ბრძოლა არსებობისთვის ნავთლუღის ბაზრის "ტატამზე" - კვირის პალიტრა

ბრძოლა არსებობისთვის ნავთლუღის ბაზრის "ტატამზე"

აქ ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, მყიდველი ცდილობს, იაფად შეიძინოს პროდუქტი, ისიც ხომ სიდუხჭირეს ებრძვის. როლებია სხვადასხვა, ამ ორომტრიალში კი გამარჯვებული მხოლოდ რეალობაა - ერთ წრეზე სიარულის რეალობა: ყიდიან და ყიდულობენ, ამ მოჯადოებულ წრეზე კი გაჭირვებაა გამეფებული...

დღის ბოლოს ნავაჭრმა 24 ლარი და 50 თეთრი შეადგინა... ასე გაილია მძიმე და მომქანცველი დღე. გაყიდული პროდუქციიდან, როგორც დახლის მეპატრონემ დაიანგარიშა, მხოლოდ 2,50 ლარი დარჩა მოგება

გასულ კვირას ნავთლუღის ბაზარში პროდუქტების შესაძენად მისულს, ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარზე, სახელდახელოდ გაშლილი დახლებიდან ყველა გარემოვაჭრე თავისკენ მექაჩებოდა... 90-იანი წლები გამახსენდა, წლები, რომელმაც ბევრი უსახლკაროდ თუ ულუკმაპუროდ დატოვა და გარემოვაჭრედ აქცია. ერთ დროს წარმატებულმა ადამიანებმა ცხოვრების წარუმატებელი მხარე გაიცნეს... მას შემდეგ ყოველდღიურად უწევთ ლუკმაპურისთვის ბრძოლა და თავშესაფრის დაუსრულებელი ძიება...

აქაურობამ იმ უმძიმესი წლების მსხვერპლთაგან ერთი ჩემი ნაცნობის ტრაგედიაც გამახსენა... მარღანიების ოჯახის უფროსი, სხვა ქართველი მებრძოლების მსგავსად, აფხაზეთის ომმა შეიწირა. ობლად დარჩენილმა ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა ჭუბერის უღელტეხილი დედასთან ერთად გადმოიარა... მათ თავშესაფრის ძიებაში არაერთი ღამე ქუჩაში გაათენეს. დაქვრივებული ქალი, სოხუმის სკოლის ყოფილი დირექტორი, დედაქალაქში შიმშილს შვილებთან ერთად ებრძოდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, სამსახური ვერსად იშოვა. მერე ძნელად, მაგრამ მაინც იპოვა გზა შვილების გადასარჩენად, ამ გზამ კი მძიმე ჩანთებით ნავთლუღის ბაზარში მიიყვანა. ნამდვილი ომი ცხოვრებისეულმა ომმა შეცვალა. მძიმე აწმყოსა და ბურუსით მოცულ მომავალზე ფიქრში მისი დღეები ერთფეროვნად, უიმედოდ და ტკივილიანად გადიოდა. ნუგეში მხოლოდ გაყიდული პროდუქტისგან შემოსული თანხა იყო. იმ დღეს, როცა კარგი ვაჭრობა ჰქონდა, შვილებთან ამაყად მიდიოდა... დეიდა ბელა შარშან, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა...

ნელი ნაბიჯებით მივუყვები სავალ ნაწილზე გაშლილ საარაკო ბაზრობას და მოვაჭრეების სახეებს ვაკვირდები. ყველას თვალებში დიდი ტკივილი და სევდა იკითხება... ნეტავ ახლა რას ფიქრობენ? როგორია მთელი დღე შუაგულ მზეზე დგომა? მერე უცებ თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე და... გადავწყვიტე, ერთი დღე თავად გავმხდარიყავი გარემოვაჭრე...

ახალბედა გარემოვაჭრე მუშაობას იწყებს...

აქ დილა იმაზე ადრე იწყება, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ახალშეძენილი კოლეგები რჩევებს უშურველად მაძლევენ. დამაგვიანდა, მაგრამ არ ვდარდობ, ჩემი ნაცნობის დახლს უნდა მივუჯდე. ის ბიჟუტერიას ყიდის... ჟურნალისტის ყოველდღიურ ტანსაცმელს: კედებს, ჯინსსა და პერანგს, "შლოპანცები", შორტი და მაისური ცვლის... დახლის მეპატრონე ადგილს მითმობს და სანამ საქმეს შევუდგები, სხვა მოვაჭრეებს ვეკითხები: - რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად გავყიდო საქონელი? ვერცხლის სამკაულით მოვაჭრე მიხსნის, რომ კლიენტის შებმას აზრი არა აქვს, ვინც მყიდველია, ისედაც მოვა, ვინც არა, ნუ დაიღლი თავს ხვეწნა-მუდარითო...

