"დამიბრუნეთ ჩემი შვილები!" - კვირის პალიტრა

"დამიბრუნეთ ჩემი შვილები!"

"უმცროსი ბავშვი პატრულმა ძალით ამაგლიჯა მკერდიდან... უბავშვებოდ ისე გავმწარდი, ლეკვი მოვიყვანე საპატრონოდ, რომ არ გავგიჟდე..."

"რატომ წამართვეს ბავშვები?!"

33 წლის სოფიო გაბადაძე 5 შვილის დედაა. ქმარმა მიატოვა. ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და უსახლკაროდ დარჩენილმა ერთი შეხედვით იოლი გამოსავალი იპოვა - ლილოს დასახლებაში, ე.წ. ტაქსოპარკის ნანგრევებს შეაფარა თავი. თითქმის უჭერო, უკარფანჯრო ოთხ კედელს შორის, ფარდის მიღმა შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრების ილუზია მალე დაიმსხვრა - ძლიერმა წვიმამ თავშესაფარი წყლით აავსო... უბედურ ქალს ბავშვებიც წაართვეს და გააშვილეს...

სოფიო გაბადაძე: - იმ ღამით უფროსი გოგონა მამამისთან იყო. ოთხი პატარა ბავშვით, თავსხმა წვიმაში წყალში დავაბოტებდი და ვფიქრობდი, ვის შეეძლო ჩვენი შეფარება. ყოფილ ქმართან ხომ ვერ წავიდოდი? ერთოთახიან ბინაში იმ ქალთან ცხოვრობს, ვის გამოც ოჯახი დაანგრია. ისევ პატრულს ვთხოვე, - იქნებ სადმე, მშვიდობიან ადგილზე ან დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადამიყვანოთ-მეთქი. მანქანის ფარების შუქზე რაღაც დოკუმენტზე მომაწერინეს ხელი. ბავშვები ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე, ერთ ქალბატონთან მიმაყვანინეს. იქ ჩემი ადგილი არ იყო. ისევ წყლით სავსე ნანგრევებში დავბრუნდი და... მივხვდი, რომ ბუნაგში ვცხოვრობდი.

წყალს მივცემდი თავს, რომ არა იმედი, მეორე დღეს ისევ შვილებთან ერთად ვიქნებოდი. ამაოდ მიფიქრია ასე. სოციალური დახმარების აგენტებმა მითხრეს, ბავშვებს მანამ ვერ წაიყვან, ვიდრე ნორმალური საცხოვრებელი არ გექნებაო.

სახტად დავრჩი. მე, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო, ცარიელ-ტარიელი, რომელიც გამგეობას ვთხოვდი ბინის ქირის, სამასი ლარის გადახდას, როგორ შევძლებ ნანგრევებში საცხოვრებელი გარემოს შექმნას-მეთქი? ეს ჩვენი საქმე არ არისო...

რა გამოდის? შვილები ერთი საათითაც კი უმეთვალყურეოდ არასოდეს დამიტოვებია, მინიმალური შესაძლებლობებით ვცდილობ, მათ ლამაზი სამყარო შევუქმნა და ბინის ქირის ფული რომ არ მაქვს, ღარიბი რომ ვარ, დანაშაულია? ამიტომ ბავშვები უნდა წამართვან? პატარებს რომ არ ეშიმშილათ, უფასო სასადილოდან ყოველდღე მომქონდა საჭმელი. საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზას" მივმართე. ისინიც მეხმარებოდნენ, ვახერხებდი, რომ სიღარიბის და მრავალშვილიანობის დახმარებით ხუთი შვილი ასე თუ ისე ნორმალურადაც მეკვება და შიშვლებიც არ მყოლოდა, მაწანწალებად არ მიქცევია და საშოვარზე არ გამიშვია, მათთვის საუკეთესო მომავალზე ვფიქრობ, სკოლას არ ვაცდენინებ და საბავშვო ბაღს. ამ ყველაფრის გამო უნდა დავისაჯო?

- ბავშვები რამხელები არიან?

- უფროსი 13 წლისაა, უმცროსი 2 წლის ახლახან გახდა. ამის გამო მუშაობასაც კი ვერ ვახერხებდი, პატარას დამტოვებელი არავინ მყავდა. თან დანარჩენებსაც ხომ ყურადღება სჭირდებათ?!

