"შავი სახე ჰქონდა, არაბუნებრივად დიდი და მანათობელი თვალები..." - პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ჰალუცინაცია?! - კვირის პალიტრა

"შავი სახე ჰქონდა, არაბუნებრივად დიდი და მანათობელი თვალები..." - პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ჰალუცინაცია?!

"მსგავსი შემთხვევების პარანორმალური მოვლენების რანგში აყვანა დიდი შეცდომაა, რადგან ამ მოვლენის ზებუნებრივი არსების იარლიყით განხილვამ, შესაძლოა, მასობრივი ჰალუცინაცია და საყოველთაო ისტერია გამოიწვიოს, თავისი უკიდურესი გამოვლინებებით"

კუმისი, კოდა, ღოუბანი, ბორბალო, წერაქვი, ბოლნისი, ასურეთი, ჯორჯიაშვილი და თეთრი წყარო - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც მოსახლეობის მტკიცებით ე.წ. მოჩვენება უკვე ერთი თვეა, ღამღამობით მოსახლეობის მყუდროებას არღვევს. "კუმისელ მოჩვენებაზე" უკვე არაერთი ლეგენდა დადის. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" წინა ნომრებშიც ვწერდით. თითქმის ყველა იდენტურ ისტორიებს ჰყვება და დაუდგენელ პირსაც ერთნაირად აღწერს.

გასულ კვირას რედაქციაში თეთრი წყაროს რაიონში მცხოვრებმა ქალმა დარეკა, გვთხოვა მათთან ჩასვლა და მთელი ღამით დარჩენა, რათა ჩვენი თვალით გვენახა აქამდე მოსმენილ - გაგონილი... ჩვენი გადამღები ჯგუფი იმავე საღამოს გაემგზავრა.

როგორც ხალხმა გვითხრა, წინაღამეს ერთ-ერთი სახლის სახურავზეც შეუნიშნავთ... იმ იმედით, რომ ამ ამბების "მთავარ გმირს" ჩვენც გადავაწყდებოდით, მთელი ღამე რაიონში გავატარეთ. შებინდებისთანავე ქუჩაში კაციც კი არსად ჭაჭანებდა. არადა, საღამოობით ქუჩები და ცენტრალური პარკი დამსვენებლებით უნდა ყოფილიყო სავსე... ერთი სიტყვით, წინასწარ მომარაგებული რამდენიმე ფარანი თუ ვიდეოგადამღები გავამზადეთ და იმის მოლოდინით, რომ რაღაცას დავაფიქსირებდით, უბან-უბან დავიწყეთ სიარული... ბოლოს ცენტრში, პოლიციასთან გავჩერდით. თუ გამოძახებაზე გავიდოდა საპატრულო ეკიპაჟი, უკან გავყვებოდით, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვნახეთ.

უჩვეულო სიჩუმეს პერიოდულად ძაღლის ყეფა არღვევდა. რაიონის ცენტრში მიტოვებული შენობებიც დავათვალიერეთ, მაგრამ... იმ ღამემ თეთრი წყაროში მშვიდობიანად ჩაიარა. იქაურობა მეორე დღეს, ნაშუადღევს დავტოვეთ.

გზად რამდენიმე სოფელში შევიარეთ და იქაც მსგავსი ამბები მოვისმინეთ. სოფელ ღოუბანში მცხოვრები ჯანგებაშვილების ოჯახში კი ერთი ღამე სპეცრაზმსაც გაუთენებია.

მედეა ჯანგებაშვილი, ღოუბანის მკვიდრი: "წინა დღეებში ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა გაურკვეველი არსება და საშინელ ხმებს გამოსცემდა. დავრეკეთ "112"-ში, მოვიდნენ პატრულისა და სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი და გათენებამდე ჩვენთან დარჩნენ. მათაც გაიგონეს უცნაური ხმები, მაგრამ ვერავინ დაინახეს. მას შემდეგ "მოჩვენება" ჩვენთან აღარ გამოჩენილა, თუმცა სხვა უბნებში შენიშნეს".

ამავე სოფლის მკვიდრია ბელა აბელოვა, რომელმაც გასულ კვირას ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახალგაზრდა ქალი სტაციონარში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, რისი მიზეზიც მისი სახლის ფანჯარასთან მდგარი უცნაური არსება გახდა.

