"ჭკვიანი" მატარებლის უჭკუო მგზავრები - კვირის პალიტრა

"ჭკვიანი" მატარებლის უჭკუო მგზავრები

"კომპიუტერული სისტემა ხომ ვერ ხედავს, სიგარეტს აბოლებ, თუ ხანძარი გაჩნდა. იბლოკება მთელი სისტემა და მატარებელი ჩერდება"

ორსართულიან მატარებელს მგზავრთა ერთი ნაწილი იწუნებს, კერძოდ ის კატეგორია, რომელსაც საზოგადოებრივი აკრძალვები არ მოსწონს და მატარებელშიც არ ცნობს გაფრთხილებას - არ მოსწიოთ! რამდენიმე მათგანმა მაინც გააბოლა და პირველსავე ნაფაზზე კინაღამ სავალალო შედეგი გამოიწვია. ევროპული ღირებულებების და სტანდარტების გათვალისწინებით აგებული, შვეიცარიული კომპანია შტადლერ Bussnang AG-ის ელექტრომატარებელი კვამლზე მყისიერად რეაგირებს და - გაითიშა...

დაჩი ცაგურია, საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: - როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა კვამლს აფიქსირებს, მყისიერად თიშავს კონდიცირებას, რომ ჰაერი არ შემოიტანოს და ხანძარი არ გაძლიერდეს. კომპიუტერული სისტემა ხომ ვერ ხედავს, სიგარეტს აბოლებ, თუ ხანძარი გაჩნდა. იბლოკება მთელი სისტემა და მატარებელი ჩერდება. ამ დროს მემანქანე ვერაფერს იზამს. შემდეგ 15-20 წუთი სჭირდება მატარებლის იმ ზონის განიავებას, სადაც კვამლი დაფიქსირდა და პროგრამის გადატვირთვას, თორემ თუ ჩართე და სუნი დახვდა, ისევ გაითიშება.

სამწუხაროდ, რამდენჯერმე დაფიქსირდა დაუდევარ მგზავრთა აგდებული საქციელი. ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებლის N803-ე რეისის შესრულებისას გამოვლინდა სამი სხვადასხვა ფაქტი, ელექტროსიგარეტისა და სიგარეტის მოწევის მცდელობამ გათიშა კონდიცირების ქსელი და სხვადასხვა სისტემა. მისი აღმოფხვრა მხოლოდ სამტრედიის სადგურში შესვლისას შევძელით.

- როგორ ექცევით ურჩ მგზავრებს, ფულადი ჯარიმებით სჯით?

- რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან წამოსული მატარებლიდან სამი მგზავრი ჩამოვსვით - სიგარეტს ეწეოდნენ. შემდეგ ვნახეთ, რომ

ფანჯარა გარედან ქვებით ჩაემტვრიათ. ამას წინათ საპირფარეშოში დამლაგებლებს ყველაფერი გადმონგრეული დახვდათ. შესაძლოა, ეგონათ, სენსორებს იპოვიდნენ, გააფუჭებდნენ და შემდეგ მშვიდად გააბოლებდნენ. ტუალეტში ქაღალდებს ძირს ყრიან, ჩაურეცხავს ტოვებენ. თუმცა, მატარებელს აქვს სისტემა, რომელიც თვითონ ასუფთავებს ტუალეტს. მგზავრის გამოსვლისთანავე კარს კეტავს, კაბინას ბლოკავს, უნიტაზს რეცხავს და ჰაერს ანიავებს.

- გამოდის, რომ მატარებელი უფრო ზრდილია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი.

- სამწუხაროდ, ზოგიერთზე "კულტურულია"!.. სავარძლების ნაკეცებში ტენიან ნაღეჭ კევს და მათ ამოსაღებად სავარძლის დაშლა გვიწევს, პასტით კედლებსა და სავარძლებზე წარწერილი "სიბრძნეების" გაწმენდასაც დიდი დრო მიაქვს.

უკვე თამბაქოს მოწევის რვა ფაქტი დაფიქსირდა. დამრღვევები დავაჯარიმეთ და ურჩები მატარებლიდან ჩამოვსვით. ბოლოს 60 წელს გადაცილებული ქალი დავაჯარიმეთ. აქეთ შემოგვიტია - რატომ არ მაწევინებთო!

ვამზადებთ პარლამენტისადმი მიმართვას და მოვითხოვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას. კერძოდ, ჯარიმების ნაწილში თუ ნათქვამია, რომ მატარებელში მოწევა ისჯება 20 ლარით, გახდეს 200 ლარი და ა.შ. ვფიქრობთ, ეს აიძულებს მგზავრს, დაემორჩილოს კანონს. ასევე გვინდა, დაჯარიმების უფლება მიენიჭოს მატარებლის უფროსს. ამ ეტაპზე ეს უფლება აქვს პატრულს, მაგრამ მატარებლის გაჩერება უხერხულობას იწვევს.

ეკა ლომიძე