- ქმარი არ გეხმარებათ? ალიმენტს არ გიხდით?

- როდესაც გავიყარეთ, სიტყვიერად შემითანხმდა, რომ ბავშვებს დაეხმარებოდა. მიჰყავს ხოლმე, მინიმალურ საჭირო ნივთებს ყიდულობს. სულ ეს არის. ამ ამბების შემდეგ სოციალური დახმარების სამსახურში ჩემზე დაწერა, შესანიშნავი დედააო და შესთავაზა, სანამ სოფიო პირობებს გაიუმჯობესებს, ბავშვები ჩემთან იქნებიანო. არ გაატანეს.

არ ვიცი, რატომ მექცევიან ასე. რატომ გამიშვილეს ბავშვები. ეგ კი არა, ნებისმიერ დროს ნახვის უფლებაც კი არ მქონია - გრაფიკს შეგიდგენთ და იმის მიხედვით ნახავო.

- თქვენ ხომ არ შეგეძლოთ მათი ნორმალურ პირობებში ყოფნა, იქნებ დროებით ასეც სჯობდეს.

- აქ რომ ცუდი პირობებია, ამიტომაც ვითხოვდი ბინის ქირით დახმარებას, არაერთხელ შევაწუხე გამგეობა. დამპირდნენ, დაგეხმარებითო, მაგრამ ლოდინში გაილია დრო. მერე უარი მითხრეს.

ჩემი შვილები მინდობით აღზრდაზე ჰყავთ. თითოეული მათგანისთვის მინდობით მომვლელს სახელმწიფო ფულს უხდის, 400 ლარზე მეტს. რა ლოგიკაა? მე სამასი ლარი მჭირდებოდა ქირისთვის, ის არ გამოიძებნა, ჩემი შვილების მინდობით აღმზრდელს კი ამხელა თანხას უხდიან.

ჰკითხონ ჩემს შვილებს, რა და სად უჯობთ. უმცროსი ბავშვი პატრულმა ძალით ამაგლიჯა მკერდიდან, რადგან ჩემ გარეშე დარჩენა არ უნდოდა. უბავშვებოდ ისე გავმწარდი, ლეკვი მოვიყვანე საპატრონოდ, რომ არ გავგიჟდე...

სოფიო გაბადაძის დროებით საცხოვრებელს ახლა კეთილი ადამიანები ბინას ამსგავსებენ, რომ პატარების დაბრუნება შეძლოს. ზოგმა სილა მოუტანა, ზოგმა ცემენტი, კარ-ფანჯრებს ჩასვამენ, გადახურავენ, მაგრამ არც წყალი ექნებათ, არც გაზი, არც ელექტროენერგია, არც ტუალეტი და აბაზანა. ნახევრად დანგრეულ შენობაში, სოფიო გაბადაძის მსგავსად, რამდენიმე უსახლკარო ბავშვებიანი ოჯახია თავშეფარებული. ისინიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიაში არიან, მაგრამ ბევრ მათგანს თბილისიდან არსად წასვლა არ უნდა... ტყიბულელი სოფიო გაბადაძე კი ჩივის, ტყიბულში, დედაჩემთან ჩემი და ცხოვრობს ოთხი შვილით და იქ ჩვენი ადგილი აღარ არისო.

- სადმე, სოფელში რომ მომცემდნენ სახლს, სიამოვნებით წავიდოდი, თავშესაფარიც მექნებოდა და ჩემი შრომითაც რაღაცას შევქმნიდი... მითხრეს, რომ 20 აგვისტოს განიხილება ჩემი საქმე. საბჭო თუ დაასკვნის, რომ ბავშვების სრულფასოვნად მოვლა შემიძლია, შვილებს იმ შემთხვევაში დამიბრუნებენ. არ მაქვს მათი ობიექტურობისა და ადამიანურობის იმედი, ამიტომაც განცხადებით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, დამეხმარონ შვილების დაბრუნებაში.