ჩემ გვერდით ერთი ქალი საცვლებით ვაჭრობს და ჩივის, რომ ჯერ არაფერი გაუყიდია. დღეს ხუთი ლარი მაინც რომ იშოვოს, მადლობელი იქნება. ერთნაირი საქონელი ამ ტერიტორიაზე ბევრია, მყიდველი კი ცოტა. ქალაქი ცარიელიაო, ჩივიან ისინი. რამდენიმე მეტრში 60 წელს გადაცილებული ქალი წინდებით ვაჭრობს. ჯერ მხოლოდ ერთი წყვილი წინდა აქვს გაყიდული, სანთლების დამტარებელ ჭაღარა ქალს კი უკვე 10 ლარამდე ჰქონდა ნავაჭრი, აქედან მისი მოგება 2 ლარია. მარიგებს, რომ მოღუშული არ შევეგებო კლიენტს და ლაღად ვესაუბრო. მოღიმარი სახე კლიენტს არ დააფრთხობს და ვინ იცის, იქნებ გაგიმართლოს კიდეცო, - მეუბნება.

საოცრად ცხელა, ოხშივარი ასდის ასფალტს. იქვე, დიდი ლურჯი ქოლგის ქვეშ, პლასტმასის გადაჭრილ ბოთლებში ჩარგულ ყვავილებს სიცხისგან ფერადი თავები დაუხრიათ. გამყიდველი არ ჩანს. საიდანღაც ხანდაზმული ქალის ხმა მომესმა:

- მეიცადე, ბებია, მოვდივარ, რომელი ყვავილი გინდა? აგერ ლამაზი ბალბა მაქვს, ნახე, როგორი ყვავილია?

რას მირჩევთ, მე როგორღა გავყიდო ჩემი პროდუქცია-მეთქი და, მანაც არ დაიზარა რჩევების მოცემა...

"ყოველდღე ვიძახებთ სასწრაფოს"

ასმათ შამუგია, გარემოვაჭრე:

- გამვლელ-გამომვლელს მოწიწებით, კულტურულად უნდა შესთავაზო "ტავარი".

- ღიმილი აუცილებელია?

- რა თქმა უნდა, მოეფერე კლიენტს. აბა, სხვანაირად არ გამოვა.

ძალიან მძიმე სამსახურია, დედი. ბევრი ვერ უძლებს და ცუდად ხდება. ამ სიცხეში ყოფნა ადვილი ხომ არ გგონია? თითქმის ყოველდღე ვიძახებთ სასწრაფოს, ხან ვინ გვიხდება ცუდად და ხან ვინ. სხვა გზა რომ არა აქვს, წინადღეს მომაკვდავი ადამიანი მეორე დილას მაინც მოდის აქ ლუკმაპურის საშოვნელად.

15 წელია ყვავილებს ვყიდი. პურის ფულს ვშოულობ. ერთი ყვავილიდან ლარი მრჩება...

პირველი იმედგაცრუება...

"სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო", - ნათქვამია და მეც მოვაჭრეების ენაზე დავიწყე საუბარი...

11:05 საათი. თავზე ჩალის მოწნული ქუდი დავიმხვე და საქმეს შევუდექი. ჩემი გასაყიდი საქონელი - რამდენიმე ოქროსფერი ჯვარი, ჯაჭვი და კიდევ საბავშვო ტატუ დახლზე გავშალე და...

- აბა, გავიყოლოთ იტალიური ბიჟუტერია იაფად, სამწლიანი გარანტიით, ფერი არ გადასდის!

-"აბა, გავიყოლოთ შვილებისა და შვილიშვილებისთვის ტატუები, სულ რაღაც ერთ ლარად..."

სახეზე ღიმილს არ ვიშორებ, ვცდილობ არც ერთი გამვლელი - მოჩქარე თუ მოსეირნე, ბავშვი თუ ხანდაზმული - ისე არ გავუშვა, ჩემი დახლისკენ არ გამოვახედო...

