რა გამართავს საქართველოს დაძაბუნებულ ხერხემალს
"დაუკვირდი, რა არის შენს საქციელში უფლისთვის არასათნო"


გაზეთ "კვირის პალიტრის" ელექტრონულ გვერდზე, #11-ში დაბეჭდილი სტატიის "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!" მკითხველის კომენტარებში ვინმე ალექსა დაუნდობლად ლანძღავს ყველას, ვისაც კი "იმედის" მოდელირებული "ქრონიკის" შესახებ უარყოფითი აზრი აქვს.

"იმდენად გამორეცხილი გაქვთ მაგ ატროფირებული ტვინები, რომ არაფერი თქვენ არ გეშველებათ. თქვენ ხართ წარუმატებელთა დემორალიზებული საზოგადოება. არშემდგარ პიროვნებათა ხროვა და ამაში დამნაშავე დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ არის! ახლა გაიგეთ, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი დაბალგანვითარებული,
გაუნათლებელი და მონური ფსიქოლოგიის საზოგადოებაა... სააკაშვილის წასვლა რას გიშველით თქვენ? უფრო ჩაიძირებით ჭაობშიიი".


ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, ასე რომ სძულს საკუთარი მოდგმა? სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში ბევრი ძებნა არ სჭირდება ისეთ ხალხს, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო აგრესია უჩნდება საკუთარი წარმოშობის მიმართ.

გასული საუკუნის 30-იან წლებში

პოეტი ნიკოლოზ მიწიშვილი ასე წერდა "ფიქრებს საქართველოზე":

"როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი.

არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში... იქნება საქართველო გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან.

მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს, და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუთუ ორი ათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოარკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით? ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოდ მოკლებულია საქართველო იმ ნათლის სვეტს, რომელიც წინ მიუძღვის ყოველ ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ?!"

მწერალი გრიგოლ რობაქიძე ამის საპასუხოდ დაწერილ "საქართველოს ხერხემალში" თვითმკვლელობას უწოდებს მიწიშვილის სულისკვეთებას და დასძენს:

"არ არის საჭირო არც გაჯავრება და არც აღშფოთება, როცა ასეთ სიტყვებს კითხულობ. არც ის უნდა იფიქრო, რომ ავტორი ბოროტი აზრით არის ატროვებული. აქ უფრო ტკივილია, ვიდრე აზრი. ეს სულის კრიზისია და ასეთი კრიზისი ბევრს განუცდია".

გრიგოლ რობაქიძე საქართველოს ისტორიული წარსულის, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით პასუხს სცემს მიწიშვილის ყველა კითხვას თუ ტკივილს. თუმცა, როგორც ჩანს, მიწიშვილის "კრიზისი" გადამდები აღმოჩნდა შემდეგი თაობებისთვის და დღეს კიდევ უფრო საგრძნობია.

საქართველოს უახლესი ისტორიისა და ჩვენი გამუდმებული ურთიერთდაპირისპირების მიხედვით, ერს ან კვლავ სძინავს, ან კიდევ ცუდ ფეხზე გამოიღვიძა და ჯერაც ვერ დაუწმენდია ცნობიერება საიმისოდ, რომ მიხვდეს, სად არის გზა ხსნისა და რა გამართავს საქართველოს დაძაბუნებულ ხერხემალს.

ერში ვერა და ვერ მომწიფდა გამაერთიანებელი იდეა, რომელიც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს გარეშე ძალების მცდელობას - გადააქციონ საქართველო პასიურ მოვლენად. რა გვჭირს, საით მივდივართ და როგორ უნდა შემოვაბრუნოთ საჭე "აღთქმული მიწისკენ", რას ან ვის და რის გამო უნდა გამოვუცხადოთ პროტესტი, ან მაინცდამაინც პროტესტია საჭირო ეროვნული მიზნის მისაღწევად? ამ კითხვებზე თვალსაზრისი გაგვიზიარა ქვაშვეთის ტაძრის დიაკვანმა, მამა დავით ციცქიშვილმა:

რა გვჭირს?

- საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მხოლოდ 20 წელი გავიდა. ეს მცირე დროა ისტორიისთვის. თანაც ისეთი ქვეყნისთვის, რომლის ისტორიაც მთლიანად გადარჩენისთვის ბრძოლაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მაგალითზე გვმართებს დაფიქრება. რატომ წაუვიდა ყველაზე ცუდად საქმე საქართველოს? ალბათ იმიტომ, რომ გამოვამჟღავნეთ ამპარტავნობა, რისი ერთ-ერთი მაჩვენებელიც არის ბოლო დროს უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა რუსეთთან. ამპარტავნობის გამო შევეჯახეთ ჩვენზე გაცილებით დიდ "წონითი კატეგორიის" ძალას.

