არ ითამაშო, იცხოვრე! ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?! - კვირის პალიტრა

არ ითამაშო, იცხოვრე! ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

"ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების მსხვერპლს იმდენად აქვს დამახინჯებული ფსიქიკა, რომ თამაშის გაგრძელების მიზნით შვილსაც სწირავს, მშობელსაც და მეგობრებსაც. და როდესაც ხვდება, თუ რას სჩადის, ხშირად ერთადერთ ხსნას სუიციდში ხედავს"

"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს... ვიმედოვნებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე

როდესაც პრობლემაზე ან უბედურებაზე თვალს ხუჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახსაც მიუკაკუნებს. შემდეგ უკვე საკუთარ ტყავზე იგრძნობ, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენს ტრაგედიაზე სხვები ხუჭავენ თვალს. ეს ეხება ყველას - რიგითი მოქალაქით დაწყებული და ხელისუფლების მაღალჩინოსნით დამთავრებული.

ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის ონლაინთამაშებზე დამოკიდებულებას პრობლემა რომ ვუწოდოთ, ძალიან რბილი შეფასება გამოგვივა. პრობლება შესაძლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების "მძევლების" რაოდენობიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ეროვნულ უბედურებასთან.

პარადოქსულია - ეს ეროვნული უბედურება, ერთი მხრივ, ლეგალიზებულია და, მეორე მხრივ, ფართოდ რეკლამირებული.

სტატისტიკა მრავლისმეტყველი და შემზარავია: მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად,

ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა. საქართველოში ამ ასაკის მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია და გამოდის, იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელმაც უნდა ისწავლოს, იმუშაოს, ოჯახი შექმნას, სახელმწიფოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს, ლამის ყოველი მეორე ადამიანი ონლაინთამაშების "მძევალია". საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობიდან გამომდინარე კი, ლამის ყოველი მეოთხე-მეხუთე.

მართლაც ერთი ნაბიჯია, რომ ამ უბედურებამ თითოეულ ჩვენგანს მიუკაკუნოს.

ვეღარც მოვთვლით, რამდენჯერ გაგვიშუქებია კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, რომ ონლაინთამაშების "მძევალი" რამდენ ადამიანს აუბედურებს გარშემო, ოღონდ თამაში გააგრძელოს. ღატაკდება და ინგრევა ოჯახები, ბავშვები მშობლების გარეშე, მშობლები კი, შვილების გარეშე რჩებიან. მეტიც, ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების მსხვერპლს იმდენად აქვს დამახინჯებული ფსიქიკა, რომ თამაშის გაგრძელების მიზნით შვილსაც სწირავს, მშობელსაც და მეგობრებსაც. და როდესაც ხვდება, თუ რას სჩადის, ხშირად ერთადერთ ხსნას სუიციდში ხედავს. ყველაზე დიდ რისკის ჯგუფში არიან სოციალურად დაუცველები და მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც ცნობილი ელიოზის არ იყოს (ფსიქოლოგებმა მოთამაშეების მიერ ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე დამყარებულ იმედს "ელიოზის სინდრომი" უწოდეს), ნატვრისთვალის პოვნის იმედი აქვთ, თუმცა ხელში ვალების გროვა რჩებათ, რომელთა გამსტუმრებელი არავინ არის.

"წითელი რისკის" ჯგუფში კი, არასრულწლოვნები არიან, რომელთა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს ონლაინთამაშებზე დამოკიდებულება და არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ ისინი ამ საფრთხისგან დავიცვათ.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების დიდი ნაწილი სწორედ ვალებს უკავშირდება, იმ ვალებს, რომლებიც მათ თამაშის გასაგრძელებლად აიღეს. თუმცა ორჯერ და სამჯერ მეტია თვითმკვლელობის მცდელობა, უბრალოდ, სასოწარკვეთილ ადამიანს ახლობლებმა ბოლო მომენტში მიასწრეს და ყულფიდან ჩამოხსნეს. ასე რომ, მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კრიტიკულია!

სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია სლოგანით: "არ ითამაშო! იცხოვრე!" ამ კამპანიის მიზანია ონლაინკაზინოებისა და ბეთებისთვის ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც დაიცავს ჩვენს თანამოქალაქეებს ზემოხსენებული რისკებისგან.

კამპანიის დაწყებას მედიასახლის კონკრეტული ნაბიჯი მოჰყვა - "პალიტრამედიის" ყველა მედიასაშუალებაში აიკრძალა ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამა. მედიასახლმა სოლიდურ შემოსავალზე თქვა უარი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ "პალიტრამედია" არ მიიღებს მონაწილეობას უბედურების რეკლამირებასა და ონლაინთამაშების "მძევალთა" რაოდენობის გაზრდაში.

ბოლო თვეებში უცნაური მდგომარეობა შეიქმნა - ხელისუფლების წარმომადგენლები (რომელთა უშუალო მოვალეობაა ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესება) ონლაინთამაშებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობენ, რომ ეს საშინელებაა, ისინი პირადად იცნობენ ადამიანებს, რომელთა თამაშდამოკიდებულება ტრაგიკულად დამთავრდა და რეგულაციების დაწესება აუცილებელია, მაგრამ... რეალურად ეს საკითხი ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ.

ამ სტატიის ავტორი ელოდა, რომ წინასაარჩევნოდ წამყვანი პოლიტიკური პარტიების პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობოდა იმ საფრთხეს, რასაც აბსოლუტურად დაურეგულირებელი ონლაინსათამაშო ბიზნესი უქმნის მოქალაქეებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი იმედგაცრუებით დასრულდა.

კარგია, რომ სხვა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით, ტელემედიამ) ტოქშოუები მიუძღვნეს ონლაინკაზინოების მსხვერპლთა თემას, მაგრამ უცნაურია, რომ იმავე გადაცემების სარეკლამო ჭრებში მოუწოდებენ მაყურებელს, დადონ ფსონი ან ითამაშონ ონლაინტოტალიზატორი.

ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირება განსაკუთრებით მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან - მოსახლეობის ფულით დაფინანსებული მაუწყებელი პირველ რიგში თავად უნდა ტეხდეს განგაშს ამ პრობლემის გამო და არ უნდა უწყობდეს ხელს ადამიანის ცდუნებას, რომ მან თამაში დაიწყოს, აქედან გამომდინარე ყველა სავალალო შედეგით.

ასეთი მდგომარეობა გამოიწვევს იმას, რომ ონლაინსათამაშო ბიზნესის ზრდის პარალელურად, გაიზრდება ტრაგედიების რიცხვი.

შესაბამისად, "პალიტრამედიის" სოციალური კამპანია - "არ ითამაშო! იცხოვრე!" უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს. პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე.

სოციალური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების შემზღუდავ რეგულაციებზე მუშაობა (რისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ალბათ, მათი რეკლამის კანონით აკრძალვაც უნდა იყოს).

რეგულაციების პროექტი უნდა იყოს გამჭვირვალე და მის თითოეულ პუნქტზე საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი აზრი უნდა დააფიქსირონ.

ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო არ არის. ევროპისა და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს სფერო მკაცრად რეგულირდება და რომელიმე მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, ყველა პირობაა იმისთვის, რომ რეგულაციები სწრაფად დაკანონდეს.

თუ მაინც არ დაიწყო ონლაინკაზინოების შემზღუდავ რეგულაციებზე მუშაობა, მაშინ დავსვამთ კითხვას: ხომ არ ჰყავს ამ სათამაშო ბიზნესს ხელისუფლებაში ისეთი ძლიერი ლობი, რომ მაღალჩინოსნები იძულებული არიან, თვალი დახუჭონ ამ კუთხით არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე?

გარწმუნებთ, ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვით და შესაძლოა, მაღალჩინოსნები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

P.S. თუ ამ თემის შესახებ გაქვთ მოსაზრებები, იდეები ან შენიშვნები, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

contact@kvirispalitar.ge. ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 219-60-13, 219-60-53

გიორგი კვიტაშვილი