"არ შეიძლება რუსეთს უღიტინო. ვერ მიხვდა ეს ხალხი - ჰიტლერმა და ნაპოლეონმა ვერ მოუგეს რუსებს"
15-08-2016
"არ შეიძლება რუსეთს უღიტინო. ვერ მიხვდა ეს ხალხი - ჰიტლერმა და ნაპოლეონმა ვერ მოუგეს რუსებს"
"ბიძინა ივანიშვილს არასოდეს ვუღალატებ"

"არც ევროკავშირი მინდა, არც ნატო. ნუ მატყუებენ, არავინ ნატოში არ შეგიშვებს. სანამ აფხაზეთი და ცხინვალი არ დაბრუნდება, ნატო არ აიკიდებს პასუხისმგებლობას და პრობლემას არ შეიქმნის"

"მე ჩემი ადათ-ჩვეულება მაქვს, ჩემი წესები, უცხოელი რომ ჩამოდიოდა, მას მოსწონდა. ახლა უნდათ, საფრანგეთმაც, გერმანიამაც, ამერიკამაც, ინგლისმაც და მეც ერთნაირად ვიცხოვროთ. ასე არ გამოვა!"


რუსთაველის თეატრის მსახიობ სოსო ლაღიძეს კარგად იცნობს ქართველი საზოგადოება. მას რამდენიმე ათეული როლი აქვს განსახიერებული თეატრის სცენაზე
თუ კინოში. მიაჩნია, რომ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და გასახსენებელიც ბევრი აქვს.

"რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზრდებოდი"


- მამაჩემი 32 წლის ასაკში დახვრიტეს,­ 1937 წელს. ომის დროს დედაც გარდაიცვალა, ერთხანს მამიდა მზრდიდა, უკვე სკოლის პერიოდიდან ბიძაჩემის, მამაჩემის ძმის, კომპოზიტორ რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზ­რდებოდი, სადაც შესანიშნავი ადამიანები გვსტუმრობდნენ...
როდესაც წამოვიზარდე, რეზოს სანადიროდაც დავყვებოდი, მასთან ერთად იყვნენ ხოლმე არჩილ ჩხარტიშვილი, ბიძინა კვერნაძე, პეტრე გრუზინსკი...

ძველი "მოსკვიჩით­" დავდიოდით, "ჭიჭიკოს" რომ ეძახდნენ. ერთხელ მოულოდნელად მანქანა გააჩერა და სიგარეტის ქაღალდზე დაიწყო ნოტების მოხაზვა... "თბილისოს" დაწერის მომენტშიც ერთად ვიყავით, თბილისის 1500 წლისთავს­ მიუძღვნა ეს სიმღერა.
- თქვენ თუ მღერით?
- ზოგჯერ სუფრაზე მეგობრებს ბანს შევაპარებ ხოლმე. რეზო ლაღიძე მოქეიფე­ კაცი იყო, მაგრამ თუ მუსიკას ჩაუჯდებოდა, მთელი დღე წერდა და წერდა, ინსტრუმენტს აღარ შორდებოდა... ერთ ოთახში გვეძინა მანამ, სანამ იქორწინებდა. იმხანად ტელმანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ერთ დღეს რეზო შინ მოვიდა, უბიდან თინა შატბერაშ­ვილის ფოტო ამოიღო და მაჩვენა, მოგწონსო? ძალიან მომეწონა. მეორე დღეს იქორწინა. შესაბამისად, მეორე დღეს გადავბარგდი სხვა ოთახში. თინას 2 მცირეწლოვანი შვილი მოჰყვა - იდა და სოსო. რეზომ ამაგი დასდო მათ, გაზარდა, შეიყვარა. თინა არაჩვეულებრივი ქალი იყო. მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე. მეც ძალიან მიყვარდა. ლელა რომ შეეძინათ, უკვე სკოლას ვამთავრებდი.

მახსოვს, რეზო როგორ მოვიდა სამშობიაროდან, ამბობდა, გოგო გაჩნდა მაინცდამაინცო, ბიჭი უნდოდა, მაგრამ მერე ჭკუას კარგავდა ლელაზე...