კითხვაზე, რატომ არ შეიძლება სოფიო გაბადაძისთვის ბინის ქირის, მხოლოდ სამასი ლარის გადახდა, როდესაც თითო ბავშვზე ამაზე მეტს იხდიან, სოციალური მომსახურების სამსახურს პასუხი არ აქვს.

მოქალაქეები ეჭვობენ, რომ სოციალური დახმარების აგენტებსა და მინდობით აღმზრდელთა შორის გარიგებაა, აღმზრდელს აგენტი სახელმწიფოსგან გამოყოფილი ბავშვის მოვლის საფასურის წილში გაჰყავსო(?!); თუმცა, მსგავსი ბრალდების მტკიცებულება არავის აქვს.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, არსებობს თუ არა გამონაკლისი სოფიო გაბადაძის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის.

ნუცი ოდიშარია, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი: - შემძრა სოფიო გაბადაძის ამბავმა... სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური დახმარების დეპარტამენტს არ აქვს თავშესაფარი, სადაც მას ადგილს გამოვუყოფთ. როგორც ვიცი, სანამ ბავშვების მინდობით აღზრდას ოფიციალურად გააფორმებდნენ, ჰკითხეს, ახლობელი ჰყავდა თუ არა. მაშინ არც უხსენებია ბავშვების მამა. თუმცა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თქვა, რა უპასუხა და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ დედა-შვილებს ერთად ყოფნა უნდათ.

- რატომ არ შეიძლება ამ ქალს ბინის ქირა გადაუხადოს სახელმწიფომ და უფრო მეტი თანხა არ დაიხარჯოს მინდობით აღზრდაში?

- ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. სოციალური დახმარების სახით ის იღებდა თანხას. ახლა, რახან ბავშვები გადაიყვანეს მინდობით აღზრდაზე, დახმარება მოეხსნა. თუმცა, ბავშვებს რომ დაიბრუნებს, მიიღებს თანხას რეინტეგრაციისთვის, მაგრამ იმდენი არ იქნება, რამდენიც მინდობით აღზრდისთვის გამოიყენება. მიხარია, რომ ეს ქალი ყველაფერს აკეთებს ბავშვების დასაბრუნებლად.

- ის საცხოვრებელი პირობების შექმნას ცდილობს შენობის ნანგრევებში, რომელიც თუ უკვე არ არის ვიღაცის კერძო საკუთრება, ხვალ შეიძლება გაიყიდოს და ეს ქალი შვილებიანად ისევ ქუჩაში აღმოჩნდეს.

- ალბათ ეს ქალბატონი ჩაწერილია თბილისში. ამიტომ ვთხოვდი თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ ქირით გაიყვანონ.

- არაერთხელ უშედეგოდ მივმართეო...

- ჩვენც თუ გვეტყვის, სიამოვნებით გავუწევ შუამდგომლობას მუნიციპალიტეტთან. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მამა, რომელიც ვალდებულია, ალიმენტი გადაიხადოს. მამაც წავახალისოთ, რომ ამ ბავშვებს მხარში დაუდგეს. დედას სამსახურის მოძიებაშიც დავეხმარებით. შესაძლოა, გადამზადება დასჭირდეს და გადამზადების კურსებში ჩავრთავთ. მთავარია, ხელები არ ჩამოყაროს, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა მინახავს, რომელსაც შრომას სახელმწიფოს დახმარებაზე ყოფნა უჯობს.

P.S. სოციალური დახმარების სააგენტოც, ჯანდაცვის სამინისტროც აღმასრულებელი სამსახურებია, რომლებიც იმ საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში მოქმედებენ, რომელსაც ძალიან ბევრი სიმახინჯე და პარადოქსი ახასიათებს. მაგალითად, სიღარიბის დახმარება ერთ ბავშვზე, ან ოჯახის ერთ წევრზე 50 ლარს არ აღემატება, მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი, ერთი ბავშვისთვის განკუთვნილი თანხა 400 ლარზე ნაკლები არ არის. უცნაურია, თუ სხვის ოჯახში 400 ლარი სჭირდება ერთი ბავშვის მოვლას, საკუთარ ოჯახში 50 ლარი როგორ უნდა ეყოს?

კიდევ უფრო უცნაურია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი არავის უჩნდება და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებებს არ ცდილობს.

ეკა ლომიძე