"ხელოვანიც და სპორტსმენიც ხმების­ მოსაპოვებლად სჭირდებათ, მაგრამ..."
22-08-2016
"ხელოვანიც და სპორტსმენიც ხმების­ მოსაპოვებლად სჭირდებათ, მაგრამ..."
"არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომელთა სცენაზე დანახვა უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე პარლამენტში"

ტრადიცია დავარღვიეთ და ჩვენი ინტერვიუ ცნობილ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან მხოლოდ მის შემოქმედებას არ მივუძღვენით. რა გასაკვირია, რომ "ცივი ლა"­-სა და "თბილი სი"-ს ავტორთან საუბარი­ თბილისის თემით დავიწყეთ. მომეჩვენა, რომ ჩვენი ინტერვიუ ოდნავ ნოსტალგიური და უდავოდ გულწრფელი გამოვიდა, ისეთივე­ გულწრფელი, როგორიც მისი შემოქმედებაა.

- როგორი იყო თქვენი თბილისი მრავალი­ წლის წინ და როგორია დღეს?

- უპირველესად,
მწვანე­ იყო და ამ მწვანე ქალაქში მოღიმარი ხალხი­ დადიოდა. ქუჩაში ძალიან ბევრ ნაცნობს ვხვდებოდი. ამდენი მახინჯი შენობა არ იდგა. არსებობდა ქუჩაში ქცევის დაუწერელი­ წესები - ხალხი ერთმანეთს ესალმებოდა, ავტობუსში ადგილს უთმობდნენ ერთმანეთს, მოხუცები გადაჰყავდათ გადასასვლელზე. "ლაღიძის წყლები" რუსთაველის პროსპექტის სიმბოლო იყო. როგორ
შეიძლებოდა ასეთი ისტორიული ადგილის მოშლა, ან რით შეიძლებოდა ჩაენაცვლებინათ ის?!

დღეს ყველაფერი აირია. ისედაც მოკლე წუთისოფელში მშვენიერების შეგრძნებისთვის არც ისე ბევრი დრო გვაქვს და ამის ჩანაცვლება აგრესიული და ჭუჭყიანი პოლიტიკით, უბედურებაა.

- თუმცა მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში.

- მე ვიტყოდი, რომ ჩართეს. უკვე ათწლეულებია, იძულებული გახადეს, ჩართულიყვნენ ამ სიბინძურეში. მასმედიით მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობენ, პოლიტიკოსები კი სუპერგმირები გახდნენ...

- თქვენ გაქვთ რუსეთსა თუ ევროპაში მოღვაწეობის გამოცდილება... როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას - პრორუსულსა თუ ევროპულში?
- მე რუსეთსაც ვუსურვებდი, რომ ერთიან ევროპულ ქვეყანაში ეცხოვრა. მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, რუსეთისთვისაც სასიკეთო იქნებოდა, რომ მოიაზრებოდეს, როგორც ევროპის ქვეყანა, ეს მისი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია. რუსი ხალხიც დიდი პრობლემის წინაშე დგას იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებენ.

კონსერვატორიასა და ასპირანტურაში ვსწავლობდი ერთიან ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რუსეთად არ მოიაზრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც იქ ვცხოვრობდი და ჩემ მიმართ კეთილგანწყობისა და აღიარების გარდა, არაფერი გამოუხატავთ. თუკი რაიმე პრიზი არსებობს, ყველაფერი მომცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი წარმატება ჩემი ქვეყნის ინტერესზე გავცვალო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და იძულებით გადაადგილებული ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს.

- მშვიდობიანი გზით?

- მე მშვიდობის მომხრე გახლავართ და ამ შემთხვევაშიც პაციფისტი ვარ. ვფიქრობ, არც ისე მოკლე გზის გავლა გვჭირდება ევროპაში შესასვლელად. რა თქმა უნდა, ევროპაში შესვლა არ ნიშნავს ნატოში გაერთიანებას.
ძალიან საფრთხილო პოლიტიკა აქვს საქართველოს შესამუშავებელი. ჩვენ ვჭირდებით ევროპასაც და რუსეთსაც, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ფასი უნდა დავადოთ...

