"კლინიკები დღესაც ლიცენზიის გარეშე მუშაობენ" - კვირის პალიტრა

"კლინიკები დღესაც ლიცენზიის გარეშე მუშაობენ"

სერვისის მიმწოდებელმა პირმა თქვენ თვალწინ უნდა ჩაიცვას ახალი, ერთჯერადი, სტერილური ხელთათმანი, თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას სათანადო დონეზე დამუშავებული, სტერილურ პაკეტში მოთავსებული ინსტრუმენტები. უნდა იცოდეთ, რომ თუ ტატუს რამდენიმე მომხმარებელს ერთი ნემსით უკეთებს სპეციალისტი, ეს სასტიკი დარღვევაა

"სოფელში დასასვენებლად მყოფს კბილი ამტკივდა და ადგილობრივი კლინიკის სტომატოლოგიურ კაბინეტში მივედი. ტკივილის მიუხედავად, C ჰეპატიტის საფრთხით დაშინებულმა სტომატოლოგიური იარაღები და კაბინეტი დავათვალიერე. ექიმი, ისე, რომ ერთჯერადი ხელთათმანი არ ჩაუცვამს, რკინის თასში მოთავსებულ, მარლაგადაფარებულ ინსტრუმენტებს დასწვდა და მითხრა, პირი გააღეო. ვკითხე, ეს ინსტრუმენტები დეზინფიცირებულია-მეთქი? რა თქმა უნდაო. მაჩვენეთ, რა დანადგარში უკეთებთ დეზინფექციას-მეთქი. დანადგარი რად უნდა, სპეციალური სითხით ვამუშავებო. შიშისგან კბილის ტკივილი დამავიწყდა. ვუთხარი, ტელევიზიებით გადაიცემა, გაზეთებში გამუდმებით იწერება, რომ სამედიცინო ინსტრუმენტები დეზინფექციის ხსნართან ერთად სპეციალურ ტემპერატურაზე ხანგრძლივად უნდა დამუშავდეს, ასეთი რამ პირველად გესმით-მეთქი? შვილებს გეფიცები, დეზინფექციასაც ვუკეთებ და მაღალ ტემპერატურაზეც ვხარშავ ხელსაწყოებსო. ცხადია, კბილზე იქ არ მიმკურნალია, მაგრამ დავფიქრდი, რამდენი ადამიანი მივა, ვისაც არ გაახსენდება C ჰეპატიტის საფრთხე, შიდსი და სხვა დაავადება, რომელიც სისხლით და შესაბამისად, იმ ინსტრუმენტებით გადაეცემა, რომელზეც შესაძლოა დაავადებული პაციენტის სისხლის წვეთები დარჩეს

ძვირფასო რედაქცია, რატომ არ ეკრძალებათ ასეთ უპასუხისმგებლო სტომატოლოგებს მუშაობა? ან რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო მსგავსი სტომატოლოგიური კაბინეტების ასალაგმავად?

პატივისცემით,

მაია დუნდუა. თბილისი".

ჯანდაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ რეგიონების სამედიცინო კლინიკებსა და სილამაზის სალონებში წლების განმავლობაში უმძიმესი სანიტარიული მდგომარეობა იყო, რის გამოც საგანგაშოდ დიდია C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა. პაციენტების კონფიდენციალურობის მიზნით, იკრძალება კონკრეტული რაიონების, სოფლების დასახელება, სადაც ერთი კლინიკა ათეულობით და ასეულობით ადამიანის დაინფიცირების გზა გახდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსის, ნათია ნოღაიდელის განმარტებით, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სტომატოლოგიურ კლინიკებს საერთოდ არა აქვთ ლიცენზიის აღების ვალდებულება. 2005 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკები ნებისმიერი ვალდებულებისგან გაათავისუფლა - მეწარმე-სტომატოლოგებს სტიმული უნდა მიეცესო. შესაბამისად, ვისაც სად და როგორ სურდა, ისე ხსნიდა კლინიკას. ასე ხდებოდა 2010 წლამდე. შემდეგ კი მეწარმეს დაევალა, რეგულირების სააგენტოსთვის შეეტყობინებინა, რომ ამ პროფილით მუშაობას იწყებდა. თუმცა მისი გაკონტროლების უფლება კვლავ არავის ჰქონდა.

ნათია ნოღაიდელი: - ყველა კლინიკა, რომელიც მაღალი რისკის ამბულატორიულ საქმიანობას ეწევა, შეტყობინების რეჟიმით რეგულირდება. თუ რომელიმე დამრღვევთა შორის აღმოჩნდება, დააჯარიმებ (თავდაპირველად 400-1.000 ლარით, შემდეგ იზრდება). გადაუხდელობის შემთხვევაში ირთვება აღსრულების სხვა მექანიზმი, შესაძლოა, დააყადაღონ და კლინიკამ საქმიანობა შეწყვიტოს.

ლიცენზიის ვალდებულება კვლავ არ არსებობს, მაგრამ 2014 წლიდან კონკრეტულ კლინიკაზე შემოსული საჩივრის საფუძველზე შესაძლებელია მისი შემოწმება...

- ჯერ კიდევ ორი წლის წინ არაკონტროლირებადი იყო სილამაზის სალონები, სადაც ასევე ძალიან დიდია დაინფიცირების საფრთხე.

- 2006 წლამდე ქვეყანაში არსებობდა სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც სილამაზის სალონებში ინფექციების კონტროლს, ავად თუ კარგად, ატარებდა. 2006-2007 წლებში სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია და სანიტარიული ნორმები გაუქმდა. შესაბამისად, ეს სფერო უკონტროლო გახდა, მაგრამ როდესაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, აუცილებელი გახდა, გვეზრუნა არა მხოლოდ მკურნალობაზე, არამედ პრევენციაზეც. ეს მოიცავს ყველა იმ დაწესებულებას, სადაც სისხლით გადამცემი ინფექციების გადადების რისკი არსებობს.

სტომატოლოგიური კლინიკა ხშირად მოხმარებადი სერვისია, თორემ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც უკავშირდება ინვაზიურ ჩარევას, შეიცავს ც ჰეპატიტის რისკს.

დღის წესრიგში დადგა ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების გაკონტროლებაც. ეს სერვისებია, არა მხოლოდ პედიკიური და მანიკიური, პირსინგი, ლაქსინგი, ტატუ, მიკროპიგმენტაცია და ელექტროეპილაცია... ამჯერად მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები ატარებენ მონიტორინგს და სილამაზის სალონებს თუ ესთეტიკურ ცენტრებს ასწავლიან სწორად დეზინფექცია-სტერილიზაციას.

- მოქალაქეს რამდენად შეუძლია შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია?

- ყველა მომხმარებელს უფლება აქვს, იცოდეს, როგორ უნდა მიეწოდოს სერვისი. სერვისის მიმწოდებელმა პირმა თქვენ თვალწინ უნდა ჩაიცვას ახალი, ერთჯერადი, სტერილური ხელთათმანი, თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას სათანადო დონეზე დამუშავებული, სტერილურ პაკეტში მოთავსებული ინსტრუმენტები. უნდა იცოდეთ, რომ თუ ტატუს რამდენიმე მომხმარებელს ერთი ნემსით უკეთებს სპეციალისტი, ეს სასტიკი დარღვევაა. თქვენი ყურადღებისა და კონტროლის გარეშე ვერანაირი ძალისხმევა ვერ გამოიღებს ნაყოფს.

საქართველო, როგორც საგანგაშო ზონა

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფშია. 2015 წელს საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია (ვირუსის მატარებელია) ქვეყნის მოსახლეობის 7.7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული - 5.4%. ამ რთული ვითარების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების - აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ფარმაცევტული კომპანია "გილეადის" და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერით მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ეპიდემიის ელიმინაცია, რის შედეგადაც საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო ქვეყანა. თუმცა პრობლემის სრულად აღმოფხვრის პროექტი უშედეგო იქნება, თუ ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების გზები არ ლიკვიდირდება. ვირუსი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს, მისი გადაცემა კი უამრავი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი... გახსოვდეთ! ვიდრე მოგემსახურებათ ექიმი, კოსმეტოლოგი, ტატუს სპეციალისტი თუ სხვა, გააფრთხილეთ, რომ სტერილიზებული ინსტრუმენტით მოგემსახუროთ, რადგან მასაც ისევე, და შესაძლოა უფრო მეტადაც ემუქრებოდეს დაინფიცირების საფრთხე.

ეკა ლომიძე