ბელა აბელოვა, ღოუბანის მკვიდრი: "რამდენიმე დღის წინ ოჯახში სტუმრები გვყავდა და ეზოში გავშალეთ სუფრა. ღამის 10 საათი იქნებოდა, შინ შემოვედი, სამზარეულოში ბავშვებს ვაჭმევდი. მერე საძინებელში გავედი, ფანჯარა უნდა დამეკეტა. ის იყო, ფარდა უნდა გადამეწია, რომ ფანჯარასთან შავი სილუეტი შევნიშნე... თვალებს არ დავუჯერე და კარგად დავაკვირდი. ისიც უფრო ახლოს მოიწია და ხელთ შავებში გამოწყობილი უცნაური არსება შემრჩა. შავი სახე ჰქონდა, არაბუნებრივად დიდი და მანათობელი თვალები... შიშისგან ერთ ადგილას გავიყინე. მარტო დაყვირება მოვასწარი და ოთახიდან გავვარდი. კივილზე ჩემი მეუღლე და სტუმრები შემოცვივდნენ. მეტყველების უნარი დავკარგე და გავითიშე... ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს, მაპატიეთ... მერე ბავშვები აყვირდნენ, ფანჯრის უკან ვიღაც არისო. მაშინვე გარეთ გაცვივდნენ კაცები. ფეხის ხმა გაიგონეს, გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მე საავადმყოფოში გადამიყვანეს და მთელი ღამე გადასხმებს მიკეთებდნენ. ახლაც ნევროპათოლოგის დანიშნულებით ვმკურნალობ... აქამდე არაფრის მეშინოდა, მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვარ, დაღამების მეშინია".

"მოჩვენებაზე" ლაპარაკობენ ბოლნისელებიც. მათი თქმით, იმავე აღწერილობის არსება, რომელიც ოჯახებს დაუპატიჟებლად სტუმრობს, ადგილზე ნაცარს ტოვებს. აქაურები ფიქრობენ, რომ ამით იმ სახლებს ინიშნავს, სადაც ერთხელ უკვე იყო.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არაერთი ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ ის ე. წ. რეიკია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უნახავთ. ერთი მომხმარებელი კი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: "შიდა ქართლის ტერიტორიაზე ნავთობის დიდი საბადოა და ვიღაც ან ვიღაცები ხელოვნურად ქმნიან პარანორმალური მოვლენების სურათს, რადგან სურთ მოსახლეობას დაატოვებინონ სოფლები და ხელში ჩაიგდონ უზარმაზარი საბადო. რამდენიმე წლის წინ სოფელ კუმისში ვითომ ხანძარი რომ გაჩნდა და მთელი სოფელი გადაიწვა, ეს არ გაეჭვებთ? სოფელში ერთდროულად ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და ცეცხლი წამებში მოედო იქაურობას..."

ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა და იმაზე საუბარი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკვე ერთი თვეა ამ სოფლების მოსახლეობა ყოველ შებინდებას შიშით ხვდება. ხალხი პანიკაშია, ამ ყველაფერს კი, დასასრული არ უჩანს.

"ეკლესია აღიარებს დაცემულ ანგელოზთა სამყაროს"

აღნიშნული მოვლენის შეფასებისგან თავს იკავებენ სასულიერო პირები, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ არსებობს ბოროტი ძალა, რაც ლოცვით უნდა განიდევნოს.

ლევან ალადაშვილი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარი: - "ამ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ეკლესია აღიარებს დაცემულ ანგელოზთა სამყაროს, რომლებიც ყველა ხერხსა და ღონეს ხმარობენ, ადამიანები დააბრკოლონ, ღმერთს ჩამოაშორონ და შეაშინონ. იყო ერთი ამერიკელი ქრისტიანი მოღვაწე, რომელმაც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით არაერთი სტატია დაწერა. ერთ-ერთში წერს, - თუ შუა საუკუნეების ეპოქაში ადამიანს ბოროტი გველეშაპის სახით აშინებდა, თანამედროვე ეპოქაში ბოროტი თავისი მეთოდებით ადაპტირდა და მან სხვა ფორმა მიიღოო.

თითოეული ქრისტიანის სულიერი მოღვაწეობა გადის უხილავ ბოროტთან ბრძოლას. ხილულად გამოცხადების შემთხვევებიც ყოფილა 90-იან წლებში, მაშინ, როცა უცხოპლანეტელების თემა აქტიურად განიხილებოდა საზოგადოებაში, მოსახლეობა ღამით, ავტომობილის ანთებულ ფარებს რომ დაინახავდა, მფრინავი თეფში ეგონა... როცა ასეთი შიში ითესება უხილავი ძალის მიერ, რაც ფობიასა და პანიკაში გადადის, ყოველთვის უნდა ახსოვდეს ადამიანს, რომ ღმერთი ყველგან მყოფია, მის გვერდითაა და პირჯვრის გადაწერით, ყველანაირი ბოროტი ძალა დამარცხებული იქნება. თუ შიშს ლოცვით ჩავანაცვლებთ, ვერანაირი ბოროტი ვერ მოგვერევა. "

"ბრბოს ფსიქოლოგიაში ყველაზე საშიში მისი მგრძნობელობაა შთაგონების მიმართ"

პარანორმალურ მოვლენებს გამორიცხავს ფსიქოლოგი თამარ ბალიაშვილი:

- შესაძლოა, ფსიქიკურად დაავადებული პირი იპარება ოჯახებში. არ არის გამორიცხული, რომ მიმბაძველობითა და შთაგონებით, მსგავსი პრობლემის მქონე რამდენიმე პირი გაერთიანდა ერთი აკვიატებული იდეის გარშემო. შესაძლოა, ეს იყოს მასობრივი ისტერიაც, რომელსაც საფუძვლად უდევს დაუცველობისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების შიში. მსგავსი შემთხვევების პარანორმალური მოვლენების რანგში აყვანა დიდი შეცდომაა, რადგან ამ მოვლენის ზებუნებრივი არსების იარლიყით განხილვამ, შესაძლოა, მასობრივი ჰალუცინაცია და საყოველთაო ისტერია გამოიწვიოს, თავისი უკიდურესი გამოვლინებებით. პოლიციამ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას. მოსახლეობას დარღვეული აქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა, რაც სხვადასხვა ჰალუცინაციას იწვევს.