რუსეთისგან უამრავი ვერაგობა გვახსოვს, მაგრამ ამპარტავნობა ვერაგობასთან ბრძოლაში კარგ სამსახურს ვერ გაგიწევს. ჩვენი გზა გამორჩეული გვგონია და ამიტომაც ხშირად რეალობას ვწყდებით, საკუთარ თავზე მომეტებული წარმოდგენა გვაქვს ამას ემატება. ეგოიზმი და ვერცხლისმოყვარეობა. ფულისა და ძალაუფლების სიყვარულმა შეგვიპყრო.  

რა მივიღეთ?

ვერცხლის და ძალაუფლებისმოყვარე ამპარტავანთა ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს არასწორი საკადრო პოლიტიკა მართავს. ყველა სფეროში არის კადრების დეფიციტი. ამა თუ იმ სფეროს ხელმძღვანელი არაპროფესიონალები შემოქმედებითად მოაზროვნე, განათლებულ კადრში კონკურენტს ხედავენ.

გარშემო თავისნაირებს იკრებენ და ერთად განსაზღვრავენ პოლიტიკას, სადაც ღირსეული ხალხის ადგილი აღარ არის. ამიტომაც პოლიტიკაში მოაზროვნე ადამიანები არ მიდიან, თუ მიდიან, მათ, არა აქვთ გამარჯვების შანსი. ამისთვის ხომ საჭიროა დიდი ზურგი და ისევ ბევრი ფული რეკლამისთვის.

არადა, მათ, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან, ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები. წინა პლანზე უნდა წამოვიდეს ახალი, ეროვნული ფესვებიდან შობილი ძალა, ხალხმა უნდა გამოარჩიოს ის ქრისტიანული შეგნებისა და პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრების სახით. შერჩევის დროს საჭიროა დიდი სიფრთხილე. სანამ ეს პროცესი არ დაიწყება, ჩემი აზრით, საქართველო იქნება ჩიხში.

კლასში, სადაც 40 მოსწავლე ზის, მასწავლებელზეა დამოკიდებული, რისკენ მიმართავს მათ აზროვნებას. როდესაც ერს ეყოლება მიმართულების მიმცემი, მისი ცნობიერებაც თანდათან შემობრუნდება, დაიწმინდება და ქართული გენიაც კვლავ გამოჩნდება. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ თითქოს ერი აღარ შობს ღირსეულთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს სპონტანურად კი არ ხდება, არამედ, ვიღაცის ან რომელიღაც ორგანიზაციების გათვლის შედეგია.

თუ ასეთი მიდგომით 13 მარტის ამბებს განვიხილავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ 13 მარტიც გათვლილი იყო, ოღონდ არასწორად. მოდელირებული "ქრონიკით" ვცდილობდით მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ რუსეთი აპირებს ჩვენზე თავდასხმას, ამით რუსეთს ვუთხარით, - ვიცი, რასაც აპირებ და ეს არ გაბედოო! თუმცა, ეს არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რუსეთი გადაიფიქრებს ბოროტ ზრახვებს საქართველოს მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ქმედებით შენ ააშკარავებ მის ზრახვებს და ეს არის ვითომ შემაკავებელი ფაქტორი, რომ რუსეთის ინტერვენცია ხელახლა არ მოხდება.

ბუნებრივია, ვერ გათვალეს რეაქცია, რომელიც ამ სანახაობას მოჰყვებოდა მოსახლეობაში და საერთაშორისო მასშტაბით. აქაც გამოჩნდა საკადრო კრიზისის შედეგი.

ავტორიტეტები დავკარგეთ

ცნობილმა ფსიქოლოგმა ვლადიმერ ფრანკლიმ ერთი პერიოდი საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. მისი მონათხრობის მიხედვით, ამ საშინელ ბანაკებში ყველაზე მეტად ხალხს აძლებინებდა მაგალითი იმ პიროვნებათა, რომლებიც არ ტყდებოდნენ, არ ეცემოდნენ და პიროვნულ სიდიადეს ინარჩუნებდნენ. ჩემი აზრით, პირად მაგალითს აქვს უზარმაზარი ძალა.