"რობიკომ ააყვ­ავა რუსთაველის თეატრი"

- ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა. ურიგოდაც არ ვთამაშობდი - ერთ გუნდში ვიყავით მე, მიშა მესხი და სერგო კოტრიკაძე. მოგვიანებით ჯერ მიშა, შემდეგ სერგო თბილისის "დინამოში" გადაიყვანეს, მე კი, სწორედ იმ პერიოდში ფეხი მომტყდა და საფეხბურთო კარიერაზე ოცნება შევწყვიტე. მაშინ სპორტსმენებს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ლიმიტი ეძლეოდათ. ქალბატონმა თინამ იაქტიურა: ამ ბიჭს თეატრი უყვარსო. ბიძაჩემმა თავის მეგობრებთან, კაკო დვალიშვილსა და მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა. შემხედეს, მოვეწონე, კარგი შესახედაობის ვიყავი, გაბრწყინებული თვალებით. მომამზადეს და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ კი, რუსთაველის თეატრში მოვხვდი... ეროსი მანჯგალაძემ მომკიდა ხელი, მამობილივით იყო. რომ არ გესწავლა კაცობა, დაფასება, გატანა, ურთიერთგაგება სხვაგვარად არ შეიძლებოდა. რუსთაველის თეატრმა ბევრი რამ მომცა - არა მხოლოდ პროფესიაში.

ამ თეატრში ყველა რეჟისორთან ვარ ნამუშევარი. ბოლოს რობიკო სტურუასთან მოვხვდი ისეთ სპექტაკლებში, რომლებითაც მსოფლიო შემოვიარე. რობიკომ ააყვ­ავა რუსთაველის თეატრი.

- თქვენ და რობიკო სტურუა, როგორც ვიცი, ერთხანს მეზობლებიც იყავით.
- ჩემი მეუღლე იყო რობიკოს მეზობელი. ქიაჩელის ქუჩაზე #5-ში ცხოვრობდნენ მაშინ. ძალიან შემიწყო ხელი რობიკოს დედამ, დეიდა ცუცამ, და ძია რობერტმა, რობერტის მამამ. ხომ იცით, სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, ოჯახიც შეიქმნა. ახლა მყავს შვილები, შვილიშვილები.

"ყველაზე თბილად "ცხელი ძაღლიდან" მიხსენებენ"



- კინოში 1957 წელს გადამიღეს პირველად - "საბუდარელ ჭაბუკში" ვალიკოს ვასახიერებდი... მერე "ლონდრეში" გაბრიელი ვითამაშე. მისი სცენარი ოთარ ჭილაძემ შექმნა და რა გასაკვირია, რომ ასეთი სცენარითა და მსახიობთა გუნდით ფილმმა აღიარება მოიპოვა. მერეც ბევრ ფილმში გადამიღეს, ყველაზე თბილად მაყურებელი "ცხელი ძაღლიდან" მიხსენებს. ალბათ, ეს არის სერიალის ძალა...

ახლახან სტალინის როლი შევასრულე კიევში მცხოვრები რუსი რეჟისორის ვლადიმირ საველევის ფილმში. ბერიას ირაკლი მაჭარაშვილი ასახიერებს. საერთოდ, კრიტიკული ვარ, მაგრამ კარგი სახე გამოვიდა იოსებ ლაღიძის იოსებ სტალინი.

ახლა ნიუ-იორკში ფესტივალზე გადის ფილმი, მოსკოვშიც მიდის მოლაპარაკება, რომ გაიყიდოს. მე მამა 1937 წელს დამიხვრიტეს, მაინცდამაინც სტალინს არ აუღია კალმისტარი და არ უბრძანებია, გიორგი სიმონის ძე ლაღიძე დახვრიტეთო. ისეთი რეჟიმი იყო, ერთმანეთს ასწრებდნენ დაბეზღებას.­ ამ ცოტა ხნის წინაც იყო ასეთი სიტუაცია -სააკაშვილის რეჟიმს ვგულისხმობ. ერთმანეთი როგორ დაესმინათ, სულ იმაზე ფიქრობდნენ. მაშინაც და შემდგომაც ღმერთმა გადამარჩინა.

