მავნებლობა!!! - "ტყე კი არ ხმება, ახმობენ!" - კვირის პალიტრა

მავნებლობა!!! - "ტყე კი არ ხმება, ახმობენ!"

დაზიანების მეთოდი მარტივია: ხეს მთელ სიგრძეზე აახევ მერქანს, რაც ხმობას იწვევს და იძლევა საბაბს, რომ დაზიანებული ხე სანიტარიულ ჭრას დაექვემდებაროს

დიდ ცემში, ტყის გულში მშენებარე აგარაკს წავაწყდით. აქაურებმა მითხრეს, ცნობილი მოჭიდავის და პარლამენტარის, ლუკა კურტანიძისააო, რომელსაც თითქოს მისი ნათესავი იშენებს, აბრაზეც ანდრო კურტანიძის გვარ-სახელია მითითებული, თუმცა მუშებსაც უთქვამთ, პარლამენტარ ლუკა კურტანიძის მშენებლობაზე ვმუშაობთო...

ბორჯომის ცნობილ პლატოზე ხეთა სასაკლაოა. უზარმაზარი წიწვოვანი ხეები დაჭრილი, დახერხილი და ექსპლუატაციისთვის არის გამზადებული. ყველგან, სადაც გასატანად დაწყობილი მორებია, დიდი აბრები იუწყება, რომ სანიტარიული ჭრა მიმდინარეობს. ასეთ ხეებს მერქნის შემოცლის და მორებად დამზადების შემდეგაც ეტყობა ავადმყოფობის და სიბერის ნიშნები. პლატოზე გასატანად გამზადებული მორები თითქმის არ გამოიყურება ავადმყოფურად. აქვე, გზის ახლოს, თვალში გხვდება მწერებისგან გამხმარ-დაავადებული ხეები, რომლებიც რატომღაც პირველ რიგში არ გამოუცლიათ ტყის ჯანსაღი ნაწილისთვის. არადა, აბრები იუწყება, ჭრა სანიტარიულიაო!

აქ ყველაფერი კანონის ფარგლებში, სანიტარიული ნორმების დაცვით მიმდინარეობს, ამიტომაც ძნელია, ვინმეს შეედავო-მეთქი, - ვამბობ და ბორჯომიდან ცემში ტაქსით მიმავალი მძღოლის გულისწყრომას ვიწვევ. ასაკოვანი კაცია გიორგი. ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც ათ წელზე მეტია, ბორჯომის ხეობის ტყეებში ხდებაო, - ამბობს.

გიორგი: - ამ ტყეებს დიდი ხანია ხის ჭირი სჭირს. ლაფნიჭამია და სხვა მწერი შეესია, მაგრამ კომუნისტების დროს უწამლეს და ხეობა გახრიოკებას გადაარჩინეს. ახლა რას სჩადიან? ფეხებზე დაიკიდეს ტყეც, კურორტებიც, ჰაერი არ ანაღვლებთ.

- ვის უწყრებით, მოქალაქეებს თუ ხელისუფლებას?

- ხელისუფლებას. მოქალაქე, ვინც ხეს ჭრის, ბრაკონიერია და ხელისუფალი უნდა ებრძოლოს მავნეს. არ ებრძვის და გამოდის, რომ ერთად გადიან საქმეში. ამასთან, დაავადებული ხე მოჭრამდე არ უნდა მიეყვანათ.

- პლატოზე უზარმაზარი აბრებია: - "მიმდინარეობს სანიტარიული ჭრაო"., რეინჯერებიც ებრძვიან ტყის უკანონოდ მჭრელებს.

- გულუბრყვილო ხართ, თუ თავს ისულელებთ? მეტყევე არა ვარ, მაგრამ ავადმყოფ და ჯანმრთელ ხეს კარგად ვცნობ. სანიტარიული ჭრის სახელით იცით, რამდენი ჯანმრთელი ხე მოიჭრა? იცით, რამდენად ყიდიან კუბურ მეტრს? 260 ლარად! ავადმყოფი მასალა არ იყიდება ამ ფასად... ან ვის გაუგია სანიტარიული ჭრა ზაფხულში?! შემოდგომით უნდა მოჭრან, რომ ჭია არ გაჰყვეს და ჯანმრთელ ტყეს არ მოედოს. ამას, რასაც პლატოზე უყურებთ, უთავბოლო ხალხის ნაკეთები პირადი საქმე ჰქვია.

- პირად საქმეში რას გულისხმობთ?