ჯერ სულ რაღაც 15 წუთია გასული და არაფერი გამიყიდია, მაგრამ ეს სულაც არ მოქმედებს განწყობაზე, პირიქით, გამბედაობა მემატება. ვერც თაკარა მზე მიქმნის დისკომფორტს.

სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ იტალიური ბრენდის ნივთები სულაც არ არის იაფი - ჯვარი ჯაჭვთან ერთად 30 ლარი ღირს და რეალური კლიენტის შემთხვევაში მხოლოდ 3, მაქსიმუმ 4 ლარის დაკლება შემიძლია...

ამ ადგილას ყოველთვის ხალხმრავლობაა. ახლაც ერთმანეთს ძლივს უქცევენ გვერდს გამვლელები. სახეებს ვაკვირდები - უმრავლესობას შეწუხებული სახე აქვს. ზოგს სიცხისგან, ზოგსაც, ალბათ, ცხოვრებისგან... ხმაური, ქაოსი, კონკურენცია, კამათი და ერთმანეთისთვის კლიენტის წართმევა... შემდეგ ისევ სანატრელი მყიდველის მოლოდინი.

ასე გადის ერთი საათი, ჯერ არავინ დაინტერესებულა ჩემი "ტავარით"... და აი, ისიც! - პირველი კლიენტი ჩემს დახლთან. 10 წლამდე ასაკის"მესის ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა ტატუებს მიაჩერდა. მეუბნება, რომ შეძენა უნდა, მაგრამ ფული არა აქვს. დედასთან წავალ, ფულს გამოვართმევ და ისევ დავბრუნდებიო, - მითხრა, მაგრამ აღარ გამოჩენილა... 15 წუთში 50 წელს გადაცილებული ქალი მიახლოვდება და ბიჟუტერიის ფასს მეკითხება. დეტალურად იკვლევს წარმოებას, ფერის მდგრადობას და ბოლოს, უნივერსალურ კითხვას მისვამს: რამდენის დაკლებას შეძლებთ?.. ერთი სიტყვით, სათითაოდ ხსნის ყველა ყუთს, ბოლოს კი უფულობას იმიზეზებს და მიდის. გამვლელ-გამომვლელს იმედით შევყურებ, მაგრამ... გაყიდვის აზარტი სადღაც გაქრა და შემრჩა მხოლოდ იმედგაცრუება...

"თქვენ იეღოვას მოწმე ხართ?"

2: 35 საათი. დრო გადის, მყიდველი არ ჩანს. სულ უფრო გაუსაძლისი ხდება სიცხე. მეზობელი დახლის მეპატრონეს დიდი ჭიქით ყინულიანი ცივი ყავა მოაქვს. აი, ბედნიერება - უდაბნოში რომ ოაზისს გადააწყდები, დაახლოებით ასე ვარ. გავგრილდი. ამასობაში ერთი ქალი მიახლოვდება.

- რა ღირს ჯვარი?

- მხოლოდ ჯვარი - 10 ლარი.

- ახლა რომ ბოლო ჟამია არსებობის?! - პასუხმა დამაბნია და კითხვას ვუბრუნებ.

- რას გულისხმობთ?

- ეკლესიას...

- თქვენ იეღოვას მოწმე ბრძანდებით?

- ბავშვობაში მართლმადიდებლური წესით მომნათლეს, მერე იეღოვას მოწმეც ვიყავი, მაგრამ ახლა ყველანაირ რელიგიას და სექტას უარვყოფ.

- მაშინ ეს ჯვარი თქვენთვის არ ყოფილა, - ვუჭრი მოკლედ და მორიგი კლიენტის მოლოდინში ისევ სკამზე ვჯდები.

ძლივს გაყიდული ტატუ

დრო გადის, მაგრამ სახეზე ღიმილს არ ვიშორებ... განწყობა მაშინ შემეცვალა, როდესაც ჯერ საათს დავხედე, მერე კი ჯიბეში ჩავიხედე. უკვე ხუთი საათი იყო გასული და ჯერ კიდევ არაფერი მქონდა გაყიდული. და აი, ისიც, ახალგაზრდა მამაკაცი შვილისთვის ტატუს ყიდულობს. ამ ერთმა გაყიდულმა ნივთმა დიდი სტიმული მომცა...

