"დავინახე, დათვმა კაცს როგორ ააცალა სკალპი" - კვირის პალიტრა

"დავინახე, დათვმა კაცს როგორ ააცალა სკალპი"

რამდენიმე დღის წინ გორის კულტურისა და დასვენების პარკში, იქ, სადაც მინიზოოპარკია, დათვის ვოლიერს დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. შუახნის მამაკაცმა, გია ჯაფარიძემ, ვოლიერის დამცავი ბარიერი გადალახა და გაოგნებული მხეცის პირისპირ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ახლოს იყო ზედამხედველი, რომელმაც ვოლიერიდან მამაკაცი დროულად გამოიყვანა.

ნანა ქ. ბავშვთან ერთად იმყოფებოდა პარკში, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

- დავინახე, დათვმა კაცს, ფაქტობრივად, როგორ ააცალა სკალპი. დავიბენი, ყვირილიც კი ვერ შევძელი. გაოგნებული ვიყავი, ვერ გავიგე, კაცი ვოლიერში როგორ მოხვდა. მერე მითხრეს, ნასვამი ყოფილა და სურდა, კანფეტი ეჭმია დათვისთვისო...

როდესაც გვითხრეს, რომ კაცი გადარჩა, ჩემმა შვილმა მხეცზე დაიწყო ფიქრი, - დედა, დათვს მოკლავენო? არა-მეთქი, თუმცა მეც კი შემეშინდა იმ უპასუხისმგებლო ადამიანის გამო, ისედაც ტყვეობით დატანჯული ცხოველი არ დაესაჯათ, მაგრამ პარკში დაგვამშვიდეს, დათვი რატომ უნდა დავსაჯოთ, კაცთან მიახლოება აზრადაც არ მოსვლია, ადამიანმა დაარღვია უსაფრთხოების წესებიო.

- დაინახეთ როგორ გადავიდა ვოლიერში?

- მე არა, მაგრამ ვინც დაინახა, ამბობდნენ, ისე სწრაფად გადაძვრა, ხელის შეშლაც კი ვერ მოვასწარითო.

დათვის პირისპირ რომ დარჩა, ცხოველი ჯერ დაიბნა, მერე კი ეცა და დააცხრა. რომ არა ზედამხედველის მოხერხებულობა, არა მგონია, რამეს ეხსნა უეჭველი სიკვდილისგან. გორელები კარგი ფალავნები კი არიან, მაგრამ ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ წონით კატეგორიას შეება და თანაც შენზე ასი თავით აღმატებულს. ჭიდაობა ხალხთან გამიგია, დათვებთან კი არა.

P.S. დათვისგან დატორილი გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ცენტრალური პარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

ეკა ლომიძე