"ცის გმირები" - როგორ გადაარჩინა თვითმფრინავში ქართველი ექიმების თავგანწირვამ ორი სიცოცხლე
"ცის გმირები" - როგორ გადაარჩინა თვითმფრინავში ქართველი ექიმების თავგანწირვამ ორი სიცოცხლე
მამუკა ხურციძე: "მგზავრები სიხარულით ტიროდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ ფეხმძიმე გოგონას გადარჩენას. ეს საოცარი განცდა იყო..."

ახლახან ერთ-ერთ თვითმფრინავში ქა­რ­თ­ველი ექიმების საქციელი მგზავრების საყოველთაო აღტაცების საგანი გახდა. მათ ფეხმძიმე ქალი გადაარჩინეს...
ამ ამბით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ერთმა მგზავრმა, "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელმა­ ლედი ტუკვაძემ "ფეისბუკში" დაწერა:

"რომიდან მოვფრინავ. სულ რაღაც ერთი საათი დარჩა თბილისამდე... ჩემი აკვიატებული ფიქრი, რომ აუცილებლად ჩამოვვარდებით, ნელ-ნელა ჩაცხრა, დაღლილობამაც იმოქმედა და რამდენიმე წუთით ძილმა წამიღო... თუმცა შეკივლების
არანორმალურმა ხმამ გამომაღვიძა. ჩემ უკან სავარძელში ფეხმძიმე გოგონა მძიმე მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, კვდებოდა... ჩემდა გასაკვირად, სტიუარდესებიც ისტერიკაში იყვნენ და გოგოსთან ახლოს არავის უშვებდნენ. საწყალი გაითიშა და ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენი ექიმები გოგონასთან მიუშვეს. მათ ძალიან იყოჩაღეს და შედეგად ორი სიცოცხლე გადარჩა... ძალიან ამაყი ვიყავი იმ
წუთებში, რადგან ქართველი ექიმები "ცის გმირები" გახდნენ და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს".

"კვირის პალიტრამ" ამ ამბის მთავარ გმირს, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო­ მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრის კარდიოლოგს, მამუკა ხურციძეს მიაკვლია და დეტალების გახსენება სთხოვა:


- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,­ ასეთ რამეს ექიმები ხშირად ვაკეთებთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს თვითმფრინავში არ ხდება... ამ ამბავს სხვებიც შეესწრნენ და აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოეს...
ექიმთა ჯგუფი რომში ჩვენს თანამემამულეებს შევხვდით და ათენი-თბილისის რეისით საქართველოში ვბრუნდებოდით... თვითმფრინავში განწირულმა ხმამ შეგვაფხიზლა. გაირკვა, რომ ფეხმძიმე ქალი ცუდად გამხდარიყო. დიდი ჩოჩქოლი ატყდა... რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი რეაქცია ის იყო, რომ გოგონას დავხმარებოდით, თუმცა ბერძენი სტიუარდესები გაჯიუტდნენ და მასთან მიახლოების უფლება არ მოგვცეს.
"ღვედები არ შეიხსნათ და ადგილიდან არ ადგეთ!"­ - გვეუბნებოდნენ მკაცრად. მოკლედ, ეს ლამაზი სტიუარდესები კაი მაგარი წუნკლები აღმოჩნდნენ (იცინის).­ მათ ფეხმძიმე გოგონას ჟანგბადის ბალონი­ მიუტანეს, ის კი უფრო ცუდად გახდა, ფაქტობრივად, გაითიშა...
ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ლედი ტუკვაძემ მართლაც­ ივაჟკაცა, სტიუარდესებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიეშვათ ქართველი ექიმები­, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგზე პასუხს აგებდნენ... მოკლედ, დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ გაიცა ბრძანება, ფეხმძიმე გოგონას დავხმარებოდით. მე კარდიოლ­ოგი ვარ და პაციენტთან პირველი მივედი. წნევა გავუსინჯე, რომელიც თითქმის აღარ ჰქონდა.

გულის წნევა 20-მდე იყო დასული, სასწრაფოდ წამოვაწვინე, რომ სისხლი თავისკენ წასულიყო, თუმცა ამანაც არ უშველა. მერე ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, გულის მასაჟი... აშკარა იყო კოლაფსი. ტვინში ჰიპოფსია იმაზე ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. პაციენტი არ იყო კონტაქტური, ტუჩები გალურჯებული ჰქონდა.

ვინაიდან ფეხმძიმედ იყო, მისთვის ინიექციის გაკეთებაც არ იყო სახარბიელო. მოკლედ, ხანგრძლივმა გულის მასაჟმა და ხელოვნურმა სუნთქვამ ამქვეყნად მაინც მოაბრუნა - გოგონაც გადარჩა და ნაყოფიც... მგზავრები სიხარულით ტიროდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ გოგონას გადარჩენას. ეს საოცარი განცდა იყო...

- ვინ იყო ეს გოგონა?
- ამერიკის მოქალაქე ქართველი აღმო­ჩნდა. ათენში დასა და დედას ჩააკითხა და ყველანი საქართველოში ბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს, ფეხმძიმე გოგონამ მგზავრობა და წნევის ცვალებადობა ვერ აიტანა.

- კარგია, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. ალბათ, თქვენით ჯიუტი სტიუარდესებიც აღფრთოვანდნენ...

- კი, ასე იყო. იმ წუნკალი ლამაზმანების მადლობაც დავიმსახურეთ.

- ისიც გვითხარით, იტალიაში ქართველ თანამემამულეებთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
- საპორტო ქალაქია ბარი, სადაც ქართველები მრავლად არიან - 13 000 ქართველი ლეგალურად ცხოვრობს. ბარი­ში პირველადი სამედიცინო დახმარება არალეგალებისთვისაც კი უფასოა, თუმცა ყველგან ასე არ არის, მაგალითად, ათენში­ ეს წარმოუდგენელია... ბარიში მეგზურობა გაგვიწია ოჯახის ექიმმა, რომელსაც ფართო პროფილის კლინიკა აქვს. პალესტინელი გახლავთ, გვერდით კი, ჰოლა­ნდიელი ებრაელი ედგა. სასწაული ის იყო, რომ პალესტინელი და ებრაელი ერთად გვიწევდნენ მასპინძლობას და ერთმანეთის მეგობრები იყვნენ... ჩვენი თანამემამულეები საქართველოდან ჩასულებთან საუბარს დანატრებული არიან. მათ სამშობლოს უსაშველო მონატრება არ ასვენებთ და დაბრუნება უნდათ. ემიგრანტის ხვედრი ძალიან მძიმეა... ერთმანეთს სწორედ ამ განცდით დავცილდით.

თამუნა
22 სექტემბერი 2016 15:14
დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ექიმები გვყავს, მაგრამ ყველა ერზე ნაკლებად ვცემთ პატივს, იმიტომ რომ ექიმების გაკრიტიკება, გალანძღვა, უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს.
ბექა -s
21 სექტემბერი 2016 20:36
ჯერ საქმეში უნდა გაერკვიოთ,ჯერ ერთი ოსრულის მგზავრობა პირველი ტრიმესტრი არ შეიძლება ვიდრე მერე,ძალიან ბევრი შემთხვევაშო რომ თვითმფრინავში გაუჩენით,თუ ორსულს არაფერი ჭირს ნებას რთავს ექიმი
nino
13 სექტემბერი 2016 06:20
მე ვიცი უფლებას აძლევენ 7 თვიანებსაც 8 თვიანებსაც და მე 9 თვეში მყოფებსაც. ასე რომ სულაც არ არი გასაკვირი
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები