სპეციალურად "პალიტრის" მკითხველისთვის! - კვირის პალიტრა

სპეციალურად "პალიტრის" მკითხველისთვის!

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეულს, მკითხველთა და ისტორიკოსთა თხოვნით, კიდევ 6 წიგნი დაემატება

დამატებითი 6 ტომის პირველი გამოცემა (25-ე ტომი) - "ბრძოლის საუკუნე", 12 სექტემბერს გამოვა და თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად ისევ სპეციალურ ფასად - 8,50 ლარად გაიყიდება

2 წლის წინ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წიგნების ახალი სერიის, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" გამოცემა დაიწყო. 24 ტომში გაერთიანებული საქართველოს ისტორია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ აღდგენილი ფაქტები, უნიკალური ექსპონატები, მოვლენების დეტალური აღწერა - საქართველოს ისტორიის ამ ვიზუალურმა რეკონსტრუქციამ მთავარი მოვლენები, ფაქტები და რეალური ამბები ცალკეულ წიგნებად დაყო და ერთ დიდ სერიად გააერთიანა. "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" თითოეული გამოცემა თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომა. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შექმნილმა სხვადასხვა ეპოქის საბრძოლო, საერო თუ საეკლესიო კოსტიუმებმა, არქიტექტურულმა ძეგლებმა და რუკებმა, უნიკალურმა სამუზეუმო ექსპონატებმა, ფოტომ თუ ფრესკამ დოკუმენტური სიზუსტე შესძინა წიგნებს. ამ ყველაფრის უკან კი მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგებისა თუ ტექნიკური პერსონალის დიდი შრომაა. პროექტის ავტორების ჩანაფიქრმა გაამართლა. ეს სერია დღეს ყველა თაობის მკითხველისთვის მიმზიდველი და საინტერესოა.

ეროვნული ისტორია რომ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ქართველი ხალხისთვის, ამაზე არავინ დაობს. არც ის არის სადავო, რომ ეს ამოუწურავი თემაა და "პალიტრა L"-ს, როგორც ამავე ფასეულობების მატარებელ გამომცემლობას, კიდევ ბევრი დარჩა მოსაყოლი მკითხველისთვის. მიზეზი მარტივია - ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის 24 ტომში თავმოყრა რთულია.

როცა "საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიაზე" მუშაობა დაიწყო, გამომცემლობა "პალიტრა L"-სა და ავტორთა ჯგუფს განზახული ჰქონდათ, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები გაეცოცხლებინათ. გამოარჩიეს 24 მთავარი თემა და შესაბამისად, 24 ტომად გამოცემა გადაწყვიტეს. თუმცა მკითხველები და ისტორიკოსები ხშირად გამოთქვამდნენ სურვილს, ტომები იმ ეპოქებისა და მოვლენებისთვისაც მიეძღვნათ, რომლებიც თავდაპირველ ნუსხაში გათვალისწინებული არ ყოფილა. სწორედ ამიტომ გამომცემლობის გადაწყვეტილებითა და, რა თქმა უნდა, მკითხველის დიდი სურვილით გადაწყდა ამ სერიის გაგრძელება.

სპეციალურად თქვენთვის, "პალიტრის" ერთგულო მომხმარებლებო, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" სერიას, რომელიც 24 ტომს აერთიანებდა, მალე კიდევ 6 წიგნი შეემატება და 30-ტომეული გახდება.

ნესტან მაღალაშვილი, "პალიტრა L"-ის "ილუსტრირებული საქართველოს ისტორიის" პროექტის მენეჯერი: - ჩვენ შეიძლება ბევრი კრებული გვინახავს, მაგრამ სპეციალურად საქართველოს ისტორიისთვის შექმნილი ილუსტრაციები, არსად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხატვრებს, ახალგაზრდა ავტორებს. გვერდში დაგვიდგა თითქმის ყველა მუზეუმი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ეროვნული არქივი, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ ჩაერთვნენ პროექტში. მადლობა მათ პარტნიორობისთვის. სპეციალურად ამ გამოცემისთვის კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ შექმნა არაერთი რუკა, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

"ილუსტრირებული საქართველოს ისტორიის" დამატებით 6 ტომზეც იგივე შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს. 28-ე და 29-ე ტომებს ახალი თანაავტორებიც დაემატებიან. რაც შეეხება უკვე გამოცემულ 24-ტომეულს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასზე დიდი მოთხოვნაა. 24-ე ტომი - "ილია ჭავჭავაძე" 15 აგვისტოს გამოვა. ეს არის წიგნების სერია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს."

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეულს აერთიანებს:

"თამარი"; "თბილისის ისტორია"; "ომი და მეომრები"; "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა"; "ვახტანგ VI"; "დავით აღმაშენებელი"; "ქართული თეატრი და კინო"; "ფარნავაზი"; "ქართული მხატვრობა"; "გიორგი ბრწყინვალე"; "საბჭოთა ტერორი"; "არაბობა საქართველოში"; "ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე"; "ქრისტიანობა საქართველოში"; "ლუარსაბი და სვიმონი"; "საქართველოს გაერთიანება"; "დიდი ომიანობა ეგრისში"; "გიორგი სააკაძე"; "რომი და საქართველო"; "მონღოლები და საქართველო"; "ვახტანგ გორგასალი"; "ერეკლე"II; "ტაო-კლარჯეთი"; "ილია ჭავჭავაძე".

თორნიკე ყაჯრიშვილი