"11 წლიდან დამოუკიდებლად გამოვიმუშავებდი ფულს"
15-08-2016
"11 წლიდან დამოუკიდებლად გამოვიმუშავებდი ფულს"
"ოჯახური პრობლემები ხელს მიშლიდა. დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდა­, დაიწყო ფინანსური კრიზისი. კლასელებთან ურთიერთობაც მიჭირდა..."

ბაქარ ღიბრაძე 20 წლის მუსიკოსია, რომელმაც "ორჰუსის სამეფო აკადემიის" სტიპენდია მოიპოვა და სექტემბერში სასწავლებლად დანიაში გაემგზავრება. 14 წლისა, როგორც საუკეთესო მოსწავლე, მასტერკლასებზე დასასწრებად პოლონეთში გაუშვეს. ყმაწვილმა პოლონელი აუდიტორია ოსტატობით მოხიბლა და მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ბაქარი აღნიშნავს, რომ ევროპელი მსმენელი რადიკალურად განსხვავდება ქართველისგან.

- როდის დაინტერესდი მუსიკით?
- მშობლები და ბიძა მუსიკოსები მყავს,­ სწორედ მათი გავლენით 5
წლისამ ვიოლინო ავიღე ხელში. ინსტრუმენტზე დაკვრა სწრაფად ვისწავლე.

- მუსიკალური სასწავლებელი როგორ გახსენდება?
- ჩემი პედაგოგი ძალიან მაქებდა -ნიჭიერია, გულწრფელი და იუმორის გრძნობაც არ ღალატობსო, თუმცა მომთხოვნი იყო, რთულ კომპოზიციებს­ მირჩევდა.

- პირველი კონცერტი გახსოვს?
-ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ არა. სამაგიეროდ, არასდროს დამავიწყდება კონკურსი, რომელშიც
მეორეკლასელმა მეორე ადგილი დავიკავე. სცენაზე გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ კლავიშებს შევეხე თუ არა, მღელვარება უკვალოდ გაქრა...

- სცენაზე გასვლამდე რიტუალი ხომ არ გაქვს?
- ვცდილობ, რომ კონცერტის დაწყებამდე არაფერი ვჭამო. აუცილებლად თავისუფლად უნდა მეცვას და სიმსუბუქეს ვგრძნობდე. რამდენიმე წუთით მარტო ვრჩები და ვფიქრობ, რის გაკეთებას ვაპირებ.

- სირთულეების გადალახვამ მოგიწია?­
- ოჯახური პრობლემები ხელს მიშლიდა. დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდა­, დაიწყო ფინანსური კრიზისი. 11-12 წლიდან დამოუკიდებლად გამოვიმუშავებდი ფულს ჩემი პროფესიით. სამწუხაროდ, კლასელებთან ურთიერთობაც მიჭირდა...

- კლასიკური მუსიკის გარდა რა ჟანრში უკრავ?
- პოპი, როკი, ჯაზი, ფოლკლორი და მათი მიქსები კლასიკასთან. რესტორანში მუშაობას ერთი დადებითი მხარე აქვს, რიტმულ მუსიკაში ერკვევი და შესაბამისად ბევრ ჟანრში იწყებ მუშაობას.

- რა არის შენთვის მუსიკა და რა შესწირე მსხვერპლად?
- მუსიკა ჩემთვის არის ცხოვრების აზრი, თვითრეალიზაციის საშუალება და ყველაზე დიდი სიამოვნება. თუ გინდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო, ყოველთვის გიწევს მსხვერპლის გაღება. მართალია, ხანდახან გულიც მწყდებოდა, მაგრამ ჩემი არჩევანი ძირითადად მაინც მაბედნიერებდა.

- სკოლის პერიოდში სწავლას და მუსიკას როგორ უთავსებდი?
- ჩემთვის მუსიკა ყოველთვის პირველ ადგილას იდგა, თუმცა კარგად სწავლას მაინც ვახერხებდი, სკოლის პროგრამას იოლად ვართმევდი თავს. დაბალ კლასებში ვიოლინოზე ერთი საათი მეცადინეობაც მყოფნიდა, მაგრამ დღეს მთელ დროს მუსიკას ვუთმობ.

- ვიოლინოს გარდა რომელ ინსტრუმენტზე უკრავ?

- ფორტეპიანოზე ვუკრავ და ვმღერი. ასევე მიტაცებს იოგა და ცურვა. იოგა სუნთქვას აწესრიგებს, რაც ძალიან მეხმარება ვიოლინოს დაკვრაში.

- შენი აზრით, საქართველოში მუსიკოსები დაფასებულები არიან?
- არა. ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი თავისი ტალანტის რეალიზებას ვერ ახერხებს.­ ოჯახების სარჩენად ბარ-რესტორნებში უკრავენ და დიდ სცენას შორდებიან. მუსიკალურად განვითარებას და საკუთარ თავზე მუშაობას ვეღარ ახერხებენ.

- ახლო მომავალში სად ხედავ საკუთარ თავს?
- მაღალი დონის ორკესტრში. საქართველოს ეროვნულ ორკესტრს დავუკავშირდი, მაგრამ გასინჯვის გარეშე უარი მითხრეს. ადგილები შეზღუდულია...

მოამზადა თათული ღვინიანიძემ

ლელი
24 აგვისტო 2016 23:35
წარმატებები ბაქარ მიხარია
leli
24 აგვისტო 2016 23:32
warmatebebi naqar mixariaa
...
24 აგვისტო 2016 20:57
Yochag baqar.warmatebebi.

რედაქტორის რჩევით