- ხალხის ყურამდე უკვე მოვიდა ამბავი, პლატოზე ვის რამხელა და რომელი მიწა აქვს დანაწილებული. ერთ დღესაც მაგ ხეების ადგილზე ვნახავთ წამოჭიმულ სასტუმროებს და კაფე-ბარებს, მაშინ კი გაირკვევა, ვის ინტერესებშია ეს ვითომ სანიტარიული ჭრა, მაგრამ გვიან იქნება.

სოფელ ჭობისხევში, დაბისის ტბასთან, სულ გაჩეხეს ტყე. ახლა იქ დიდი მინდორია. არავინ არის გამკითხავი. სამუშაო არა აქვს ხალხს და ასე ნახეს გამოსავალი, მაგრამ ეგ როგორი გამოსავალიც არის, კი იცის ჭკვიანმა, მხოლოდ სულელი ჭრის ხეს, რომელმაც შენი მომავალი უნდა დაიცვას.

ამასთან, ბოროტმოქმედებას გლეხის ხელით სჩადიან, დამკვეთები კი ბობოლები არიან.

წინათ ტყეში ფიჩხისთვის რომ მივდიოდით, მეტყევე მოგვვარდებოდა, რამე ხომ არ გააფუჭეთო. ახლა მეტყევე ან შეკრულია, ან ისე ცემენ, რომ ეშინია. მალე ტყეს ვერ იპოვით და ყველა კურორტი ოხრად დაგვრჩება...

ხეს მთელ სიგრძეზე აახევ მერქანს, რაც ხმობას იწვევს

ცემში გზის ერთი მხარე 2008 წელს ნახანძრალ ტყეებს გაჰყურებს. დამწვარი და დაზიანებული ტყეები გასაწმენდია, გამოტანილი მასალა მოსახლეობას რამდენიმე წელიწადს ეყოფოდა სათბობად, თუმცა, არც გამოტანით იკლავს თავს ვინმე. ხალხიც ამბობს, - თუ ხე ძალიან მურიანია, არ გვინდა, ხელები გვესვრებაო(?!).

ცემელები მეუბნებიან, რომ ბორჯომის ხეობაში ხალხი ორ ნაწილად იყოფა: ვინც ფიქრობს, რომ სამსახურები არ არის და ცოლ-შვილს კი რჩენა უნდა, წლებია, უმოწყალოდ ანადგურებს ტყეს, სხვებს შესანიშნავად ესმით, უტყეოდ რა შეიძლება დაემართოს ცნობილ კურორტებს - ბორჯომს, წაღვერს, ცემს, აბასთუმანს და ზოგადად ამ რაიონს. ცემში ძირითადად "კუკუშკას" ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს ჭრაც და ხეების განგებ დაზიანებაც - აზიანებენ სრულიად ჯანმრთელ ხეებს, იმას, რასაც მწერი ვერ მისწვდა.

დაზიანების მეთოდი მარტივია: ხეს მთელ სიგრძეზე აახევ მერქანს, რაც ხმობას იწვევს და იძლევა საბაბს, რომ დაზიანებული ხე სანიტარიულ ჭრას დაექვემდებაროს. ზოგიერთი ხე შემოთლილ-შემოჩეხილია. ცალ-ცალკე, დაახლოებით 1000 კვმ ფართობებზე ერთნაირად არის დაზიანებული ხეები, ძალიან ახალგაზრდებიც და ისეთებიც, რომელთაც კაცი ხელს იოლად ვერ შემოაწვდენს... დაზიანებული ხეების ეპიცენტრიდან შეამჩნევთ საერთო თავისებურებას. ყველა ასეთი ადგილიდან შესანიშნავი ხედი იშლება, უკან კი ტყეა.

ვიღაც "ქოხის" ადგილს იმზადებს

დიდ ცემში, ტყის გულში მშენებარე აგარაკს წავაწყდით. აქაურებმა მითხრეს, ცნობილი მოჭიდავის და პარლამენტარის, ლუკა კურტანიძისააო, რომელსაც თითქოს მისი ნათესავი იშენებს, აბრაზეც ანდრო კურტანიძის გვარ-სახელია მითითებული, თუმცა მუშებსაც უთქვამთ, პარლამენტარ ლუკა კურტანიძის მშენებლობაზე ვმუშაობთო (ვეცადეთ უშუალოდ ლუკა კურტანიძისგან გაგვეგო ამ მშენებლობის ამბები, თუმცა, ამაოდ. მისი ტელეფონი არ პასუხობს, ან საერთოდ გამორთულია). კურტანიძის მეზობლად, საკმაოდ დიდ ფართობზე, ხეები ჯგუფურად არის დაზიანებული და ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაც "ქოხის" ადგილს იმზადებს. მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად წინასწარ ახმობს ხეებს, რომელიც შემდეგ კანონის ფარგლებში სანიტარიულ ჭრას დაექვემდებარება და ამ ადგილებზე კოტეჯი ან უზარმაზარი ვილა წამოიჭიმება დაბეტონებული ეზოთი, სადაც ხეს და ჩრდილს სამადლოდ ვერ ნახავთ, რადგან, როგორც ცემში ამბობენ, ახალმა ქართველებმა არ იციან, რა სარგებლობა მოაქვს ხეებს.

