"ბაზარში საერთოდ აღარავინ შემოდის..."
15-08-2016
"ბაზარში საერთოდ აღარავინ შემოდის..."
"სახელმწიფო ვითომ გარემოვაჭრეებს იმადლიერებს, მაგრამ ისინი იმ მაღაზიების მეპატრონეებს უხდიან ფულს, რომელთა წინაც სხედან"

"ერთ-ერთი მოვაჭრე ხორცზე დახვეულ მწერს ბუზის საკლავით იგერიებდა. მითხრა, - მინდა მალე დავიცალო ხელი, ხორცი რომ არ გაფუჭდესო"


გარემოვაჭრეთა საკითხი ლამის გადაუჭრელ პრობლემად იქცეს. მისი ფართოდ გავრცელება მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს ხელს არ აძლევს გარევაჭრობის კანონის შესრულება. მაგრამ გარემოვაჭრეთათვის უკონკურენციო გარემოს შექმნა მეწარმეთა იმ ნაწილს აზარალებს, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის. გარევაჭრობას ახლავს ანტისანიტარია და არაადამიანური შრომის პირობებიც,
რომლებიც წელიწადის ყველა სეზონზე მძიმეა. მათ შორის, ზაფხულშიც, როცა მოვაჭრეები პროდუქტს თაკარა მზეში, გახურებულ ასფალტზე ყიდიან.

დედაქალაქში ვაგზლისა და სამგორის ბაზრები შემოვიარე (ვითარება მსგავსია­ ქვეყნის მასშტაბით). პირველ რიგში, მტვერში, ნაგავსა და სიცხეში გამოტანილი მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის, ხორცი და რძის ნაწარმი მომხვდა თვალში. ასევე, თითქმის
დაცარიელებული ბაზრის შიდა ტერიტორია. ყველით მოვაჭრეს როცა ვკითხე, თქვენი შრომის ნაცვლად რა შემოსავალი შეგაქვთ ოჯახში-მეთქი, მიპასუხა, რასაც მე ვწვალობ, ჩემი შემოსავალი იმასთან შედარებით დაცინვაა, დღეში 10-15 ლარია მთელი ჩემი ლუკმაპურიო.

- ყველს ვისგან იღებთ, რამდენ კილოგრამს და დღეში რამდენს ყიდით?
- სამგორის ბაზარი, ძირითადად, კახეთის რძის ნაწარმზე მუშაობს. ყველი ჩემსავით გაჭირვებულ გლეხებს ჩამოაქვთ, კილოგრამი 4-4,5 ლარად. გააჩნია ყველს, 3 ლარადაც ჩამოუტანიათ, თავად მე კილოგრამზე 50 თეთრს ვამატებ, მეტს არა. ხალხს ფული არა აქვს და ვცდილობ, რაც შეიძლება ადრე დავიცალო ხელი. იმის მიხედვით, რა ვაჭრობა მაქვს, ხან 40-იდან 50 კილოგრამამდე ყველს ვყიდი, გააჩნია დღეს.

- თუ ასეა, დღეში 15 ლარზე მეტი უნდა დაგრჩეთ.
- ანგარიში კარგი გცოდნია! შეიძლება ისეთი დღეც დამიდგეს, კილოგრამიც ვერ გავყიდო, თან ხარჯებიც ხომ მაქვს. გლდანიდან დავდივარ სამგორში სავაჭროდ და გლდანში მეტროში აუცილებლად დილის 6 საათზე უნდა ჩავჯდე, რომ შვიდის ნახევარზე სამგორში ამოვიდე. ამ დროს ტრანსპორტი არ მუშაობს, ამიტომაც მეტრომდე ჩასაყვანად ტაქსის 3 ლარს ვაძლევ. ლარიც მეტროში იხარჯება. ეს 4 ლარი. ლარსაც ყოველდღე ვიხდი, რომ გაუყიდავი ყველი შევანახვინო ბაზარში. ასე რომ, თვეში 150 ლარი ამ ხარჯებში მიდის.

- ყველს ხომ მაცივარში ინახავთ?
- არა, მაცივარში შენახვისთვის რომ გადავიხადო, მე აღარაფერი დამრჩება!

მოსაუბრეს კლიენტი მოუვიდა და გაკვირვებულმა შევნიშნე, რომ მას სულგუნი 6 ლარად შესთავაზა, ეს მაშინ, როცა იგივე პროდუქტი შიდა ბაზრის ტერიტორიაზე 9 ლარი დამიფასეს. კლიენტმაც არად ჩააგდო, ცელოფანის თხელ პარკში ჩადებული სულგუნი რომ დაბინძურებულ გარემოში იყიდებოდა, და შეიძინა.

ვაზიანიდან ჩამოსული მოხუცი მემაწვნეები შინაურ მაწონს, ქილას, 70 თეთრად ყიდდნენ. ეს მაშინ, როცა სავაჭრო დაწესებულებებში ქილა მაწვნის ფასი 1 ლარია. მოხუცების თქმით, მაწონს მაცივარში აგროვებენ და ყოველ მეორე­ დღეს ვაზიანიდან სამარშრუტო ტაქსით ჩამოაქვთ სამგორში გასაყიდად. თითო ჯერზე დაახლოებით 7-10 ლარი რჩებათ, ტრანსპორტის ფულის ზემოთ. ამ მოხუცებთან საუბარი სულის შემძვრელი აღმოჩნდა: "განა ჩვენ გვეხალისება, შვილო, რომ მთელი დღე ამ სიბინძურესა და ჭუჭყში ვსხედვართ, რომ ლტოლვილებმა ჩვენ-ჩვენი წამლის ფული ვიშოვოთ; მაგრამ როცა სახელმწიფო მეტ გზას აღარ გვიტოვებს, სხვა რა ძალა გვაქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ვაზიანშიც გაკეთებულიყო ერთი პატარა რძის ქარხანა. რძეს 50 თეთრადაც კი მივცემდით, სამაგიეროდ, ტრანსპორტის ფულს ხომ არ დავხარჯავდით და არც ამ წვალებას გავივლიდით, ახლა რომ გვადგას. მაგრამ სავარძლებზე რომ დასხდებიან, აღარც გლეხი ახსოვთ­ და აღარც მათი წვალება!"

სასოწარკვეთილია სამგორის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე თევზითა და ქათმით მოვაჭრე ინდმეწარმე, რომელსაც ბაზარში მცირე მაცივრები უდგას, ამდენად, რამდენიმე სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი.

- სახელმწიფომ ჩემისთანა ინდმეწარმეებს წიხლი ჩააზილა გარევაჭრობის აყვავებით. ამას უეჭველად იმ მოსაზრებით აკეთებენ, რომ არჩევნებზე ხმები არ დაკარგონ. ბაზრების შესასვლელებთან ფეხი არ ჩაიდგმება, პირდაპირ ასფალტზე ყრია პროდუქტი. ამის ხარჯზე ინდმეწარმეები ვკარგავთ პურის ფულს, სამუშაოს კარგავს ის ხალხი, რომლებიც ჩვენ დავასაქმეთ. პროდუქტის მაცივარში შენახვისა თუ ბაზრის გადასახადი თვეში 800 ლარამდე ამდის. პატიოსნად ვიხდი, აბა, პროდუქტს ხომ არ გავაფუჭებ და ამ დროს, რაკი თევზი და ქათამი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია, ბაზარში სავაჭროდ აღარავინ შემოდის. ერთხელაც დავავლებ ამ ჩემს მაცივრებს ხელს და ქუჩაში გავიტან.

თუ არადა, ბაზარში ის ხალხი შემოიყვანონ, ვინც გარეთ ვაჭრობს. სხვათა შორის, ერთგვარი მაფიაც ჩამოყალიბდა, - მართალია, სახელმწიფო მათ ხმებს ზოგავს და იმადლიერებს, მაგრამ გარემოვაჭრეები იმ მაღაზიების მეპატრონეებს უხდიან ფულს, რომელთა წინაც სხედან. ასე რომ, ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ მათ ხმებს მიიღებს, ურჩევნია, ბაზრის ტერიტორიაზე შემოიყვანოს და ისეთი გადასახადი დაუწესოს, რისი გადახდის უნარიც ექნებათ.

მსგავსი სურათია დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც მალფუჭებადი პროდუქტი, მათ შორის, ხორცი, სავალ ნაწილზე, პირდაპირ მზისგულზეა გაშლილი. ერთ-ერთი მოვაჭრე, ხორცზე დახვეულ მწერს ბუზის საკლავით იგერიებდა. მითხრა, - მინდა მალე დავიცალო ხელი, ხორცი რომ არ გაფუჭდესო; ამასთან, ხორცი შემოწმებული არ იყო. უნდა გამოვტყდე, რომ მოვაჭრე შემეცოდა - მზეზე დაახლოებით 42-გრადუსიან სიცხეში გამოტანილ ხორცს თუ იმ დღესვე ვერ გაყიდდა, გაუფუჭდებოდა, მაგრამ ისინიც არანაკლებ შემეცოდნენ, რომლებიც სიიაფის გამო მის საქონელს უსათუოდ იყიდდნენ. საბოლოო ჯამში კი, ამ ადამიანების გასაჭირი იმ მოხელეთა სინდისზეა, ვინც ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით.

ეთერ ერაძე
დისო
19 აგვისტო 2016 16:26
ხომ ხედავთ, აქტუალურ თემაზე კომენტარს არავინ აკეთებს. უაზრო თემებზე კი...ჩვენში სიღარიბე სულ იქნება, რა ვქნათ სიბინძურეში ვიცხოვროთ? უნდა აიკრძალოს გარე ვაჭრობა,გაუმართავი ტრანსპოტი და ის რაც გარემოს,ხალხს სპობს,თორემ არაფერი გვეშველება.არცერთ ხელისუფალს ამის შნო არ აქვს, ან არ აწყობს.უნდა მოვითხოვოთ,ვაიძულოთ.

რედაქტორის რჩევით