"საქართველოში აფთრის გამოჩენა სენსაციაა!" - კვირის პალიტრა

"საქართველოში აფთრის გამოჩენა სენსაციაა!"

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში საგზაო შემთხვევისას დაღუპული ზოლებიანი აფთრის (Hyaena hyaena) ფოტო გავრცელდა. წერდნენ, რომ შემთხვევა კახეთში მოხდა. მასთან ერთად კიდევ სამი აფთარი ყოფილა, რომლებიც გაქცეულან. ამ ფოტომ მოსვენება დაუკარგა გარემოსდამცველებს - მათ, ვისაც ესმის, რას ნიშნავს გადაშენებული, "წითელ წიგნში" შეტანილი ცხოველის საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენა. ფოტოს ავტორსა და ფაქტის თვითმხილველს ამ დრომდე ამაოდ სთხოვენ დაკავშირებას... გენეტიკური ანალიზისთვის დაღუპული მტაცებლის ქსოვილის მცირე ფრაგმენტსაც კი ძალიან დიდი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

ბეჟან ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკრესის" კონსერვაციის პროგრამის დირექტორი: - ზოლებიანი აფთრის კვალი ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებში დაფიქსირდა ჭაჭუნის აღკვეთილში, ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიაზე. მას შემდეგ ამაოდ ვცდილობთ, ვიპოვოთ. ძიებისას ფოტოხაფანგებსაც ვიყენებდით. შედეგად ბევრი საინტერესო ცხოველი დავაფიქსირეთ, ლეოპარდი, ფოცხვერი და სხვა მტაცებლები. თუ ეს ფოტო მართლა საქართველოშია გადაღებული, არა მხოლოდ საქართველოში, კავკასიაში სახეობის გავრცელების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

თუ აფთრის გამოჩენა მართალია და როგორც სოციალურ ქსელში წერენ, კახეთში დაფიქსირდა, გამოდის, ეს სახეობა ჯერ კიდევ არის საქართველოში. შესაძლოა, სულაც ახალგაზრდა ინდივიდია, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან, მაგალითად, აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სამეცნიერო ინტერესს იწვევს...

როდესაც ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიაზე ლეოპარდი ნახეს, უცხოელი ტურისტების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, უნდოდათ, ლეოპარდის თუნდაც კვალი ენახათ. აფთრის გამოჩენაც გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

ზოლებიანი აფთარი ბინადრობს აზერბაიჯანში, მაგრამ იქაც გადაშენების პირას არის. XXI საუკუნის პირველ წლებში ნახეს სომხეთში, უფრო მოგვიანებით, აზერბაიჯანში. საქართველოში მათი გამოჩენა ნამდვილად სენსაციაა.

P.S. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ბოლო წლებში აფთარი უნახავთ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზეც. თუმცა დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა არ არსებობს.