თუნდაც ქრისტიანულ სამყაროში, როდესაც მოძღვარი სათანადო სიმაღლეზეა, ეს მის ყველა ქადაგებაზე მეტს ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ამგვარი პირადი მაგალითებით უნდა მოხდეს ერის ფსიქოლოგიის გაჯანსაღებაც. ჩემი აზრით, მოძღვარს სხვაზე უკეთ შეუძლია ამ ამოცანის გადაჭრა. თუმცა, შესაძლოა მღვდელი ბევრია, მაგრამ ამის გამკეთებელი - ცოტა. არადა, ამ საკითხის მოგვარება საშური საქმეა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი ბრკოლდება ეკლესიაში მისვლისას, რადგან რომელიღაც სასულიერო პირი არ მოსწონს მისი საქციელის გამო. მღვდელი, რომლის საქციელიც არ შეესაბამება სასულიერო წოდებას, ყოველთვის იყო, არის და იქნება, ისე როგორც  ცუდს და კარგს ვერ გამოლევ ადამიანებში, მაგრამ ამით ხაზი არ უნდა გადაუსვა ყველაზე დიდს, რაც არსებობს ეკლესიაში და მართლმადიდებლობაში! მსგავსი მიდგომა პირველ ყოვლისა, ამგვარად მოაზროვნეთა პრობლემაა, მისი ვიწრო თვალთახედვის შედეგია. ზოგჯერ უნდა გაამახვილო ყურადღება ამაზეც, რადგან გტკივა ეს ყველაფერი, მაგრამ ამან ხაზი არ უნდა გადაგასმევინოს აღსარებაზე, ზიარებაზე, ლოცვაზე. ეს გიხსნის ნიჰილიზმისგან, სასოწარკვეთისგან.

ღვთისმშობლის წილხვედრი

ერთ-ერთ ცნობილ მოძღვარს ვკითხე, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა-მეთქი? მიპასუხა, რომ ეს გულისხმობს ძალიან ბევრი განსაცდელის და გაჭირვების გადატანას. ღვთის რჩეული ხალხი განსაცდელებით გამოიწრთობა, გაჭირვებამ ჭკუა უნდა ასწავლოსო. აბა, ღმერთმა რომ გაგვწიროს, აღარ დაგვეხმარებოდა იმ დროს, როდესაც არ ვიმსახურებთ შეწყალებას. ერთხელ სასულიერო აკადემიაში საუბრისას უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წამოსწია ასეთი თემა: წმინდა მამებს როდესაც განსაცდელი დაივიწყებდა, ღმერთს ეკითხებოდნენ, რატომ დამივიწყეო. ე.ი. როცა განსაცდელში ხარ, ახსოვხარ ღმერთს.

ამიტომაც ძალიან ბევრ რამეს ხალხმა სხვა თვალით უნდა შეხედოს. რა თქმა უნდა, თითოეული ერი და სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს, რომ ადამიანები არ იყვნენ მატერიალურად გაჭირვებულები და ყველას ჰქონდეს თავისი ადგილი, დაცულობის შეგრძნება, მაგრამ ამავე დროს განსაცდელის არსი ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენო. ერთ-ერთი მოძღვრის ქადაგებაში აღწერილი იყო ასეთი შემთხვევა: მონასტერში ვიყავით, საიდანაც სურსათი გამოგვატანეს თბილისში ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.

მოწყალების დანახვაზე ოჯახის უფროსმა თურმე ტირილი დაიწყო, ბოლო ულუფაღა ვაჭამე ბავშვებსო. უთქვამს, მარტო იმაზე კი არ ვტირი, რომ უფალმა ამხელა წყალობა მოიღო, ჩემს სულმოკლეობაზეც ვტირიო. რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა და ყოველთვის დახმარების ხელი გამოუწვდია უფალს, ვიღაც მოსულა და შემწეობა გაუწევია, მე კი სულ სასოწარკვეთილებაში ვვარდებიო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაჭირვება უფალზე მინდობას გასწავლის.

განსაცდელი გვაბოროტებს?

შესაძლოა ეს გასაცნობიერებლად რთულია, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ მართლაც რაღაც ინსტიტუტები მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი ინტელექტუალურად არ განვითარდეს და შეექმნას არასრულფასოვნების კომპლექსი.

ამასთან, ამ გადასახედიდან, როდესაც ამდენი შეცდომა დავუშვით, ამდენი ცუდი რამ მოხდა, შესაძლოა მართლაც გაჩნდეს საზოგადოებაში პოზიცია, რომ არშემდგარი სახელმწიფო ვართ და ავადმყოფი ერის დიაგნოზი უნდა დაგვისვან. სწორედ აქ ჩანს ეკლესიური ცხოვრების საჭიროება. გამძლეობისთვის ძალა უნდა მიიღო უფლის მადლისგან.

