სიმართლე კახი კალაძის გარშემო აგორებულ ხმებზე - კვირის პალიტრა

სიმართლე კახი კალაძის გარშემო აგორებულ ხმებზე

კახი კალაძე: "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულითაა გაჟღენთილი"

ამ დღეებში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე სკანდალში გაეხვია. ქართული ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამ დროს კახი კალაძე ჩვეული შემართებით აგრძელებს საფეხბურთო და ბიზნეს-საქმიანობას  და მთელ საქართველოს ულოცავს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს კახი კალაძესთან.

- როგორც ცნობილია, თქვენსა და ეკონომიკის ახალ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ინვესტიციის განხორციელების ვადებმა გადაიწიოს. კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი და რამდენი წლით შეიძლება, გადავადდეს ინვესტიცია?

- კი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილთან, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არ შევთანხმებულვართ. ჩვენი თხოვნა არის პროექტის 2-3 წლით გადავადება.

- საერთოდ, რას ნიშნავს ეს პროექტი - მშენებლობა არსენალის მთაზე. იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, როდის გაგიჩნდათ ეს ბიზნესიდეა და რას გულისხმობს იგი?

- ეს არის ყველაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტი, გვინდა, ჩვენს ქალაქს ჰქონდეს ახალი თანამედროვე ცენტრი, სადაც განთავსებული იქნება სამინისტროების ნაწილი, ოფისები, სასტუმროები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საცხოვრებელი ფართები, გამწვანებული სკვერები. ამ პროექტის ბოლომდე დასრულებას სჭირდება 10 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებისას მოხდება 25 ათასი კაცის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

- გაჟღერდა ისიც, თითქოს ხელისუფლება ჯერჯერობით დროს იგებს და არჩევნების შემდეგ მაინც აპირებს, ჩამოგართვათ სანახევროდ შესყიდული ტერიტორია.. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და თავად თუ გსმენიათ ასეთი გეგმის თაობაზე?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით, არაფერი მსმენია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავადებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არ მგონია, რაღაც არანორმალურს ვთხოვდეთ ან ჩუქებას ან რაიმე სხვა უკანონობას. მთავრობას ვთხოვთ დახმარებას და გვერდში დგომას, ჩემი აზრით, მთავრობაც უნდა იყოს დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით.

- რისი მოტანა შეუძლია "არსენალის" პროექტს საქართველოსთვის, რა ოდენობით ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი?

- "არსენალი სიტი" ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში, სადაც უნდა განხორციელებულიყო მილიარდ-ნახევრის ინვესტიცია. ამის შედეგად პროექტი ითვალისწინებს 25 ათასი კაცის დასაქმებას. თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება გაძნელებულია, რის გამოც ვთხოვეთ დახმარება მთავრობას, 3 წლით გადადოს ამ პროექტის განხორციელება.

- თუ იზიარებთ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მიერ თქვენი ბიზნესის შევიწროება ზურაბ ნოღაიდელის მხრიდან რადიკალურ ოპოზიციაში წასვლითაა გამოწვეული?

- ამასთან დაკავშირებით გავაკეთე  განცხადება, რომ ბატონი ზურაბ ნოღაიდელი იყო მხოლოდ "კალა-კაპიტალის" პრეზიდენტი და მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ის წარმატებული პრემიერი იყო. მას შემდეგ, რაც ბატონი ზურაბ ნოღაიდელი პოლიტიკაში წავიდა, "კალა-კაპიტალთან" არანაირი შეხება არ ჰქონია. მგონი, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან ამის შესახებ.

- ცნობილია, რომ თქვენ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები გქონდათ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ლაშა ჟვანიასთან. თქვენი აზრით, რით იყო ეს გამოწვეული და ეკონომიკის მინისტრად ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა თუ არა სიტუაცია?

- ჟვანიას მიმართ მე არ მქონდა ცუდი განწყობა. ის იყო ჩემ მიმართ რატომღაც ცუდად განწყობილი და ეს გამოიხატებოდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში, როცა "არსენალთან" დაკავშირებით საუბრობდა. ბოლოს არც ეს იკმარა და პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, თუმცა მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც წაქცეულ კაცს კიდევ ფეხს წაარტყამს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ თავის საქმეში. რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილთან ურთიერთობას, საბედნიეროდ, მასთან არა მარტო საქმიანი, არამედ მეგობრული დამოკიდებულება მაკავშირებს.

- ერთ დროს თქვენ ხელისუფლების ფავორიტ ფეხბურთელად და ბიზნესმენად ითვლებოდით. რა ხდება დღეს ამ მხრივ? როგორი ურთიერთობა გაქვთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან?