"ჩემს დროსაც იყვნენ "ასეთები", მაგრამ დემონსტრაციებს არ მართავდნენ"

ბევრი რამ არ მომწონდა წინა ხელისუფლებისა. გეგონებოდა, რომ აშშ განაგებდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებას... მახსოვს, ცეკას მეორე მდივანი იყო მომაგრებული მოსკოვიდან და ის არ ესწრებოდა ამდენ თათბირს, როგორც ახლა - კელი. კელის გარეშე არაფერი ხდება. რატომ უნდა მასწავლოს მე ამერიკელმა ან ევროპელმა, ლობიო როგორ ვჭამო სახლში, ან ცოლს როგორ მოვუარო?! რატომ უნდა დავუჭირო მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას? ამერიკას ერთი სული აქვს, რომ საქართველომ მიიღოს ეს კანონი და კონსტიტუციაში ჩაწეროს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკანონდეს! ჩემს დროსაც იყვნენ "ასეთები", მაგრამ დემონსტრაციებს არ მართავდნენ. თავიანთ სახლში რაც უნდათ, ის ქნან.

აშშ-ში ორჯერ ვარ ნამყოფი, არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, აი, ადმინისტრაცია კი სადაც შევიდა, ყველგან ომი და არეულობა დაიწყო.

- თქვენი აზრით, მეზობელ რუსეთთან როგორი პოლიტიკა უნდა გვქონდეს?

- არ შეიძლება რუსეთს უღიტინო. ვერ მიხვდა ეს ხალხი - ჰიტლერმა და ნაპოლეონმა ვერ მოუგეს რუსებს, ამიტომ მოლაპარაკების რეჟიმი მე ყველაზე მისაღებად მიმაჩნია.

ევროკავშირში შესვლის მომხრეც არა ვარ. არც ევროკავშირი მინდა, არც ნატო. ნუ მატყუებენ, არავინ ნატოში არ შეგიშვებს. სანამ აფხაზეთი და ცხინვალი არ დაბრუნდება, ნატო არ აიკიდებს პასუხისმგებლობას და პრობლემას არ შეიქმნის.

საერთოდაც, მე ჩემი ადათ-ჩვეულება მაქვს, ჩემი წესები, უცხოელი რომ ჩამოდიოდა, მას მოსწონდა. ახლა უნდათ, საფრანგეთმაც, გერმანიამაც, ამერიკამაც, ინგლისმაც და მეც ერთნაირად ვიცხოვროთ. ასე არ გამოვა!

"რა ქნას ივანიშვილმა, აიღოს თავისი ფონდი, დაარიგოს და თვითონ დაჯდეს იატაკზე?!"

- წინასაარჩევნო პროცესებს თუ ადევნებთ თვალყურს?
- ბიძინა ივანიშვილს არასოდეს ვუღალატებ. მან ბევრი გააკეთა ხელოვნებისა და საქართველოსათვის. არ უნდათ ამის თქმა და რატომ, ვერ ვხვდები! ყოველ მეორე სიტყვაზე შეიძლება ლანძღო ადამიანი? რა უფლება აქვთ! ერთადერთი კაცია მთელ საქართველოში, რომელმაც ყველაზე დიდი დახმარება გაუწია ქართველ ხალხს. ადრეც იყვნენ ასეთები, მაგალითად, დავით სარაჯიშვილი...

რა ქნას ივანიშვილმა, აიღოს თავისი ფონდი, დაარიგოს და თვითონ დაჯდეს იატაკზე?! რაც აქვს, თავისი შრომით მოპოვებული აქვს.

- პოლიტიკაში ხელოვანი ხალხის სიჭარბე თუ მოგწონთ?

- ჩემი საყვარელი და საოცნებო პიროვნებაა პაატა ბურჭულაძე, ძალიან ვახლობლობთ. მისმა საქველმოქმედო ფონდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ატარებდა შესანიშნავ კონცერტებს, ბრწყინვალე ხელოვანები ჩამოჰყავდა. შემოდიოდა თანხა და გაჭირვებულ ხალხს ეხმარებოდა...
მე პოლიტიკაში მოსვლით არ გავიჩენ თავსატეხს. თუმცა არჩევნებში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას და შემოვხაზავ იმ ნომერს, რომლისაც მჯერა.