- თუ ამერიკაში ხელოვანის ღვაწლი­ ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი­ ვარსკვლავითა­ და მაღალი ანაზღაურებით განისაზღვრება, ჩვენთან თითქოს დამსახურებისთვის ჯილდოდ იქცა პოლიტიკაში ხელოვანების ჩართვა.

- ამის გამო გული მწყდება. არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომელთა სცენაზე დანახვა უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე პარლამენტში.

- საარჩევნო მარათონში სპორტსმენებიც ჩაერთვნენ...

- ხელოვანიც და სპორტსმენიც ხმების­ მოსაპოვებლად სჭირდებათ, მაგრამ... სპორტსმენი გარკვეული ასაკის შემდეგ სპორტს თავს ანებებს. შესაბამისად, მათი პოლიტიკაში ჩაბმა უფრო მისაღებია. მსახიობს, კომპოზიტორს, მწერალს არა აქვთ საპენსიო ასაკი და მენანებიან პოლიტიკისთვის... თუმცა, მსოფლიოში არის მაგალითები, როდესაც ხელოვანი წარმატებული ყოფილა პოლიტიკაშიც, მაგრამ ეს იშვიათობაა და კანონად ვერ იქცევა.

- ბედუკაძესა და მის საარჩევნო სვლებსაც შევეხოთ?

- მე მის გვარს არც ვახსენებდი. ბგერათა ამ ერთობის წარმოთქმისას თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.

- თქვენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პირველ პირებთან გაქვთ ურთიერთობა­ - ერთი მხრივ, თქვენი ქალიშვილი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრია, მეორე მხრივ, თქვენ ტელეკომპანია GDS-ის სახე ბრძანდებით...

- მე არ ვემსახურები ხელისუფლებას. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენი ხელით არიან არჩეული და ჩვენი "ხელის უფლებით" არიან ხელისუფალნი­. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და რომელი მასმედიით მექნება კონტაქტი ჩემს საყვარელ­ საქართველოსთან და ვინ არის ამ ტელევიზიის პატრონი, მნიშვნელობა არა აქვს.

- როგორც გავიგე, თქვენი ვარსკვლავის­ გახსნაც იგეგმება. როგორ შეხვდით ამას?

- უპირველესად, ის ადამიანები გამახსენდა, რომელთაც ბევრად მეტი ღვაწლი მიუძღვით და მათი ვარსკვლავი არ გახსნილა.
ვარსკვლავს, მართალი გითხრათ, ჩემთვის არანაირი ხიბლი არა აქვს. ჩემი ვარსკვლავი დარბაზში დაკრული ტაში და ხალხის სიყვარულია.

- ახლახან ბათუმში კონცერტი გამართეთ­. კიდევ სად გექნებათ "პაემანი" თაყვანისმცემელთან?

- მალე მთელ საქართველოში მექნება ტურნე. ადამიანებს, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი კონცერტზე დასასწრებად ჩამოვიდნენ თბილისსა თუ ბათუმში, მათსავე ქალაქებში "დავუნიშნავ პაემანს".

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- ღმერთი, სიყვარული და ადამიანი. მივუტევოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიცხოვროთ საქართველოსთვის.


ეკა სალაღაია
kusa
31 აგვისტო 2016 16:32
თქვენგან არავის სმენია ნაცების ფაშისტური რეჟიმის გმობა და სააკაშვილთან მიმართებაში თქვენი ლოილობა ნამდვილად აუფასურებს თქვენ შენოქმედებით აქტივობას!
mze
31 აგვისტო 2016 15:58
მუდამ წარმატებით გევლოთ!დიდ პატივს გცემთ!
გიგილო
31 აგვისტო 2016 14:59
გოგოსთვინ პრეზიდენტის ოჯახი გაუჩალიჩებია და ეხლა კანეშნა სულ ჰარიჰარალოს იმღერებს.
:DDDDDDDDDDDDD


აბა ია ბილა აი!
:DDDDDDDDDDDDDDD

რედაქტორის რჩევით