ეს კი არ გამოვა, თუ აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე... ისე ვერ გავუმკლავდები ცხოვრებისეულ პრობლემებს. ჩემი აზრით, საკმარისი არ არის მხოლოდ ტაძარში დგომა და ზიარება, უნდა შეიგნო, გაათვითცნობიერო, რა არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არის უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნება. როდესაც ავტორიტეტები აღარ არსებობენ და ხალხი ნიჰილისტურად არის განწყობილი, ფსიქოლოგიურად უმძიმეს წნეხს ეკლესიური ცხოვრებით უნდა გაუმკლავდე. უნდა მიხვდე, რომ განსაცდელი და ფსიქოლოგიური გაჭირვება ხელის მკვრელია უფლისკენ. ცდილობს მისკენ მიგახედოს. 

თითოეულმა უნდა მოძებნოს თავის თავში უფლისკენ მისაბრუნებელი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალზე ძნელია, მაინც უნდა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდება ის ვერსიები, რაზეც თითქოს გარეშე ძალები მუშაობენ, - გადაწყვეტილი აქვთ ჩვენი ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცვლა.

შესაძლოა ითქვას, რომ ამიტომაც ახალი განათლების სისტემებით და მეთოდებით ნაკლებად განათლებული თაობა მოდის, ნაკლებად ამტანი სიძნელეთა მიმართ, უფრო ზერელე აზროვნების მქონე, თითქოს ცნობიერებაში შემოდის ევროპული ღირებულებები და ეროვნული უკანა პლანზე გადადის. არადა, იმ ევროპაში პირიქით არის. თითქოს პიროვნება სადღაც იკარგება და მოდის უსახური მასა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს.

ბოლოს მივიღებთ ინკუბატორში გამოყვანილებივით იოლად სამართავ ძალებს, რომლის ცხოვრების მთავარი ორიენტირიც იქნება ფული და ეს ფული გახდება მთავარი ყველგან და ყველაფერში. ეს მასა ვერ დაიბრუნებს დაკარგულ მიწებს.

რა გაგვაერთიანებს?

ვინ დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს? დაგვიბრუნებს ღმერთი და არა ამერიკა ან რუსეთი, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ცნობიერება გახდება მართლმადიდებლური. ისე კი არა, დღეს პოლიტიკოსი ეკლესიაში სააღდგომო ან სხვა სადღესასწაულო მსახურებას რომ ესწრება. არც  ისე, მრევლი რომ უბრალოდ აღსარებას ამბობს და ეზიარება.

ეკლესიისადმი ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცნობიერებისგან. ყოველდღე შენი თავი უნდა აკონტროლო, დაუკვირდე, რა არის შენს საქციელში უფლისთვის არასათნო. დიდი წმინდა იოსები ისიხასტი ამბობს, რომ ყოველდღე, მოხუცი იქნება, ახალგაზრდა თუ ბავშვი, გამოიკვლიოს, დღის რომელ მონაკვეთში რაღაც ისეთს ხომ არ ფიქრობს და აკეთებს, რაც უფალს არ მოსწონსო.

ეს არის მართლმადიდებლობა, მუდმივი კონტროლი საკუთარ თავზე. თუ შენ ფლობ საკუთარ თავს, დაიმსახურებ აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც და ეს ისე უცებ და მოულოდნელად მოხდება, რომ გაგიკვირდება. ვიმეორებ, უნდა მივენდოთ უფალს და დავიმსახუროთ მისი წყალობა, კარგად გავიშინაგანოთ, რა არის მართლმადიდებლური ცხოვრების არსი. სხვანაირად როგორი პოლიტიკური სვლებიც უნდა გავაკეთოთ, ისეთივე ვითარებაში ვიქნებით, როგორშიც ვართ დღეს.
matraxi
27 ოქტომბერი 2011 05:39
Alex რა ამბავში ხარ, საერთოდ რა გინდა? ვაი შენი ტყავის ბრალი როცა აღდგება ქართველი და სახეში მათრახს მოგაწნავს
Alex
14 აპრილი 2010 15:29
საქართველოს დაძაბუნებულ ხერხემალს გამართავს ეკა ლომიძე!!!!!!!!! :D
Alex
14 აპრილი 2010 13:43
და კიდევ, სულ არ მაინტერესებს ვიღაც ეკა ლომიძე რას დაჯღაბნის. მყავდეს ახლა მაგ ნიკო ნიკოლაძე?! :D
სულ ჩემი კომენტარებით დაუწყია თავისი ნაჯღაბნები, მე მაგ არ ვიდარდო. არავინ მიიწვია ტელევიზიაში და არის გამწარებული! ვინც მაგარი იყო კი არის ახლა რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მთავარი სახე და ძალიან მაგარი ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. მისი სტატიები ასი თავით სჯობდა ვიღაც ეკა ლომიძის ნაჯღაბნს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები