუსვამს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ვიღაცებს უცემიათ და მანქანით უკან მისდევდნენ...

შეშინებული ქალი თან მანქანას მართავდა და თან ტირილით ცდილობდა, ადგილმდებარეობა აეხსნა... ვიდრე პოლიციელები იმ ადგილამდე მივიდოდნენ, ტელეფონით ვამშვიდებდი... საბედნიეროდ, ის ქალი ხიფათს გადაურჩა.

112-ის ექიმი იდგა ტუმბოზე და "ავადმყოფს" ფარდას უკიდებდა"


სოფო ალექსიძე, 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: - ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 20 000 ზარი შემოდის­ და აქედან მხოლოდ ნახევარია გადაუდებელი შემთხვევა. დანარჩენი ზარები­ არამიზნობრივია.

ხშირად გვირეკავენ ხანში შესული მოქალაქეები და გვეკითხებიან, გათენდა თუ დაღამდა, ან რომელი საათიაო... ზოგი მარტოა და უბრალოდ ლაპარაკი სურს. ამბობენ, რომ წნევა აქვთ, ცუდად არიან, მიდიან ექიმები და არაფერი სჭირთ.

ამას წინათ მოქალაქემ დარეკა, მასთან ექიმები მივიდნენ და აღმოჩნდა, რომ ფარდის დაკიდება სურდა... სამახსოვრო სურათიც გადაიღეს: 112-ის ბრიგადის ექიმი იდგა ტუმბოზე და "ავადმყოფს" ფარდას უკიდებდა. ერთ-ერთს საკაბელო ტელევიზია გაეთიშა და გვირეკავდა, როგორმე დამაკვალიანეთო. ხშირად გვირეკავენ, რომ ფული არა აქვთ და ძალიან სჭირდებათ...

არსებობს მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებსაც "ქრონიკები" დავარქვით, ისინი დღე-ღამეში 400-500-ჯერ რეკავენ ცენტრში. გვეუბნებიან, რომ ხანძარია, მეზობელი ცუდად არის ან ქუჩაში ჩხუბია... წინასწარ ვიცით, რომ ცრუ განგაშია, თუმცა არა გვაქვს უფლება, საგანგებო სამსახური არ გავუშვათ...

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც 112-ში არამიზნობრივად ვრეკავთ, შესაძლოა, დაკავშირების შესაძლებლობას ვართმევთ იმათ, ვისაც დახმარება მართლა სჭირდებათ და ყოველი წამი გადამწყვეტია. ამიტომ ყველას გთხოვთ, 112-ზე მხოლოდ მაშინ დარეკეთ, როდესაც აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე
ხათო
23 სექტემბერი 2016 12:18
მადლობა 112 ს ასევე პატრულს )
bibi
20 აგვისტო 2016 12:16
გამოსავალი არსებობს ეს სიცოცჰლე

რედაქტორის რჩევით