- მსახიობიც ბევრი მოვიდა პოლიტიკაში.
- ყველა პოლიტიკოსი გახდა უცბად. პოლიტიკოსი ვიცი მე ჩერჩილი, ტეთჩერი, სტალინი, რუზველტი, დე გოლი...

"გვჯერა, ყველაფერი კარგად იქნება"

- ოჯახზეც მიამბეთ, როგორც ვიცი, თქვენი­ რძალი თინა ფეტვიაშვილია.
- თინა ბრწყინვალე ადამიანია. შეხმატკბილებული ოჯახი აქვთ მას და ჩემს ვაჟს. ზრდიან ჩემს მოსახელე შვილიშვილს - სოსო ლაღიძეს. იგი ახლა ინგლისში სწავლობს, საინჟინრო აკუსტიკაზე. თინაც და ჩემი ვაჟიც მხატვრები არიან. 1992 წლიდან კვიპროსზე ცხოვრობდნენ. 2 წლის წინ დაბრუნდნენ. ახლა ერთად ვცხოვრობთ. ხვალინდელი დღის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ეკა სალაღაია
06 ნოემბერი 2017 14:03
ტქვენ გენაცვალეტ,ასეტი სიმარტლის ტქმისტვის,ბევრს აკეტებს ბიდზინა მაგრამ დაუნახავები და ბოროტი ხალხი დაილევა,./??მარტლა ტავისი სჰრომიტ და სიკეტიტ,დიდება უპალს.არასდროს უგალატებ და მუდამ მის გვერდიტ ვიდგები ვაჯკაცურად.
ლალი
05 ნოემბერი 2017 15:39
როგორი დაგეშილები ხართ
ვფიქრობ, რომ ეს ერთი კაცის დაწერილი კომენტარებია.ვის აკრიტიკებთ თქვე საცოდავებო.თქვენ ახალი გამოჩეკილები ხართ,ვისაც არ გიცხოვრიათ იმ წლებში.ვისაც არ გინახიათ მაშინდელი ადამიანი,ვინც არ იცით, როგორია მეგობრობა,ადამიანის სიყვარული.ისიც ვერ გაგიგიათ რას ამბობს ეს კაცი.არავინ უარყობს,რომ რუსეთი ოკუპანტია.იმას ამბობს,რომ მასთან ბრძოლას ვერ მოიგებთ ასეთი პოლიტიკითო.მეცოდებით ვინც ფიქრობს,რომ ამერიკა და ევროპა აგაშენებთ და თქვენი გულისთვის რუსეთს შეებრძოლება.
ნუ აყაყანდებით ახლა და ნუ დამწამებთ რუსეთის სიყვარულს.მე ორივე ცხოვრება მინახავს.ევროპაშიც ვცხოვრობ, მაგრამ არსად არ შემხვედრია ის ადამიანური ურთოერთობა,სიყვარული ,რაც მაშინ იყო.თქვენ, ამას ვერ მოესწარით და რასაც ახლა ჩაგჩიჩინებენ იმისი გჯერათ.
ზუსტად ეს უნდოდათ და მიაღწიეს კიდეც ,ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვას.
რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს მიგაჩნიათ ნორმალურ ცხოვრებად?
კიდევ ერთხელ მეცოდებით!

ვარლამა
05 ნოემბერი 2017 14:58
ალეკოს! თქვენს მიერ მოტანილი ციტატა მაიაკოვსკის არ ეკუთვნის. იგი (ოდნავი ცვლილებით) ერთერთი ქართველი პროლეტმწერლის (თუ არ ვცდები, ფრიდონ ნაროუშვილის "შედევრია"). რაც შეეხება ამ მათხოვარი ლაღიძის თქვენეულ შეფასებას, სავსებით ვეთანხმები.

რედაქტორის რჩევით