ცემის ტყეებში დაზიანებულ ხეებს ვითვლი. 50-ზე მეტი გასახმობად განწირული ხე ამაზრზენი სანახავია. ეს ის არის, რისი ნახვაც რამდენიმე საათში შევძელი. კანონი კრძალავს ხის დაზიანებას, თუმცა, მხოლოდ ქაღალდზე, რადგან აქ დამზიანებლებს არავინ იჭერს.

"ეს კატასტროფაა"

ცემიდან საღამო ხანს ვბრუნდები. კვლავ ტაქსით, ამჯერად მძღოლი სხვაა, ერთი შეხედვით უხასიათო, სიტყვაძუნწი კაცი. თუმცა თვითონ იწყებს ლაპარაკს.

- მალე აღარც ცემი გვექნება და ბორჯომსაც მოშიშვლებული მთის ფერდობებიდან წამოსული ნიაღვრები წალეკავს.

- აპოკალიფსური სცენარი დახატეთ...

- იცით, რას ნიშნავს, თუ ახლა ბორჯომის რაიონში ამდენი ხეტყეა დაავადებული და მოსაჭრელი? ე.ი. ეკოლოგიური კატასტროფაა და ათ წელიწადში აქ ტყე აღარ იქნება. ტყე კი არ ხმება, ახმობენ! ენაზე აკერიათ, რუსმა დაწვა ტყეო... ჰო, დაწვა, მაგრამ მორჩა რუსი. ახლა შინაურ მტრებს მიხედეთ!

P.S. ბორჯომის პლატოს ტყეების გაჩეხვა ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში სცადეს სამშენებლოდ ადგილების გამოთავისუფლების მოსურნეებმა. "კვირის პალიტრამ" მაშინ პირველმა დაწერა ამის თაობაზე. ვიღაცის ძალისხმევამ, თუ შემდგომ ომმა და შესაბამისად, ეკონომიკურმა პრობლემებმა პლატოს განადგურება დროებით შეაჩერა. დროებით, ანუ აქამდე.

"ვიღაც უგუნური მავნე ხერხს მიმართავს"

ბორჯომის ხეობის ტყეებში კატასტროფულ მდგომარეობას აღიარებს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი აცხადებს, რომ ცემში ორ ადგილას აღმოაჩინეს ხელოვნურად დაზიანებული ხეები, მაგრამ ეს ტერიტორია სატყეო ფონდს არ ეკუთვნის და შესაბამისად, მათ გასაკონტროლებლად, ბერკეტი არ აქვთ.

- ბორჯომის რაიონში, როგორც საკურორტო ზონაში, ხეების მოჭრაზე შეზღუდვებია დაწესებული. ჩანს, ვიღაც უგუნური მავნე ხერხს მიმართავს, რომ მერე რაღაც ააშენოს. ხეს ძირს უზიანებენ და კვდება... ასევე მავნებლობენ კვარისა და კევის მომპოვებლები. მერქანს მთლიანად აცლიან და მცენარეს აზიანებენ. ჩვენ საქმე გამოსაძიებლად გადავეცით.

რაც შეეხება პლატოს, იქ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაფიქსირდა პირველი ხმობა. 2011 წლამდე ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ პლატოს ტყეები მწერებს არ გაენადგურებინათ. ამჯერად სანიტარიულ ჭრებს ატარებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია და ჭრის მეტყევის მიერ მონიშნულ დაავადებულ ხეებს. ჯანმრთელი ხის მოჭრაზე სამართლებრივი პასუხისგება არ ასცდება... მერქნის ნაწილი გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დანარჩენი კი ღია აუქციონზე გაიყიდება და ყველა შეძლებს შეძენას...

31 აგვისტოს, გარემოს დაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ბორჯომის პლატოზე სპეციალურ, საველე გასვლას სთავაზობს.

ეკა ლომიძე