- რატომ მარტო ხელისუფლებასთან? საერთოდ, ვცდილობ, ყველა თანამემამულესთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. მე რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ, იქნება ეს ფეხბურთი, ბიზნესი თუ ქველმოქმედება, ყველაფერი არის ქართველი ხალხისთვის და მსურს, გამოვხატო ჩემი სიყვარული ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ.

- მაინტერესებს, გთხოვთ თუ არა ხელისუფლება დროდადრო არჩევნების დაფინანსებას და როგორ დახმარებიხართ მას?

- არა, საერთოდ არ ყოფილა ასეთი თხოვნა ხელისუფლების მხრიდან.

- არის თუ არა თქვენს მიერ გაფორმებულ კონტრაქტში გათვალისწინებული ფორსმაჟორული სიტუაცია და სხვა ინვესტორი თუ იცით, ვისაც ხელისუფლებამ შეღავათები გაუწია იმის გამო, რომ ომი იყო საქართველოში?

- ფორს-მაჟორი გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა. ვერ გეტყვით, სხვა კომპანიასაც თუ  გაუკეთეს გადავადება. არ ვიცი, შეიძლება გაუკეთეს. არც ისეთი მსხვილი კომპანიის შესახებ ვიცი რამე, ვინც ასეთი დიდი ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა საქართველოში.

- არ შემიძლია, არ შევეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას. თუ იცნობთ თბილისის მერობის კანდიდატებს და რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

- თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ არ ვაპირებ. ისე, თუ ვინ იმსახურებს თბილისის მერობას, ეს მხოლოდ თბილისის მოსახლეობის გადასაწყვეტია.

- რა ხდება თქვენსა და თქვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს შორის? უკვე ცხადია, რომ თქვენი უთამაშებლობა შეუძლებელია, შემთხვევითი იყოს. არის რამდენიმე ვერსია - ამბობენ, რომ თქვენ დაუპირისპირდით ლეონარდოს, როდესაც თანაგუნდელები იყავით. ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა, არ გათამაშებენ, რათა კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში უფრო ნაკლები თანხა შემოგთავაზონ... რომელი ვერსიაა სწორი?

- ვერსია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ლეონარდოსთან რაღაც კონფლიქტი მქონდა, როცა ერთად ვთამაშობდით, სიმართლეს არ შეეფერება. ისე, ჩემთვისაც საინტერესოა, თუ რატომ არ ვთამაშობ.

- აპირებთ "მილანში" დარჩენას კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თუ ეძებთ ახალ გუნდს? დამეთანხმებით. ალბათ, რომ ამ თემაზე დასავლურ და ქართულ მედიაშიც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

- "მილანთან" კონტრაქტი 2011 წლის ივლისში მიმთავრდება, მაგრამ ჩემპიონატის დასრულების მერე აუცილებლად მექნება ხელმძღვანელობასთან საუბარი. ის, რომ არ ვითამაშო, ჩემთვის მიუღებელია.

- ამ დღეებში "რუსთავი 2"-ითა და "იმედით" გადაიცა ინფორმაცია, რომ თქვენ "მილანმა" კონტრაქტი გაგიწყვიტათ და საკომპენსაციო თანხაც დაასახელეს. ეს რეალური ამბავია თუ თქვენი მომავლის მოდელირებული ვერსია, რასაც ასე ხშირად გვთავაზობენ ამ ბოლო დროს ქართული სატელევიზიო არხები?

- ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არანაირად არ შეეფერება სიმართლეს. არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს სისულელე. მე შემთხვევით გავიგე ამის შესახებ, როცა საქართველოდან "იმედის" ჟურნალისტი დამიკავშირდა.

- ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, თქვენ რუსულ მედიაში გააკრიტიკეთ პრეზიდენტი სააკაშვილი და თქვით, რომ მის ხელში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. რატომ ფიქრობთ ასე? თუ ეს თქვენი აზრის არასწორი ინტერპრეტაციაა?

- მე არ გამიკრიტიკებია საქართველოს პრეზიდენტი. უბრალოდ, გამოვთქვი ჩემი აზრი, რასაც ვფიქრობ რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობაზე. ძნელია, ილაპარაკო რაღაც სიტუაციის დალაგებაზე იმის მერე, რაც აგვისტოში მოხდა და აგვისტომდე ხდებოდა რუსეთთან დაკავშირებით. აზრი გამოვთქვი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანას და ხალხს კარგს არაფერს მოუტანს რუსეთთან ასეთი ცუდი დამოკიდებულება, ამით უბრალო ხალხი იღებს ყველაზე დიდ დარტყმას. ჩვენს ქვეყანას ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასა და რუსეთთანაც.

მანანა კაკაბაძე

R