მასობრივი ფსიქოზი ფსიქიკური ეპიდემიაა, რომლის საფუძველი მიმბაძველობაა. კონკრეტული ქცევა ვრცელდება შთაგონებითა და თვითდარწმუნებით. მასობრივი ფსიქოზი, რომელსაც მასობრივ ჰალუცინაციასაც ეძახიან, ახასიათებს ადამიანთა დიდ ჯგუფს და გარკვეული პერიოდულობით დიდ მასშტაბს იძენს. ამის შემდეგ ადამიანები კარგავენ განსჯის უნარს და იპყრობთ სუბიექტური, მიკერძოებული აზრი. მასობრივი ფსიქოზის უკიდურესი გამოვლინებაა მასობრივი ისტერია. მასობრივი ფსიქოზი მოიცავს არაკოლექტიური ქცევის მასობრივ ფორმას, ანუ ბრბოს, ბრბო კი მოკლებულია რაციონალურ განსჯას. ბრბოს ფსიქოლოგიაში ყველაზე საშიში მისი მგრძნობელობაა შთაგონების მიმართ. ყველა შემთხვევაში ბრბოს შთაგონების წყაროა ილუზია. სწორედ ეს ილუზია თრგუნავს კრიტიკის უნარს. ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ცრუ სურათი და გაუზიარონ სხვებს. ზოგჯერ ასეთ ბოდვით იდეას იზიარებს ადამიანთა დიდი ჯგუფი და ასეთ დროს ჭეშმარიტების პოვნა ძალიან რთულდება.

"ეს არსება ნეგატივითა და შიშის ემოციით იკვებება"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასტროლოგიისა და ეზოტერიკის სკოლის დამფუძნებელი თორნიკე ბიძინაშვილი ამ მოვლენებზე საუბრობს. ამბობს, რომ ე.წ. კუმისელი მოჩვენება ადამიანის მსგავსი არსებაა, რომელიც სხვა განზომილებიდან გადმოდის და იმაზე მეტად განვითარებულია, ვიდრე ჩვენ, რიგით მოკვდავებს წარმოგვიდგენია. ამტკიცებს, რომ ეს არსება იკვებება ნეგატივითა და შიშის ემოციით. რატომ ვერ ჩავიდა პარანორმალურ მოვლენათა კვლევის ცენტრი ამ სოფლებში და რატომ არ შეისწავლა ვითარება?

ბიძინაშვილის თქმით, კვლევისთვის ვიდეოკამერებისა და დეტექტორების დამონტაჟებაა საჭირო, რაც საშუალებას მისცემთ, დაადგინონ, რასთან აქვთ საქმე. ამისთვის კი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვენ...

"კვირის პალიტრა" თორნიკე ბიძინაშვილს დაუკავშირდა: - ყოველივე შეუცნობელი, რასაც დღეს ახსნას ვერ ვუძებნით, რეალურად არსებობს, ოღონდაც დროს იმდენად უსწრებს, რომ დაუჯერებელი გვეჩვენება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მფრინავი ხალიჩების არსებობა ადამიანს ზღაპარი რომ ეგონა, მაგრამ ჩვენს დროში აღმოჩნდა, რომ მფრინავი ობიექტით ცაში ქროლა სავსებით შესაძლებელი ყოფილა. როგორც თეორეტიკოსი ფიზიკოსი მეცნიერები ამბობენ, ადამიანები ჩვენ გარშემო მოვლენების მხოლოდ 10%-ს ვხედავთ, დანარჩენი არსებობს, მაგრამ ჩვენთვის უხილავია. აი, სწორედ ამ პარალელური სამყაროდან გადმოდიან ჩვენთან ის არსებები, რომლებიც შიშს გვგვრიან და ამ ენერგიით იკვებებიან... გული მწყდება, რომ ჩვენი ცენტრი კუმისში ვერ ადის, სადაც ე.წ. მოჩვენებამ ლამის მთელი სოფელი აყარა. ზეპირად რა ვთქვათ? თუ ხალხის მონათხრობს დავეყრდნობით და დავიჯერებთ, რომ ეს არსება წარმოუდგენელ სიმაღლეზე ხტება, ტყვია არ ხვდება და ა.შ., ის მართლაც პარანორმალური მოვლენა უნდა იყოს. სპეციალურმა ხელსაწყომ უნდა დაადგინოს პარანორმალური მოვლენის არსებობა და მხოლოდ მერე შეიძლება მისი შეფასება. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ჩვენთან ეს სფერო აუთვისებელია, მსოფლიოში კი პარანორმალური მოვლენების შესწავლაში დიდი ფული იდება...

მოამზადა თორნიკე ყაჯრიშვილმა