ახლა უკვე ხილის გამყიდველი ვარ. 10 წუთიც არ გასულა, რომ დახლს მამაკაცი მოუახლოვდა და ორი კილოგრამი ქლიავი ამაწონინა. მაშინ ვიგრძენი მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში დგომის მცირედი, მაგრამ მაინც სასიამოვნო შედეგი

ხილის სექციაში

წრადგან მხოლოდ ერთი ტატუ გავყიდე, გადავწყვიტე, ადგილი შემეცვალა და ბედი სხვა სექციაში მეცადა. იქვე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქლიავსა და ბანანს ყიდდა. ადგილი დამითმეს და ახლა უკვე ხილის გამყიდველი ვარ. 10 წუთიც არ გასულა, რომ დახლს მამაკაცი მოუახლოვდა და ორი კილოგრამი ქლიავი ამაწონინა. მაშინ ვიგრძენი მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში დგომის მცირედი, მაგრამ მაინც სასიამოვნო შედეგი. კაცს სასწრაფოდ ავუწონე ხილი, ორ პოლიეთილენის პარკშიც ჩავუდე და გემრიელად მირთმევაც ვუსურვე.

ჩემ გვერდით სომეხი ახალგაზრდა ქალი ვაშლატამას ყიდის და კლიენტის მოზიდვის ნაცად მეთოდებს მასწავლის...

- გავიყოლოთ გორის ქლიავი, იაფად, ზუსტი წონა...

მეც მონდომებით ვიმეორებ... მერე გამომიტყდა:

დღეს 6 საათამდე 80 ლარი მაქვს შესატანი ბანკში. თუ ვერ შევიტან, დამაჯარიმებენო. ხუთი საათი ხდებოდა, მაგრამ ჯერ 40 ლარი ჰქონდა ნავაჭრი.

- თუ ვერ იშოვეთ, რას აპირებთ?

- ვინმეს გამოვართმევ და მერე დავუბრუნებ. აქ სულ ასეა, ყოველდღე ვიღაცას ბანკში აქვს შესატანი, ვუგროვებთ და მერე გვისტუმრებს. ერთმანეთის იმედად ვართ...

ამასობაში მორიგი კლიენტი მოადგა ჩემს დახლს. ერთი კილოგრამი ავუწონე. ჯერ 20 წუთიც არ გასულა და უკვე სამი კილოგრამი ქლიავი გავყიდე. მოტივაცია ამაღლებულია... კიდევ სამი კილოგრამი ქლიავი... ამასობაში ბანანის მსურველი მომადგა. სანამ ქლიავს ვწონიდი, ბანანის კლიენტი დავკარგე. მეზობელი დახლიდან მომაძახეს, ცოტა სწრაფად უნდა ჩაყარო პარკში, თორემ კლიენტს დაკარგავო. "ამასაც ცოდნა უნდა", - ვფიქრობ ჩემთვის და სველ ტილოზე ხილის წვენით გატკბილულ ხელებს ვიწმენდ. აი, კიდევ ერთი კლიენტი, უკან კიდევ მეორე მოჰყვება... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთი კლიენტი"ჩემი დახლის მეპატრონეს "წაკლას" უწოდებს და აქ იწყება ამბავი... კამათში სომეხი ქალი ერთვება და ისეთი სიტყვების კორიანტელია, მოსაყოლად ვერაფრით გაკადრებთ...

დღის ბოლოს ნავაჭრმა 24 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. 12 კილოგრამი ქლიავი და 13 ბანანი გავყიდე... ასე გაილია მძიმე და მომქანცველი დღე. გაყიდული პროდუქციიდან, როგორც დახლის მეპატრონემ დაიანგარიშა, მხოლოდ 2,50 ლარი დარჩა მოგება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეა...

ოჯახის ტვირთთან გამკლავება ამ მიზერული თანხით შეუძლებელია. პრობლემა პრობლემად რჩება... ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, მყიდველი ცდილობს, იაფად შეიძინოს პროდუქტი, ისიც ხომ სიდუხჭირეს ებრძვის. აქ როლებია სხვადასხვა, ამ ორომტრიალში კი გამარჯვებული მხოლოდ რეალობაა - ერთ წრეზე სიარულის რეალობა: ყიდიან და ყიდულობენ, ამ მოჯადოებულ წრეზე კი გაჭირვებაა გამეფებული...

მოსაღამოვდა, ბაზრის "ტატამზე" ბრძოლა დროებით წყდება და მზის ამოსვლისთანავე კვლავ ახლდება... ასე დაუსრულებლად...

თორნიკე ყაჯრიშვილი